რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ახლანდელი „იუვენტუსი“ იმ „იუვენტუსს“ შეადარა, რომელსაც 2004-2006 წლებში თავად წვრთნიდა. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ტურინელთა ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე თავის დროზე მას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მწვრთნელის თავკაცობით „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოიგო.
„კონტე იტალიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს გუნდის მიერ უკანასკნელ პერიოდში ნაჩვენები შედეგებით დაამტკიცა. კონტე თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ „იუვენტუსს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნოს. თქმა არ უნდა იმას, რომ ევროპაში უფრო სერიოზული კონკურენციაა, ვიდრე იტალიაში, თუმცა ანტონიოს ევროპულ დონეზეც შეუძლია მაღალი დონის ჩვენება. „იუვეს“ ბოლოდროინდელ სტატისტიკას გადავხედე და დავრწმუნდი, რომ ციფრები არ იტყუებიან – კონტეს „იუვენტუსი“ უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო“, – კაპელოს სიტყვები იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ გამოაქვეყნა.
მოგეხსენებათ, 5 იანვარს იტალიის სერია A მე-18 ტურით განახლდება, რომლის ცენტრალური მატჩიც „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის შედგება. როგორც მოგეხსენებათ, კაპელოს ორივე გუნდში აქვს ნამუშევარი. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
„თუ ტურინელები „რომას“ დაამარცხებენ, მაშინ მათ შორის სხვაობა 8 ქულამდე გაიზრდება და ამის აღმოფხვრა რთული იქნება. ჩემი გული ნახევრად არის გაყოფილი – დაუვიწყარი დრო გავატარე რომშიც და ტურინშიც“, – განაცხადა კაპელომ.
ბექა დოგრაშვილი