“ლივერპულისა” და “რეალის” ლეგენდები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ

“ლივერპულისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელები მომავალი წლის გაზაფხულზე საქველმოქმედო მატჩს ჩაატარებენ.

მერსისაიდული გუნდის მხრიდან შეხვედრაში მონაწილე ყველა მოთამაშის ვინაობა ცნობილია: იან რაში, ჯონ არნე რიისე, გარი მაკალისტერი, მაიკლ ოეუნი, იერჟი დუდეკი, ჯეიმი კარაგერი, ლუის გარსია, პატრიკ ბერგერი, სალიფ დიაო, ჯეისონ მაკეტირი, ვლადიმირ შმიცერი, დევიდ ტომპსონი, სანდერ ვესტერველდი, დიტმარ ჰამანი, ჯონ ოლდრიჯი, ფილ ბები, სტეფან ანშო, დანიელ აგერი, რობი ფაულერი.

“რეალის” მხრიდან მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა მხოლოდ მცირე ნაწილის ვინაობაა ცნობილი: რობერტო კარლოსი, ლუიშ ფიგუ, ემილიო ბუტრაგენიო და სტივენ მაკმანამანი.

შეხვედრა 2017 წლის 25 მარტს, “ენფილდზე” ჩატარდება.

კარაგერი: “სიამოვნებით ჩავიბარებ “ევერტონს”, რათა ჩემპიონშიფში დავაქვეითო”

გუშინ “ევერტონის” ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რობერტო მარტინესი გაათავისუფლა. ბუქმეიქერებმა უკვე დაიწყეს ფსონების მიღება, თუ ვინ ჩაიბარებს “კანფეტებს”. მოულოდნელად საკმაოდ მაღალი შანსი მიაკუთვნეს “ლივერპულის” ყოფილ მცველ ჯეიმი კარაგერს (66/1). ინგლისელი “ევერტონის” შესაძლო ჩაბარებას იუმორნარევი კომენტარით გამოეხმაურა.

“სიამოვნებით გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას, რათა ჩემპიონშიფში დაგაქვეითოთ”, – დაწერა სოციალურ ქსელში კარაგერმა.

“ლივერპული” — “დორტმუნდი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. “ენფილდზე” იურგენ კლოპის “ლივერპული” დორტმუნდის “ბორუსიას” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

“ლივერპული”: მინიოლე, კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო, ემრე ჯანი, მილნერი, ლალანა, ფირმინო, კოუტინიო, ორიგი.

“დორტმუნდი”: ვაიდენფელერი, პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, ვაიგლი, კასტრო, მხითარიანი, კაგავა, როისი, ობამეიანგი.

მატჩს ჯიუნეთ ჩაქირის ხელმძღვანელობით თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 5 წუთზე დაიწყება.

 

სუარესი: “თუ ინგლისში დავბრუნდები, მხოლოდ “ლივერპულში” ვითამაშებ”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა აღნიშნა, რომ “ენფილდის” ატმოსფერო ენატრება, სადაც იგი “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.

“არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. თუ ერთ დღესაც ინგლისში დავბრუნდები, მხოლოდ “ლივერპულში” ვითამაშებ.
ფანები მენატრება. “ენფილდ როუდზე” უბრალოდ წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევს ხოლმე.
ყველამ, ვისაც “ლივერპულში” უთამაშია, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია გულშემატკივრის ფაქტორი. “ლივერპულის” ფანები ჩემს გულში დარჩებიან”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს “სანი”.

ლუის სუარესმა “ლივერპულის” რიგებში 107 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა.

 

ჰენდერსონი კარიერის ბოლომდე შესაძლოა, ფეხის ტკივილმა დატანჯოს

“ლივერპულის” ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი კარიერის ბოლომდე შესაძლოა, ფეხის ტკივილმა დატანჯოს.

Sportskeeda-ს ცნობით, ინგლისელ ფეხბურთელს მძიმე დაავადება დაუდგინეს, რომლის განკურნებაც შეუძლებელია, ამიტომ ჰენდერსონს მოედანზე გასვლა ტკივილგამაყუჩებლებით მოუწევს ხოლმე.

თავად მერსისაიდული გუნდის ნახევარმცველი ამბობს, რომ ტკივილი გარკვეული დროის შემდეგ გაივლის.

“მთელი დარჩენილი კარიერის განმავლობაში ტკივილი არ შემაწუხებს, უბრალოდ ამას ყურადღება უნდა მივაქციო”, – აღნიშნა “ლივერპულის” ნახევარმცველმა.

სხვათა შორის, ჰენდერსონის ტრავმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა ჯერ კიდევ წლების წინათ იწინასწარმეტყველა.

ფერგიუსონი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ “სანდერლენდის” მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ბრიუსმა მასთან ჰენდერსონს რეკომენდაცია გაუწია, მაგრამ “წითელი ეშმაკების” ყოფილმა დამრიგებელმა შემოთავაზებული წინადადება უარით გაისტუმრა. ფერგიუსონმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა, ჰენდერსონს ისეთ მიხრა-მოხრა აქვს, რომ შეიძლება მომავალში ტრავმული პრობლემები ჰქონდესო.

 

მინიოლემ “ბორდოსთან” მატჩში დაშვებულ შეცდომაზე კომენტარი გააკეთა

უეფას ევროპის ლიგის B ჯგუფში “ლივერპულსა” და “ბორდოს” შორის გამართულ მატჩში (2:1) მერსისაიდელთა კიპერ სიმონ მინიოლეს მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ კომენტარი თავად ბელგიელმა მეკარემ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მინიოლემ აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობისას ექვსი წამის წესი დაარღვია, რის გამოც დანიშნული თავისუფალი დარტყმით “ბორდომ” გოლი გაიტანა.

“რას ვიზამთ?! სამწუხაროდ, დიდი ხანი მოვიცადე. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოვასწორეთ და პლეი-ოფში გავედით. იმედი მაქვს, ტიტულსაც მოვიგებთ”, – ციტირებს მინიოლეს სიტყვებს BBC.

 

მინიოლემ გოლი 6 წამის წესის დარღვევისთვის დანიშნული თავისუფალი დარტყმით გაუშვა

უეფას ევროპის ლიგის B ჯგუფში “ლივერპულსა” და “ბორდოს” შორის გამართულ მატჩში საინტერესო რამ მოხდა. მერსისაიდული გუნდის კიპერმა სიმონ მინიოლემ 6 წამის წესი დაარღვია, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მეკარეს 6 წამის განმავლობაში აქვს ბურთის ხელში ჭერის უფლება. ბელგიელი კიპერი არათუ 6, არამედ 21 წამის განმავლობაში ვერ შეელია ბურთს, რისთვისაც “ბორდოს” სასარგებლოდ “ლივერპულის” საჯარიმო მოედანზე თავისუფალი დარტყმა დაინიშნა. სწორედ ამ ეპიზოდს მოყვა ფრანგთა გოლიც.

კლოპი: “ჩვენთვის ევროპის ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განცხადა, რომ მისი გუნდისთვის ევროპის ლიგა მნიშვნელოვანი ტურნირია.

“ლივერპულში” უკვე ოთხი კვირაა, ვმუშაობ, თუმცა ეს დრო საკმარისია იმისთვის, რომ გუნდი ჩემად მოვიხსენიო.

ევროპის ლიგა ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ტურნირია. აზრადაც არ მოგვსვლია ევროპის ლიგის უბრძოლველად დათმობა. გვინდა, რომ რაც შეიძლება შორეულ ეტაპამდე გავაღწიოთ”, – განაცხადა კლოპმა.

 

საბა კვირკველიამ “ლივერპულთან” მატჩში კინაღამ ავტოგოლი გაიტანა

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ყაზანის “რუბინსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში (0:1) მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი საბა კვირკველია მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ავტოგოლს გადაურჩა. ახალგაზრდა მცველმა თავით ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა, თუმცა მეკარე სერგეი რიჟიკოვმა შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და კვირკველია ავტოგოლისგან იხსნა.

“ჩელსი” შინ “ლივერპულთან” დამარცხდა

ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის ცენტრალური მატჩი “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართა, სადაც ლონდონის “ჩელსიმ” “ლივერპული” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე რამირესის თავური დარტყმის წყალობით დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ლონდონელებმა აქცენტი თავდაცვით თამაშზე გააკეთეს, თუმცა ტაიმის ბოლოს ფილიპე კოუტინიომ წონასწორობა აღადგინა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “ენფილდროუდელები” გაცილებით ეფექტიანად მოქმედებდნენ და ამან შესაბამისი შედეგიც გამოიღო: 74-ე წუთზე კოუტინიომ დუბლი შეასრულა, 83-ე წუთზე კი თავისი გოლი შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან ბენტეკემაც გაიტანა.

ამრიგად, ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში ამ წუთისთვის მე-15 პოზიცია უკავია. “ლივერპულმა” აქტივში 17 ქულა მოაგროვა და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

 

ინგლისის პრემიერლიგა
XI ტური
“ჩელსი” — “ლივერპული” 1:3 (1:1)

გოლები: რამირესი 4′ — კოუტინიო 45+3′, 74′, ბენტეკე 83′.
გაფრთხილებები: ობი მიკელი 66′ — ლალანა 24′, ლუკას ლეივა 58′, ჯანი 65′, ბენტეკე 86′.
მთავარი მსაჯი: მარკ კლატენბურგი.

 

“ლივერპულმა” ბოლო 9 მატჩიდან შვიდი შეხვედრა 1:1 ითამაშა

“ლივერპულმა” ბოლო ცხრა მატჩიდან შვიდ შეხვედრაში ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. აღნიშნული ცხრა შეხვედრიდან რვა საყაიმო შედეგით დასრულდა. გამონაკლისი გამოდგა ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურში “ასტონ ვილასთან” გამართული მატჩი, რომელიც “ენფილდროუდელებმა” ანგარიშით 3:2 მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომრის შუა რიცხვებში მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრენდან როჯერსი იურგენ კლოპმა შეცვალა.

 

საბა კვირკველია “ლივერპულთან” სასტარტო განაცხადშია

დღეს უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩები იმართება. “ლივერპული” “ენფილდზე” ყაზანის “რუბინს” მასპინძლობს, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია იცავს. ქართველი ლეგიონერი სასტარტო განაცხადშია.

მატჩი “ლივერპულსა” და “რუბინს” შორის თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ B ჯგუფს შვეიცარიული “სიონი” 4 ქულით ლიდერობს, “ლივერპულსა” და “ბორდოს” 2-2 ქულა აქვთ, “რუბინს” კი 1 ქულით ბოლო ადგილი უკავია.

საბა კვირკველიამ საწყისი ორივე ტურის მატჩში სრულად ითამაშა.