კარაგერმა ბრენდან როჯერსი გააკრიტიკა

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხების (1:3) შემდეგ მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გააკრიტიკა.

“მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ საჭირო იყო ორი ცენტრალური თავდამსხმელის დაყენება, ნახევარმცველები კი რომბისებრად უნდა განლაგებულიყვნენ, თუმცა როჯერსმა მაინც 4-3-3 ფორმაცია არჩია.

უბრალოდ არ მესმის, რა აზრი აქვს შეტევის ფლანგზე დანი ინგსის დაყენებას. იგი ამ პოზიციიდან ბენტეკეს ვერ ეხმარება.

შეხედეთ, რამდენი სუფთა თავდამსხმელი ჰყავს “ლივერპულს”. სამაგიეროდ, ფლანგის შემტევები არ გვყავს. ფირმინიო ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელი არ არის, ორიჯი ცენტრფორვარდია და იგივე ამპლუისაა დანიელ სტარიჯი. ასე რომ, ვერ ვიგებ, რატომ ათამაშებ როჯერსი გუნდს 4-3-3 სქემით.

ბრენდან როჯერსმა თავიდანვე 4-3-3 ფორმაცია აირჩია და ამ სქემამ არ გაამართლა. როდესაც “ლივერპულს” საუკეთესო სეზონი ჰქონდა, გუნდი ორი თავდამსხმელით თამაშობდა. როჯერსმა ბევრი ცენტრფორვარდი მოიყვანა, არ დაიმატა ფლანგის შემტევები და ამ დრომდე 4-3-3 სქემით აგრძელებს თამაშს”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo.

 

ჯერარდი: “ბენიტესს არ მოვწონდი, როგორც ადამიანი”

24 სექტემბერს სტივენ ჯერარდის ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი “ჩემი ამბავი” გამოიცემა. წიგნში ინგლისელი ფეხბურთელი სხვადასხვა საინტერესო ისტორიებს იხსენებს. ერთ-ერთი მონაკვეთი მასსა და “ლივერპულის” ყოფილ თავკაც რაფაელ ბენიტესსთან ურთიერთობას ეხება. როგორც ჯერარდი წერს, მათ შორის იდეალური ურთიერთობა არ ყოფილა და კონტაქტი ამ დრომდე არ აქვთ.

“არ ვფიქრობ, რომ რაფას მოვწონდი, როგორც ადამიანი. ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ეს გრძნობა დამრჩა. ალბათ, ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც იგი დედაჩემს შეხვდა. ეს მანამდე იყო, ვიდრე პირველად გამესაუბრებოდა.

რაფა “ლივერპულის” თავკაცად 2004 წლის ზაფხულში დაინიშნა. მაშინ მე პორტუგალიაში ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობდი.

Gerrard - Benitez6

მიუხედავად იმისა, რომ რაფამ ჟერარ ულიე შეცვალა, ამ უკანასკნელს მაინც უყვარდა “ლივერპული” და ჩემთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა. იგი დედაჩემთან ერთად პორტუგალიაში გამოემგზავრა, რომ ხორვატიის ნაკრებთან ჩემი თამაშისთვის ეცქირათ. ისინი შემთხვევით რაფას შეხვდნენ.

ჟერარმა დედაჩემს რაფა გააცნო. რაფა დედას მიესალმა, ხელი ჩამოართვა და ძალიან უხერხული კითხვა დაუსვა: “უყვარს სტივენს ფული?”

ნორმალური მისალმების ნაცვლად, სწორედ ეს იყო მისი პირველი სიტყვები. ეს რა კითხვაა?

Gerrard - Benitez5

“ლივერპულის” ნებისმიერ ყოფილ მწვრთნელთან შემიძლია დარეკვა, რაფას გარდა.

ეს ძალიან ცუდია, რადგან 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის საოცარი ფინალი ერთად მოვიგეთ, ჩვენ კი დღემდე არ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი.

Gerrard - Benitez1

პრესკონფერენციებზე მას შეეძლო, ფეხბურთელების სახელებით მოხსენიება, თუმცა ჩემზე საუბრისას ყოველთვის გვარს ამბობდა. იგივე მდგომარეობა იყო გასახდელშიც: სხვებს მეტსახელებით მიმართავდა, მე კი – “ჯერარდით”.

Gerrard - Benitez4

“სტივის” დაძახებით უკეთ კი არ ავთამაშდებოდი, არა, სულაც არაა საინტერესო, რას დამიძახებდა. მე მაინც ყოველ თამაშში მოსაგებად გავიდოდი მოედანზე და რაფაც დაგვეხმარებოდა გამარჯვების მიღწევაში. იგი ტაქტიკაში საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია.

ჩვენ ერთმანეთთან ულტრაპროფესიონალური ურთიერთობა გვქონდა და მისი სიცივე უკეთეს ფეხბურთელად გახდომის საშუალებას მაძლევდა. მინდოდა, რომ მისგან კომპლიმენტი მიმეღო და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ მე მას ვჭირდებოდი, როგორც მოთამაშე. ჩვენ ერთმანეთთან ცეცხლი და ყინულივით ვიყავით. განცდებით ვიყავი დამუხტული, რაფა კი სტრატეგიულად აზროვნებდა.

Gerrard - Benitez2 Gerrard - Benitez3

ხვალ ერთმანეთს შემთხვევით სადმე რომ შევხვდეთ, უსიამოვნო ფაქტი არ იქნება, თუმცა შესაძლოა, დადგეს ის დღე, როდესაც უფრო ღრმა და მეგობრული საუბარი გვექნება იმ ყველაფრის შესახებ, რაც “ლივერპულში” ერთად გამოვიარეთ”, – წერს ჯერარდი.

 

ჯერარდი: “ცრემლები ღვარად მდიოდა და თითქოს, თვითმკვლელობასაც ვაპირებდი”

“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ინგლისის პრემიერლიგის 2013/14 წლების სეზონში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაშვებული შეცდომა გაიხსენა, რომლის შედეგადაც მერსისაიდულმა გუნდმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა.

“მატჩის შემდეგ ავტომობილის უკანა სავარძელზე ვიჯექი, სახეზე ცრემლები ღვარად მდიოდა. წლებია, არ მიტირია, თუმცა მაშინ თავი ვერ შევიკავე. ისე ვიყავი ჩემ თავში ჩაკეტილი, რომ ვერ გეტყვით, ქუჩა სავსე იყო თუ ცარიელი. ვკვდებოდი.

ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ოჯახის წევრი დავკარგე. ამდენი ხანი ვოცნებობდი “ლივერპულთან” ერთად ჩემპიონატის მოგებაზე და ეს ოცნება ჩემ გამო ჩაიშალა.

იმ დღეს მთელი სტადიონი მღეროდა “You’ll Never Walk Alone”-ს (“ლივერპულის” ჰიმნი), თუმცა ავტომობილში ყოფნისას თავს მარტოსულად ვგრძნობდი. იმედი გამიქრა და თითქოს, თვითმკვლელობასაც ვაპირებდი”, – ჯერარდის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

 

პოლიციამ “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” ფანები გააფრთხილა

ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ლივერპულს” მიიღებს.

სატელევიზიო უფლებების მქონე კომპანიის მოთხოვნით, შეხვედრა გვიან, კერძოდ – თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. ამის გათვალისწინებით სამართალდამცველები შიშობენ, რომ ორივე კლუბის ფანები დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს მიიღებენ და შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ჰქონდეს ადგილი.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ ორივე კლუბის გულშემატკივრები სათანადოდ მოიქცევიან და საბოლოო შედეგის მიუხედავად, მატჩით დატკბებიან”, – ნათქვამია სამართალდამცველი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, პოლიციამ ფანები გააფრთხილა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება და პიროტექნიკის გამოყენება დაუშვებელია.

 

სტერლინგი: “მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა”

ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ სტერლინგი “ლივერპულიდან” “მანჩესტერ სიტიში” გადავიდა. ოფიციალურად არ ცხადდება, თუ რამდენი გადაიხადეს “ქალაქელებმა” 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა ის კი ცნობილია, რომ “სიტის” ისტორიაში ეს სარეკორდო ტრანსფერია.

სტერლინგმა მანჩესტერულ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“საოცარი გრძნობა მაქვს. დღეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის შესანიშნავი დღეა. მოხარული ვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. ახლა ერთი სული მაქვს, როდის გავალ საწვრთნელ მოედანზე.

ინგლისის ნაკრებთან ერთად ყოფნისას ჯო ჰარტს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ “მანჩესტერ სიტი” მართლაც კარგი გუნდია, რომელსაც ფანებიც საოცარი ჰყავს.

დიდ მადლობას ვუხდი რაფაელ ბენიტესს, რომელმაც 15 წლის ასაკში “ლივერპულში” მიმიყვანა. მადლობა ბრენდან როჯერსსაც, რომელმაც უმაღლეს დონეზე თამაშის შესაძლებლობა მომცა”, – სტერლინგის კომენტარი “მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. რაჰიმ სტერლინგი “მანჩესტერ სიტიში” 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ჯეიმს მილნერი “ლივერპულში” მე-7 ნომრით ითამაშებს (ფოტოები)

“ლივერპულმა” დღეს კლუბის ახალწვეული ჯეიმს მილნერი წარადგინა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდში მე-7 ნომერი აირჩია, რომელიც “ბარსელონაში” ლუის სუარესის წასვლის შემდეგ ვაკანტური იყო. ამ ნომრით “ენფილდროუდელთა” რიგებში ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს უთამაშიათ, როგორებიც იყვნენ კენი დალგლიში, კევინ კიგანი, ჯონ ოლდრიჯი, სტივ მაკმანამანი და სხვანი.

 

“ლივერპულის” პარტნიორმა მარკეტინგული კამპანიის დროს შეცდომა დაუშვა (ფოტო)

საფეხბურთო კლუბ “ლივერპულის” პარტნიორმა – სარესტორნო ქსელმა Subway-მ მარკეტინგული კამპანიის დროს შეცდომა დაუშვა.

მერსისაიდული გუნდი ახალი სეზონის მოსამზადებელი პერიოდის ერთ-ერთ მატჩს ავსტრალიური “ადელაიდა იუნაიტედის” წინააღმდეგ ჩაატარებს. Subway-ს ავსტრალიურმა წარმომადგენლობამ ამ შეხვედრაზე დასასწრები VIP ბილეთების გათამაშება დაანონსა, თუმცა პოსტერზე გამოსახული “ლივერპულის” სამი მოთამაშიდან ორი რაჰიმ სტერლინგი იყო – ძველი და ახალი ვარცხნილობით. სავარაუდოდ, ის დანიელ სტარიჯში შეეშალათ.

მოგვიანებით ეს შეცდომა გამოასწორეს და ახალი პოსტერი გამოაქვეყნეს, რომელზეც ადამ ლალანა, რაჰიმ სტერლინგი, დანიელ სტარიჯი, ჯორდან ჰენდერსონი და ფილიპე კოუტინიო არიან გამოსახულნი.

Subway mistake

შკრტელი “ინტერში” არ გადავა

“ლივერპულის” მცველ მარტინ შკრტელის აგენტმა კაროლ კსონტომ განაცხადა, რომ სლოვაკი ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს მილანის “ინტერში” არ გადავა.

“შკრტელსა და “ინტერს” შორის მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა. ისინი მართლაც იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა შემდგომ განხილვამდე საქმე არ მივიდა. მარტინი “ლივერპულში” დარჩება”, – ციტირებს აგენტის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ შკრტელი “ლივერპულში” 2008 წლიდან თამაშობს.

 

ევრა: “სუარესი მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს”

დღეს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მცველ პატრის ევრას კიდევ ერთხელ მოუწევს ლუის სუარესთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში ურუგვაელ ფეხბურთელს ევრას მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ფრანგმა მცველმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ინციდენტი და განაცხადა, რომ ფინალურ მატჩამდე სუარესს ხელს ჩამოართმევს.

“მისი ბოდიში არ მჭირდება. ამას არც აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მატჩამდე ხელს ჩამოვართმევ, როგორც ეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდში გავაკეთე.

Suarez - Evra

ის ვერასოდეს იქნება ჩემი საუკეთესო მეგობარი. წარსული წარსულს ჩაბარდა. ვამაყობ ჩემი ფერით.

მე ვთამაშობ “ბარსელონას” და არა ლუის სუარესის წინააღმდეგ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს.

სასამართლო პროცესზე არ მითქვამს, რომ სუარესი რასისტია. მე ვთქვი, რომ მან რასისტული კომენტარები გააკეთა. სუარესს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მას რასისტობა დავაბრალო.

Suarez - Evra 2

იმ მომენტში საკუთარ თავს ვაკონტროლებდი. თითქოს რაღაც ხმა ჩამესმოდა: “სულელური არაფერი გააკეთო, ხელი არ კრა, ამ თამაშს უამრავი ადამიანი უყურებს”.

ბავშვებისთვის მაგალითი უნდა იყო. რაიმე ცუდი რომ ჩამედინა, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ ვითამაშებდი. შესაძლოა, ჩემთვის სამწლიანი დისკვალიფიკაციაც კი მოეცათ.

იმ მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი და თანაგუნდელები გაოცებულები მიყურებდნენ. იმ მომენტში სხვა სამყაროში ვიყავი.

ის ჩემთვის მართლაც მძიმე დღე იყო, თუმცა ჩემი თავით ვამაყობ”, – უთხრა ევრამ ITV Sport-ს.

 

ალან შირერი: “ბრენდან როჯერსმა მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა”

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, “ლივერპულის” სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა 2012 წლიდან მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა.

“მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ კოუტინიოს ტრანსფერი გამოდგა წარმატებული. დანიელ სტარიჯს ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა.

“ლივერპულს” კარგი სატრანსფერო პოლიტიკა არ აქვს, რაც, ალბათ, არის მიზეზი გუნდის წარუმატებლობისა.

მათ უნდა დაიმატონ მსოფლიო დონის ფეხბურთელები, თუმცა შარშან, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, გუნდმა ასეთი ტრანსფერები ვერ განახორციელა და ახლა, როდესაც მერსისაიდელები ტურნირს მიღმა არიან, ამ მოთამაშეების გაფორმება კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – შირერის კომენტარი “მირორმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსმა “ლივერპული” 2012 წელს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში მან 24 ფეხბურთელი დაიმატა, ტრანსფერებში 211 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა, აქედან 8.5 მილიონი – კოუტინიოს შესაძენად.

“ლივერპული” მეკარეს გუნდიდან უშვებს

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს “ლივერპული” ბრედ ჯონსს შეელევა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდული კლუბი 33 წლის ავსტრალიელ კიპერთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებული იყო, თუმცა ბოლო მატჩებში ჯონსი განაცხადშიც ვერ ხვდება და სიმონ მინიოლეს შემცვლელად მესამე მეკარე დენი უორდს აყენებენ.

ბრედ ჯონსი “ლივერპულს” 2010/11 წლების სეზონში შეუერთდა, თუმცა მალევე “დერბი ქაუნთში” გაასხვისეს. მერსისაიდულ გუნდში ავსტრალიელმა მეკარემ ინგლისის პრემიერლიგის ოთხ სეზონში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა.

 

ჯერარდის ბოლოსიტყვაობა

ინგლისის პრემიერლიგის 37-ე ტურში “ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა “ენფილდზე” მერსისაიდული გუნდის ფორმით უკანასკნელი მატჩი ჩაატარა.

ინგლისელი ფეხბურთელი ფანებს შეხვედრის შემდეგ ამ სიტყვებით დაემშვიდობა:

“უცნაური გრძნობა დამეუფლა. ამ მომენტის ძალიან მეშინოდა, აქაურობა ძალიან მომენატრება. სრულად დაცლილი ვარ, რადგან თქვენ წინაშე ვეღარ ვითამაშებ.

“ლივერპულში” ჩემი პირველი თამაში ოცნების ახდენა იყო, დანარჩენი ყველაფერი კი ამის დამატება.

კლუბი საიმედო ხელშია. ჩვენ შესანიშნავი მფლობელები და არაჩვეულებრივი მწვრთნელი გვყავს. გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გუნდს ახალწვეულებიც შეუერთდებიან. კლუბს წარმატებებს ვუსურვებ.

მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, რომლებთან ერთადაც აქ 17 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. “ლივერპულის” ყოფილ მოთამაშეებსაც ვგულისხმობ.

ყველაზე დიდ მადლობას კი ფანებს ვუხდი. მსოფლიოს ბევრ სტადიონზე მითამაშია, თუმცა თქვენ საუკეთესონი ხართ”.

შეგახსენებთ, რომ სტივენ ჯერარდი მომდევნო სეზონიდან “ლოს ანჯელეს გალაქსიში” ითამაშებს.