მესი 100 პროცენტით მზად არ არის

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი აღიარებს, რომ ის საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში არაა, მაგრამ არგენტინელი დარწმუნებულია, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება.

დღეს, 2 ნოემბერს, მესის ვაჟის, ტიაგო მესის  დაბადების დღეა, მას 1 წელი შეუსრულდა. ამ დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით, მესიმ ჩინურ მიკრობლოგ Weibo-ში ჩანაწერი გააკეთა, რომელშიც “ესპანიოლთან” გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა: “ესპანიოლთან” თამაში ყოველთვის რთულია. ფიზიკურად 100 პროცენტით მზად არ ვარ, მაგრამ მჯერა, რომ ეს პრობლემა მოგვარდება.”

შეგახსენებთ, რომ მესის გოლი უკვე 4 თამაშია არ გაუტანია, რაც 2011 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

 

„ბაიერნი“ მესის გადაბირებას შეეცდება

ფიფას ერთ-ერთმა აგენტმა ფრანსუა გალარდომ განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის ყიდვას ცდილობდა.

„კომპანია „ადიდასს“ სურდა, რომ მესის რომელიმე სხვა ევროპულ გრანდში ეთამაშა, რისთვისაც 125 მილიონი ევროს გამოყოფისთვისაც იყო მზად. ეს იმ თანხის ნახევარია, რომელიც ლიონელის კონტრაქტში არის მითითებული. თანხის მეორე ნაწილის გადასახდელად კი ერთდროულად სამი კლუბი იყო მზად. ამ კლუბებს შორის ერთ-ერთი, როგორც ჩანს, „ბაიერნი“ იყო, რომელიც მესის შეძენას შემდეგ ზაფხულსაც შეეცდება“, – განაცხადა გალარდომ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მესი შეიძლება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს

„ელ მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი შესაძლოა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი აგხდეს.

კატალონიური გუნდი მზად არის, 26 წლის არგენტინელ მოთამაშეს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის მიხედვითაც, ლეო მესი წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად კრიშტიანო რონალდუ ითვლება, რომელიც წელიწადში 14 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

 

რა პერიოდი გაუცდება მესის?

მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-7 ტურში, “ალმერიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის 27-ე წუთზე “ბარსელონას” ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. “მუნდო დეპორტივოს” ცნობით, არგენტინელი თავდამსხმელი კატალონიურ გუნდს ერთი კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. შესაბამისად, მესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გლაზგოს “სელტიკის” წინააღმდეგ გასამართ მატჩს გამოტოვებს. წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონას” ლიდერმა მუხლქვედა მყესი
დაიშავა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ “ალმერიასა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩი კატალონიელტა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი გოლი სწორედ მესის ანგარიშზეა.
გოლის ამსახველი ვიდეომასალის ხილვა შგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე: მესის ბრწყინვალე გოლი “ალმერიასთან”

მესი სასამართლოში ძმასთან ერთად გამოცხადდა

კატალონიის „ბარსელონას“ ლიდერი ლიონელ მესი თავის ფინანსურ ოპერაციებთან არსებული პრობლემების მოგვარებას აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის მთავრობამ არგენტინელს 2006 წლიდან 2009 წლამდე სხვადასხვა სახის გადასახადების დამალვაში დასდო ბრალი. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელმა უკვე დაახლოებით 15 მილიონი ევრო გადაიხადა, სასამართლო პროცესი გრძელდება.

ესპანეთის პროკურატურის მიერ მოპოვებული ინფორმააციის თანახმად, მესი შემოსავალს ურუგვაის, შვეიცარიისა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ბანკების საშუალებით მალავდა.

დღეს დილით კი, ლეო მორიგ სასამართლო მოსმენაზე თავის ძმასთან მატიასთან ერთად გამოცხადდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბეკე: ”მესიმ გვარდილას შეურაცხყოფა მიაყენა”

”ნიუ-იორკ რედ ბულის” ყოფილმა თავკაცმა ჰანს ბეკერმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. შვედმა სპეციალისტმა ისაუბრა 2009/10 წლის სეზონის მიმდინარეობისას მომხდარ ინციდენტზე, რომელიც, მისი თქმით, ”ბარსელონას” ლიდერს ლიონელ მესისა და მისი გუნდის ყოფილ თავკაცს ხოსეპ გვარდიოლას შორის მოხდა.

”ეს ვარსკლავები ღვთის საუკეთესო შვილები არ არიან. ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე სამი საათით ადრე, მოთამაშეები სასადილოდ დასხდნენ, რის დროსაც მესიმ კოლა ისურვა. ბუნებრივია, გვარდიოლამ მას ამაზე უარი უთხრა, რადგან თამაშების წინ კოკა-კოლის დალევა რეკომინდირებული ნამდვილად არ არის. უკმაყოფილო მესი კი ადგა და რამოდენიმე წუთში ბოთლით დაბრუნდა, რომლიდანაც კოკა-კოლა გვარდიოლას თანდასწრებით დალია. ალბათ ხვდებით, თუ რამდენად შეურაცხყოფილი დარჩა გვარდიოლა არგენტინელის ამ საქციელით. მოვხდები თუ არა ცილისწამებისთვის სასამართლო დარბაზში? ჩემს ნაცნობებს შორის ბევრი იურისტი არის”, – განაცხადა ბაკემ TV4-ს ეთერში.

პრესის ვარაუდით, შვედმა მწვრთვნელმა აღნიშნული ისტორია ტიერი ანრისგან ან რაფაელ მარკესისგან გაიგო, რომლებიც 2009/10 წლების სეზონში ”ბარსაში” თამაშობდნენ, რის შემდეგაც, ნიუ-იორკში გადაბარგდნენ, სადაც სწორედ ბაკეს ხელმძღვანელობით თამაშობდნენ.

ალექსანდრე მატევოსოვი

მესის დაუცხრომელი წყურვილი

გასულ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი ლიონელ მესი თავის კლუბთან ერთად მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, თუმცა ეს იმის სურვილს არ ანელებს, რომ არგენტინელმა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიოს.

„ყოველთვის ვისწრაფით ახალი მიღწევებისკენ. მას შემდეგ, რაც გასულ წელს მადრიდის „რეალმა“ საჩემპიონო ტიტული აგვართვა, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ეროვნული ჩემპიონატის მოგებამ. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ნახევარფინალურ ეტაპზე ჩვენსა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის სხვაობა აშკარად გამოჩნდა. ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა ეს უკვე წარსულია. წინ უნდა ვიყუროთ“, – ამბობს მესი უეფას ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

თქმა არ უნდა იმას, რომ არგენტინელ ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგაზე რეაბილიტაცია სურს, თუმცა ამისთვის გუნდმა ჯერ ჯგუფური ეტაპი უნდა დაძლიოს. არადა, კატალონიურ გრანდს საკმაოდ რთული მეტოქეები შეხვდა: „მილანი“, ამსტერდამის „აიაქსი“ და გლაზგოს „სელტიკი“.

„რთული ჯგუფია, თუმცა ვიცოდით, რომ ასეც იქნებოდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან ძნელია, პირველი ნაბიჯების გაკეთებაც კი რთული იქნება. წელს საკმაოდ თანაბარი ჯგუფებია და კარგ თამაშებს მოველი. ვიმედოვნებ, ჩვენს საუკეთესო დონეს ვაჩვენებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ.
ჩვენს ჯგუფში სახელგანთქმული გუნდები მოხვდნენ. მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს. „აიაქსს“ არცთუ ისე კარგად ვიცნობთ, თუმცა ამსტერდამული გუნდის თამაშები ნანახი გვაქვს. ასე რომ, საინტერესო ჯგუფია“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

მიმდინარე სეზონში „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, თუმცა მესის ხერარდო მარტინესსთან საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეს, ისინი ხომ ერთი ქალაქიდან არიან – როსარიოდან.

„ახალ თავკაცს ძალიან მალე შევეჩვიეთ. ვცდილობთ, მისი მოთხოვნები შევასრულოთ, ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რასაც აქამდე ვთამაშობდით. რა თქმა უნდა, მწვრთნელი ახალია, რომელსაც ახალი იდეები ამოძრავებს, თუმცა ჩვენი განწყობა არ შეცვლილა – სეზონი მაქსიმალურად კარგად უნდა დავიწყოთ, რათა ყველა ფრონტზე წარმატებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა არგენტინელმა ფეხბურთელმა.

მოგეხსენებათ, ევროპის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი დაასახელეს. ლეო მესიმ ჩვეული თავმდაბლობით გააკეთა ამის შესახებ კომენტარი.

„მახარებს ის ფაქტი, რომ მესამედ მოვხვდი სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის. მსოფლიოში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობს და მიხარია, რომ მათ კონკურენციას ვუწევ. რიბერიმ ნამდვილად დაიმსახურა ეს ჯილდო“, – განაცხადა მესიმ.

ბექა დოგრაშვილი

„მესის ასპერგერის სინდრომი აქვს“

„ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რომარიო ამბობს, რომ კატალონიური გუნდის თავდამსხმელ ლიონელ მესის ასპერგერის სინდრომი აქვს. ასპერგერის სინდრომი აუტიზმის ერთ-ერთი ფორმაა. აღნიშნული სინდრომის მქონე ადამიანებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები. როგორც წესი, ასპერგერის სინდრომის მქონე ადამიანები ვიწრო, შეზღუდულ ინტერესებზე აკეთებენ სრულ კონცენტრაციას.

„იცით თუ არა, რომ მესის ასპერგერის სინდრომი აქვს? ეს აუტიზმის მსუბუქი ფორმაა, რომელიც მას საშუალებას აძლევს კონცენტრაცია ფეხბურთზე გააკეთოს. აუტიზმის ასევე ჰქონდათ ნიუტონსა და აინშტაინს. ვიმედოვნებ, რომ მესი სირთულეებს გაუმკლავდება და ლამაზი თამაშით კვლავ დაგვატკბობს“, – დაწერა რომარიომ თავის მიკრობლოგზე.