“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი ვიცეკაპიტანი ჰყავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი ვიცეკაპიტანი მაიკლ კერიკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სეზონის დასაწყისში “წითელი ეშმაკების” ვიცეკაპიტნად დარენ ფლეტჩერი გაამწესა, თუმცა როგორ ჩანს, ვან გაალმა გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა ეს პასუხისმგებლობა კერიკს დაავალა.

“სამი კაპიტანი მყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული თანმიმდევრობა მაქვს დაწესებული: პირველი კაპიტანი უეინ რუნია, მეორე მაიკლ კერიკი, მესამე კი – დარენ ფლეტჩერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ხაზის კაპიტნები მყავს.

კერიკი გამოცდილი და მშვიდია. კარგია, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა პოზიციებზე შემიძლია. კაპიტნის რანგში მას მოედანზე ჩემი სათამაშო ფილოსოფიის შეცვლა შეუძლია”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს sportsmole-ი.

 

ვან გაალმა შოთა არველაძე გაიხსენა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ბოლო პრესკონფერენციაზე “საუთჰემპტონის” თავდამსხმელ გრაციანო პელეს შესახებ საუბრისას შოთა არველაძე გაიხსენა.

“გრაციანო პელეს წარმატებები არ მაკვირვებს, რადგან თავის დროზე “ალკმაარში” ის სწორედ მე მივიყვანე. მას არამხოლოდ გოლების გატანა, არამედ მომენტების შექმნაც შეუძლია. გრაციანო, ვან პერსის მსგავსად, მუდმივად ეძებს თანაგუნდელებს. შესაძლოა, მისგან ამდენი გოლი გიკვირთ, თუმცა მე ისედაც ვიცოდი, რომ პელეს ეს შეეძლო.

იმ დროს “ალკმაარში” შოთა არველაძე მყავდა — ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი მათ შორის, ვინც მთელი კარიერის განმავლობაში მყოლია. ბევრ ფორვარდთან მიმუშავია, თუმცა შოთა მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პელეს სწორედ მასთან უწევდა კონკურენცია და მოახერხა გარკვეული წვლილის შეტანა საერთო საქმეში. შემდეგ პელე რონალდ კუმანმა წაიყვანა “ფეინოორდში”, სადაც ის “აფეთქდა”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

 

ვან გაალი: “რუნის კაპიტნის სამკლავურის ტარება მოსწონს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა უეინ რუნის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“უეინის რეპუტაციის შესახებ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადმოსვლამდეც ვიცოდი, თუმცა აქ სულ სხვანაირი რუნი დავინახე. ვარჯიშებზე მუშაობით ის სხვებს მაგალითს აძლევს. რუნი კარგი კაპიტანია. ვხედავ, რომ მას კაპიტნის სამკლავურის ტარება მოსწონს. მე მისით კმაყოფილი ვარ”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “მირორი”.

უეინ რუნის ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ათ შეხვედრაში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

 

რამდენ ხანში ჰპირდება ვან გაალი “მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს კლუბის აყვავებას

“მანჩესტერ იუნაიტედს” ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო 10 ტურის შემდეგ აქტივში მხოლოდ 13 ქულა აქვს. 1986 წლის შემდეგ ეს გუნდის ყველაზე ცუდი სტარტია.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ გუნდი ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესშია.

“ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გუნდის მშენებლობის პროცესში ვართ. ამას ერთ წელიწადზე მეტი დრო სჭირდება, შესაძლოა, სამი წელიწადიც კი დასჭრდეს.
გუნდის ფანებისა და კლუბის ხელმძღვანელობის კარგად მესმის, რადგან მათ ჩემი სჯერათ”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს BBC.

 

ვან გაალი: “მოურინიო განსაკუთრებულია”

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ ლონდონის “ჩელსის” მიიღებს.

“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელ ლუი ვან გაალი მოუთმენლად ელოდება “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრას.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავისი პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები ვან გაალის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში გადადგა. სწორედ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა შენიშნა მანამდე ყველასთვის უცნობი მოურინიო, რომელიც იმხანად “ბარსელონას” თავკაც ბობი რობსონის თარჯიმნად მუშაობდა. რობსონის შემდეგ კატალონიური გუნდი ვან გაალმა ჩაიბარა, რომელმაც თანაშემწის პოზიციაზე პორტუგალიელი აიყვანა.

Mourinho - van Gaal

“მოურინიო ძალზედ მოკრძალებული და ემოციური ადამიანია და მე მომწონს ეს. განა ამაში რამე გასაკვირია?!

გასაკვირი ის გახლავთ, რომ ჟოზე დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ადამიანი წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა მოხდება მომავალში და ეს იწვევს გაკვირვებას. ხალხს ვერ წარმოუდგენია, რაოდენ მოკრძალებული და ემოციური ადამიანია მოურინიო.

ის ჩემთვის განსაკუთრებულია, რადგან ერთად ვმუშაობდთ და ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებთ. ასეთ რამ ფეხბურთში ხშირად არ ხდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს “ექსპრესი”.

ცნობისათვის, მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” შორის კვირას, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

გულიტი: “ვან გაალი გიჟია”

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რუდ გულიტმა “მანჩესტერ იუნატედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გააკრიტიკა.

“მგონია, რომ ვან გაალი გიჟია. სახლის შენება საძირკვლიდან იწყება, თუმცა მან სახურავიდან დაიწყო და ყველაფერი ჩამოენგრა. არ მესმის, პირველ რიგში დაცვაზე რატომ არ იფიქრა”, – ციტირებს გულიტის სიტყვებს Daily Star-ი.

შეგახსენებთ, რომ ინგლსის პრემიერლიგის VI ტურის შემდეგ “მანჩესტერ იუნატედს” სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიცია აქვს დაკავებული. გუნდმა ექვსი შეხვედრიდან 2 გამარჯვებით დაასრულა, 2 მარცხით, ორი კი – ფრედ.

სრული სატურნირო ცხრილის სანახავად გადადთ ბმულზე: ცხრილები

 

ვან გაალი: ”მანჩესტერ იუნაიტედში” მძიმე სამუშაო მაქვს გასაწევი”

”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გუნდში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. იგი თვლის, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლა არ არის ადვილი.

”ლესტერ სიტისთან” განცდილი მარცხის შემდეგ ”წითელი ეშმაკებს” მედიაში კვლავ აკრიტიკებენ. მწვრთნელმა ასევე ფეხბურთელების დანაკლისზე ისაუბრა. დაცვის ხაზში სმოლინგის და ევანსის არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისია.

ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს ჰოლანდიელის დიდებულ სამწვრთნელო კარიერას. პასუხად კი მიიღეს:

”ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ 9 ფეხბურთელის არყოფნა დიდი დანაკლისია”.

”მწვრთნელისთვის ეს დიდი გამოწვევაა. გამარჯვების მოსაპოვებლად უდიდესი სირთულეების დაძლევაა საჭირო. ჩვენ ურთულეს პირობებში ვიმყოფებით, მაგრამ გამარჯვება შეგვიძლია”.

შეგახსენებთ, რომ სმოლინგი და ევანსი შემდეგ მატჩსაც გამოტოვებენ.

 

განსხვავება კრუიფისა და ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიებს შორის

ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა აღნიშნა, რომ ის არ იზიარებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის საფეხბურთო ფილოსოფიას.

“საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვენ ბევრი საერთო არ გვაქვს. კი ბატონო, ორივენი ჰოლანდიელები ვართ და ძირითადი ცნებები მსგავსი გვაქვს, თუმცა მე ვთვლი, რომ გუნდმა უნდა ითამაშოს სწრაფი ფეხბურთი და ბურთსაც უნდა ფლობდეს.
შესაძლოა, ვან გაალმა ჩემზე მეტი იცის, მაგრამ მე მინდა, რომ ფეხბურთელები ბურთს აკონტროლებდნენ. როდესაც ბურთი მეტოქეს აქვს, გუნდმა პრესინგს უნდა მიმართოს, რათა ის დაიბრუნოს. ეს თავდაცვითი ხერხიც არის, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ბურთის ფლობაა”, – კრუიფის სიტყვებს “დეილი მეილი” აქვეყნებს.

ცნობისათვის, ვან გაალის “მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის პრემიერლიგის IV ტურში “ქუინს პარკ რეინჯერსს” უმასპინძლებს. მატჩი “ოლდ ტრაფორდზე”, კვირას, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

დევიდ მოიესი ვან გაალის შესახებ

ინგლისის პრემიერლიგის I ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “სუონსი სიტისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. აღნიშნული მარცხის შემდეგ “წითელი ეშმაკების” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ ლუი ვან გაალის კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

“ყველამ იცოდა, რომ მას დრო სჭირდება. ყველას სჭირდება დრო იმისთვის, რომ სერ ალექს ფერგიუსონის ღირსეული მემკვიდრე გახდეს. ის, რაც დღეს მოხდა, მე “ვესტ ბრომვიჩის”, “ნიუკასლისა” და “ევერტონის” წინააღმდეგ გასულ სეზონში გამართულ შეხვედრებში დამემართა. პრემიერლიგის ყველა გუნდი ორგანიზებულია, ყველას ჰყავს განსაკუთრებული ფეხბურთელები, რომელთაც მატჩისთვის მიმდინარეობის მიცემა შეუძლიათ”, – ციტირებს მოიესის სიტყვებს espn-ი.

ამ განცხადებამდე კი სოციალურ ქსელში გაჩნდა კომპიუტერული პროგრამით დამუშავებული ფოტო, რომელზედაც მოიესი ვან გაალის გათავისუფლებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” ჰოლანდიელ სპეციალისტამდე სწორედ მოიესი თავკაცობდა, რომელიც ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გუნდიდან დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

პრემიერლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სანდერლენდს” ესტუმრება.

 

ვან გაალის კომენტარი დღევანდელი მარცხის შესახებ

ინგლისის პრემიერლიგის I ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” შინ “სუონსი სიტისთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. მატჩის შესახებ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ისაუბრა.

“როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ჩვენ გოლის გატანის შანსები გვქონდა, მაგრამ მხოლოდ შანსის ქონა საკმარისი არ არის. მეგონა კიდეც, რომ მოვიგებდით, თუმცა შესაძლებლობებს გამოყენება უნდა. დღეს გუნდურად ვერ ვითამაშეთ. მანამდე შედარებით უკეთ ვთამაშობდით და ცუდია, რომ დღეს ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ.
პირველ ტაიმში ვნერვიულობდით, რის გამოც არასწორ გადაწყვეტილებებს ვღებულობდით. მატჩის მეორე ნახევარში გუნდურად ვერ ვითამაშეთ, რაზეც მე ვარ პასუხისმგებელი. სამწუხაროა, რომ შინ გამართულ პირველივე მატჩში დავმარცხდით.
ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ — ქომაგები, ფეხბურთელები, მე. ძალიან ცუდი დღე იყო”, – განაცხადა ვან გაალმა BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პრემიერლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედი” “სანდერლენდს” ესტუმრება.

 

ვან პერსი “სუონსისთან” არ ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ინგლისის პრემიერლიგის სასტარტო ტურში “სუონსი სიტისთან” გასამართ მატჩს გუნდის თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გამოტოვებს. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, ფეხბურთელმა, რომელსაც ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დასასვენებლად დამატებითი დრო მიეცა, სასურველი ფორმის დაბრუნება ვერ მოასწრო.

“არ არის იმის შანსი, რომ ვან პერსიმ ითამაშოს. მას ვარჯიში სჭირდება”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს Goal.com-ი.

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სუონსის” შორის მატჩი შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.

 

ვან გაალმა გუნდის შვიდი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

ბრიტანული “დეილი მეილის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ტრანსფერზე კლუბის შვიდი ფეხბურთელი დააყენა.

ფეხბურთის ჰოლანდიელ სპეციალისტზე შემდეგმა მოთამაშეებმა ვერ მოახდინეს შთაბეჭდილება: მარუან ფელაინი, ლუიშ ნანი, ჩიჩარიტო, უილ კინი, რაფაელი, ანდერსონი და ზაჰა.

ვან გაალს ჯერჯერობით გადაწყვეტილი აქვს გუნდში იაპონელი სინძი კაგავას დატოვება, თუმცა მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის გარანტიას ვერ აძლევს.