ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”

დღეს იტალიის თასის ფინალური მატჩია — ტურინის “იუვენტუსი” რომის “ლაციოს” წინააღმდეგ. “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია. რთული მატჩი გველის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ. იტალიის თასი “იუვენტუსს” 20 წელია, არ მოუგია და წელს შესაძლოა, ეს ტიტული მეათედ დავისაკუთროთ.

ანდრეა პირლო ითამაშებს. რას ვიტყოდი იტალიურ ფეხბურთზე? ყველა ლიგას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა. წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, “ნაპოლი” და “ფიორენტინა” ევროპის ლიგის ფინალთან იყვნენ ახლოს”, – ალეგრის კომენტარი “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

მატჩი “იუვენტუსსა” და “ლაციოს” შორის რომის “სტადიო ოლიმპიკოზე”, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ალეგრი: “ყველა მატჩს ანგარიშით 3:0 ვერ მოვიგებთ”

იტალიის სერია A-ს 24-ე ტური ტურინის “იუვენტუსსა” და ბერგამოს “ატალანტას” შორის გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც “ბებერი სინიორას” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შეხვედრა “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ შეაჯამა.

“მატჩი მძიმედ დავიწყეთ. “ატალანტა” თავს კარგად იცავდა, ჩვენ ვჩქარობდით და ამ სიჩქარეში შეცდომებს ვუშვებდით, რამდენიმე კონტრშეტევაც გამოგვრჩა. საჭირო იყო მოთმინება, რის შემდეგაც საგოლე მომენტების შექმნა დავიწყეთ და შანსი გამოვიყენეთ კიდეც.

ყველა მატჩს ანგარიშით 3:0 ვერ მოვიგებთ. მეტოქეები არ აპირებენ ჩვენთვის რამის იოლად დათმობას. თითოეული გუნდი ჩვენ წინააღმდეგ თავდაუზოგავად ირჯება”, – ალეგრის სიტყვები Football-italia-მ გამოაქვეყნა.

 

ალეგრი: “იტალიაში მარცხის აღიარება არ შეუძლიათ”

იტალიის სერია A-ს XVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან პაოლოზე” გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” გათამაშების ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მსაჯები “იუვეს” დაეხმარნენ, რაზეც მოგვიანებით “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.

“სასაცილოა. არბიტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტება რომ დავიწყოთ, ქაოსს მივიღებთ. როდესაც მსაჯი ჩვენ წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ყველა კმაყოფილია. როდესაც პირიქით ხდება, უთანხმოება წარმოიშვება ხოლმე.

“სამპდორიასთან” გამართული მატჩი მახსენდება, როდესაც არბიტრი ჩვენ საწინააღმდეგოდ ორჯერ შეცდა. შეცდომას ყველა უშვებს: ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და პრეზიდენტებიც და რატომ არ შეიძლება, რომ მსაჯი შეცდეს? დიდებული მატჩის შემდეგ რა საჭიროა სკანდალის მოწყობა?

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ასეთი სანახაობრივი საღამოს გაფუჭებას ცდილობს. ვწუხვარ, მაგრამ დღეს ასეთია იტალიური ფეხბურთი – მარცხს არავინ აღიარებს. თუ არბიტრებს ერთ შეცდომაზე გამოვეკიდებით, მალე აღარავინ იმსაჯებს”, – ალეგრის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.

 

ალეგრი კმაყოფილია

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი კლუბის სატრანსფერო კამპანიით კმაყოფილია. “ბებერი” ქალბატონის” თავკაცმა ისიც აღნიშნა, რომ გუნდიდან არტურო ვიდალის გაშვებას არ აპირებდნენ.

“ვიდალი ტრანსფერზე არც ყოფილა. კლუბში მაშინვე მითხრეს, რომ ის დარჩებოდა. “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკა მომეწონა. ტრანსფერები მხოლოდ ტრანსფერებისთვის არ გაგვიკეთებია, ჩვენ ზუსტი შენაძენები გვინდოდა. ეს იყო საკითხისადმი გონივრული მიდგომა. რა თქმა უნდა, მეტიც შეგვეძლო, ვგულისხმობ ისეთი ფეხბურთელის დამატებას, რომელიც გუნდის დონეს კიდევ უფრო აამაღლებდა”, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს “სქაი იტალია”.

 

„იუვენტუსის“ ქომაგთა ნაწილმა კლუბის თავკაცის პოსტზე ალეგრის დანიშვნა გააპროტესტა

ოთხშაბათს, ვინოვოს საწვრთნელ ბაზასთან ტურინის „იუვენტუსის“ დაახლოებით 300 ქომაგი შეიკრიბა, რომლებმაც კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრის დანიშვნა გააპროტესტეს.

ულტრასთა ჯგუფის ხუთი წარმომადგენელი საწვრთნელი კომპლექსის ტერიტორიაზე კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის უფლებით შეუშვეს. იტალიელი ჟურნალისტების ცნობით, ტიფოზები კლუბის დირექტორ ჯუზეპე მაროტასა და თავად ალეგრისაც ესაუბრნენ.

შეხვედრა სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

ოფიციალურად: „იუვენტუსის“ თავკაცის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმუშავებს

ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმუშავებს.

„ბიანკონერიმ“ უკვე წარადგინა იტალიელი სპეციალისტი თავკაცის რანგში.

„ჩემთვის დიდი პატივია „იუვენტუსის“ მწვრთნელად მუშაობა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდს გავწვრთნი. „იუვენტუსი“ ბოლო სამი წელიწადია, სკუდეტოს იგებს. ასე რომ, მე აქ ამ გზის გასაგრძელებლად მოვედი.

გამიმართლა, რომ ოთხი წლის განმავლობაში „მილანს“ ვთავკაცობდი, ახლა კი კიდევ ერთ დიდ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა მეძლევა“, – აღნიშნა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი უკანასკნელად „მილანში“ მუშაობდა. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანდრეა პირლომ ლომბარდიული კლუბი. ალეგრიმ „მილანში“ 2011 წელს სკუდეტო და ქვეყნის სუპერთასი მოიგო, თუმცა შემდგომ პერიოდში ყველა ფრონტზე მუდმივად ხელმოცარული რჩებოდა.

რაც შეეხება „იუვენტუსის“ ყოფილ თავკაც ანტონიო კონტეს, მას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავენ.

 

ოფიციალურად: ინძაგი თავის პოსტზე რჩება

რამდენიმე საათის წინ Milan Channel-მა პირდაპირ ეთერში დაადასტურა, რომ ფილიპო ინძაგი „როსონერის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

აქედან ამომდინარე, გამორიცხული არ არის, „შავ-წითლები“ ამჟამად „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა ჩაიბაროს.

შეგახსენებთ, რომ დღეს „მილანის“ ხელმძღვანელობამ გუნდის უკვე ყოფილი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა.

აქვე გეტყვით, „სპეციასთან“ იტალიის თასის 1/16 ფინალის მატჩისთვის გუნდს მაურო ტასოტი მოამზადებს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში „როსონერის“ თავკაცთა მთავარი ასისტენტი იყო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ოფიციალურად: „მილანმა“ ალეგრი გაათავისუფლა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. „როსონერის“ თავკაცის მოვალეობას დროიბით მაურო ტასოტი შეასრულებს.

გუშინ, სერია A-ს მე-19 ტურში „მილანი“ „სასუოლოსოთან“ ანგარიშით 3:4 დამარცხდა, არადა, „როსონერი“ ანგარიშით 2:0 იგებდა. გუნდმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეშვიდე მარცხი იწვნია და 22 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციამდე დაქვეითდა.

46 წლის ალეგრი „მილანს“ 2010 წლის ივნისიდან თავკაცობდა. მასსა და კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ზაფხულში იწურებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალეგრის შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტად ფილიპო ინძაგის კანდიდატურას განიხილავენ.

ბექა დოგრაშვილი

ვილაშ-ბოაში „მილანს“ ჩაიბარებს?

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „პორტუს“, ლონდონის „ჩელსისა“ და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, შესაძლოა, „მილანის“ თავკაცის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი შეცვალოს.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „როსონერის“ ხელმძღვანელები პორტუგალიელ სპეციალისტს უკვე დაუკავშირდნენ კიდეც და მასთან შესაძლო კონტრაქტის დეტალებიც განიხილეს.

ცნობისთვის, ამჟამად „მილანი“ 19 ქულით სერია ა-ს მე-10 ადგილზე იმყოფება.

ალექსანდრე მატევოსოვი

გალიანი: „ალეგრი „მილანის“ თავკაცად „კიევოსთან“ მატჩის შემდეგად დარჩება“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ „კიევოსთან“ იტალიის სერია A-ს უახლოესი ტურის მატჩის შედეგის მიუხედავად, მასიმილიანო ალეგრი „როსონერიში“ დარჩება.

„კიევოსთან“ თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სატურნირო ცხრილის ლიდერებს საგრძნობლად ჩამოვრჩებით. გეტყვით, როიმ ალეგრისთვის ეს ბოლო შანსი არ იქნება. გვსურს, რომ იგი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩეს. რა თქმა უნდა, თუ ანგარიშით 0:22 მარცხდები, მწვრთვნელის შეცვლაზე ფიქრი შეიძლება, თუმცა მომავალზე საუბარი არ მიყვარს“, – განაცხადა გალიანიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ალეგრი: „კაკა სამაგალითოდ იქცევა“

„მილანის“ მთავარმა მწვრთვნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში მისი გუნდის მხრიდან გამორჩეული თამაში რიკარდო კაკამ უნდა აჩვენოს.

„კაკა პირველივე წუთებიდან ითამაშებს. იგი თავს კარგად გრძნობს, რისი წყალობითაც, მისი თამაშის გაუმჯობესდა. მას ძველი ფორმის დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. რიკარდო – დიდებული მოთამაშეა, რომელსაც თანაგუნდელებისთვის გამოცდილების გაზიარება შეუძლია. გარდა ამისა, სამაგალითოდ იგი მოედნის გარეთაც იქცევა“, – აღნიშნა „როსონერის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზეედორფი: „მილანი“ ალეგრის გამო დავტოვე“

ბრაზილიური „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა გასულ წელს „მილანი“. 37 წლის ფეხბურთელი გამოტყდა, რომ ყველაფრის თავი და თავი „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია.

„მილანიდან“ ალეგრის გამო წამოვედი. მასთან საუკეთესო ურთიერთობა არ მქონია. ის ისეთი გუნდების წინააღმდეგ მათამაშებდა, როგორებიც არიან „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“, შემდეგ კი ისევ სათადარიგოთა სკამზე მაბრუნებდა. მე ყოველ მატჩში თამაშს ვიყავი მიჩვეული.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, მჯეროდა, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილიც იყო, განსაკუთებით სეზონის ბოლოს გამოვიჩინე თავი. შორიდან შეიძლება ისე ჩანდა, რომ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა ჩემს ასაკში რეგულარული თამაში აუცილებელია.
მაგალითებად პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს დავასახელებ, თუმცა ალეგრი მე არ მათამაშებდა.

„მილანი“ განახლდა და ახლა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდი ისევ იმ მწვერვალზე დაბრუნდეს. თითქმის დავასრულე სამწვრთნელო კურსი, თუმცა ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ფეხბურთის თამაში ისევ მინდა“, – განაცხადა ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი