“ბარსელონა” – “მილანი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, H ჯგუფში, კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე იტალიურ “მილანს” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ:

“ბარსელონა”: ვალდესი, დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო, ინიესტა, ჩავი, ბუსკეტსი, მესი, სანჩესი, ნეიმარი.

“მილანი”: აბიატი, აბატე, საპატა, მექსე, ემანუელსონი, პოლი, დე იონგი, მონტოლივო, მუნტარი, კაკა, რობინიო.

“მილანის” ახალგაზრდა ფეხბურთელის სუპერგოლი “ბარსელონას” კარში

5 ნოემბერს, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბარსელონასა” და “მილანს” შორის გამართულ შეხვედრაში, “როსონერის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ბრაიან კრისტანტემ კატალონიელთა კარი ბრწყინვალე დარტყმით აიღო.

პედრო: “მილანი” ძლიერი გუნდია”

კატალონიის “ბარსელონას” შემტევი, პედრო როდრიგესი აცხადებს, რომ “მილანი” ძლიერი გუნდია, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ბლაგაურნა” საკუთარ მოედანზე “როსონერის” მიიღებს. ამ გუნდებ შორის, მესამე ტურში გამართული მატჩი, რომელიც “სან სიროზე” გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა.

“რა თქმა უნდა, გვინდა, რომ გავიმარჯვოთ. ჩემი აზრით, “მილანი” ძლიერი გუნდია, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია. “როსონერის” კაკას, რობინიოსა და ბალოტელის სახით, ძალიან სახიფათო ფეხბურთელები ჰყავს”, – თქვა პედრომ.

მონტელა: “გამარჯვება დავიმსახურეთ”

იტალიური “ფიორენტინას” მთავარი მწვრთნელი, ვიჩენცო მონტელა “მილანთან” გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და თქვა, რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს, “ფიორენტინა” “მილანს” ესტუმრა და მეტოქე ვარგასისა და ბორხა ვალეროს გოლების წყალობით, ანგარიშით 0:2 დაამარცხა.

“მართალია, მეორე ტაიმში ცოტათი დავიღალეთ, მაგრამ მეტოქეზე უკეთ მაინც გამოვიყურებოდით. კარგად ვითამაშეთ და სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ. ისეთი გუნდი გვყავს, რომელიც აუცილებლად მოუმატებს”, – ამბობს მონტელა.

ალეგრი: “მილანში” ყოფნისას, ყველაზე ცუდი პერიოდი მიდგას”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ მას “როსონერიში” ყოფნის განმავლობაში, ყველაზე ცუდი პერიოდი ახლა უდგას.

შეგახსენებთ, რომ 2 ნომბერს, “შავ-წითლებმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღეს და ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ.

“შემიძლია, ვთქვა, რომ “მილანში” ყოფნის განმავლობაში, ყველაზე ცუდი პერიოდი ახლა მიდგას. როდესაც საქმე ცუდად მიგდის, პრობლემებიც მატულობს. საჭიროა, რომ დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ. ფანები ყოველთვის გვიდგანან, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ბუნებრივია, რომ ისინი გაბრაზებულები არიან”, – ამბობს ალეგრი.

“მილანის” წარუმატებელი სერია გრძელდება

2 ნოემბერს იტალიის სერია A-ში, მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. “მილანმა” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინა” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა. ფლორენციელებმა ჯარიმა გაითამაშეს, ხოლო ხუან ვარგასის დარტყმული მუნტარის მოხვდა, ბურთმა მიმართულება შეიცვალა, ხოლო “როსონერის” კარის დარაჯმა, გაბრიელმა გუნდის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

სტუმრებმა უპირატესობა ორამდე 73-ე წუთზე გაზარდეს. მარჯვენა ფლანგზე, ხოაკინმა ერთ მეტოქეს გვერდი აუარა და საჯარიმოში ჩააწოდა, ბურთი მეკარემ კი მოიგერია, მაგრამ ბორხა ვალერო ზუსტად იქ აღმოჩნდა, სადაც უნდა ყოფილიყო – მას გოლის გატანაში ხელი ვერავინ შეუშალა.

ამრიგად, “მილანი” ბოლო სამ მატჩში მეორედ დამარცხდა და ჩემპიონატის ცხრილში, 12 ქულით, მეათე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება “ფიორენტინას”, “იები” 21 ქულით, მეოთხე ადგილზე იმყოფებიან.

“მილანი” – “ფიორენტინა” 0:2
“სან სირო”, 42000 მაყურებელი

“მილანი”: გაბრიელი, ძაკარდო, საპატა, აბატე, კონსტანტი, კაკა, მუნტარი (საპონარა 69′), ბირსა (ნიანგი 57′), დე იონგი, მონტოლივო, ბალოტელი.
მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი.

“ფიორენტინა”: ნეტო, როდრიგესი, პასკვალი, ტომოვიჩი, სავიჩი, ამბროზინი (ვეჩინო 34′), აკვილანი, ბორხა ვალერო, ვარგასი, როსი (ხოაკინი 68′), მატოსი (ოლივეირა 90+1′).
მთავარი მწვრთნელი: ვიჩენცო მონტელა.

გოლები: ვარგასი 27′, ბორხა ვალერო 73′.
გაფრთხილებები: ბალოტელი 61′ – მატოსი 29′, აკვილანი 50′.
მთავარი მსაჯი: პაოლო სილვიო მაცოლენი.

“მილანი” – “ფიორენტინა” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მეთერთმეტე ტურში, “მილანი” საკუთარ მოედანზე “ფიორენტინას” მიიღებს.

გუნდები მოედანზე ასეთი შემადგენლობებით გავლენ.

“მილანი”: გაბრიელი, აბატე, ძაკარდო, საპატა, კონსტანტი, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი, ბირსა, კაკა, ბალოტელი.

“ფიორენტინა”: ნეტო, ტომოვიჩი, გონსალო როდრიგესი, სავიჩი, პასკვალი, აკვილანი, ამბროზინი, ბორხა ვალერო, მატოს, როსი, ვარგასი.

შევჩენკო: “მასიმილიანო ალეგრის რჩევები გამომადგება”

რამდენიმე დღის წინ, ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო მილანში იმყოფებოდა, სადაც რა თქმა უნდა, “მილანელო” და “როსონერის” წევრები მოინახულა.

ცხადია, იტალიელმა ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და შევჩენკოს ინტერვიუ ჩამოართვეს.

allegri

– როგორ გრძნობთ თავს “მილანელოზე”?
– როდესაც “მილანელოზე” მოვდივარ, ყოველთვის ბედნიერი ვარ. თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ვხვდები ძველ მეგობრებს და აქედან წასვლის სურვილი აღარც კი მიჩნდება. სამწვრთნელო კურსებს გავდივარ. მასიმილიანო ალეგრის ვესაუბრე, მან თავისი ხედვები გამიზიარა, რაც ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად გამომადგება.

– ყოფილ თანაგუნდელებთან ისევ მეგობრობთ?
– რა თქმა უნდა. მათთან ხშირად ვსაუბრობ. გატუზომ და ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა უკვე დაიწყეს. შესაძლოა, მალე მათ გზას მეც გავუდგე.

– “სან სიროზე” თბილად შეგხვდნენ. (შევჩენკო და მალდინი “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ – ავტ.)
– მინდა, რომ გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი ყოველთვის ჩემს გულში არიან და როცა აქ მოვდივარ, ძველი დრო მახსენდება. მიხარია, რომ იმ დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, რომელსაც “მილანი” ჰქვია.

maldin

– რას გვეტყვით “ლაციოსთან” გამართულ შეხვედრაზე?
– “მილანმა” მოგება დაიმსახურა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა. მიხარია, რომ კაკამ გოლი გაიტანა. ჩემი აზრით, “როსონერის” ბევრად უკეთ თამაში შეუძლია, უბრალოდ, გუნდს ამ პერიოდში, პატარა ჩავარდნა აქვს.

– რას გვეტყვით კაკაზე?
– დრო გადის, მაგრამ კაკა კვლავაც მოტივირებული და შრომისმოყვარეა. მან “მილანისთვის” ბევრი რამ გააკეთა და კარგია, რომ ისევ აქ დაბრუნდა.

– მოგწონთ ელ შაარავი? თქვენ მას სტადიონზე ესაუბრეთ.
– ელ შაარავი ახლა რთულ მდგომარეობაშია, რადგან ტრავმა აწუხებს. თუმცა, სტეფანს ვუთხარი, რომ მშვიდად უნდა იყოს, ტრავმას მალე მოირჩენს და გუნდს ისევ დაეხმარება. ის ძალიან ნიჭიერია.

el

– რომელი წელი იყო საუკეთესო, “მილანში” ყოფნისას?
– გამოვარჩევდი იმ წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის “იუვენტუსი” დავამარცხეთ. როდესაც ბოლო პენალტი შევასრულე და გოლი გავიტანე, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი.

დიტო ჭიჭინაძე

ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტები

რატომ არ სურდა არუნა კონეს „ლევანტეს“ რიგებში გოლების გატანა? რამდენი გოლია საჭირო იმისთვის, რომ პრემიის სახით იახტა მიიღოთ? რა ღირს 20 წუთით ჩემბერლენის მოედანზე ყოფნა? Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა კონტრაქტების ყველაზე საინტერესო პუნქტებს.


ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი („არსენალი“ და „საუთჰემპტონი“)
„საუთჰემპტონმა“ „არსენალს“ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი 17 წლის ასაკში 12 მილიონ ფუნტად მიჰყიდა, თან კონტრაქტში ერთი საინტერესო პუნქტი ჩაწერა: თითოეული მატჩისთვის, რომელშიც ოქსლეიდ-ჩემბერლენი 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „არსენალის“ ხელმძღვანელობას „წმინდანებისთვის“ დამატებით 10 ათასი ფუნტი უნდა გადაეხადა. ცბიერ არსენ ვენგერს ეკონომიის გაკეთება არასდროს ეშლებოდა. ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს ოქსლეიდ-ჩემბერლენი მოედანზე 70-ე წუთის შემდეგ შეჰყავდა და კლუბიდან ფინანსების ამ გზით გადინებას ხელს უშლიდა.


მარკინოსი („რომა“ და „კორინთიანსი“)
დედაქალაქურმა კლუბმა პერსპექტიული ბრაზილიელი მცველი იჯარით აიყვანა. 18 წლის ფეხბურთელის იჯარა „რომას“ მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო დაუჯდა. „კორინთიანსისა“ და „რომას“ ხელშეკრულებაში ფეხბურთელის ავტომატური წესით გამოსყიდვის პირობაც ჩაიდო. თუ მარკინოსი „რომას“ რიგებში 8 მატჩში (ან მეტში) 45 წუთზე მეტ ხანს ითამაშებდა, „მგლები“ დამატებით 3 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ და მარკინოსს დაიტოვებდნენ. ფეხბურთელმა იტალიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და შეთანხმებით გათვალისწინებული მატჩების რაოდენობა ჩემპიონატის პირველივე წრეში ჩაატარა. ამრიგად, „რომამ“ მარკინოსი მხოლოდ 4,5 მილიონ ევროდ ჩაიგდო ხელში, თვითონ კი ფეხბურთელის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ 30 მილიონ ევროზე მეტი გადაახდევინეს.


კარლოს ტევესი („იუვენტუსი“ და „მანჩესტერ სიტი“)
კარლოს ტევესი „იუვენტუსში“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდისთვის სარგებლიანობის მოტანა მაშინვე დაიწყო. ფეხბურთელს, რომელიც კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მეორე სუნთქვა გაეხსნა. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელებმა ივარაუდეს, რომ ტევესი „იუვენტუსს“ დიდ წარმატებებს მოუტანს და გადაწყვიტეს კონტრაქტში პუნქტი ჩაეწერათ, რომლის მიხედვითაც, თუ ტევესი „ბიანკონერის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებს, ტურინელები „ქალაქელებს“ დამატებით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან.


ალბერტო აკვილანი („ლივერპული“ და „მილანი“)
ალბერტო აკვილანი „ლივერპულში“ ნისლიანი ალბიონის დასაპყრობად წავიდა, თუმცა მერსისაიდული გუნდის ხელმძღვანელებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და იტალიაში იჯარის წესით დააბრუნეს. „ლივერპულის“ ბოსებმა ფეხბურთელის სწრაფადვე მოშორება
გადაწყვიტეს და კონტრაქტში ავტომატურად გამოსყიდვის პუნქტი ჩაწერეს. ამისთვის აკვილანის სერია А-ს იმ სეზონში 25 მატჩი უნდა ჩაეტარებინა. „მილანში“ უკვე იმ დროს იყო ფინანსური კრიზისი და ტრანსფერების განხორციელებისთვისაც არ იყო საკმარისი თანხა. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე იტალიელებს გაახსენდათ „ლივერპულის“ მიერ ჩაწერილი დამატებითი პუნქტი და აკვილანის სათადარიგოთა სკამზე მიუჩინეს ადგილი, აქაოდა, 25 მატჩი არ მოუგროვდესო.


ანდრეი შევჩენკო („მილანი“)
კარიერის პიკზე მყოფ ანდრეი შევჩენკოს სილვიო ბერლუსკონი შეპირდა, თუ სეზონში 25 გოლს გაიტან, იახტას გაჩუქებო. იმ სეზონში ანდრეის 25 გოლამდე მხოლოდ ერთი ბურთი დააკლდა. ბერლუსკონიმ იფიქრა, საცოდაობა არის ამის უსაჩუქროდ დატოვებაო და უკრაინელ თავდამსხმელს იახტა მაინც აჩუქა.


არუნა კონე („ლევანტე“ და „სევილია“)
ჰოლანდიური „პსვ“-დან „სევილიაში“ გადასულმა არუნა კონემ ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კონტრაქტის ბოლო წელს კონე იჯარის წესით „ლევანტეში“ გაასხვისეს. არავინ მოელოდა, მაგრამ კონემ გოლის გოლზე გატანა დაიწყო. კომიკური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ ფეხბურთელს „სევილიასთან“ კონტრაქტი ავტომატურად გაუგრძელდებოდა, თუ ის სეზონში 16 გოლზე მეტს გაიტანდა. კოტ დივუარელ ფეხბურთელს „სევილიაში“ დაბრუნება არ სურდა და მომენტებს სპეციალურად აფუჭებდა, დისკვალიფიკაციებსაც განზრახ იღებდა, რათა გოლების ოდენობა 16 ბურთს არ გადასცდენოდა და „სევილიასთან“ ხელშეკრულება ავტომატურად არ გაგრძელებულიყო.


გარეტ ბეილი („ტოტენჰემი“ და „საუთჰემპტონი“)
გარეტ ბეილის „საუთჰემპტონიდან“ „ტოტენჰემ ჰოთსპურში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ლონდონური კლუბი ბეილს გაყიდდა, „წმინდანები“ ტრანსფერის ღირებულების 25 პროცენტს მიიღებდნენ, თუმცა მოგვიანებით „საუთჰემპტონს“ ფინანსურად გაუჭირდა და „ტოტენჰემიდან“ რომელიმე ფეხბურთელის გადმოსვლის სანაცვლოდ, ხელშეკრულებიდან ამ პუნქტის ამოღება გადაწყვიტა. „ტოტენჰემმა“ „საუთჰემპტონს“ მეკარე ტომი ფორკასტი მხოლოდ 50 ათას ფუნტად დაუთმო. 2013 წელს „დეზებმა“ ბეილი მადრიდის „რეალს“ 100 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. საბოლოო ჯამში, ისე გამოვიდა, რომ „საუთჰემპტონს“ 25 მილიონი ფუნტის მიღება შეეძლო, თუმცა ხელში 50-ათასფუნტიანი მეკარე შერჩა.

ბექა დოგრაშვილი

ალეგრი: „კაკა სამაგალითოდ იქცევა“

„მილანის“ მთავარმა მწვრთვნელმა მასიმილიანო ალეგრიმ აღნიშნა, რომ „ფიორენტინასთან“ შეხვედრაში მისი გუნდის მხრიდან გამორჩეული თამაში რიკარდო კაკამ უნდა აჩვენოს.

„კაკა პირველივე წუთებიდან ითამაშებს. იგი თავს კარგად გრძნობს, რისი წყალობითაც, მისი თამაშის გაუმჯობესდა. მას ძველი ფორმის დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. რიკარდო – დიდებული მოთამაშეა, რომელსაც თანაგუნდელებისთვის გამოცდილების გაზიარება შეუძლია. გარდა ამისა, სამაგალითოდ იგი მოედნის გარეთაც იქცევა“, – აღნიშნა „როსონერის“ თავკაცმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ზეედორფი: „მილანი“ ალეგრის გამო დავტოვე“

ბრაზილიური „ბოტაფოგოს“ ნახევარმცველმა კლარენს ზეედორფმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ დატოვა გასულ წელს „მილანი“. 37 წლის ფეხბურთელი გამოტყდა, რომ ყველაფრის თავი და თავი „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია.

„მილანიდან“ ალეგრის გამო წამოვედი. მასთან საუკეთესო ურთიერთობა არ მქონია. ის ისეთი გუნდების წინააღმდეგ მათამაშებდა, როგორებიც არიან „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“, შემდეგ კი ისევ სათადარიგოთა სკამზე მაბრუნებდა. მე ყოველ მატჩში თამაშს ვიყავი მიჩვეული.

როდესაც სკუდეტო მოვიგეთ, მჯეროდა, რომ ამ წარმატებაში ჩემი წვლილიც იყო, განსაკუთებით სეზონის ბოლოს გამოვიჩინე თავი. შორიდან შეიძლება ისე ჩანდა, რომ 100 პროცენტით სათამაშოდ მზად არ ვიყავი, თუმცა ჩემს ასაკში რეგულარული თამაში აუცილებელია.
მაგალითებად პოლ სქოულზსა და რაიან გიგზს დავასახელებ, თუმცა ალეგრი მე არ მათამაშებდა.

„მილანი“ განახლდა და ახლა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ გუნდი ისევ იმ მწვერვალზე დაბრუნდეს. თითქმის დავასრულე სამწვრთნელო კურსი, თუმცა ჯერ არ ვიცი, რას გავაკეთებ მომავალში. ფეხბურთის თამაში ისევ მინდა“, – განაცხადა ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი

კაკა: “შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ რომის “ლაციოსთან” გამართული შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ “როსონერიმ” მომავალში იგივე შეცდომები არ უნდა გაიმეოროს.

შეგახსენებთ, რომ 30 ოქტომბერს, “შავ-წითლებმა” “ლაციო” საკუთარ მოედანზე მიიღეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს. ანგარიში 52-ე წუთზე კაკამ გახნსა, ხოლო 72-ე წუთზე, რომაელებმა სიანის გოლი წონასწორობა აღადგინეს.

“ლამაზი გოლი გამომივიდა. მიხარია, რომ თავის გამოჩენა შევძელი, თუმცა მატჩი ვერ მოვიგეთ, რაც სამწუხაროა. ბალოტელი? მარიო გუნდისათვის ძალიან მნიშნველოვანი ფიგურაა და რა თქმა უნდა, სანერვიულო არაფერი აქვს. რასაკვირველია, ქულების დაკარგვა ცუდია. შეცდომები უნდა გაავანალიზოთ და ისინი მომავალში აღარ გავიმეოროთ. რაც შემეხება მე, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ საუკეთესო ფორმაში შევიდე. ძალიან მინდა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ვითამაშო”, – ამბობს კაკა.

დიტო ჭიჭინაძე