იგუაინი: „ბორუსია“ დავამარცხეთ, ახლა „მილანის“ ჯერია“

„ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი აცხადებს, რომ იტალიის სერია A-ს მე-4 ტურში, „მილანის“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ნეაპოლური კლუბი კარგ ფორმაშია. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რაფაელ ბენიტესის გუნდმა შინ დორტმუნდის „ბორუსია“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

„ნაპოლი“ კარგ ფორმაშია“. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. გუშინ ძალიან რთულ მეტოქეს ვძლიეთ, ახლა კი „მილანის“ ჯერია“, – აღნიშნა იგუაინმა, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში „ბორუსიას“ პირველი გოლი გაუტანა.

ცნობისთვის, „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის მატჩი 22 სექტემბერს გაიმართება.

ბექა დოგრაშვილი

მასიმილიანო ალეგრიმ „მილანი“ გააკრიტიკა

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის სერია A-ს მესამე ტურში, „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ, საკუთარი გუნდის გაკრიტიკებას არ მოერიდა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. „როსონერიმ“ ქულის გადარჩენა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის უკანასკნელ წუთზე მოახერხა.

„მილანი“ ვერ ვიცანი. „ტორინომ“ სრულად გვაჯობა, მეტოქე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ტურინელებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს, ძალიან გავიხსენით და მათაც კონტრშეტევების წამოწყების საშუალება მიეცათ. კარგად ითამაშეს მათმა თავდამსხმელებმა – ჩერჩიმ და იმობილემ, რომელთაც თავიანთი ტექნიკა და სისწრაფე გამოავლინეს. მადლობა ღმერთს, მატჩის ფრედ დასრულება მოვახერხეთ.
რობინიო ბალოტელისთან შეთამაშებული არ არის. კაკა თავისი იდეალური ფორმისგან შორს არის. გუნდის სათამაშო სისტემაში რაღაც უნდა შევცვალო. დრო მჭირდება, რათა ჩვენს თამაშში ბალანსი დავაბრუნო. ვერც დაცვაში ვთამაშობთ საიმედოდ. ეს მთელ გუნდს ეხება, რომელიც დაცვით ფუნქციებს ეფექტურად ვერ ასრულებს. რაც შეიძლება მალე უნდა ვიპოვოთ ბალანსი, რადგან ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გლაზგოს „სელტიკს“ ვეთამაშებით“, – ციტირებს ალეგრის სიტყვებს იტალიური პრესა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდო სერია A-ს მიმდინარე სეზონის შესახებ

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო მიიჩნევს, რომ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონი საინტერესოდ წარიმართება. მისი თქმით, სკუდეტოს მოპოვების რეალური შანსი ტურინის „იუვენტუსს“, მილანის „ინტერსა“ და „მილანს“ აქვთ.

„ინტერის“ უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ევროთასებზე არ ასპარეზობს. ასე რომ, „ნერიაძურის“ შეუძლია, სრული კონცენტრაცია სერია А-ზე გააკეთოს. ვგიქრობ, „ინტერი“ კარგ სეზონს ჩაატარებს. „მილანიც“ გაძლიერდა. კაკას ვესაუბრე, ის სავსეა ამბიციითა და ენერგიით. არსებობს ასევე „იუვენტუსი“, რომელიც ძალიან ძლიერია. ასე რომ, მშვენიერი სეზონი უნდა გამოვიდეს“, – აღნიშნა რონალდომ.

ბექა დოგრაშვილი

კაკა კაპიტნის სამკლავურით და საგოლე პასით

კაკამ „მილანში“ დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა. „როსონერი“ ამხანაგურ შეხვედრაში შვეიცარიულ „კიასოს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „მილანს“ მოედანზე კაპიტნის სამკლავურით სწორედ კაკა გაუძღვა, თუმცა ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კვლავ წარმოაჩინა თავისი ოსტატობა და ნოჩერინოს საგოლე გადაცემა გაუკეთა. კაკამ მოედანზე 45 წუთი დაჰყო.

„მილანი“ კარგად გამოიყურებოდა და დღეს თამაში ძალზედ სასიამოვნო იყო. ფიზიკურად ბოლომდე მზად არ ვარ, გუნდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს, ამის გასაკეთებლად ყველაფერი გვაქვს. 31 წლის ასაკში ბევრი ახალი რამ ვისწავლე. ასე რომ, ახლა ნაკლები შეცდომის დაშვება და მეტი სწორი გადაცემის გაკეთება და  შემიძლია“, – განაცხადა მატჩის შემდეგ კაკამ.

გთავაზობთ „მილანში“ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, კაკას პირველ მატჩის ამსახველ ვიდეომასალას.

 

კაკას წერილი მადრიდის ”რეალის” გულშემატკივრებს

მადრიდის ”რეალიდან” ”მილანის” შემადგენლობაში დაბრუნებული რიკარდო კაკა ”სამეფო კლუბის” გულშემატკივრებს წერილის დახმარებით დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის სამხრეთ ამერიკელი ”ბლანკოსში” ოთხი წლის განმალობაში თამაშობდა, ხოლო ”როსონერისთან” მან ორწლიან შეთანხმებას მოაწერა ხელი.

”ძვირფასო მადრიდისტებო! ოთხი სეზონის განმალობაში მე ”რეალის” ღირსების დაცვას ვცდილობდი. ამ გუნდის შემადგენლობაში სამი ტიტული მოვიგე და კლუბში მომუშავე ყველა ადამიანისგან უდიდესი სითბო მივიღე”, – წერს კაკა თავისი ტვიტერის გვერდზე.

”მილანში” დაბრუნება – ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. ამის მიუხედავად, ესპანეთში მიღებული ემოციები ჩემს გულში სამუდამოდ დაიმკვიდრებენ ადგილს. დამიჯერეთ, გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებდი, რისი გაკეთებაც შემეძლო. ასეთი დონის კლუბის მოთამაშედ ყოფნა – უდიდესი პატივია. მიუხედავად იმისა, რომ რთულ მომენტებსაც ჰქონდა ადგილი, ამ პერიოდს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდად მივიჩნევ. მსურს მადლობა როგორ თქვენ, გულშემატკივრებს, ასევე კლუბის ხელმძღვანელებს და ჩემს კოლეგებს გადავუხადო. თქვენ ყველანი მეხმარებოდით, რასაც არასდროს დავივიწყებ. დიდი მადლობა! Hala Madrid!”, – დაასრულა რიკიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

უნებლიე შეცდომის შედეგი – ნიანგი ჩემპიონთა ლიგას გამოტოვებს

„მილანის“ დირექტორის, უმბერტო განდინის ერთი შეხედვით უნებლიე შეცდომა კლუბის თავდამსხმელ მბაიე ნიანგისთვის საბედისწერო გამოდგა. ფრანგი ფეხბურთელი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2013/14 წლების სეზონს გამოტოვებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ იტალიურმა კლუბმა საჩემპიონთალიგო განაცხადის „A“ სიაში სტეფან ელ შაარავი შეიყვანა. არადა, 20 წლის იტალიელი ფეხბურთელი „B“ სიაში უნდა აღმოჩენილიყო. აღნიშნულ სიაში ის მოთამაშეები შეჰყავთ, რომლებიც 1992 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაიბადნენ და კლუბში არანაკლებ ორი სეზონის განმავლობაში თამაშობენ. ელ შაარავის „A“ სიაში შეყვანით განაცხადი შეივსო და შემადგენლობაში ნიანგის ადგილი აღარ დარჩა. მილანელთა სამწუხაროდ,  აღნიშნული შეცდომის გამოსწორება უკვე შეუძლებელია. განდინიმ კლუბისა და გულშემატკივრების წინაშე კი მოიბოდიშა, მაგრამ ბოდიში რომ საქმეს ვეღარ უშველის, ფაქტია.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „მილანის“ განაცხადი ასეთია:

მეკარეები: აბიატი, ამელია, კოპოლა;
მცველები: აბატე, ბონერა, კონსტანტი, დე შილიო, მექსესი, სილვესტრე, ძაკარდო, საპატა;
ნახევარმცველები: ბირსა, კრისტანტე, დე იონგი, ემანუელსონი, კაკა, მონტოლივო, მუნტარი, ნოჩერინო, პოლი;
თავდამსხმელები: ბალოტელი, რობინიო, ელ შაარავი, მატრი, პაცინი.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ H ჯგუფში მოხვდა. კლუბის კალენდარი ასეთია:

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი: „მილანი“-„სელტიკი“

სამშაბათი, 1 ოქტომბერი: „აიაქსი“-„მილანი“

სამშაბათი, 22 ოქტომბერი: „მილანი“-„ბარსელონა“

ოთხშაბათი, 6 ნოემბერი: „ბარსელონა“-„მილანი“

სამშაბათი, 26 ნოემბერი: „სელტიკი“-„მილანი“

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი: „მილანი“-„აიაქსი“

ბექა დოგრაშვილი

კაკა: ”სახლში ვბრუნდები”

დღეს, დილით, ”მილანის” ოფიციალურმა საიტმა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომლის მიხედვითაც, მადრიდის ”რეალიდან” იტალიურ გრანდში ბრაზილიელი ნახევარმცველი კაკა ბრუნდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი თავად მოთამაშემაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი, როგორც იქნა, სახლში დაბრუნდა.

”მე სახლში ვბრუნდები. ”მილანში” ყოფნით ბედნიერი ვარ. აქ შესანიშნავი გუნდი გვყავს. მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როცა ”სან-სიროზე” გამოვალ სათამაშოდ და კვლავ ძველ ემოციებს დავეუფლები. ისევ 22-ნომერიანი მაისურით ვითამაშებ”, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

აქვე გეტყვით, რომ სავარაუდოდ, ხელფასის სახით კაკა ”შავ-წითლების” ხელმძღვანელებისგან ყოველწლიურად 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ალექსანდრე მატევოსოვი