ევროპარლამენტარები ფიფას: „თქვენი პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარება არ არის“

ევროპარლამენტის დეპუტატებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართეს, რათა ფიფამ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ყატარის მთავრობას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო. პარლამენტართა თქმით, მუშათა მაღალმა სიკვდილიანობამ შეიძლება ამ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის მოსამზადებელი პერიოდი მთლიანად ჩაშალოს.

დეპუტატებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამენ სამუშაო საათების ხანგრძლივობისა და მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. პარლამენტარები აცხადებენ, რომ ყატარელმა დამსაქმებლებმა მიგრანტ მუშებს პასპორტები ჩამოართვეს, დასაქმებულები რამდენიმე თვეა უხელფასოდ მუშაობენ და მათ გადავსებულ საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას აიძულებენ.

„აუცილებელია, ფიფას შევახსენოთ, რომ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარებით არ შემოიფარგლება. ფიფას მოვუწოდებთ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ყატარს მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს, რათა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდში მონური შრომა არ დავუშვათ“, – აღნიშნულია დეპუტატთა განცხადებაში.

ევროპარლამენტარები ტენდერებში გამარჯვებულ ევროპულ კომპანიებსაც მოუწოდებენ, რომ ყატარში სპორტული ნაგებობების მშენებლობის პროცესი შრომითი სტანდარტების შესაბამისად მოხდეს.

ევროპარლამენტართა მიმართვას ფიფა უკვე გამოეხმაურა საგანგებო განცხადებით, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო მიესალმება რეზოლუციას და პოლიტიკური ლიდერებისგან ამ საკითხის გადასაჭრელად მხარდაჭერას ითხოვს.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალი – კალათების სავარაუდო შემადგენლობა

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე 32 ნაკრებიდან 31-ის ვინაობა ცნობილია. Fanebi.Com-ი წარმოგიდგენთ კალათების შემადგენლობას, რითაც მოხდება წილისყრის განსაზღვრა. მართალია, ეს ჯერ არაოფიციალურია, თუმცა დიდი ალბათობით სწორედ ასე გადანაწილდებიან გუნდები კალათებში.

ბრაზილიის მუნდიალის მონაწილე ნაკრებთა ვინაობა სრულად თბილისის დროით ხვალინდელი დღის დილის 05:00 საათზე გახდება ცნობილი, როდესაც ურუგვაისა და იორდანიის ნაკრებთა შორის მატჩი დასრულდება. პირველი შეხვედრა სამხრეთ ამერიკელებმა დიდი უპირატესობით, ანგარიშით 5:0 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ფაქტობრივად გაინაღდეს.

ტრადიციულად, 32 გუნდი ოთხ კალათაში გადანაწილდება. პირველ კალათაში მოხვდება ტურნირის მასპინძელი ბრაზილიის ნაკრები და ფიფას ოქტომბრის თვის რეიტინგით 7 საუკეთესო გუნდი. ესენია: 1) ესპანეთი, 2) გერმანია, 3) არგენტინა, 4) კოლუმბია, 5) ბელგია, 6) ურუგვაი*, 7) შვეიცარია.

რა პრინციპით შეივსება მეორე კალათა, ეს ფიფას ჯერჯერობით არ განუცხადებია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გუნდები როგორც წინა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ახლაც გეოგრაფიული პრინციპით დალაგდებიან.

მე-2 კალათაში უნდა მოხვდნენ აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ნაკრებები, მე-3 კალათაში – აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ნაკრებები, მე-4 კალათაში კი – ევროპის ნაკრები გუნდები.

თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე იმ ევროპულ ნაკრებთა რაოდენობა, რომლებიც ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეულში არ შედიან, 9 არის და არა – 8. ამიტომ, ყველაზე ცუდი რეიტინგის მქონე ევროპული ნაკრები მე-3 კალათაში გადაინაცვლებს, ასეთი გუნდი კი საფრანგეთი გახლავთ. „მამლები“ ვერ მოხვდებიან ჯგუფში სხვა ევროპულ ნაკრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, პირველი კალათიდან შესაძლებელია საფრანგეთის მეტოქედ მოგვევლინოს არგენტინის, კოლუმბიის, ურუგვაის ან ბრაზილიის ნაკრებებიდან ერთ-ერთი.

გთავაზობთ კალათების არაოფიციალურ შემადგენლობას:

 კალათა I (ფიფას რეიტინგის ტოპ-შვიდეული)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ბრაზილია (მასპინძელი) 11
 ესპანეთი 1
 გერმანია 2
 არგენტინა 3
 კოლუმბია 4
 ბელგია 5
 ურუგვაი* 6
 შვეიცარია 7
 კალათა II (აზია+ჩრდ. ამერიკა)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 აშშ 13
 მექსიკა 24
 კოსტა-რიკა 31
 ჰონდურასი 34
 იაპონია 44
 ირანი 49
 სამხრეთ კორეა 56
 ავსტრალია 57
 კალათა III (სამხ. ამერიკა+1 ევროპული ნაკრები)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ჩილე 12
 კოტ-დივუარი 17
 ეკვადორი 22
 განა 23
 ალჟირი 32
 ნიგერია 33
 კამერუნი 59
 საფრანგეთი 21
 კალათა IV (ევროპა)
 ნაკრები  ადგილი ფიფას რეიტინგში
 ჰოლანდია 8
 იტალია 9
 ინგლისი 10
 პორტუგალია 14
 საბერძნეთი 15
 ბოსნია/ჰერცეგოვინა 16
 ხორვატია 18
 რუსეთი 19

* ურუგვაის ნაკრებს ჯერ არ გაუნაღდებია მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა 6 დეკემბერს შედგება.

ბექა  დოგრაშვილი

დიდიე დეშამი უკრაინის ნაკრების დამარცხებაში დარწმუნებულია – ინტერვიუ

ევროპის ზონიდან საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებების ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის დიდ ინტერესს იწვევს. როგორც მოგეხსენებათ, პირველი მატჩი კიევში შედგა და ის მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა, რამაც „მამლები“ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ფრანგი გულშემატკივრების დიდ ნაწილს უკვე აღარ სჯერა, რომ მისი ქვეყნის ნაკრები უკრაინულ ბარიერს დაძლევს, თუმცა სხვა პოზიციაზეა დიდიე დეშამი. საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სასურველი ანგარიშით გაიმარჯვებს და ბრაზილიის მუნდიალის საგზურს მოიპოვებს.

„ვეცდებით, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად ვართ მზად. ვთვლი, რომ გამარჯვება შეგვიძლია“, – თქვა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დეშამმა.

– თუ მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 2:0 დასრულდება, უკვე იცით, ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს?
– ჯერ არ ვიცი. თუ საქმე პენალტების სერიამდე მივა, დაარტყამს ის, ვინც იმ მომენტში იქნება მზად ამისთვის.

– რას ეტყოდით საფრანგეთის ნაკრების ქომაგებს?
– ვიცი, რომ მთელი სტადიონი ჩვენ გვიქომაგებს, თუმცა შედეგი მხოლოდ ფეხბურთელებზე იქნება დამოკიდებული და არა – გულშემატკივრებზე.

– პოსტიდან გათავისუფლებაზე თუ გიფიქრიათ?
–არა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ამაში 1 პროცენტითაც არ მეპარება ეჭვი.

– ვარანი არის მზად იმისთვის, რომ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში სრულად ითამაშოს?
– ვფიქრობ, ის ფიზიკურად მზად არის, თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავს, რომ  მას მუხლთან დაკავშირებით შეიძლება გარკვეული სახის პრობლემები ჰქონდეს.

– რიბერის კიევში ორი-სამი ფეხბურთელი მეურვეობდა. ექნება მას პარიზში მეტი სივრცე?
– ვფიქრობ, მას აქაც ეყოლება რამდენიმე მეურვე. ასეთ მომნტში დანარჩენ ფეხბურთელებს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ისინი უფრო მეტად უნდა დაეხმარნონ ფრანკს.

– როგორც ფეხბურთელი, ისურვებდით ასეთ მატჩში მონაწილეობის მიღებას?
– დიახ, წინააღმდეგი არ ვიქნებოდი. ძალზედ საინტერესო დაპირისპირებაა.

ცნობისთვის, მატჩი საფრანგეთისა და უკრაინის ნაკრებებს შორის 20 ნოემბერს, ჩვენი დროით 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ბენზემა: „დარწმუნებული ვარ, რომ მუნდიალზე გავალთ“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ორი მატჩის ჯამში უკრაინის დამარცხებასა და მუნდიალზე გასვლას შეძლებს.

„მწვრთვნელს ჩემი სჯერა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩემი სათადარიგოთა სკამზე დატოვებას ამჯობინებს, მის გააწყვეტილებას მშვიდად მივიღებ. ჩემთვის პირველ რიგში გუნდის ინტერესებია მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ქარიმმა.

„ამ ორ მატჩში ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაში დარწმუნებული ვარ. სასწორზე პლანეტის პირველობის საგზურია. ეს ფეხბრუთში ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია“.

გარდა ამისა, მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა აღნიშნა, რომ მას ბოლო დროს საკმაოდ ბევრს აკრიტიკებენ.

„ჩემი კარიერის ყველაზე მძიმე პერიოდი გადავიტანე. ჩემი აზრით, უბრალოდ არ მიმართლებს. პრესა ჩემზე ყოველდღე საუბრობს, კრიტიკას უკვე შევეჩვიე. მხოლოდ მსურს, რომ ეს კრიტიკა ობიექტური იყოს. თუ არც ისე კარგად ვითამაშებ, ამის შესახებ პირველი თვითონ ვიტყვი“, – დაასრულა ბენზემამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინასა და საფრანგეთს შორის პირველი მატჩი ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბრაზილიის მუნდიალზე შაკირა იმღერებს

შაკირა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმღერებს, თუმცა ჯერეჯერობით უცნობია, კოლუმბიელი მომღერალი გახსნის ცერემობიალზე გამოვა, თუ – დახურვისაზე.

შაკირასთვის ეს მესამე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა იქნება. შესაძლოა, მან დუეტი შემოგვთავაზოს ტელეშოუ „არაბთა კერპის“ გამარჯვებულ მოჰამედ ასაფთან.

ხერარ პიკეს მეუღლემ მანამდე 2006 წლისა და 2010 წლის მსოფლიოსა ჩემპიონატებზე იმღერა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრაზილიის მუნდიალის მთავარ კომპოზიციას რიკი მარტინი შემოგვთავაზებს, რომელმაც 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჰიმნი შეასრულა.

 

რამდენი ნაკრები ითამაშებს 2018 წლის მუნდიალზე?

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდთა რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდას სთავაზობს.

უეფას პრეზიდენტის მოულოდნელი შემოთავაზება, ალბათ, ფიფას ხელმძღვანელის, იოზეპ ბლატერის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე აფრიკისა და აზიის წარმომადგენელთა გაზრდა ევროპის კვოტის შემცირებით არ გამორიცხა.

„ბატონ ბლატერს სრულიად ვეთანხმები. ტურნირში უფრო მეტი აფრიკული და აზიური ნაკრები უნდა მონაწილეობდეს, თუმცა ევროპული ნაკრებების რაოდენობის შემცირების ნაცვლად, მონაწილეთა ოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს. შესაძლებელია, დავამატოთ ორი ნაკრები აფრიკიდან, ორი – აზიიდან, ორი – ამერიკიდან, ერთი – ოკეანეთიდან და ერთიც – ევროპიდან“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს „თაიმსი“.

უეფას პრეზიდენტის წინადადება განსხვავებულად შეიძლება გავიგოთ: როგორც ბლატერის მხარდაჭერა და ევროპისთვის ადგილების შენარჩუნების მცდელობა; ან როგორც სურვილი, გვიჩვენოს ბლატერის იდეის აბსურდულობა. როგორც მოგეხსენებათ, პლატინი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერის შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება. ფრანგის ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ერთგვარ წინასაარჩევნო ნაბიჯად.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავდაპირველად 13 გუნდი ასპარეზობდა, შემდეგ მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მოგვიანებით ტურნირი 24 ნაკრებამდე გააფართოვეს, ბოლოს კი – ჩემპიონატმა დღევანდელი სახე მიიღო. ახლა ევროპას 13 ადგილი აქვს, აფრიკას – 5, აზიას – 4 პლუს შესაძლებლობა სამხრეთ ამერიკას ერთი ადგილი აართვას.

დღეს არსებული ფორმატით, 32 გუნდი 8 ჯგუფში ნაწილდება (თითოეულში 4 ნაკრები). პლატინის პროექტი, თუ შეიძლება ამას პროექტი დავარქვათ, გულისხმობს თითოეული ჯგუფის 5 გუნდამდე გაფართოებას. მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა პლანეტის პირველობის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

„ფეხბურთი იცვლება, უკვე 209 ფედერაცია არსებობს, – საუბრობს პლატინი. – თუ ფიფას წევრთა რაოდენობა იზრდება, რატომ უნდა შევიზღუდოთ? 40 გუნდი ცუდი არ არის. ტურნირის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღით გაიზრდება. სამაგიეროდ, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან“.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბერში, ბრაზილიის ქალაქ სალვადორში გაიმართება. სწორედ იქ განიხილავს პლატინი კოლეგებთან ერთად თავის იდეას. ის დარწმუნებულია, რომ მხარს დაუჭერენ. აღსანიშნავია, რომ ზეპ ბლატერმა პლატინის იდეის შესახებ არაფერი იცოდა. პირად საუბრებში ფრანგს მისთვის არაფერი უთქვამს. ისე გამოვიდა, რომ უეფას პრეზიდენტმა ბლატერს  თავისი ინოვაციის შესახებ საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით ამცნო.

ბექა დოგრაშვილი

რონალდომ 2014 წლის მუნდიალზე თავისი ფავორიტები დაასახელა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს თვლის.

„ესპანეთი და გერმანია ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან, თუმცა ბრაზილიის ნაკრებმაც წარმოაჩინა თავისი ძლიერი მხარე, თანაც ისინი სახლში ითამაშებენ. ფავორიტებად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს დავასახელებდი“, – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

რონალდოს კომენტარის გაკეთება მიროსლავ კლოზეს შესახებაც სთხოვეს, რომელსაც ბრაზილიელის რეკორდის დამხობის შანსი აქვს. მოგეხსენებათ, გერმანელ თავდამსხმელს მუნდიალებზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია რონალდოს მონაგარზე.

„ამის შესახებ ბევრი საუბრობს. ვფიქრობ, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ის დაამხო. ეს მე არ მაწუხებს. ერთ დღესაც ვიღაც ჩემს რეკორდს დაამხობს. სახელი იმით გავითქვი, რომ ბევრი გოლი გავიტანე და ეს დავიწყებას არ მიეცემა. ჩემი პირადი ისტორია და მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი 15 გოლი არასდროს წაიშლება. თუ ის ჩემზე მეტ გოლს გაიტანს, მივულოცავ და ვაღიარებ, თუმცა ჩემს მიერ გატანილ გოლებს ისტორიიდან ვერ ამოშლის“, – განაცხადა რონალდომ.

ბექა დოგრაშვილი

სად იცხოვრებს ინგლისის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის მსვლელობისას?

ინგლისის ნაკრები ერთ-ერთი პირველია, რომელმაც გადაწყვიტა, თუ სად დაბინავდება გუნდი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას.

როი ჰოჯსონის ფეხბურთელები ბინას რიო დე ჟანეიროში მდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Royal Tulip-ში დაიდებენ. სასტუმრო 17-სართულიანია და 418 ნომრისგან შედგება.

მას შემდეგ, რაც ინგლისის ნაკრებმა 2014 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა, ფეხბურთის ასოციაციამ დრო არ დაკარგა და გადაწყვიტა, თუ სად იცხოვრებს გუნდი ბრაზილიაში გასამართი მსოფლიო პირველობის მიმდინარეობისას. ასოციაციის გენერალური მდივნის, ალექს ჰორნის თქმით, ინგლისელებმა თავიანთი არჩევანი ფიფას წარმომადგენლებთან უკვე განიხილეს.

გთავაზობთ აღნიშნული სასტუმროს ფოტოებს.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

ბექა დოგრაშვილი