იტალიის სერია A-ს XVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა “სან პაოლოზე” გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” გათამაშების ლიდერი ტურინის “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ ნეაპოლიტანური გუნდის მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მსაჯები “იუვეს” დაეხმარნენ, რაზეც მოგვიანებით “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ კომენტარი გააკეთა.
“სასაცილოა. არბიტრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაპროტესტება რომ დავიწყოთ, ქაოსს მივიღებთ. როდესაც მსაჯი ჩვენ წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას, ყველა კმაყოფილია. როდესაც პირიქით ხდება, უთანხმოება წარმოიშვება ხოლმე.
“სამპდორიასთან” გამართული მატჩი მახსენდება, როდესაც არბიტრი ჩვენ საწინააღმდეგოდ ორჯერ შეცდა. შეცდომას ყველა უშვებს: ფეხბურთელებიც, მწვრთნელებიც და პრეზიდენტებიც და რატომ არ შეიძლება, რომ მსაჯი შეცდეს? დიდებული მატჩის შემდეგ რა საჭიროა სკანდალის მოწყობა?
სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ასეთი სანახაობრივი საღამოს გაფუჭებას ცდილობს. ვწუხვარ, მაგრამ დღეს ასეთია იტალიური ფეხბურთი – მარცხს არავინ აღიარებს. თუ არბიტრებს ერთ შეცდომაზე გამოვეკიდებით, მალე აღარავინ იმსაჯებს”, – ალეგრის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.