დღეს ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ფრანჩესკო ტოტის 40 წელი შეუსრულდა.
ფრანჩესკო ტოტის “რომას” შემადგენლობაში დებიუტი 1993 წლის 28 მარტს, “ბრეშას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:2) ჰქონდა. მაშინ გუნდს ვუიადინ ბოშკოვი წვრთნიდა. 16 წლის ტოტი მოედანზე მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე შევიდა. სადებიუტო გოლი 1994-1995 წლების სეზონში “ფოჯას” კარში გაიტანა.
ფრანჩესკო ტოტიმ კაპიტნის სამლკავური 1998-1999 წლების სეზონში, 22 წლის ასაკში ჩაიბარა. ზდენეკ ზემანის ხელმძღვანელობის პირობებში ტოტიმ თავი ნამდვილ ლიდერად წარმოაჩინა და 1998 წლის ოქტომბერში ბრაზილიელი ალდაირისგან ოფიციალურად ჩაიბარა კაპიტნის სამკლავური. იმ სეზონში ტოტი სერია А-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
1996 წელს ფრანჩესკო ტოტი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ეროვნულ გუნდში კი დებიუტი 1998 წლის ოქტომბერში ჰქონდა. დინო ძოფმა 22 წლის ფეხბურთელი ევრო-2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ბოლო ოცი წუთი ათამაშა.
ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო-2000-ის ნახევარფინალურ მატჩში ტოტი მოედანზე ძირითადი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა და ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან მწვრთნელი მოითხოვდა: გააძლიერა თამაში და შემდეგ ანტონიო პანენკას სტილში გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა.
ფრანჩესკო ტოტი ევრო-2000-ის ფინალური სტადიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა ინდივიდუალური მიღწევა ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან განცდილმა დასანანმა მარცხმა დაჩრდილა.
2000-2001 წლებში ფრანჩესკო ტოტიმ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სკუდეტო მოიგო. იგი გაბრიელ ბატისტუტასთან და მარკო დელვეკიოსთან ერთად ჩემპიონი გუნდის შეუცვლელი ლიდერი გახლდათ. 1983 წლის შემდეგ პირველად “რომამ” სკუდეტო მოიგო. გუნდმა ჩემპიონის ტიტული “პარმას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაისკაუთრა, რომელიც “მგლებმა” ანგარიშით 3:1 მოიგეს, ჩესკომ მაშინაც გაიტანა. მას შემდეგ “რომა” არაერთხელ ყოფილა იტალიის ჩემპიონობასთან ახლოს, თუმცა 2001 წელს მოპოვებული წარმატება ჯერჯერობით მიუღწევლად რჩება.
ფრანჩესკო ტოტის კარიერაში არც იმპულსურ გამოხტომებს მოვისაკლისებთ. არასპორტული საქციელის გამო იტალიელს არაერთხელ მიუღია ყვითელი თუ წითელი ბარათი. ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა კი ევრო-2004-ზე მოხდა, როდესაც ტოტიმ დანიელ ნახევარმცველ კრისტიან პოულსენს ზურგიდან შეაფურთხა. მომენტი ვერავინ შეამჩნია, თუმცა კადრი კამერების ობიექტივში მაინც მოხვდა და ტოტი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, იტალიის ნაკრები კი ჯგუფში ჩარჩა.
2006 წელს ფრანჩესკო ტოტი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი ხდება. თავად ჩესკომ იმ გუნდში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა. ტოტიმ ტრავმა მუნდიალზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მოიშუშა, ამიტომ ძველებურად თვალწარმტაცი არ ყოფილა, თუმცა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა მაინც დაიმსახურა. მალევე, 31 წლის ასაკში ტოტიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღო.
2006-2007 წლების სეზონში ფრანჩესკო ტოტი ოქროს ბუცის მფლობელი ხდება. იმ სეზონს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია: ტრავმები, დისკვალიფიკაცია, გამოუყენებელი პენალტი, თუმცა გათამაშების ბოლოს ტოტის ოქროს ბუცის სახით ნამდვილი ტრიუმფი ელოდა. 50 მატჩში 32 გოლი გაიტანა და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
“ჯალოროსოს” ტიფოზებისთვის ფრანჩესკო ტოტი ნამდვილ ლიდერად ითვლება. ფეხბურთელსა და მწვრთნელებს შორის მომხდარი ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში ფანებმა მხარი ტოტის დაუჭირეს. ტიფოზებმა მას “რომის იმპერატორი” შეარქვეს. ტოტის არაერთხელ ჰქონია ევროპის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები, თუმცა იგი “რომას” ერთგულად რჩება.
2014 წლის სექტემბერში ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” გაუტანა და მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა. იგი გახდა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი მეგოლე, თანაც ეს მის პროფესიულ კარიერაში გატანილი მე-300 გოლი გახლდათ.
2015 წლის იანვარი, “რომა” “ლაციოსთან” 0:2 აგებს. მეორე ტაიმში ფრანჩესკო ტოტი ორ გოლს იტანს და ანგარიშს ათანაბრებს, ერთ-ერთ გოლს კი ორიგინალურად აღნიშნავს: ფეხბურთელმა სელფი გადაიღო. გარდა ამისა, ტოტი რომაული დერბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა (11 გოლი).
ფრანჩესკო ტოტი არამხოლოდ “რომას” ფანებს შორის არის პოპულარული. ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშებაში მადრიდის “რეალის” ინჩადა “სანტიაგო ბერნაბეუზე” იტალიელ ფეხბურთელს მქუხარე ოვაციით შეეგება.
2016 წლის 8 მაისს ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ში მე-600 მატჩი ჩაატარა. მას მხოლოდ ხავიერ ძანეტი (615 მატჩი) და პაოლო მალდინი (647 მატჩი) უსწრებენ. ტოტის იტალიის ჩემპიონატში 250 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ სილვიო პიოლეს ჩამორჩება, რომელმაც თავის დროზე 274 გოლი მიითვალა. ზედიზედ 23 სეზონის განმავლობაში ტოტი ჩემპიონატში მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანს.
ფრანჩესკო ტოტი 40 წლისაა, კვლავ მოედანზეა, კვლავ “რომას” ფორმა აცვია და კვლავ იტანს გოლებს, თან აცხადებს, თუ კარგ ფორმაში ვიქნები, კარიერა რატომ უნდა დავასრულოო?! იქვე დასძენს, ბუცების ლურსმანზე დაკიდვის შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებო. “რომა” ტოტის და ტოტი ფეხბურთის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია.