ბუფონს “ბრეშა” ეპატიჟება

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი პროფესიული კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

“პარი სენ-ჟერმენიდან” წამოსვლის შემდეგ 41 წლის კიპერი, სავარაუდოდ, სამშობლოს მიაშურებს. Football Italia წერს, რომ ბუფონის დამატებით “ბრეშა” არის დაინტერესებული, რომელმაც ვეტერანი მეკარისთვის წინადადება უკვე მოამზადა. შეგახსენებთ, რომ “ბრეშამ” იტალიის სერია B მოიგო და დამდეგ წელს სერია A-ში იასპარეზებს.

როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი ბუფონმა გასული სეზონი “პარი სენ-ჟერმენში” გაატარა, რომლის რიგებშიც ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. იტალიელი კიპერი პარიზული კლუბის გარდა კარიერის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსისა” და “პარმას” ღირსებას იცავდა.

ჯეიმს მილნერი: “მესიმ ვირი მიწოდა”

“ლივერპულის” ნახევარმცველმა ჯეიმს მილნერმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “ბარსელონასთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლიონელ მესისთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

როგორც აღმოჩნდა, 33 წლის ინგლისელს ესპანური ენა ესმის. აღსანიშნავია, რომ ის შვილებს ხშირად სწორედ ესპანურ ენაზე ესაუბრება, სწორედ ასე გაიგო მან მესის ნათქვამი სიტყვები. მილნერმა “ენფილდზე”, “ლივერპულსა” და “ბარსელონას” შორის გამართული მატჩის პირველი ნახევრის შემდეგ არგენტინელთან საუბარი გაიხსენა.

“მესი უკმაყოფილო იყო. პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელისკენ მიმავალს ესპანურად საუბარი დამიწყო. მან მე მიწოდა “Burro”. ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც “ვირი”, თუმცა მგონია, რომ ამ ტერმინს ესპანურ ფეხბურთში უხეში ფეხბურთელების მიმართ იყენებენ.

მე მას ვკითხე, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა, თუმცა ყურადღება არ მომაქცია. ჩემი აზრით, ის ვერ მიხვდა, რომ ესპანური ენა მესმოდა. მან თქვა: “ასე უხეშად იმიტომ ითამაშე, რომ ბურთი ფეხებს შორის გაგიძვრინე.” მე საუბარი აღარ გამიგრძელებია და გასახდელში შევედი. მის მიმართ მხოლოდ აღტაცებას გამოვხატავ.

ამის მიუხედავად, მესის თამაშით აღფრთოვანებული ვარ. მას ყველაფრის თქმის უფლება აქვს. ცხადია, მის წინააღმდეგ თამაში რთულია. თუ მის შეჩერებას შეეცდები, შეიძლება, ისე მოხდეს, რომ სულელი გამოჩნდე. მეც ასე დამემართა – მან ბურთი ფეხებს შორის გამიძვრინა, ამ კადრს კი მილიონობით ნახვა აქვს. მე არც პირველი ვყოფილვარ და არც უკანასკნელი. ის შეუდარებელი ფეხბურთელია”, – აღნიშნა მილნერმა “დეილი მეილთან” საუბრისას.

ზინედინ ზიდანმა ფლორენტინო პერესს ექვსი მოთხოვნა წაუყენა

“მარკას” ცნობით, მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს მოლაპარაკების პროცესში ექვსი მოთხოვნა წაუყენა:

1. გუნდზე სრული კონტროლი;
2. იმ მოთამაშეების გაყიდვა, რომლებიც არ სჭირდება;
3. მარსელო და ისკო არ იყიდებიან;
4. გუნდი ნეიმარს არ შეიძენს;
5. ხამეს როდრიგესი არ დაბრუნდება;
6. გუნდი მბაპეს ყიდვას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მადრიდის “რეალმა” გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანტიაგო სოლარი გაათავისუფლა, თავკაცის თანამდებობაზე კი ზინედინ ზიდანი დაბრუნდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.

როგორც მოგეხსენებათ, ფრანგი სპეციალისტი “სამეფო კლუბს” 2016 წლის იანვრიდან 2018 წლის მაისამდე თავკაცობდა. ამ არასრული სამი წლის განმავლობაში გუნდმა ცხრა ტიტული დაისაკუთრა, მათ შორის ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, ერთხელ კი ესპანეთის პრიმერადივიზიონი მოიგო.

“რეალს” ესპანეთის პრიმერადივიზიონის 27-ე ტურის თავზე სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი უკავია და ლიდერ “ბარსელონას” 12 ქულით ჩამორჩება. გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ამსტერდამის “აიაქსის” ბარიერი ვერ დაძლია (ორი მატჩის ჯამში 3:5). “სამეფო კლუბი” ესპანეთის თასის გათამაშებასაც გამოეთიშა, სადაც “ბარსელონასთან” ნახევარფინალში დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:4).

იკარდის მეუღლე: “მე საფეხბურთო რევოლუციონერი ვარ”

მილანის “ინტერის” ფორვარდ მაურო იკარდის მეუღლემ ვანდა ნარამ, რომელიც ამავდროულად ფეხბურთელის აგენტიც გახლავთ, საკუთარ თავს საფეხბურთო რევოლუციონერი უწოდა.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ იკარდის აგენტად მუშაობა იოლი საქმეა, ვინაიდან ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ბევრ მოთამაშეს ჰყავს აგენტად აყვანილი საკუთარი ნათესავი, მაგრამ მათ შორის ქალი არ არის. ფეხბურთის სამყაროში ქალები შინ სხედან და ჩუმად არიან. აი, ამიტომ ვარ მე რევოლუციონერი.

საკუთარი თავის წარდგენა არ მჭირდება, ვინაიდან მე ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო ტელეპროგრამაში ვმუშაობ, ვარ გავლენიანი ადამიანი. გარდა ამისა, გახლავართ დედა, მეუღლე, მეგობარი, ერთგული, მოკრძალებული, გულწრფელი, პირდაპირი და კარგი ადამიანი”, – ციტირებს ვანდა ნარას სიტყვებს Нару Gente.

შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდისა და მილანის “ინტერს” შორის ურთიერთობა გაფუჭებულია. კლუბმა ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა, თავად იკარდი კი გუნდში თამაშზე უარს აცხადებს. ვანდა ნარას სურს, რომ იკარდის ხელფასის სახით წელიწადში ათი მილიონი ევრო ჰქონდეს, თუმცა მხარეები ამაზე ვერ თანხმდებიან.

ოლე გუნარ სულშერი: “ალექსის სანჩესი კეტჩუპის ბოთლს ჰგავს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა გუნდის ფორვარდ ალექსის სანჩესის შესახებ ისაუბრა და ჩილელი ფეხბურთელი კეტჩუპის ბოთლს შეადარა.

“ალექსის სანჩესი კარგი მოთამაშეა. ის ძალზედ ნიჭიერია, მაგრამ გარკვეული ასპექტების გაუმჯობესება მართებს. თქვენ ეს კარგად დაინახეთ “ფულემის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

ალექსის სანჩესი აქტიური იყო, ბურთის მოპოვებასაც ცდილობდა და მთელი ენერგიაც გამოიყენა. თუ გოლების გატანასაც დაიწყებს, თავდაჯერება შეემატება. ვიცით, რომ მისი სახით ძალიან კარგი ფეხბურთელი გვყავს.

ალექსის სანჩესი კეტჩუპის ბოთლივით არის. თავიდან კეტჩუპი ბოთლიდან არ გამოდის, ცოტაოდენ შეანჯღრევ და ზედმეტი რაოდენობით გამოვა”, – ციტირებს სულშერის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

ნიკოლო ძანიოლო: “მინდა, რომ “რომას” ლეგენდად ვიქცე”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “რომასა” და “პორტუს” შორის გამართული პირველი შეხვედრა იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის გმირი რომაელთა 19 წლის ნახევარმცველი ნიკოლო ძანიოლო გახდა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ ძანიოლოთი წამყვანი ევროპული კლუბები დაინტერესდნენ. ზოგიერთი მედიასაშუალება ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებად მინიმუმ 50 მილიონ ევროსაც ასახელებს.

თავად ნიკოლო ძანიოლო აცხადებს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და “რომას” ლეგენდად ქცევა სურს.

“მინდა, რომ “რომას” სიმბოლოდ ვიქცე. ჩემი მიზანი აქ სამუდამოდ დარჩენაა. არ ვფიქრობ, რომ რამით ფრანჩესკო ტოტის ვგავარ, თუმცა მის მსგავსად მეც მინდა, რომ მთელი კარიერა აქ გვატარო”. თქვა ძანიოლომ ტელეშოუში Le Iene.

ძანიოლომ ისიც აღნიშნა, რომ მართვის მოწმობას არ ფლობს და ვარჯიშებზე დედას დაჰყავს. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა დედამისს სოციალურ ქსელში გამომწვევი ფოტოების გამოქვეყნებისგან თავის შეკავებაც სთხოვა.

პასტორემ “ატალანტას” ქუსლით ულამაზესი გოლი გაუტანა (ვიდეო)

დღეს სერია ა-ს მეორე ტურის მორიგი შეხვედრები იმართება. რომში, ადგილობრივი “რომა” “ატალანტას” მასპინძლობს. საგულისხმოა, რომ მატჩის მეორე წუთზე ხავიერ პასტორემ ულამაზესი გოლის გატანა ქუსლით მოახერხა.

იხილეთ ვიდეო

“რომამ” “ბორდოსთან” შეთანხმებას მიაღწია

“რომამ” “ბორდოსთან” მალკომის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმა და ახლა ჯერი ფეხბურთლზეა. მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და პირად კონტრაქტს შეათანხმებს, ტრანსფერი შემდგარად გამოცხადდება.

Sky Sports-ის იტალიური გამოცემა ირწმუნება,რომ “მგლებმა” ამ ტრანსფერში 31.3 მილიონი ფუნტი შესთავაზეს “ბორდოს”. მხარეებს შორის შეთანხმების არსებობას “ბორდოს” ოფიციალური გვერდი Twitter-ზეც ადასტურებს.

სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ მალკომმა გასულ სეზონში 38 მატჩი ჩაატარა ფრანგული კლუბის მაისურით და თავის გამოჩენა მხოლოდ 12 გატანილი გოლით შეძლო.

კლუივერტი “აიაქსს” ტოვებს და იტალიაში გადადის

ამსტერდამის “აიაქსის” ნახევარმცველი ჯასტინ კლუივერტი კარიერის ახალ ეტაპზე გადადის. Voetbal Internation-ის ცნობით, კლუივერტი კარიერას “რომას” რიგებში გააგრძელებს.

როგორც ცნობილი ხდება, მხარეებმა ტრანსფერის თითქმის ყველა დეტალი უკვე შეათანხმეს. “მგლები” 19 წლის ფეხბურთელში 18 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა.სავარაუდოდ, კლუივერტის ხელფასი კი წელიწადში 1.4 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

ჯასტინ კლუივერტმა ჰოლანდიის ერედივიზიონის გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ჯასტინი მოედანზე საშუალოდ 77 წუთს ატარებდა.

ნაინგოლანი: “არ მინდა კარიერის დასრულების შემდეგ, ფეხბურთთან რამე საერთო მქონდეს”

“რომას” ბელგიელი ნახევარმცველის, რაჯა ნაინგოლანის, თქმით ფეხბურთში ბევრი პირფერი ადამიანია და ამიტომაც არ სურს, კარიერის დასრულების შემდეგ ამ სპორტთან რამე საერთო ჰქონდეს.

“მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენა დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, რადგანაც ერთხელ უკვე გამოვტოვე მუნდიალი. კარიერის დასრულების შემდეგ, არ მინდა, რამე საერთო მქონდეს საფეხბურთო სამყაროსთან, აქ ძალიან ბევრი პირფერი ადამიანია.

ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. ეს არის ჩემი პრობლემა, თუმცა ვერ შევიცვლები. მე აწყმოთი ვცხოვრობ, შესაძლოა, ყოველი დღე საუკეთესო იყოს ჩემს ცხოვრებაში.

დოლარის ტატუ? ეს ლას ვეგასში მოხდა. იქ ბევრი ფული წავაგე და ჩემს თავს ვუთხარი, რომ ეს დღე არ უნდა დამევიწყებინა. ამიტომაც გავიკეთე ტატუ,” – აცხადებს ნაინგოლანი.

“რომამ” ზაგრების “დინამოს” ნახევარმცველი დაიმატა (ფოტო)

ზაგრების “დინამოს” ნახევარმცველი, ანტე ჩორიჩი, კარიერას იტალიის სერია ა-ში გააგრძელბს.

21 წლის ხორვატმა ტალანტმა “რომასთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ტრანსფერის სანაცვლოდ “მგლებმა” ხორვატულ კლუბს 6 მილიონი ევრო გადაუხადა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩორიჩი “რომას” 2020 წლის 30 ივნისამდე დატოვებს, “დინამო” ტრანსფერში გადახდილი თანხის 10 პროცენტს მიიღებს ან 2 მილიონს – გააჩნია, რომელი უფრო მეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ანტე ჩორიჩს თბილისის “დინამოს” წინააღმდეგაც აქვს ნათამაშები 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და გოლიც აქვს გატანილი თბილისელების კარში.

ნაინგოლანი: “მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი, მუნდიალის გამოტოვება მძიმე დარტყმაა “

“რომას” ბელგიელი ნახევარმცველი, რაჯა ნაინგოლანი, თვლის რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს იმსახურებდა, თუმცა მწვრთნელმა მისდამი პატივისცემა არ გამოიჩინა.

“რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩეპიონატზე ბელგიის სახელით თამაში მინდოდა.თუმცა მარტინესმა თავისი არჩევანი გააკეთა, მაგრამ არ ვიცი რატომ დამტოვა თამაშგარეში – მეტ პატივისცემას ვიმსახურებდი.

მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება მძიმე დარტყმაა ჩემთვის, თანაც ეს უკვე ერთხელ განვიცადე. “რომას” რიგებში 4 ხარისხიანი წელი გავატარე და ვფიქრობ, ჩემი თამაშით მუნდიალზე თამაშს ვიმსახურებდი.

ფანების პროტესტი? მადლობელი ვარ მათი მხარდაჭერით. თუმცა ახლა ფეხბურთელებმა მხოლოდ თავიანთ თავსა და თამაშზე უნდა იფიქრონ, იმედია ძალიან შორს წავლენ,” – აცხადებს ნაინგოლანი.