რევაზ არველაძე: “ყველა მხარეს ურთიერთპატივისცემისკენ მოვუწოდებ”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ის ყველა მხარეს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ეროვნული ნაკრები ალექსანდრე ამისულაშვილმა დატოვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

“ფეხბურთში ხშირად ხდება ისე, რომ გუნდში რაღაც გაუგებრობა იქმნება. აქამდე, ჩვენთან ხერხდებოდა ის, რომ მათ ამხელა გამოხმაურებები არ მოჰყოლოდა.

კონფლიქტი ყველა მხარეს აზარალებს. ამრიგად, მინდა, მათ ვურჩიო, რომ ერთმანეთის და საზოგადოების მიმართ უფრო მეტი პატივისცემა გამოიჩინონ”, – ამბობს არველაძე.

ფედერაციის გენერალური მდივანის თქმით, საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, ჯგუფში დაკავებული პოზიცია არადამაკმაყოფილებელია.

“სიმართლე გითხრათ, მეოთხე ადგილი და თამაშის ხარისხი დამაკმაყოფილებელი სულაც არ არის. თუმცა, ჩვენ მხოლოდ პირველი ნაკრები არ გვყავს. იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც ცოტა ხნის წინ წარმატებას მიაღწიეს, შრომა უნდა დაუფასდეთ.”

ამისულაშვილი საქართელოს ნაკრებიდან მიდის

ალექსანდრე ამისულაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან მიდის. 31 წლის მცველის ამ გადაწყვეტილების მიზეზი თემურ ქეცბაიას სატელევიზიო ინტერვიუ გახდა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა „საფეხბურთო მიმოხილვაში“ განაცხადა:

„ამ ოთხი წლის განმავლობაში ვერ შევძელით, ფეხბურთელები დაგვერწმუნებინა, რომ ეს არის მათი ქვეყანა, ეს არის მათი ვალდებულება.
ამისულაშვილმა დამირეკა თამაშამდე 2-3 კვირით ადრე და მითხრა, დავიღალე, უკვე მიჭირს – აქაც-იქაც, გადასხმებს ვიკეთებ, პლუს ამას ემატება ის, რომ ნაკრებში ბიზნესკლასით არ მამგზავრებენ, ფეხებს ვერ ვშლი და დავიტანჯეო.
პირდაპირ ვუთხარი, პირველ რიგში, ჩასაფრებული ჟურნალისტები გამოაცხადებენ, რომ ჩემთან კონფლიქტი გაქვს-მეთქი.
ასეთი ხალხი წავიდეს თავის გზაზე. არავის არ შევეხვეწები, თან არც გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ვეხვეწოთ.
ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი არ იტყვის, რამ დაგღალა 31 წლის კაცი?! ან რას ვთხოვთ ისეთს ნაკრებში?! ჩამოვიდეს და წელიწადში 3 თუ 4 მატჩი ჩაატაროს“.

ამისულაშვილი ქეცბაიას ამ სიტყვებს გამოეხმაურა:

„ცხოვრებაში არავისთვის არაფერი არ მომითხოვია, რა ბიზნესკლასი?! თუ სადმე წავსულვარ, ყველგან ჩემი ფულით წავსულვარ. 2 საათის განმავლობაში ჩაიხვია ჩემი გვარი, თითქოს ჩემი შეცდომა იყო, რომ ნაკრებმა რაღაც წარმატებას ვერ მიაღწია. მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. ნაკრების მწვრთნელი როგორც იქცევა, მგონი, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც არ იქნება კომფორტული მასთან ერთად მუშაობა“.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის თვეში საქართველოს ნაკრებში ასპარეზობაზე უარი გამო კიდევ ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა. საქმე მაშინაც მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კონფლიქტთან გვქონდა.

ბექა დოგრაშვილი

რევაზ არველაძე: „ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ“

გასულ კვირაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვია უეფას წარმომადგენლობითი სამუშაო ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანი 2015 წელს, თბილისში გასამართი უეფას სუპერთასისთვის მოსამსადებელი სამუშაოების დათვალიერება და ქართული მხარისთვის რეკომენდაციების გაწევა იყო.

რამდენიმედღიანი ნაყოფიერი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ, უეფას დელეგაცია თბილისიდან კმაყოფილი და იმედიანი წავიდა. ვიზიტის შესახებ კი, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა სფფ-ის გენერალურმა მდივანმა – რევაზ არველაძემ.

რევაზ არველაძე: „უეფადან საკმაოდ მაღალი რანგის სტუმრები გვყავდა. ვიზიტის ძირითადი თემა იყო უეფას 2015 წლის სუპერთასის საორგანიზაციო საკითხები; ისეთები, როგორიცაა თამაშისთვის მომზადება, აეროპორტისა და ქალაქში ტრანსპორტირების თემები, ორივე მონაწილე გუნდის გულშემატკივრებისთვის ფან-ზონების გაკეთება, სტადიონების დათვალიერება – რომელი იქნება უფრო კარგი ამ ღონისძიებისთვის და ა.შ.

უეფას დელეგაციაში იყო საკლუბო გათამაშების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფინალური მატჩების დირექტორი, რომელიც უკვე წლებია ხელმძღვანელობს უეფას ჩემპიონთა ლიგისა და სხვა ფინალების ჩატარების ორგანიზებას; აქ იყვნენ ამ დეპარტამენტების თანამშრომლები და რასაკვირველია, უეფას იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც უკვე დაგვიტოვა იმ დიდი ხელშეკრულების ე.წ. „დრაფტი“, რომელზეც უეფამ და ქართულმა მხარემ უნდა მოაწერონ ხელი. მხარეში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გარდა, ასევე იგულისხმება რამდენიმე ინსტანცია – აეროპორტი, სტადიონი, ქალაქის მერია და სხვა საჭირო ორგანიზაციები.

ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე, რომ სტადიონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. მარტისთვის უკვე დავგეგმეთ უეფას მომდევნო ვიზიტი თბილისში, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიცხადეს მოგვიტანს ბევრ საკითხთან დაკავშირებით.

გარდა იმისა, რომ ყოველდღიური, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა ჩვენს ფედერაციაში, სტუმრებს ჰქონდათ შეხვედრა ქალაქის მერთან, ორივე სტადიონის („დინამო არენა“ და „მიხეილ მესხი“) ხელმძღვანელობასთან და უშუალოდ, თამაშების პროცესში ნახეს ეს სტადიონები; ასევე, დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც შეიძლება განთავსდეს ფან-ზონები. ნახეს რამდენიმე ვარიანტი, სადაც უნდა გაიმართოს სუპერთასის ოფიციალური გალა-ვახშამი, რომელიც ამ დიდი ღონისძიების ტრადიციული ნაწილია და სადაც წარმოდგენილია თასი, ესწრებიან უეფას და კლუბების ხელმძღვანელები… ვიმუშავეთ იმ თემაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის ბრენდინგი – ანუ როგორ უნდა შეიფუთოს ქალაქი ამ ღონისძიებისთვის.

როგორც უკვე გითხარით, უეფას მომავალი ვიზიტი, სავარაუდოდ, 2014 წლის მარტში შედგება. ჩვენი ძირითადი ამოცანა კი, მათ ჩამოსვლამდე სტადიონების თემაზე უფრო კარგად ჩამოყალიბება იქნება. რა რეკომენდაციებიც ჩვენ მივიღეთ, არაფერი განსაკუთრებული და რთული ამაში არ არის. ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპი. ამ ეტაპზე, ჩვენ ჯერ გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები; მერე, ბევრი რამაა გასაკეთებელი და ბოლო ეტაპია ყველაზე დატვირთული და მნიშვნელოვანი.

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბილეთის ფასს, სტადიონს, რადგან ძალიან გვინდა, რომ სუპერთასს „მიხეილ მესხმა“ უმასპინძლოს, მაგრამ ეს საკითხი ცოტა მოგვიანებით გადაწყდება. ახლავე შემიძლია გითხრათ და ეს უკვე არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ ბილეთების საკითხი კვოტირებული იქნება: მონაწილე კლუბები მიიღებენ გარკვეულ რაოდენობას, ნაციონალური ფედერაციები თავის კვოტას, უეფა, მისი სტუმრები, სპონსორები და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტი გარკვეულ რაოდენობას. დანარჩენი ბილეთები კი, როგორც ყოველთვის uefa.com – ზე გაიყიდება.

მარტში კი, მთავარი რაც მოხდება – გაფორმდება ხელშეკრულება უეფასა და ქართულ მხარეს შორის, სადაც მხარეების ყველა ვალდებულება დეტალურად იქნება გაწერილი.

დიდი სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუმრები თბილისიდან უზომოდ კმაყოფილები წავიდნენ. კმაყოფილები ჩვენი მზაობით, ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ინტელექტუალური რესურსითა და კომუნიკაბელურობით, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება“.

სფფ-ის პრესსამსახური

მაისურაძის რჩეული 18 ფეხბურთელი ცნობილია

დღეს საღამოს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ვასილ მაისურაძემ ის 18 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროშესარჩევზე ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

მეკარეები: ბექა ქურდაძე („საბურთალო“), ნიკა შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი)

მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია („ტორპედო“ ქუთაისი), ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ჯემალ ტაბიძე, გიორგი თევზაძე (ორივე „საბურთალო“)

ნახევარმცველები: გიორგი პაპუნაშვილი („დინამო“ თბილისი), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ტორპედო“ ქუთაისი), გიორგი აბურჯანია („დილა“, გორი), ლევან შენგელია („დილა 2“, გორი)

თავდამსხმელები: დავით ჯიქია („ტორპედო“ ქუთაისი), ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („დილა 2“, გორი)

ნაკრები ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ატარებს. სამწუხაროდ, ვასილ მაისურაძე დანაკლისს ვერ ასცდა – ვარჯიშზე დაშავდა მეკარე ოთო გოშაძე, რომელიც ნაკრებს ვეღარ დაეხმარება და ახლა, მკურნალობის კურსს სახლში გადის.

უკვე თბილისშია ჩვენი ნაკრების ორი მეტოქე – ჰოლანდია და უელსი. მოლდოველები 12 ნოემბრის გამთენიას ჩამოვლენ. ხვალ, გუნდები მატჩისწინა ვარჯიშებს გამართავენ.

ამინდის გაუარესების გამო, სავარჯიშო გრაფიკში მცირე ცვლილებები მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ჰოლანდიისა და მოლდოვას ნაკრებები „დინამო არენაზე“ ივარჯიშებენ.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები კი, მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს კვლავ სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს. ვარჯიში 14:00 საათზე დაიწყება და მედიისთვის საწყისი 15 წუთით გაიღება.

საღამოს 19:00 საათზე კი, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, ტურნირისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ოთხივე ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი.

აქვე გეტყვით, რომ მედია-აკრედიტაციები დარიგდება საქართველოს ნაკრების ვარჯიშზე და საღამოს პრესკონფერენციაზე. დღის გარკვეულ მონაკვეთში კი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფფ-ის პრესსამსახურს და აკრედიტაციები აიღოთ სფფ-ში.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი 13 ნოემბერს დაიწყება და საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე უელსის ნაკრები იქნება. მატჩი „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, 14:00 საათზე დაიწყება. „დინამო არენაზე“ კი, 15:00 საათზე ჰოლანდია და მოლდოვა ითამაშებენ.

სფფ-ის პრესსამსახური

ჩივაძე გამგზავრების წინ მედიას შეხვდა

შოტლანდიაში გამგზავრებამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი – ალექსანდრე ჩივაძე ჟურნალისტებს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ 11 ნოემბერს ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. პირველი მატჩი თბილისში ჩივაძის გუნდმა 2:1 მოიგო.

ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ვერც ახლა ასცდა ფეხბურთელების ტრავმებს და შესაბამისად, გუნდი დანაკლისით მიემგზავრება.

ალექსანდრე ჩივაძე: „ხორვატიიდან ფედერაციაში წერილი მოგვივიდა, სადაც „სპლიტის“ ხელმძღვანელობა გვწერს, რომ გიორგი ილურიძე ტრავმირებულია და ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარება. ამავე მიზეზით არ გვეყოლება არჩილ ტვილდიანი, აკაკი შულაია და ნიკა ძალამიძე. ძალიან გვაწუხებს ფეხბურთელთა უთამაშებლობის პრობლემაც. ნაკრების წამყვან ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ. აქვე, გეტყვით, რომ ჩვენთან ერთად იქნება ჯანო ანანიძეც.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, ვფიქრობ, ძალიან მძიმე მატჩი გვექნება, რადგან მათ კარგი შემსრულებლები ჰყავთ და ისედაც, ცუდი გუნდი ნამდვილად არაა. ეს ძალიან პრინციპული ბრძოლა იქნება, რადგან ერთნაირ პოზიციებზე ვართ და შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მოვიგეთ და 18 ნოემბერს სლოვაკეთიც დავამარცხეთ, მაშინ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის შანსი საკმაოდ რეალურია. თუმცა, სერიოზულად მობილიზებულები უნდა ვიყოთ.

იმედი მაქვს, 18 ნოემბერს, როცა გორში სლოვაკეთს ვუმასპინძლებთ, სტადიონზე ბევრი მაყურებელი მოვა და მხარს დაგვიჭერს. გორის სტადიონი მომწონს და მასზე არჩევანი ამიტომ შევაჩერეთ. თან, ამ დღეს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებიც თამაშობს „მიხეილ მესხზე“ და შესაბამისად, ამანაც განაპირობა მატჩის გორში ჩატარება.“

შოტლანდიისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებთა მატჩი კი, გლაზგოსთან ახლომდებარე პატარა ქალაქ პეისლიში, სტადიონ „Saint Mirren Park“ – ზე გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

21-წლამდელები – სტუმრად შოტლანდიაში, შინ – სლოვაკეთთან

14 და 18 ნოემბერს, საქართველოს  21-წლამდე ნაკრები უეფას 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგ მატჩებს გამართავს.

14 ნოემბერს, ჩვენი ნაკრები შოტლანდიასთან, სტუმრად ითამაშებს. 18 ნოემბერს კი, გორში, „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზე სლოვაკებს ვუმასპინძლებთ.

მოახლოებული ორი თამაშისთვის, ნაკრების თავკაცმა – ალექსანდრე ჩივაძემ ჯამში 24 ფეხბურთელს უხმო. ამათგან, 18 ფეხბურთელი შოტლანდიაში გაემგზავრება; რამდენიმე მათგანი კი, გუნდს საქართველოში, სლოვაკეთთან თამაშის წინ შეუერთდება.

მეკარეები: გიორგი ნადირაძე („სპარტაკი“, ცხინვალი), კახა მეშველიანი („ზესტაფონი“), გაბრიელ თებიძე („ლოკომოტივი“, თბილისი)

მცველები: არჩილ ტვილდიანი („სიონი“, ბოლნისი), მამუკა კობახიძე („დილა“, გორი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“ ყაზანი, რუსეთი), თედო გრიგალაშვილი („ზესტაფონი“), დავით უბილავა („ტორპედო“, ქუთაისი), ნიკა კვეკვესკირი („სპარტაკი“, ცხინვალი)

ნახევარმცველები:  ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი), გიორგი პაპავა („დინამო“ თბილისი), ლაშა პარუნაშვილი („სიონი“, ბოლნისი), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (ორივე „ჩიხურა“, საჩხერე), დავით კირკიტაძე („მეტალურგი“, რუსთავი), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი)

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე („ორჰუსი“, დანია), გიორგი ჭანტურია („ვიტესი“, ჰოლანდია), გიორგი ფანცულაია („ტორპედო“, ქუთაისი), გიორგი ქვილითაია („დილა“, გორი), ლაშა ჩაფიძე („სპარტაკი“, ცხინვალი), გიორგი ილურიძე („ჰაიდუკ სპლიტი“, ხორვატია)

ახალგაზრდული ნაკრები შოტლანდიაში 11 ნოემბერს გაემგზავრება. პირდაპირ ადგილზე ჩავლენ ჩვენი ლეგიონერები. მატჩი კი, გლაზგოსთან ახლომდებარე პატარა ქალაქ პეისლიში, სტადიონ „Saint Mirren Park“ – ზე გაიმართება.

სფფ-ის პრესსამსახური

მორიგი ევროშესარჩევი მოახლოვდა – 19-წლამდე ნაკრები შეკრებას იწყებს

4 ნოემბრიდან, საწვრთნელ შეკრებას დაიწყებს საქართველოს 19-წლამდე ნაკრები გუნდი. ვასილ მაისურაძეს და მის ფეხბურთელებს წინ უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ელით.

17-წლამდელთა ევროშესარჩევის მსგავსად, ამ საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძელიც საქართველოა. ელიტრაუნდის საგზურის მოსაპოვებლად, ჩვენი 19-წლამდელები მე-11 ჯგუფში – ჰოლანდიის, უელსისა და მოლდოვას ნაკრებებთან ერთად იბრძოლებენ.

ჩვენი ნაკრები სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ იცხოვრებს და ყოველდღიურ ვარჯიშებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს. ამ ეტაპზე, ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 24 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთაგან, შესარჩევის დასაწყისისთვის 18 საუკეთესოს აარჩევს.

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე „საბურთალო“), ნიკა შერმადინი („მეტალურგი“, რუსთავი)

მცველები: ნიკოლოზ ჭანტურია, გიორგი გაბაძე (ორივე „ტორპედო“ ქუთაისი), ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ჯემალ ტაბიძე („საბურთალო“), გიორგი გაფრინდაშვილი („დილა 2“, გორი)

ნახევარმცველები: ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (ორივე „დინამო“ თბილისი), გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა „ტორპედო“ ქუთაისი), გიორგი აბურჯანია („დილა“, გორი), გიორგი თევზაძე („საბურთალო“), ლევან შენგელია („დილა 2“, გორი)

თავდამსხმელები: დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი (ორივე „ტორპედო“ ქუთაისი), ლუკა ზარანდია („ლოკომოტივი“, თბილისი), ილია კერძევაძე („დილა 2“, გორი), დავით დარციმელია („ალგეთი“, მარნეული)

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 13 ნოემბრიდან დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

მადლობის წერილი სფფ-სგან გორის „დილას“

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ჩატარდა 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები, საიდანაც ორი ოფიციალური შეხვედრა გორში „თენგიზ ბურჯანაძის“ სახელობის სტადიონზეც ჩატარდა, რომლებმაც საკამოდ ორგამნიზებულად და მშვიდობიანად ჩაიარა.

„დილამ“ ფედერაციის მხრიდან მადლობის წერილი მიიღო, რომელსაც აქვე გთავაზობთ და ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენი სტადიონი უფრო მაღალი რანგის მატჩების მიღებასაც შეძლებს.

„დილას“ პრესსამსახური

საქართველომ და ჰოლანდიამ მოსაგები მოიგეს…

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მოგებით დაიწყო. ნოდარ აკობიას გუნდმა სან მარინოს ნაკრები 3:1 დაამარცხა. თუმცა, როგორც მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე აკობიამ განაცხადა, ის თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, არ გამორიცხავს, მეორე მატჩისთვის შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელოს.

„პირველ ტაიმში, ის, რასაც ვგეგმავდით, ჩემი ფეხბურთელები დროდადრო მაინც ასრულებდნენ. აი, მეორე ტაიმში კი, ძალიან ცუდად ვითამაშეთ“ – განაცხადა 17-წლამდელთა დამრიგებელმა.

ქართველებმა პირველ ტაიმში მეტოქის კარში სამი უპასუხო ბურთი გაიტანეს. თავი გიორგი ბერიძემ, ვლადიმერ მამუჩაშვილმა და ნიკა ლაშხიამ გამოიჩინეს. თუმცა, იმის მაგივრად, რომ მეორე ტაიმში უპირატესობა გაეზარდათ, რისი რესურსიც ნამდვილად იყო, ერთი გოლი იქეთ მიიღეს საკუთარ კარში.

მეორე მატჩში, ჰოლანდიელებმა უპრობლემოდ – 4:0 დაამარცხეს ფარერების გუნდი და პირველი ტურის შემდეგ, ბურთების უკეთესი შეფარდებით ცხრილის პირველ ადგილზე არიან.

17 ოქტომბერი, 2013. სტადიონი „მიხეილ მესხი“. 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. მე-11 ჯგუფი

საქართველოU17 vs სან მარინოU17 3:1 (3:0)

საქართველოU17: გოშაძე, კევლიშვილი, კაციტაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, კომახიძე, ქორიძე (კიკნაძე 53), მამუჩიშვილი, ბერიძე, ჯობავა (ცინცქილაძე 63), ლაშხია (ართმელაძე 69)

მთ.მწვრთნელი – ნოდარ აკობია

სან მარინოU17: ბენედეტინი, დელა ვალე, გრანდონი, ბერტი (ბანასკო 80), ტამანინი, სოპრანცი (კორბელი 41), გასპერონი, ბერარდი, დ’ადარიო (ჯიარდი 66), ჩევოლი, კარლინი

მთ.მწვრთნელი – მირკო პაპინი

გოლები: ბერიძე (8), მამუჩიშვილი (19), ლაშხია (33), ტამანინი (67)

გაფრთხილება: კაკიაშვილი, ართმელაძე

მსაჯი: იოანის ანასტასიუ (კვიპროსი)

ხვალ, გუნდები დაისვენებენ. 19 ოქტომბერს კი, მეორე სათამაშო დღეა. 14:00 საათზე, გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ერთმანეთს ჰოლანდიისა და სან მარინოს ნაკრებები შეხვდებიან. საქართველოს ნაკრები კი, კვლავ „მიხელ მესხზე“ ითამაშებს ფარერების ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი კვლავ 16:00 საათზე დაიწყება.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ისა და ქომაგების ერთობლივი აქცია დვანში

დღეს, სოფელ დვანში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული სპორტის ქომაგების ერთობლივი აქცია გაიმართა.

აქციის სლოგანი იყო – „გამოექომაგე საქართველოს“. მონაწილეებმა სოფელ დვანში გაბმულ მავთულხლართებთან მდუმარე აქცია მოაწყვეს. შემდეგ კი, სოფლის სტადიონზე გადაინაცვლეს და სიმბოლური საფეხბურთო მატჩი გამართეს.

ამ აქციის ჩატარების იდეა სფფ-ის პრეზიდენტისა და ქომაგების ერთ-ერთი შეხვედრისას გაჩნდა. დვანში თავად ზვიად სიჭინავაც იმყოფებოდა. მგზავრობის ხარჯები და აქციის მონაწილეების სხვადასხვა საჭირო ატრიბუტიკით აღჭურვა ფეხბურთის ფედერაციამ თავის თავზე აიღო. ქომაგებმა კი, გულშემატკივართა მობილიზება მოახდინეს. სასიამოვნოა, რომ მათი ძალისხმევით, დღევანდელ აქციაში რუსთაველი, ქუთაისელი, ზუგდიდელი, გორელი და ლანჩხუთელი ქომაგებიც მონაწილეობდნენ.

საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ კი, აქციის მონაწილეებმა დროშები, ბურთები და მაისურები ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად გადასცეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, 6 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩები, სწორედ, დიცისა და დვანის მოსახლეობის მხარდამჭერი სლოგანით გაიმართა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის მზადაა გვერდში დაუდგეს ყველა შემოთავაზებას, რომლებიც ამ სოფლებისა და ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომას ეხება. ჩვენი პოზიცია საქართველოს მხარდაჭერაა“, – განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.

სფფ-ის პრესსამსახური

17-წლამდელები ევროშესარჩევს იწყებენ – ვარჯიშები, ტურნირის გრაფიკი…

17 ოქტომბრიდან, საქართველო უეფას 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს მასპინძლობს. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მე-11 ჯგუფში იასპარეზებს და მისი მეტოქეები ჰოლანდიის, ფარერებისა და სან მარინოს 17-წლამდე ნაკრები გუნდები იქნებიან.

ტურნირის ფორმატის თანახმად, შესარჩევის ქვეჯგუფებიდან ელიტრაუნდში ორ-ორი საუკეთესო გადავა. 17-წლამდე ასაკში, საქართველო უკვე მეორედაა ამ შესარჩევი ეტაპის მასპინძელი. ელიტრაუნდი კი, ჯერ მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ.

საქართველოს ნაკრებმა დასკვნითი საწვრთნელი შეკრება ზუგდიდში, „ბაიას“ ბაზაზე გაიარა. ნოდარ აკობია და მისი გუნდი თბილისში დღეს საღამოს დაბრუნდება და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდება. ჩვენი სტუმარი სამივე გუნდი კი, სასტუმრო „Holiday Inn“ – ში იცხოვრებს.

თბილისს ყველაზე ადრე ფარერების კუნძულების 17-წლამდე ნაკრები ეწვია. კუნძულელები 14 ოქტომბერს ჩამოვიდნენ. უკვე თბილისშია ჰოლანდიის ნაკრებიც. სან მარინოელები კი, დღეს, გვიან ღამით ჩამოვლენ.

ხვალინდელი, 16 ოქტომბრის სავარჯიშო გრაფიკი კი, ასეთია:

16 ოქტომბერი

10:30 წუთი – ჰოლანდიის 17-წლამდე ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს „დინამო არენაზე“ გამართავს

12:00 საათი – საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ოფიციალურ ვარჯიშს „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ჩაატარებს. ვარჯიში მედიისთვის საწყისი 15 წუთი გაიღება.

15:00 საათი – ფარერების 17-წლამდე ნაკრები საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკის“ მოედანზე ივარჯიშებს.

16:30 წუთი – სან მარინოს 17-წლამდე ნაკრების ვარჯიში საგურამოში.

რაც შეეხება ტურნირისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციას, მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ოთხივე გუნდის მთავარ მწვრთნელს 16 ოქტომბერს, საღამოს 19:15 წუთიდან სასტუმრო „Holiday Inn“ – ის საკონფერენციო დარბაზში შეხვდნენ. აქვე გაიცემა ტურნირზე დასასწრები აკრედიტაციებიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, 14:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ერთმანეთს ჰოლანდიისა და ფარერების ნაკრები გუნდები შეხვდებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

შესარჩევის ბოლო მატჩი და საფეხბურთო ზეიმი ალბასეტეში

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების წინასამატჩო ვარჯიშები ალბასეტეს კარლოს ბელმონტეს სახელობის სტადიონზე გაიმართა. საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქში უკვე 6 დღეა იმყოფება. დელ ბოსკეს გუნდი კი, როგორც გუშინ გამცნეთ, ბელორუსთან მატჩის შემდეგ, მალიორკადან მადრიდში ჩავიდა.

შესარჩევის ბოლო შეხვედრას, საქართველოს ნაკრები მიმდინარე ციკლში ყველაზე გადახალისებული შემადგენლობით ატარებს. ფეხბურთელები, რომლებიც ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ (კანკავა, თარგამაძე, ამისულაშვილი, გრიგალავა, ოქრიაშვილი, ანანიძე), სხვადასხვა მიზეზების გამო, ნაკრებს ესპანეთთან ვერ დაეხმარებიან. ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ნაკრებში პირველად მოხვდნენ ან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნდნენ, ოპტიმალურ ფორმაში არიან.

მატჩისწინა ოფიციალურ პრესკონფერენციაზე, თემურ ქეცბაიამ მედიასთან ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა: „დიდი დანაკლისია იმ ფეხბურთელების არყოფნა, რომლებიც ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ისინი კი, ვინც ახლა ჩვენთან არიან, კარგად მოემზადნენ. ვეცდებით, ახლაც ისე ვითამაშოთ ესპანეთთან, როგორც ეს თბილისში, პირველ შეხვედრაში იყო. რა თქმა უნდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ჩვენი შანსის გამოყენებას აუცილებლად ვეცდებით. ყველამ კარგად იცის, რომ ესპანეთი დღეს საუკეთესოა და ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზეც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება“, – განაცხადა ქეცბაიამ.

როგორც ვთქვით, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან მატჩით, საქართველო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს ასრულებს. ჩვენი მეტოქე – ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კი, ხვალიდან უკვე მსოფლიო თასისთვის მოემზადება.

ესპანელებმა შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩის მასპინძელ ქალაქად ალბასეტე შეარჩიეს, სადაც მსოფლიო გრანდმა ბოლოს 2008 წელს ითამაშა. 5 წლის წინ, ესპანეთმა აქ სომხეთი დაამარცხა – 4:0 და ამის შემდეგ, მათ მსოფლიო თასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგეს. 2012 წელს კი, ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული კიდევ ერთხელ მიიღეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოგებული თასებით ალბასეტეს ცენტრალურ სკვერში სპეციალური ღონისძიება მოაწყო, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. თითოეულ გულშემატკივარს თასებთან ფოტოების გადაღება და ფავორიტი ნაკრების ატრიბუტიკის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია.

მთელი დღის განმავლობაში, ეს ღონისძიება ალბასეტეში ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული იყო. საღამოს კი, როცა საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ოფიციალურ ვარჯიშს ასრულებდა, ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივრები სტადიონზე შეუშვეს. ესპანელებმა მოედანი ჩვენი ვარჯიშის დამთავრების შემდეგ დაიკავეს და სტადიონი ზუსტად 15 წუთში შეივსო.

საფეხბურთო არენაზე შესვლა, დაახლოებით, 18 ათასმა გულშემატკივარმა შეძლო. 10 ათასამდე ქომაგი კი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩა. მათი ერთადერთი იმედი მატჩზე დასწრებაა. ბილეთების უმეტესი ნაწილის ფასი კი, 50 ევროა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგ გასვლით მატჩზე დასწრების შესაძლებლობა, კვლავ არ აქვს ქართული მედიის არც ერთ წარმომადგენელს. ალბასეტეში არსებული საფეხბურთო გარემო კი, მედიის ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს – ჩვენი ქვეყნის პირველი ნაკრები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო თასები, სწორედ, ესპანეთის ერთ პატარა ქალაქშია თავმოყრილი.

ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური
ალბასეტე, ესპანეთი