„ჩელსი“: იგუაინის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო და დავიდ ლუისი

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა ცდას არ აკლებს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ნაპოლის“ თავდამსხმელი გონსალო იგუაინი გადმოიბიროს.

იტალიური გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტი“ იუწყება, რომ დასავლეთლონდონური კლუბი მზად არის, არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო და ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი გაიღოს. მანამდე ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგუაინის ტრანსფერის ალბათობას არც კი განიხილავს.

შეგახსენბეთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ ფორმით 21 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

„მილანში“ ჰონდას წარდგენა 5 იანვრის შემდეგ მოეწყობა

როგორც მოგეხსენებათ, მოსკოვის „ცსკა“-ს ნახევარმცველი კეისუკე ჰონდა იანვრიდან „მილანის„ ღირსებას დაიცავს. იაპონელი ფეხბურთელი „როსონერის“ 3 იანვარს შეუერთდება.

„მილანის“ მოთამაშედ ჰონდას წარდგენა 6 იანვრიდან 12 იანვრამდე პერიოდში შედგება.

შეგახსენებთ, რომ ჰონდას მიმდინარე წლის ბოლოს რუსულ კლუბთან კონტრაქტი ეწურება. შესაბამისად, იტალიური კლუბი იაპონელ ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსით, უსასყიდლოდ მიიღებს. მხარეებს შორის კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე გაფორმდება.

ჰონდა „მილანში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი

„რეალი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ რუნის ახალი კონტრაქტის გაფორმებას ხელს შეუშლის

ბრიტანელი სპორტული რეპორტიორები იუწყებიან, რომ მადრიდის „რეალს“ სურს, უეინ რუნის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ დაუშვას. ინგლისელ თავდამსხმელს „წითელ ეშმაკებთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება, „სამეფო კლუბი“ კი აპირებს, რომ რუნი თავისთან მიიწვიოს.

ინგლისური პრესის ცნობით, „რეალის“ ხელმძღვანელობა 28 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდება და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარის თქმას სთხოვს, რის შემდეგაც მის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადაყვანას შეეცდება. უცხოური წყაროების თანახმად, თუ რუნი „წითელ ეშმაკებთან“ ახალ კონტაქტს არ გააფორმებს, „რეალი“ შესაძლო ტრანსფერის ღირებულებად 25 მილიონ ევროს დაასახელებს.

როგორც მოგეხსენებათ, „სამეფო კლუბის“ ინტერესებში ლუის სუარესიც შედიოდა, თუმცა ორი დღის წინათ ურუგვაელმა ფეხბურთელმა „ლივერპულთან“ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რამაც მის ტრანსფერთან დაკავშირებულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა.

ბექა დოგრაშვილი

კასილასი „არსენალში“?

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის „რეალის“ მეკარე იკერ კასილასი შესაძლოა ლონდონის „არსენალში“ აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ კასილასი ამ დრომდე ვერ ახერხებს გუნდის ძირითადი შემადგენლობიდან დიეგო ლოპესის ამოგდებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი მეკარის მიმართ ინტერესს „მეთოფეთა“ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იჩენს.

გარდა ამისა, ვოიცეხ შჩესნიმ ამ დრომდე ვერ დაარწმუნა ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი, რომ მასზე სრულად დაყრდნობა შეიძლება. ესპანური El Confidencial-ის ცნობით, შექმნილი მდგომარეობით იკერიც უკმაყოფილოა და ის არც მადრიდის დატოვების წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებას დამდეგ ზაფხულს ელიან.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის კასილასი „რეალის“ ღირსებას 1998 წლიდან იცავს. „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და ხუთჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული.

ბექა დოგრაშვილი

ლუიშ ნანი „იუვენტუსს“ უახლოვდება

იანვრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ლუიშ ნანის გადმობირებას შეეცდება. „ბიანკონერიში“ პორტუგალიელ ფეხბურთელს ტრავმირებული სიმონე პეპეს შემცვლელად მოიაზრებენ.

არ არის გამორიცხული, იტალიურმა კლუბმა ნანი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანოს, შემდეგში სრულად გამოსყიდვის უფლებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იუვენტუსში“ გადასვლაზე 27 წლის ფეხბურთელიც თანახმაა. ნანის სურს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

„სეზონის ბოლოს მესი „ბარსელონას“ დატოვებს“

ფიფას აგენტი და ჟურნალისტი ფრანსუა გალიარდო მორიგ სენსაციურ და დაუჯერებელ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სეზონის ბოლოს ლიონელ მესი „ბარსელონას“ დატოვებს.

„მესიმ სეზონის ბოლოს „ბარსელონადან“ წასვლა გადაწყვიტა. მას უკვე აქვს სიტყვიერი შეთანხმება ერთ-ერთ კლუბთან და თებერვალში ან მარტში აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება დაიგეგმება. სექტემბრის ბოლოს არგენტინელ ფეხბურთელსა და მის აგენტს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ჰქონდათ. მესის კონტრაქტის პირობების გადახედვა სურდა. მას დაჰპირდნენ, რომ ამ სურვილს შეუსრულებდნენ, თუმცა ერთი თვის შემდეგ უთხრეს, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ. მესი სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დატოვებს. ის ესპანეთთან ახლოს მდებარე ქვეყანაში გადაინაცვლებს“, – გალიარდომ ეს განცხადება ტელეკომპანია „პუნტო პელოტას“ ეთერში გააკეთა.

გალიარდომ ისიც თქვა, რომ „ბარსელონას“ ახალწვეულ ნეიმარს მესიზე დიდი ხელფასი აქვს (წელიწადში 17 მლნ. ევრო).

ბექა დოგრაშვილი

„ინტერის“ მფლობელი: „მესის შესაძლო ტრანსფერი უნდა განვიხილოთ“

„კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, მილანის „ინტერის“ მფლობელმა ერიკ თოჰირმა ხუმრობით განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ბარსელონადან“ ლიონელ მესის გადმობირებას შეეცდება.

„ვნახოთ. ეს საკითხი უნდა განვიხილოთ. ჯერ კლუბის ხელმძღვანელებს უნდა ვესაუბრო“, – განაცხადა „ინტერის“ მფლობელმა.

ცნობისთვის, „ინტერი“ თოჰირის თვალწინ შვეიცარიის მეორე დივიზიონის კლუბ „კიასოსთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

 

„გალათასარაის“ ტერი მოუნდა

ლონდონის „ჩელსის“ მცველი ჯონ ტერი თურქული „გალათასარაის“ სელექციონერთა ყურადღების არეალში მოექცა.

„დეილი მეილის“ ცნობით, თურქული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ „ჩელსის“ კაპიტანი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მთავარ სამიზნედ მონიშნა, თუმცა „გალათასარაის“ ხელმძღვანელობა პოტენციურ ტრანსფერთა სიას ჯერჯერობით არ აქვეყნებს.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დანიშვნის შემდეგ, ტერიმ ისევ დაიწყო რეგულარული თამაში, თუმცა „პენსიონერთა“ პოლიტიკის მიხედვით, 30 წელზე უფროსი ასაკის ფეხბურთელებს კონტრაქტები მხოლოდ ერთი წლით გაუხანგრძლივდებათ. ეს ტერის მომავალს ბუნდოვანს ხდის.

ტერის დასავლეთლონდონურ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება. სტამბულში გადასვლის შემთხვევაში, ინგლისელი მცველი კვლავ გახდება დიდიე დროგბას თანაგუნდელი.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონას“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის „რეალში“ გადასვლის საკითხი განიხილება“

ფიფას აგენტი ფრანსუა გალიარდო ამბობს, რომ „ბარსელონას“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შესაძლოა უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს.

„მომდევნო კვირაში „ბარსელონას“ ერთ-ერთი ფეხბურთელი საკუთარ თავს „რეალს“ შესთავაზებს. ის კატალონიურ კლუბში დარჩენის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. მომდევნო კვირაში „რეალი“ ამ საკითხს განიხილავს“, – ციტირებს ფიფას აგენტის სიტყვებს ესპანური სპორტული პორტალი „პუნტო პელოტა“.

ბექა დოგრაშვილი

რამდენს იხდიდა „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილის სანაცვლოდ?

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ყოფილი ნახევარმცველი გარეტ ბეილი შეიძლება არა მადრიდის „რეალში“, არამედ  „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩენილიყო.

აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებამდე ერთი დღით ადრე, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბეილს უკეთესი შეთავაზება აქვს, ვიდრე მას მადრიდული კლუბი სთავაზობს და ყველაფერი თავად ფეხბურთელის სურვილზე იქნებოდა დამოკიდებული.

უცხოურ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბეილის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ ევროს იხდიდა.

შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ 24 წლის უელსელი ფეხბურთელის სანაცვლოდ სარეკორდო თანხა გაიღო – დაახლოებით 100 მლნ. ევრო. 2 სექტემბერს ბეილმა „რეალთან“ 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.  მადრიდელთა ახალწვეულის დებიუტი, სავარაუდოდ, ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში შედგება, როცა „რეალი“ „ვილიარეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით 15 სექტემბრის 00:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„არსენალი“ მწვრთნელს დასჯის

ლონდონის „არსენალი“ კლუბის აკადემიის მწვრთნელ მარკ არბერის მიმართ მკაცრი სანქციების გატარებას აპირებს. აღნიშნული პირი „მეთოფეთა“ სკაუტის, ბობ არბერის შვილია და, როგორც ჩანს, კლუბის სატრანსფერო საკითხებში კარგად იყო ჩახედული, რითაც ისარგებლა კიდეც და მადრიდის „რეალიდან“ მესუთ იოზილის „არსენალში“ გადასვლაზე ფსონს ჩამოვიდა, რაც საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით ამცნო. „დეილი მეილის“ ცნობით, იმ დროისთვის აღნიშნული ტრანსფერის კოეფიციენტი 14/1-ზე იყო. ცნობისთვის, 35 წლის მარკ არბერი პროფესიონალი ფეხბურთელია და „ქორბი თაუნში“ მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს ითავსებს. შესაძლოა, ის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამაც დასაჯოს.

ბექა დოგრაშვილი

იოზილის ტრანსფერი და განსხვავებული ემოციები

მოგეხსენებათ, მესუთ იოზილი მადრიდის „რეალიდან“ ლონდონის „არსენალში“ გადაბარგდა. ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო. აღსანიშნავია, რომ იოზილი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული გერმანელი ფეხბურთელი გახდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აღნიშნულმა ტრანსფერმა არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია – მადრიდელები იოზილს მისტირიან, ლონდონელები კი სიხარულს ვერ მალავენ.

„არსენალის“ თავდამსხმელი თეო უოლკოტი გუნდში მესუთ იოზილის მისვლით ბედნიერია. ინგლისელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იოზილი კლუბს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დიდებული ამბავია. მის წინააღმდეგ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში მითამაშია. მაშინ მან თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა. იოზილი თავის დონეს ამ დრომდე გვიჩვენებს. ის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. მოუთმენლად ველი მასთან ერთად თამაშს“, – განაცხადა უოლკოტმა.

„რეალის“ მცველი სერხიო რამოსი კი მიიჩნევს, რომ „სამეფო კლუბს“ თუ ვინმე უნდა შეენარჩუნებინა, ეს, პირველ რიგში, სწორედ იოზილი იყო.

„ის შესანიშნავი თანაგუნდელი და კარგი მეგობარი იყო. იოზილი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ამ ტრანსფერის გადაწყვეტა ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მესუთი  უკანასკნელი იქნებოდა, რომელიც „რეალს“ დატოვებდა. სამწუხაროდ, კლუბმა სხვაგვარად გადაწყვიტა. რას ვიზამთ?! მას წარმატებებს ვუსურვებ. მასთან განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. ის მართლაც უნიკალური ფეხბურთელია. ამ ტრანსფერით იმედგაცრუებული დავრჩი“, – ციტირებს რამოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ცნობისთვის, იოზილი „არსენალში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი