შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია

თურქეთის სუპერლიგის XIV ტურში “ბალიკესირსპორსა” და “ქასიმფაშას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია. ქართველმა სპეციალისტმა “ქასიმფაშას” ინერციით მომავალი მოთამაშის შეჩერება სცადა, თუმცა ფეხბურთელი წაიქცა და კინაღამ თავკაციც წააქცია.

მატჩი “ბალიკესირსპორის” გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. “ქასიმფაშა” სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციამდე დაეშვა.

ბათუმის “დინამო” “ტრაბზონსპორთან” დამეგობრდება და ამხანაგურად გაეჯიბრება

ბათუმის “დინამოს” დირექტორმა ოთარ ფედიჩკინმა განაცხადა, რომ მისი კლუბი და თურქული “ტრაბზონსპორი” დამეგობრდებიან და ზამთრის შესვენების დროს გუნდები ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ.

“ჩვენი გუნდი 8 იანვარს შეიკრიბება, იანვრის ბოლომდე ადგილზე გაივლის შეკრებას, შემდეგ კი “ტრაბზონსპორთან” ამხანაგურ მატჩს გეგმავს. ჩვენი ქალაქის ხელმძღვანელობა იყო ტრაპიზონში ჩასული, ქალაქ ტრაპიზონის მერს შეხვდა და იქ შედგა მოლაპარაკება, რომ ბათუმის “დინამო” და “ტრაბზონსპორი” დამეგობრდნენ. როგორც კლუბებს შორის, ასევე ფანკლუბებს შორის დამეგობრება მოხდება და ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატებაა. შემდეგ გუნდი შეკრებას ანტალიაში გააგრძელებს”, – განაცხადა ფედიჩკინმა “ობიექტივისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის “დინამომ” უმაღლესი ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი წრე მეოთხე ადგილზე დაასრულა. “ტრაბზონსპორს” თუირქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია აქვს დაკავებული.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქალაქ ბათუმის საკრებულოს და მერიის საერთო ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დამატებით 300 ათასი ლარი გამოეყო.

 

ოფიციალურად: “გალათასარაის” თავკაცის პოსტიდან პრანდელი გაათავისუფლეს

ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ჩეზარე პრანდელი ხუთშაბათ საღამოს თურქული “გალათასარაის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

კლუბის ხელმძღვანელთა მოთმინების ფიალა ჩემპიონთა ლიგაზე ბელგიურ “ანდერლეხტთან” განცდილი მარცხის შემდეგ აივსო. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა “გალათასარაიმ” ანგარიშით 0:2 დათმო, რის შემდეგაც კლუბმა ევროპის ლიგაზე გადანაცვლების თეორიული შანსიც მოისპო.

ჩეზარე პრანდელიმ “გალათასარაიში” ოთხ თვეზე ცოტა მეტი იმუშავა. შეგახსენებთ, რომ ის მანამდე იტალიის ეროვნული ნაკრებს ედგა სათავეში.

 

უეფამ კვირის საუკეთესო გოლი დაასახელა (ვიდეო)

თურქეთის ეროვნული გუნდის მოთამაშე ბილალ კისას მიერ ლატვიის ნაკრების კარში გატანილი ბურთი უეფამ კვირის საუკეთესო გოლად დაასახელა.

მატჩის 47-ე წუთზე კისამ შორეული ეფექტური დარტყმით გაუტანა ლატვიელებს, თუმცა 54-ე წუთზე მასპინძლებმა პენალტის საშუალებით ანგარიში გაათანაბრეს და გუნდებმაც ქულები გაიყვეს — 1:1

განრისხებულმა თერიმმა პიჯაკი გაიხადა და სამწვრთნელო შტაბისკენ მოისროლა

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპზე ლატვიისა და თურქეთის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის მიმდინარეობის დროს თურქთა მთავარი მწვრთნელი ფათიჰ თერიმი იმდენად განრისხდა, რომ პიჯაკი გაიხადა და სამწვრთნელო შტაბისკენ მოისროლა.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართ მატჩს შენოლ გიუნეშიც დაესწრება

azerisport-ის ინფორმაციით, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის დღეს გასამართ მატჩს თურქული “ბურსასპორის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეშიც დაესწრება. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ გიუნეშის გუნდის ბარიერი დაძლია “ჩიხურამ” ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

“ნეფთჩისა” და “ჩიხურას” შორის გასამართი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი დღეს, 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეხვედრას კრისტიან ბალაჟის ხელმძღვანელობით რუმინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

 

ოქროს სტამბული

ვგონებ, არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე დერბიში გამარჯვების შემდეგ საჩემპიონო ტიტულის დაბევება. სწორედ ასეთი შანსი აქვს სტამბულის „ფენერბაჰჩეს“, რომელსაც დღეს თანაქალაქელ „ბეშიქთასთან“ უწევს დაპირისპირება.

სეზონის ფინიშამდე ხუთი ტურით ადრე „ყვითელ-ლურჯები“ 12 ქულით უსწრებენ სლავენ ბილიჩის გუნდს და თითქმის გადაწყვეტილია საჩემპიონო ბედი, თუმცა მაინც სასიამოვნოა, როცა პრინციპული მეტოქის დამარცხების შემდეგ ინაღდებ ტიტულს. თუ მატჩს „ფენერბაჰჩე“ გამარჯვებით დაასრულებს, თურქეთის ჩემპიონის ვინაობას ოფიციალურად შევიტყობთ. შეხვედრის საყაიმო შედეგით დასრულების შემთხვევაში, „ბეშიქთაში“ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

„ყვითელ-ლურჯებმა“ თურქეთის ჩემპიონატი უკანასკნელად 2010-11 წლების სეზონში მოიგეს. „ფენერბაჰჩეს“ თავკაცმა ერსუნ იანალმა, მართალია, სადებიუტო სეზონის სტარტზე სუპერთასისთვის ბრძოლა „გალათასარაისთან“ დათმო (0:1), თუმცა მისმა გუნდმა ჩემპიონატი ყინჩად გაიარა და ახლა ქვეყნის მთავარი ტიტულის დასაკუთრებას სულ ცოტა უკლია.

სტამბულის დერბი დღეს, ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

არველაძის „ქასიმფაშამ“ მანჩინის „გალათასარაი“ გაანადგურა

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ რობერტო მანჩინის „გალათასარაის“ ესტუმრა და მრისხანე მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლები მე-7 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ. მოედნიდან „გალათასარაის“ მცველი ჰაქან ბალთა გააძევეს, რომელმაც საკუთარ საჯარიმო მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია. პენალტი „ქასიმფაშას“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ეზეკიელ სკარიონემ გაიტანა. პირველი ტაიმი სტუმრების მინიმალური უპირატესობით დასრულდა, თუმცა შოთა არველაძის გუნდმა შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეს წირვა გამოუყვანა. 51-ე წუთზე „გალათასარაის“ მცველების უხეირო თამაშით სტუმრების ურუგვაელმა თავდამსხმელმა ტაბარე ვიუდესმა ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. შემდეგ სკარიონემ გაახერხა დუბლი. მასპინძელთა ტანჯვას წერტილი იალჯინ აიჰანმა დაუსვა, რომელმაც კუთხურის მოწოდების შემდეგ ბურთს თავი შეაგება და ფერნანდო მუსლერას კარის ბადე მეოთხედ შეარხია.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ დარჩენილ 4 ტურში მისი გუნდი მაქსიმუმს გაიღებს და 12 ქულას მოიპოვებს.

ამ გამარჯვების შემდეგ არველაძის „ქასიმფაშამ“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა გუნდს ევროთასებზე მოხვედრის კარგი შანსიც გაუჩნდა.

 

ბექა დოგრაშვილი

იანუზაი თურქეთის ნაკრებში გამოიძახეს

თურქული ფეხბურთის ხელმძღვანელობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ადნან იანუზაის თურქეთის ნაკრებში თამაშს სთავაზობს.

„ეს ნაბიჯი რომ არ გადაგვედგა, შემდეგ შანსის ხელიდან გაშვებისთვის გაგვაკრიტიკებდნენ. თურქეთის ფეხბურთის ხელმძღვანელმა და თავად მეც იანუზაის უკვე შევთავაზეთ ჩვენი ნაკრების არჩევა“, – განაცხადა თურქთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა.

ადნან იანუზაი მანამდე ალბანეთის, კოსოვოსა და ბელგიის ნაკრებებში გამოიძახეს. გარდა ამისა, ახალგაზრდა ფეხბურთელს სერბეთის ან ინგლისის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობაც აქვს.

 

„ტრაბზონსპორი“—„ფენერბაჰჩე“ გულშემატკივართა აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა

თურქეთის სუპერლიგის 24-ე ტურში „ტრაბზონსპორსა“ და „ფენერბაჰჩეს“ შორის გამართული მატჩი მეორე ტაიმში მასპინძელი გუნდის ქომაგების მხრიდან გამოვლენილი აგრესიული ქმედებების გამო შეწყდა.

მას შემდეგ, რაც სტუმართა თავდამსხმელმა ემანუელ ემენიკემ ანგარიში გახსნა, „ტრაბზონსპორის“ გულშემატკივრებმა მოედანზე სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. მატჩის მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, თამაში გაეჩერებინა.

სავარაუდოდ, „ტრაბზონსპორს“ ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაეთვლება.

 

შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა

კიდევ ერთი მარცხი იწვნია შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“, რომელიც თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გაილია, 64-ე წუთზე მასპინძელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა ემრე ბელიოზოღლუმ ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა, 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სანჰარიბ მალკიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ორ წუთში ბექირ ირტეგიუნმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა და მათ 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 57-ე წუთიდან „ქასიმფაშა“ მოედანზე 10 კაცით თამაშობდა, რადგან ნახევარმცველ ქერემ სერასს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს.

ამრიგად, „ქასიმფაშამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, მოუგებელი სერია კი 10 მატჩამდე გაიზარდა, შოთა არველაძის გუნდმა უკანასკნელად გასული წლის 9 ნოემბერს „გაზიანთეფი“ დაამარცხა (3:0). შედეგად, „ქასიმფაშას“ თუ ერთი პერიოდი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი ჰქონდა დაკავებული, ახლა 30 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. რაც შეეხება „ფენერბაჰჩეს“, გუნდი სატურნირო ცხრილს 47 ქულით ლიდერობს.

ბალოტელი „გალათასარაიში“?

„მედიასეტის“ ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის აგენტი მინო რაიოლა „გალათასარაის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თურქული კლუბი იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანმა“ შესაძლოა, ბალოტელი 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დათმოს. მოგვიანებით იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა 23 წლის ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები არ წყდება.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელიმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. 17 ტურის შემდეგ „მილანს“ სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიცია აქვს დაკავებული. რაც შეეხება „თურქ ლომებს“, „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

ბექა დოგრაშვილი