პიკე მოპოვებული ქულით კმაყოფილია

კატალონიის „ბარსელონას“ მცველი ხერარდ პიკე „მილანთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ფრედ დასრულებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„მილანს კარგი ხასიათით ვტოვებთ. ვფიქრობ, ბევრი მართალი არ იყო, როდესაც ამბობდა, რომ სან-სიროზე დიდი ანგარიშით მოვიგებთ. შესაძლოა, ზოგს აღნიშნული შედეგი უიბლო მიაჩნია. ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ყველაფერთან ერთად, ჯგუფში პირველი ადგილის შენარჩუნებაც მოვახერხეთ“, – განუცხადა პიკემ „ბლაუგრანასის“ ოფიციალურ საიტს.

ალექსანდრე მატევოსოვი

კონტე: „ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერის მშურს“

მადრიდის „რეალისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იტალიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მას კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერის შურს.

„ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერის მშურს. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია, რომელიც ყველა წარმატებას იმსახურებს. მისი თავკაცობით ორი წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ამ ხნის მანძილზე ბევრი სასარგებლო რამ შევიძინე“, – აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ორი ტურის შემდეგ ტურინელებს 2 ქულით ჯგუფის მეორე პოზიცია აქვთ დაკავებული, „რეალი“ კი 6 ქულით პირველ ადგილზეა.

მატჩი „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მას გერმანელი არბიტრი მანუელ გრეფე მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ვარჯიში ოთხმა მოთამაშემ გამოტოვა

„რეალ სოსიედადთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩის წინ, ვარჯიში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთდროულად ოთხმა ფეხბურთელმა ვერ შეძლო.
საუბარია დენი უელბეკზე, ტომ კლევერლიზე, ნემანია ვიდიჩსა და რიო ფერდინანდზე, რომლებმაც ვერც „საუთჰემპტონთან“ მატჩში ითამაშეს.
ვიდიჩისა და ფერდინანდის არყოფნა იმას უნდა ნიშნვდეს, რომ „წითელი ეშმაკების“ მთავარ მწვრთვნელს დევიდ მოიესს კრის სმოლინგის, ჯონი ევანსისა და ფილ ჯონსის შორის ორი მოთამაშის არჩევა მოუწევს.
მარცხენა ფეხის მცირე დაზიანების მიუხედავად, ევროპის ყველაზე პრესტიჟური საკლუბო ტურნირის მატჩისთვის მოსამზადებელ პროცესში მონაწილეობის მიღება პატრის ევრამ შეძლო.
კარგ სიახლედ მანჩესტერელთათვის დარენ ფლეტჩერის დაბრუნებაც უნდა ითვლებოდეს – რამდენიმე კვირის განმალოვბაში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშის შემდეგ, 29 წლის ფეხბურთელმა, როგორც იქნა, თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.
ალექსანდრე მატევოსოვი

სანჩესი: „მილანი“ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის“

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა „მილანთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მოახლოებული შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი.

„სან-სიროზე“ წინა მარცხის შემდეგ, კარგი გაკვეთილი მივიღეთ. „მილანი“ ბრძოლისუნარიანი გუნდია, შესაბამისად, მშვიდად ყოფნის საშუალება არ გვაქვს“, – აცხადებს ჩილელი.

„მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. „ბარსაში“ ამჟამად ბევრი მოთამაშეა. მოედანზე გასასვლელად მზად ვარ, თუმცა, არ ვიცი, მოვხვდები თუ არა გუნდის ძირითად შემადგენლიბაში. ბევრს მაკრიტიკებენ, რის გამოც საკუთარ თავზე ხშირად მიწევს მუშაობა. მიხარია, რომ ნეიმარი ჩემი თანაგუნდელია. მის გვერდით უფრო თავდაჯერებული ვარ“, – დაასრულა სანჩესმა.

ალექსანდე მატევოსოვი

ბუფონი: „კასილასით აღფრთოვანებული ვარ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალს“ ეწვევა. იტალიური კლუბის კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ მეტოქის ფინანსური მდგომარეობა დამდეგი მატჩის განმსაზღვრელი ფაქტორი არ იქნება. გარდა ამისა, ბუფონმა იკერ კასილასის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„დიდი ბიუჯეტი მოგების გარანტიას არ იძლევა. სასურველი შედეგის მისაღწევად მოთმინება და ბევრი მუშაობაა საჭირო. რა თქმა უნდა, ფინანსური ფაქტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი.

უჩვეულოა ისეთი ფეხბურთელის სათადარიგოთა სკამზე ხილვა, როგორიც კასილასია. არ ვიცი, რა ხდება „რეალში“. იკერით აღფრთოვანებული ვარ და ვთვლი, რომ ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ დიეგო ლოპესიც მშვენიერი კიპერია“, – ციტირებს ჯიჯი ბუფონის სიტყვებს Football Italia.

ორი ტურის შემდეგ ტურინელებს 2 ქულით ჯგუფის მეორე პოზიცია აქვთ დაკავებული, „რეალი“ კი 6 ქულით პირველ ადგილზეა.

მატჩი „რეალსა“ და „იუვენტუსს“ შორის ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ტევესს „რეალის“ არ ეშინია

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა განაცხადა, რომ მის გუნდს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში მადრიდის „რეალთან“ ჩასატარებელი მატჩების არ ეშინია.

„რეალი“ უმაღლესი დონის გუნდია, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად, პატივი მაინც უნდა ვცეთ. გვეშინია თუ არა „ბლანკოსის“? ფეხბურთში შიში არ არსებობს. ვფიქრობ, პლეი-ოფში გასასვლელად, დარჩენილი შეხვედრებიდან მინიმუმ ორი უნდა მოვიგოთ“, – განაცხადა არგენტინელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფილიპე ლუისი: „ატლეტიკო“ ბოლომდე იბრძოლებს“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველმა ფილიპე ლუისმა „პორტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

„პორტუ“ – სახიფათო გუნდია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომაც მას ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. გარდა ამისა, აღსანიშნავია ამ გუნდის ძლიერი შემტევი ხაზიც“, – თვლის ფილიპე.

„ფავორიტის დასახელება საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, მცირე უპირატესობა მაინც მეტოქე გუნდს აქვს, რადგან ჩვენ სტუმრად გვიწევს თამაში. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ. ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ“, – აგრძელებს ლუისი.

„ჩემი აზრით, დავამტკიცეთ, რომ ამ ტურნირის დონის გუნდი გვყავს. ჩემპიონატში კარგად ვითამაშეთ. თანაც, ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასიც მოვიგეთ“, – დაასრულა 28 წლის ბრაზილიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ჰამშიკი: “ვერ გეტყვით, რის ხარჯზე შეგვიძლია, ვაჯობოთ “არსენალს”

“ნაპოლის” ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ლონდონის “არსენალის” შესაძლო დამარცხება მომდევნო ეტაპზე ნეაპოლელთა გასვლის შანსს მნიშვნელოვნად გაზრდის.

“ამ მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. “არსენალი” შესანიშნავი გუნდია, ბურთს კარგად ფლობს. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რის ხარჯზე შეგვიძლია, “არსენალი” დავჯაბნოთ. ამას ვნახავთ. გასულ სეზონთან შედარებით,”ნაპოლი” მნიშვნელოვნად შეიცვალა. ლონდონში შესაძლო გამარჯვება მნიშვნელოვნად ზრდის ჯგუფიდან ჩვენი გასვლის შანსს, თუმცა წინ კიდევ ხუთი მატჩია”, – განაცხადა ჰამშიკმა.

მატჩი “არსენალსა” და “ნაპოლის” შორის სამშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი 

ვენგერი: „ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთვნელმა არსენ ვენგერმა „ნაპოლისთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მოახლოებული შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.

„ჩვენ რთულ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ასევე „მარსელი“, „ბორუსია“ და „ნაპოლი“ ასპარეზობენ. ყველა ეს გუნდი თავისი ეროვნული ჩემპიონატის ლიდერებს შორის არის. ჩვენთვის წარმატების მიღწევა და ჯგუფიდან გასვლა უმნიშვნელოვანესია“, – აცხადებს ვენგერი.

„არ მსურს მათემატიკური გათვლების გაკეთება, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ჯგუფიდან გასასვლელად საშუალოდ 10,2 ქულის დაგროვებაც არის საკმარისი. რთულია იმის თქმა, თუ როგორ დავაგროვებთ 0,2 ქულას, თუმცა ჩვენი მიზნები ყველასთვის ნათელია. ამიტომაც, ვამბობ, რომ საშინაო მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გასვლაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ სახლშიც მოვიგებთ, 1/8 ფინალის საგზური ჯიბეში გვექნება. მოდით, ხვალინდელი მატჩით დავიწყოთ. ჩვენი მიზნისკენ ეტაპობრივად მივალთ. ბევრი კომენტარის გაკეთება საჭირო არც არის, უბრალოდ, ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმს უნდა ვაღწევდეთ“, – დაასრულა ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ფრანკ დე ბურმა ბალოტელი მესის შეადარა

ამსტერდამის “აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, “მილანის” წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ისაუბრა. ფეხბურთის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ “როსონერის” თავდამსხმელ მარიო ბალოტელის მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

“ლიონელ მესის შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეუძლია. ფეხბურთელთა ამ კატეგორიას განეკუთვნება ბალოტელიც. მარიო ფანტასტიური ფეხბურთელია, რომელსაც კარგი თანაგუნდელები ჰყავს. ამის მიუხედავად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მთელი შეხვედრის განმავლობაში კონცენტრაციას თუ შევინარჩუნებთ, კარგი შედეგის მიღწევის შანსიც გვექნება”, – ციტირებს ფრანკ დე ბურის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

მატჩი “აიაქსსა” და “მილანს” შორის პირველ ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

“ბარსელონამ” “სელტიკთან” მატჩისთვის ორი ახალგაზრდა მოთამაშე დაიმატა

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ იმ ფეხბურთელთა ვინაობა დაასახელა, რომლებიც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, გლაზგოს “სელტიკის” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას. სხვადასხვა სახის ტრავმების გამო, აღნიშნულ შეხვედრას  ლიონელ მესი, ხავიერ მასკერანო, ჟორდი ალბა, კარლეს პუიოლი, ისააკ კუენკა და იბრაჰიმ აფელაი გამოტოვებენ. ამასთან დაკავშირებით, “ბარსელონას” განაცხადში გუნდის “B” სიიდან ორი ფეხბურთელია შეყვანილი – პატრიკ გაბარონი და სერხი გომესი.

“ბარსელონას” სრული განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ვიქტორ ვალდესი, ხოსე პინტო, ოლასაბალი;
მცველები: მარტინ მონტოია, ხერარ პიკე, მარკ ბარტრა, დანი ალვეში, სერხი გომესი, ადრიანო კორეა;
ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, პატრიკ გაბარონი, ალექს სონგი, ჯონათან დოს სანტოსი, ანდრეს ინიესტა, ჩავი, ჩესკ ფაბრეგასი;
თავდამსხმელები: პედრო როდრიგესი, ალექსის სანჩესი, ნეიმარი, კრისტიან ტელიო.

მატჩი “სელტიკსა” და “ბარსელონას” შორის პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

მოიესი: “არ გვყავს მსოფლიო დონის იმდენი მოთამაშე, რომ ლიგის მოგებაზე ვიფიქროთ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ მის გუნდს არ ჰყავს მსოფლიო დონის იმ  რაოდენობის ფეხბურთელი, რომ “წითელმა ეშმაკებმა” ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლონ.

“ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მსოფლიო დონის ხუთი ან ექვსი მოთამაშე უნდა გყავდეს. შეხედეთ მიუნხენის “ბაიერნს”, მათ მსოფლიო კლასის ამ რაოდენობის  ფეხბურთელი ჰყავთ. “ბარსელონაშიც” თამაშობენ ასეთი მოთამაშეები, მადრიდის “რეალშიც”, განსაკუთრებით კი – მიმდინარე სეზონში. ეს ის დონეა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლის საშუალებას გაძლევს. ჩვენ ჯერჯერობით ეს არ გვაქვს, თუმცა “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოცდილი გუნდია”, – განაცხადა დევიდ მოიესმა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის მატჩი “ვესტ ბრომვიჩთან” ანგარიშით 1:2 დათმო.

ბექა დოგრაშვილი