კლოპი: „ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივი „ზენიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ზოგადად შეეხო რუსულ ფეხბურთს და თქვა, რომ ის პროგრესირებს.

„ზენიტის“ ყველა მატჩი ვნახეთ, მათ შორის – ისრაელში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩებიც. ჩვენც და რუსებსაც ძლიერი მეტოქეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოვარჩევდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარული ფავორიტია. „ზენიტის“ ცალკეული ფეხბურთელები არ მაინტერესებდა, მთლიან გუნდს ვუყურებდი. ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის ბევრ გოლს იტანს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არ არის იმის გარკვევა, თუ რომელია ყველაზე ძლიერი ლიგა. ეს შეიძლება იყოს ესპანეთიც და ინგლისიც. გერმანიასაც საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. აქედან გამომდინარე, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება დიდი პატივია. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული მწვრთნელები კიდევ უფრო აძლიერებენ ლიგას. რაც შეეხება რუსულ ფეხბურთს, ის ვითარდება, „ზენიტი“ უკვე მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. რობერტ ლევანდოვსკიმ ამ უქმეებზე დაისვენა, თუმცა ივარჯიშა და ვფიქრობ, დამდეგი მატჩისთვის მზად არის“, – კლოპის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მატჩი „ზენიტსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას შოტლანდიელი არბიტრი ვილიამ კოლუმი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

„არსენალი“ შჩესნის დასჯის

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის (0:2) მიმდინარეობისას ვოიცეხ შჩესნის მიერ ნაჩვენები უცენზურო ჟესტი უყურადღებოდ არ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ „მეთოფეთა“ პოლონელმა კიპერმა გაძევების შემდეგ უხამსი ჟესტი აჩვენა.

„ამ თემას კლუბში განვიხილავთ. ასეთ ქმედებას ნამდვილად ვერ მოვიწონებთ. კი ბატონო, ის გაღიზიანებული იყო, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და საკუთარი ემოციების გაკონტროლება უნდა შეგვეძლოს“, – ვენგერის სიტყვები ESPN-მა გამოაქვეყნა.

 

პელეგრინიმ მოიბოდიშა

როგორც გუშინ გაუწყეთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის  (0:2) შემდეგ, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ თავკაცის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან.

აღნიშნული საკითხის განხილვა უეფაში უკვე დაიწყეს.

მანუელ პელგრინიმ კი ბოდიში მოიხადა.

„ბარსელონასთან“ მარცხით გაღიზიანებული ვიყავი. შეიძლება ისეთი რამ ვთქვი, რასაც სინამდვილეში არ ვფიქრობდი. ბოდიშს ვიხდი“, – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს „მარკა“.

ბექა დოგრაშვილი

ბენდტნერმა „არსენალის“ მარცხი ღამის კლუბში „აღნიშნა“

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „არსენალი“ შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ ანგარიშით 0:2 დამარცხდა და წესით, ლონდონურ კლუბის ფეხბურთელებს სირცხვილით სახლიდან ცხვირიც არ უნდა გამოეყოთ, მაგრამ ნიკლას ბენდტნერი რისი ნიკლას ბენდტნერი იქნებოდა, საკუთარი სურვილის მიხედვით რომ არ ემოქმედა.

„მეთოფეთა“ დანიელმა თავდამსხმელმა არც აცია, არც აცხელა და წაგებული მატჩის შემდეგ ღამის კლუბს ეწვია, დრო ლამაზ გოგონებთან ერთად გაატარა და გუნდის წარუმატებლობაც უმალ დაივიწყა.

ღამის კლუბის მფლობელი საიმონ ჰამერშტეინი თავის დაწესებულებას მისტიკის, საიდუმლოებებისა და სექსუალური აღვირახსნილობის ადგილს უწოდებს. აღნიშნული კლუბი მთელს ბრიტანეთში ცნობილია თავისი ორსაათიანი სექს-შოუებით. ლონდონის ამ კლუბში ისეთი ცნობილი სტუმრები ჰყავთ გამოჭერილი, როგორებიც არიან პრინცი ჰარი, კეიტ მოსი და ჯუდ ლოუ.

ბენდტნერი ბევრს კი ეცადა, არავის შეემჩნია, მაგრამ ბრიტანელ პაპარაცებს ასეთი ფაქტების გამოჭერა არ ესწავლებათ. დანიელმა ფეხბურთელმა კლუბი დილის 5 საათზე დატოვა.

ბექა დოგრაშვილი

უეფა პელეგრინის დასჯის?

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული მატჩის  (0:2) შემდეგ, „ქალაქელთა“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ მთავარი არბიტრი იონას ერიქსონი მკაცრად გააკრიტიკა. „სიტის“ თავკაცის თქმით, შვედი მსაჯი არაობიექტური იყო, მთელი შეხვედრის განმავლობაში კატალონიური გუნდის მხარეს იჭერდა და საერთოდაც, მან გადაწყვიტა მატჩის ბედი. პელეგრინის განცხადებით, ერიქსონმა მასპინძელთა კარის მიმართულებით შეცდომით დანიშნა პენალტი, არც მცველი მარტინ დემიკელისი უნდა გაეძევებინა მოედნიდან.

როგორც მოგეხსენებათ, უეფა ასეთ სიტყვებს არავის არ პატიობს. ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში აღნიშნული საკითხის განხილვა უკვე დაიწყეს.

ბექა დოგრაშვილი

რობენი: „პენალტი იყო, მაგრამ მეკარის გაძევება საკამათო საკითხია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე, ლონდონის „არსენალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:0), მეტოქის კარის მიმართულებით დანიშნული პენალტის შესახებ ისაუბრა..

„მეტოქე გუნდის მეკარის მისამართით წითელი ბარათის ჩვენება მატჩის გადამწყვეტი მოვლენა იყო. ტონი კროოსმა მშვენიერი გადაცემა გამიკეთა, მეკარეს ვაჯობე და ბურთს დავეუფლე, რის შემდეგაც მან მე წამაქცია.

პენალტი ნამდვილად დასანიშნი იყო, მაგრამ რამდენად იმსახურებდა შჩესნი წითელ ბარათს, ეს საკამათო საკითხია“, – აღნიშნა რობენმა.

ბავარიელთა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა განაცხადა, რომ საწყის წუთებში „არსენალი“ უკეთ თამაშობდა.

„საწყის წუთებში „არსენალი“ ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა და პირველ 15 წუთში სახიფათოდ გვიტევდნენ. საბედნიეროდ, მანუელ ნოიერმა პენალტი მოიგერია. ამის შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ.

მეოთხედფინალის საგზური ჯერ არ გაგვინაღდებია. „არსენალს“ დიდ პატივს ვცემთ, დიდებული გუნდია. მათ საწყის 15 წუთში გვიჩვენეს, თუ რა შეუძლიათ“, – რობენის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნსა“ და „არსენალს“ შორის განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

„ატლეტიკომ“ გასვლაზე „მილანი“ დაამარცხა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „მილანმა“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია, ორივე გუნდს ჰქონდა გოლის გატანის შანსი. ერთადერთი გოლი მატჩის 83-ე წუთზე სტუმართა გოლეადორმა დიეგო კოსტამ კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გაიტანა.

ამრიგად, „ატლეტიკომ“ სტუმრად მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა წყვილის საბოლოო ბედს მაინც 11 მარტს, „ვისენტე კალდერონზე“ გასამართი მატჩი გადაწყევტს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„მილანი“ – „ატლეტიკო“ 0:1 (0:0)

„მილანი“: აბიატი, ბონერა, რამი, დე შილიო (აბატე 26′), ესიენი, დე იონგი, ემანუელსონი, ტაარაბტი, პოლი (კონსტანტი 85′), კაკა, ბალოტელი (პაცინი 78′).
მთავარი მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
„ატლეტიკო“: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ინსუა, გოდინი, გაბი, მარიო სუარესი, რაულ გარსია (ადრიანი 80′), თურანი (როდრიგესი 74′), კოკე, დიეგო კოსტა.
მთავარი მწვრთნელი: დიეგო სიმეონე.
გოლი: დიეგო კოსტა 83′.
გაფრთხილებები: აბატე 44′, ბონერა 61′, რამი 90+1′ – ინსუა 20′, მარიო სუარესი 41′, დიეგო კოსტა 69′, ადრიანი 90+3′.
მთავარი მსაჯი: პედრო პროენსა (პორტუგალია).

ბექა დოგრაშვილი

„ბაიერნმა“ სტუმრად ათკაციანი „არსენალი“ წააქცია

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე სტუმართა დომინაცია გრძელდება. მეორე დღესაც ორივე სტუმარმა გუნდმა მოიპოვა გამარჯვება, თანაც ისე, რომ კარი მშრალად შეინახეს. „ემირეითსზე“ ლონდონის „არსენალმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო. წყვილში ფავორიტად გერმანული გუნდი სახელდება და ეს რომ ასეა, პირველივე შეხვედრაში დამტკიცდა.

მატჩი ორივე გუნდმა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და გოლის გატანის შანსიც მიეცათ, თუმცა ჯერ ტონი კროოსის შორეულ დარტყმულს გაუმკლავდა ვოიცეხ შჩესნი, შემდეგ კი მანუელ ნოიერმა აუღო იაია სანოგოს. მალევე „ბაიერნის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. საჯარიმო მოედანზე ჟერომ ბოატენგმა მესუთ იოზილი წააქცია. პენალტის შესრულება თავად დაზარალებულმა ითავა. იოზილმა ისე ცუდად დაარტყა, რომ უკვე გადამხტარმა ნოიერმა მაინც მოახერხა ბურთის მოგერიება. ასე გაანიავეს „მეთოფეებმა“ დაწინაურების კარგი შანსი. შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე თერთმეტმეტრიანი დარტყმა უკვე მასპინძელთა კარის მიმართულებით დაინიშნა. მეკარესთან ერთი ერთზე გაჭრილი არიენ რობენი შჩესნიმ წააქცია, რის გამოც პოლონელი კიპერი წითელი ბარათით დაისაჯა. შჩესნიმ მოედნის დატოვებამდე უცენზურო ჟესტი აჩვენა, რის გამოც, არ არის გამორიცხული, უეფამ ის კიდევ უფრო მკაცრად დასაჯოს. პენალტის ნიშნულთან დავიდ ალაბა მივიდა. მოედანზე ახლადშემოსულმა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ კუთხე ვერ გამოიცნო, თუმცა ბავარიელთა მცველმა ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, თუმცა ვიხილეთ ორი გაფუჭებული პენალტი და წითელი ბარათი.

შეხვედრის მეორე ნახევარში სრულ უპრატესობას რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილი „ბაიერნი“ დაეუფლა. მასპინძლებს უფრო და უფრო უჭირდათ გერმანელთა შემოტევის გაძლება. შედეგად, მატჩის 54-ე წუთზე კროოსმა ლამაზი მოჭრილი დარტყმით ანგარიში გახსნა. არც გატანილი გოლის შემდეგ დათმო სათამაშო უპირატესობა „ბაიერნმა“, „არსენალს“ კი ძირითადად გაძლებაზე თამაში უწევდა, თუმცა ლონდონელებმა მეორე ბურთიც მიიღეს: 88-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა თავური დარტყმით მეორედ შეარხია ფაბიანსკის კარის ბადე და შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა – 0:2.

განმეორებითი მატჩი მიუნხენში, 11 მარტს შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„არსენალი“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:0)

„არსენალი“: შჩესნი მერტეზაკერი, სანია, გიბსი (ნაჩო მონრეალი 31′), კოსელნი, იოზილი, ფლამინი, კასორლა (ფაბიანსკი 39′), უილშირი, სანოგო, ოქსლეიდ ჩემბერლენი (როსიცკი 74′).
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
„ბაიერნი“: ნოიერი, ლამი, ბოატენგი (რაფინია 46′), ალაბა, დანტე, რობენი, ხავი მარტინესი, კროოსი, ტიაგო ალკანტარა (პიზარო 79′), გიოტცე, მანჯუკიჩი (მიულერი 64′).
მთავარი მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.
გოლები: კროოსი, 54′, მიულერი 88′.
გაფრთხილებები: სანოგო 55′, როსიცკი 86′ – ბოატენგი 8′, მანჯუკიჩი 45+2′.
გაძევება: შჩესნი 37′.
გამოუყენებელი პენალტები: იოზილი 8′ (მეკარე) – ალაბა 40′ (ააცილა).
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „არსენალს“ ჩვენთვის ბევრი უსიამოვნების შექმნა შეუძლია“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი გაიმართება. ყურადღების ცენტრში ექცევა ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის „ემირეითსზე“ გასამართი შეხვედრა. ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა აცხადებს, რომ მისთვის საინტერესო იქნება მისი გუნდის გამოცდა საერთაშორისო დონეზე.

„ლონდონში, „არსენალის“ წინააღმდეგ უკვე მესამედ ჩამოვედი. აქ ჯერ არ გამიმარჯვია და ვხვდები, რომ 90 წუთის განმავლობაში ინიციატივის ფლობა შეუძლებელია. 45 ან 70 წუთის განმავლობაში კარგი ფეხბურთის ჩვენება და თამაშის შენი კარნახით წარმართვა შესაძლებელია, მაგრამ არა 90 წუთის მანძილზე.

„არსენალს“ შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც ჩვენთვის ბევრი უსიამოვნების შექმნა შეუძლიათ. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ. განმეორებით მატჩზე ფიქრს ჯერ აზრი არც აქვს, ფოკუსირება პირველ შეხვედრაზე უნდა მოვახდინოთ. იმედი მაქვს, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.

პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ვთამაშობთ და „არსენალის“ წინააღმდეგ შესანიშნავ სტადიონზე თამაში მოგვიწევს. ეს ჩემი ბიჭების გამოცდის კარგი შესაძლებლობაა. გერმანიაში მშვენივრად გამოვიყურებით, თუმცა გვინდა, რომ ჩვენი ძალა საერთაშორისო დონეზეც ვაჩვენოთ. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იქნება.

ვიცი, რაოდენ რთული იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმა. ვიცი, რა მოხდა შარშან – „ბაიერნმა“ მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება კი მოიპოვა, მაგრამ განმეორებითი მატჩის ბოლო ხუთი წუთი ურთულესი გადასატანი აღმოჩნდა. არსენ ვენგერს დიდ პატივს ვცემ. მისი გუნდი მეტად ორგანიზებულია, ყოველთვის კარგ ფორმაშია და ბურთითაც კარგად თამაშობს“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

მატჩი „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი მოემსახურება.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი: „ფავორიტი „ბაიერნია“, თუმცა „არსენალი“ საკუთარ ძალებში დარწმუნებულია“

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ორი მატჩი შედგება. დიდ ინტერესს იწვევს ლონდონის „არსენალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის „ემირეითსზე“ გასამართი შეხვედრა. ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი აცხადებს, რომ ფავორიტი „ბაიერნია“, თუმცა „არსენალი“ საკუთარ თავში დარწმუნებულია.

„გვესმის, რომ ტურნირის ფავორიტს ვხვდებით, თუმცა ჩვენს ძალებში დარწმუნებულნი ვართ. ჩემპიონთა ლიგაზეც და ინგლისის თასზეც სერიოზული მეტოქეები გვყავს. სეზონის სტარტზევე ვიცოდით, რომ თითოეულ მატჩში ასი პროცენტით დახარჯვაა საჭირო.

საკუთარი თავის გვჯერა, ყველაფერი ჩვენი თამაშის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ერთი იდეა და წარმატების სურვილი გვაერთიანებს. ეს ყოველთვის ასე იყო, თუმცა ხანდახან საკუთარი თავის რწმენა გვაკლდა, რაც საბოლოო შედეგზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ახლა, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერები ვართ.

არის თუ არა „ბაიერნი“ ფავორიტი? ეს გუნდი თითოეულ მატჩს გამარჯვებით ასრულებს, მოიგო ჩემპიონთა ლიგა და საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. ასე რომ, „ბაიერნი“ ფავორიტია“, – ვენგერის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

მატჩი „არსენალსა“ და „ბაიერნს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

„პარი სენ-ჟერმენმა“ გასვლაზე „ბაიერი“ გაანადგურა

უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპის კიდევ ერთი შეხვედრა ლევერკუზენში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „ბაიერმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო. ფეხბურთის სპეციალისტთა უმეტესობა ამ წყვილში ფავორიტად პარიზულ გუნდს ასახელებდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ მატჩში დაფიქსირებულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: პარიზელებმა მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურეს და ახლა „ბაიერის“ ყველაზე ოპტიმისტი ქომაგიც ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ მისი საყვარელი გუნდი მომევნო ეტაპზე გავა. გერმანელთა განადგურებას სათავე ბლეზ მატუიდიმ მე-3 წუთზე დაუდო. 39-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და პარიზელთა უპირატესობა გაზარდა. იმავე იბრაჰიმოვიჩმა სამ წუთში დუბლი გაიფორმა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. აღსანიშნავია, რომ 59-ე წუთზე მასპინძელთა ბოსნიელმა მცველმა ემირ სპაჰიჩმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. მატჩს საბოლოო წერტილი პარიზელთა ახალწვეულმა იოან კაბაიმ 88-ე წუთზე დაუსვა – 0:4.

განმეორებითი მატჩი პარიზში 12 მარტს შედგება და არ გვიწყინოთ თუ ვიტყვით, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„ბაიერი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:4 (0:3)

„ბაიერი“: ლენო, ჰილბერტი, ტოპაკი, სპაჰიჩი, სემი (ვოლშაიდი 62′), გუარდადო, კასტრო, როლფესი (რაინარტცი 46′), ბენდერი, კისლინგი, სონი (ბრანდტი 46′).
მთავარი მწვრთნელი: სამი ჰიიპია.
„პარი სენ-ჟერმენი“: სირიგუ, ალექსი, მაქსველი, ტიაგო სილვა, ვან დერ ვილი, მატუიდი (კაბაი 67′), ვერატი, ლუკას მოურა, მოტა, იბრაჰიმოვიჩი, ლავესი (პასტორე 76′)
მთავარი მწვრთნელი: ლორან ბლანი.
გოლები: მატუიდი 3′, იბრაჰიმოვიჩი 39′ (პენ), 42′, კაბაი 88′.
გაფრთხილებები: ჰილბერტი 15′, სპაჰიჩი 38′, გუარდადო 48′, კასტრო 58′ – მატუიდი 4′.
გაძევება: სპაჰიჩი 59′.
მთავარი მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი).

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონა“ მეოთხედფინალს მიუახლოვდა

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მერვედფინალური ეტაპი გაიხსნა. „ეტიჰადზე“ „მანჩესტერ სიტიმ“ „ბარსელონა“ მიიღო. ორი საინტერესო დეტალი მატჩისწინა პრესკონფერენციიდან: კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ თქვა, იმ გუნდს უფრო გაუჭირდება, რომელსაც უბურთოდ თამაში მოუწევსო. „ქალაქელთა“ თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ კი ხაზი იმას გაუსვა, რომ „მანჩესტერ სიტი“ იმავე სტილით თამაშს შემოგვთავაზებდა, რასაც პრემიერლიგაში გვიჩვენებს. ბურთის ფლობით „ბარსელონამ“ მეტოქე ორივე ტაიმში დაჯაბნა, „სიტიმ“ კი მისთვის ჩვეული სტილი ვერ გვიჩვენა.

შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ მიილია, რეალური საგოლე მომენტი თითქმის არც შექმნილა. მატჩის მთავარი პერიპეტიები მეორე ტაიმში განვითარდა. შეხვედრის 53-ე წუთზე „ქალაქელთა“ არგენტინელმა მცველმა მარტინ დემიკელისმა მეკარე ჯო ჰარტისკენ ერთი ერთზე მიმავალი თანამემამულე ლეო მესი „მოცელა“. თამაშის წესის დარღვევა საჯარიმოს გარეთ მოხდა, თუმცა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, დემიკელისს კი წითელი ბარათი უჩვენა. პენალტი თავად მესიმ შეასრულა, ჰარტი მარცხნივ გადახტა, ლეომ შუაში დაარტყა და გაიტანა. „სიტი“ მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რამაც „ბარსელონას“ საქმე კიდევ უფრო გააიოლა, სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. შედეგად, მატჩის ბოლო წუთზე კატალონიელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს: სტუმართა მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა დანი ალვესმა და ნეიმარმა განავითარეს, რომლებმაც ადვილად გააბითურეს გაელ კლიში და ჯოლეონ ლესკოტი, კარიდან გამოსულ ჰარტს კი ალვესმა ბურთი ფეხებს შორის გაუტარა და „ბარსელონას“ უპირატესობა გაზარდა.

2-0 – ამ ანგარიშით გაიმარჯვა კატალონიურმა გუნდმა და განმეორებითი მატჩის წინ სერიოზული ფორა შეიქმნა. ვენსან კომპანის უნდა დავეთანხმოთ, რომელმაც შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ თუ „ბარსელონა“ მეორე შეხვედრაში მისთვის ჩვეულ ფეხბურთს ითამაშებს, ინგლისელებს ძალიან გაუჭირდებათ, თუმც „სიტი“ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებსო. განმეორებითი მატჩი „ნოუ კამპზე“ 12 მარტს შედგება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (პირველი მატჩი)
„მანჩესტერ სიტი“ – „ბარსელონა“ 0:2 (0:0)

„მანჩესტერ სიტი“: ჰარტი, ზაბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კლიში, იაია ტურე, ფერნანდინიო, ხესუს ნავასი (ნასრი 58′), დავიდ სილვა, კოლაროვი (ლესკოტი 58′), ნეგრედო (ჯეკო 74′).
მთავარი მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.
„ბარსელონა“: ვალდესი, დანი ალვესი, პიკე, მასკერანო, ალბა, ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (სერხი რობერტო 86′), სანჩესი (ნეიმარი 74′), მესი, ინიესტა.
მთავარი მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.
გოლები: მესი 54′ (პენ), დანი ალვესი 90′.
გაფრთხილებები: ნეგრედო 28′, კოლაროვი 37′ – დანი ალვესი 23′, მასკერანო 76′.
გაძევება: დემიკელისი 53′.
მთავარი მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი).

ბექა დოგრაშვილი