ამხანაგური მატჩის დროს ქომაგები ფეხბურთელებს თავს დაესხნენ

ჰაიფას „მაკაბისა“ და „ლილს“ შორის ავსტრიაში გამართული ამხანაგური მატჩი მოედანზე გულშემატკივრების შეჭრის გამო ჩაიშალა.

შეხვედრა 85-ე წუთზე შეწყდა, როდესაც მოედანზე ქომაგები შეცვივდნენ. გულშემატკივრებს ხელში პალესტინის დროშები ეჭირათ. ამ დროს „ლილი“ ანგარიშით 2:0 იგებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები ებრაელ ფეხბურთელებს დაესხნენ თავს.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებულ პირველივე მატჩში გაიტანა

მიუნხენის „ბაიერნმა“ გერმანიის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ „დუისბურგთან“ ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩს 24 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.

ანგარიში ბავარიელთა ახალწვეულმა რობერტ ლევანდოვსკიმ 62-ე წუთზე გახსნა, თუმცა 8-წუთიანი ინტერვალის შემდეგ „დუისბურგმა“ გაათაბრა. აღსანიშნავია, რომ ეს პოლონელი ფეხბურთელისთვის „ბაიერნის“ რიგებში ჩატარებული პირველი მატჩი იყო.

„ბაიერნმა“ ამ შემადგენლობით ითამაშა: შტარკე, კონტენტო (შტეინჰარტი 55′), ბადშტუბერი (უოლტერი 86′), რაფინია (ბასტა 79′), ალაბა, ჰიობიერგი, გაუდინო, შოლი (ებერლეინი 46′), ბერნატი, სიგჰარტი (შვარცი 46′), ლევანდოვსკი (ტობიას შვაინშტაიგერი 86′).

გოლი 60 მეტრის დისტანციიდან

პერუს ჩემპიონატში „ხუან აურიჩსა“ და „სპორტინგ კრისტალს“ შორის გამართულ მატჩში  (3:4) ნახევარმცველმა კარლოს ლობატონმა საოცარი გოლი გაიტანა.

შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე „სპორტინგის“ ფეხბურთელმა მეკარეს 60 მეტრზე დიდი დისტანციიდან გაუტანა.

გთავაზობთ გოლის ამსახველ ვიდეოს.

ლუის სუარესი „ბარსელონაში“ 9 ნომრით ითამაშებს

როგორც მოგეხსენებათ, ლუის სუარესი კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ურუგვაელი თავდამსხმელი მომავალ კვირას კატალონურ გუნდში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სუარესი „ბარსელონაში“ 9-ნომრიან მაისურ მოირგებს. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამ ნომრით ალექსის სანჩესი თამაშობდა, რომელიც თავის მხრივ, ლონდონის „არსენალში“ გადაბარგდა.

მუნდიალის წყალობით ბელგიელი გოგონა მოდელი გახდა

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის წყალობით 17 წლის ბელგიელი გოგონა აქსელ დესპიგელარი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ცნობილი კომპანიები სამოდელოდ იწვევენ.

მუნდიალზე ბელგიის ნაკრების მონაწილეობით გამართულ მატჩებში აქსელ დესპიგელარი არაერთხელ მოხვდა როგორც ფოტო, ასევე ვიდეოობიექტივში. სამშობლოში დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა, რომ სოციალურ ქსელში მეგობრობის ათი ათასამდე თხოვნა ჰქონდა. მისმა თაყვანისმცემლებმა სპეციალური გვერდიც შექმნეს, რომელმაც მალევე მოიპოვა ვერიფიკაცია. გარდა ამისა, ფრანგულმა კოსმეტიკურმა კომპანია „ლორეალმა“ 17 წლის გოგონა სამოდელოდ მიიწვია. ცნობილმა ფირმამ აქსელს ხელსაყრელი კონტრაქტი და კომპანიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობა შესთავაზა, რასაც სოლიდური ანაზღაურებაც მოჰყვება.

რონალდომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლი დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რონალდომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ დრომდე გატანილი გოლებიდან მისთვის საუკეთესო აარჩია.

კიჭას რჩეული გოლი ავსტრალიის ნაკრების ლიდერის, ტიმ კეჰილის მიერ ჰოლანდიის ეროვნული გუნდის კარში (2:3) გატანილი ბურთია.

„ეს მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო გოლია, რომელიც მუნდიალებზე გატანილ საუკეთესო გოლთა სიაში შევა“, – რონალდოს სიტყვებს პორტუგალიური A Bola ციტირებს.

 

ყველაზე მომხიბლავი კოლუმბიელი ჟურნალისტის საფეხბურთო ფრისტაილი

კოლუმბიის ყველაზე მომხიბლავმა ჟურნალისტმა ალეხანდრა ბიტრაგო ერერამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე საფეხბურთო ფრისტაილში პრაქტიკები პროფესიონალ ფეხბურთელებთან გაიარა. 26 წლის გოგონას ბურთს საკმაოდ კარგადაც ფლობს.

გთავაზობთ ვიდეოს.

 

„F**C YOU“ ბლატერს

დიდ ბრიტანეთში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ „გლასტონბერიზე“ სკანდალებით ცნობილმა მომღერალმა ლილი ალენმა თავისი ერთ-ერთი სიმღერა ფიფას პრეზიდენტ იოზეფ ბლატერს მიუძღვნა.

ბრიტანელმა მომღერალმა სიმღერას სახელწოდებით „F**C YOU“ ასეთი შესავალი გაუკეთა:

„შემდეგი სიმღერა ეძღვნება მსოფლიოს მასშტაბით, ალბათ, ყველაზე კორუმპირებულ არა, მაგრამ ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ადამიანს იოზეფ ბლატერს“.

აღსანიშნავია, რომ ლილი ალენი ლონდონის „ფულემის“ და ინგლისის ნაკრების გულმხურვალე ქომაგია.

 

„ფლეიბო“ მიმდინარე მუნდიალს ვიდეოთი გამოეხმაურა

ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს „ფლეიბოი“ სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა.

„ბარსელონამ“ „რეალს“ მიულოცა

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ დრამატულ ბრძოლაში თანაქალაქელი „ატლეტიკო“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ვულოცავთ. დიდებულად ჩატარებულ სეზონს „ატლეტიკოსაც“ ვულოცავთ“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში „ბარსელონას“ ოფიციალურ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონას“ სწორედ „ატლეტიკომ“ სძლია.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დი მარია დასახელდა

მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „სამეფო კლუბის“ არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა. მეორე დამატებით ტაიმში სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა გარეტ ბეილმა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გოლი. დი მარიამ ჯილდო სერ ალექს ფერგიუსონისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში ანგარიში დიეგო გოდინმა გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სერხიო რამოსმა თავური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, ბეილმა გაიტანა. თავი გამოიჩინა შეცვლაზე შემოსულმა მარსელომაც, კრიშტიანუ რონალდუმ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ტურნირზე მე-17 გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:1.

 

რა მოხდა სიმეონესა და ვარანს შორის მატჩის მიწურულს?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „რეალის“ ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანზე გაიწია. ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა არგენტინელი სპეციალისტის მიმართულებით ბურთი ისროლა, წაგებისთვის განწირულმა სიმეონემ კი ეს ვერ მოითმინა და ბურთი რაფაელის მიმართულებით დამიზნებით დაარტყა. ამის შემდეგ მოედანზე მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, სიმეონე მინდორზე შეიჭრა და ვარანთან მისვლას შეეცადა. საბოლოო ჯამში, არგენტინელი მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს, ვარანი კი ყვითელი ბარათით დასაჯეს.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.