დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი განახლდება. სანკტ-პეტერბურგში ადგილობრივი „ზენიტი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ უმასპინძლებს. გერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ზოგადად შეეხო რუსულ ფეხბურთს და თქვა, რომ ის პროგრესირებს.
„ზენიტის“ ყველა მატჩი ვნახეთ, მათ შორის – ისრაელში ჩატარებული ამხანაგური შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩებიც. ჩვენც და რუსებსაც ძლიერი მეტოქეები გვყავდა, განსაკუთრებით მადრიდის „ატლეტიკოს“ გამოვარჩევდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფარული ფავორიტია. „ზენიტის“ ცალკეული ფეხბურთელები არ მაინტერესებდა, მთლიან გუნდს ვუყურებდი. ჰალკს დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, ის ბევრ გოლს იტანს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არ არის იმის გარკვევა, თუ რომელია ყველაზე ძლიერი ლიგა. ეს შეიძლება იყოს ესპანეთიც და ინგლისიც. გერმანიასაც საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს. აქედან გამომდინარე, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილის დაკავება დიდი პატივია. სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული მწვრთნელები კიდევ უფრო აძლიერებენ ლიგას. რაც შეეხება რუსულ ფეხბურთს, ის ვითარდება, „ზენიტი“ უკვე მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში. რობერტ ლევანდოვსკიმ ამ უქმეებზე დაისვენა, თუმცა ივარჯიშა და ვფიქრობ, დამდეგი მატჩისთვის მზად არის“, – კლოპის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მატჩი „ზენიტსა“ და „ბორუსიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და მას შოტლანდიელი არბიტრი ვილიამ კოლუმი განსჯის.
ბექა დოგრაშვილი