მოურინიო: „მინდა, რომ „ჩელსიში“ 12 წლის განმავლობაში ვიმუშაო“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგის XVII ტურში „არსენალთან“ გამართული მატჩის (0:0) შემდეგ სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ კლუბში მუშაობა 12 წლის განმავლობაში სურს.

„შექმნილ ვითარებას რეალურად ვუყურებ და მინდა, რომ აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩე. ოთხწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ მინდა, რომ მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ და სამომავლო მოქმედებები დავგეგმოთ. თუ ჩემი მუშაობით კმაყოფილები იქნებიან, მაშინ დავრჩები. თუ არ იქნებიან კმაყოფილნი, მაშინ წასვლა მომიწევს.

მსურს, რომ კლუბში 12 წლის განმავლობაში ვიმუშაო. მომდევნო თვეში 51 წლის გავხდები. „ჩელსიში“ 12-წლიანი მუშაობის შემდეგ მინდა, რომ პორტუგალიის ნაკრები ჩავიბარო და მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდე.

„ჩელსიში“ ფულის გამო არ მოვსულვარ. „რეალში“ უფრო მეტს მიხდიდნენ, თუმცა მადრიდელებთან კონტრაქტი გავწყვიტე და ლონდონში დავბრუნდი.

ეს უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ჩემი ყველაზე ცუდი კონტრაქტია. პირველ რიგში, „ჩელსიში“ ვარ იმიტომ, რომ ამ კლუბის მიმართ სიმპათიები მაქვს“, – განაცხადა მოურინიომ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ახალი გუნდის შესაქმნელად „ჩელსი“ ჩემზე უკეთეს მწვრთნელს ვერ იპოვიდა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ახალი გუნდის მშენებლობაზე ისაუბრა.

„ფეხბურთში არავინ არაა ხელშეუხებელი, თუმცა არ მეშინია, რადგან ვიცი, რატომაც მომიწვიეს აქ.

ჩვენ ვაშენებთ ახალ გუნდს, რომელსაც „ჩელსი“ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში წარადგენს. ზუსტად ისე იქნება, როგორც ძველი „ჩელსი“.

არა მგონია, რომ „ჩელსის“ ახალი გუნდის მშენებლობისთვის ჩემზე უკეთესი მწვრთნელი ეპოვნა.

ვფიქრობ, მე სწორედ ის ადამიანი ვარ, რომელმაც ეს საქმე უნდა გააკეთოს. ორშაბათს („არსენალთან“ გასამართი მატჩი), შაბათს თუ ოთხშაბათს ცუდი შედეგის ჩვენება ამ პერსპექტივას ვერ შეცვლის“, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს espn-ი.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ჩემთვის „ოქროს ბურთი“ აღარ არსებობს“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვა ყალბდება, რის გამოც მისთვის ეს ჯილდო აღარ არსებობს.

„ამის შესახებ ყველამ იცის, თუმცა არაფერი არ იცვლება. ოფიციალურად არავინ არაფერს არ ამბობს, თუმცა ყველამ ყველაფერი იცის. გასულ წელს მთლიანი ინფორმაცია გადააკეთეს. აქედან გამომდინარე, მტკიცებულება არ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ ყველაფერს ერთი კაცი წყვეტს.

პანდევმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ხმა გააყალბეს, თუმცა მის სიტყვებს არავინ გამოეხმაურა. ამის შემდეგ ჩემთვის „ოქროს ბურთი“ აღარ არსებობს“, – აღნიშნა მოურინიომ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო „ჩელსის“ უტიტულოდ დარჩენას არ გამორიცხავს

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩენას შიშობს.

„რეალში“ გასული სეზონი ჩემთვის ყველაზე ცუდი იყო. ჩვენ მხოლოდ ესპანეთს სუპერთასი მოვიგეთ. თუმცა, ეს არაფერს ნამდვილად სჯობდა“, – აცხადებს მორინიო.

„რა თქმა უნდა, ჩემი ფილოსოფიისა და კლუბის მიზნების გათვალისწინებით, მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩენა უბრალოდ მიუღებელია. ასეა თუ ისე, შესაძლოა, მართლაც ვერცერთი ტიტული მოვიგოთ. ჩემპიონთა ლიგაზე სერიოზულ გუნდებთან ერთად ვიბრძვით, ისევე, როგორც შიდა ჩემპიონატში. ადვილი იქნებოდა იმის თქმა, რომ ოთხი, ხუთი ან ექვსი წელი გვჭირდება. მაგრამ, ჩემზე ან „ჩელსიზე“ ამას არ ვიტყვი. ჩვენ გუნდის აშენება გვსურს, თუმცა, ამავე დროს, შედეგის მიღწევაზეც ვფიქრობთ“, – დაასრულა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დი მარია: „მოურინიომ ბევრი რამ მასწავლა“

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ აღნიშნა, რომ „ბლანკოსის“ ექს-თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მას ბევრი რამ ასწავლა.

„მოურინიომ უფრო ძლიერ ფეხბურთელად გამხადა. მან ბევრი რამ მასწავლა და როგორც ფეხბურთელმა მის ხელში პროგრესს მივაღწიე. გარდა ამისა, მოურინიომ ახალ პოზიციაზე თამაშის საშუალება მომცა და გუნდისთვის ბოლომდე ბრძოლა მასწავლა. მსურს, ყველაფრისთვის ჟოზეს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა დი მარიამ.

„წარუმატებელი თამაშის შემდეგ პრესკონფერენციებზე მოურინიო პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა. კლუბის ხელმძღვანელებთან მას ჩინებული ურთიერთობები აკავშირებდა, მოთამაშეები კი კარგის მეტს, მასზე არაფერს ამბობდნენ. ბევრ არგენტინელს ვიცნობ, რომელიც ჟოზეს შესახებ იგივეს გეტყვით“, – დაასრულა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიო: „დამსახურებული მარცხი ვიწვნიეთ“

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის პირველი დღის მატჩებიდან გამოსაყოფია „ბაზელსა“ და ლონდონის „ჩელსის“ შორის დაფიქსირებული შედეგი. შვეიცარიელებმა 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მეტოქე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მატჩის შემდეგ „პენსიონერთა“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გუნდის თამაში არ მოეწონა, თუმცა ფეხბურთის პორტუგალიელ სპეციალისტს არც იმის თქმა დაავიწყდა, რომ „ჩელსიმ“ პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ჩელსიმ“ ცუდი მატჩი ჩაატარა და დამსახურებული მარცხი იწვნია. ჩემი გუნდის თამაში პირველივე წუთებიდანვე არ მომეწონა. დაცვაში შეცდომების დაშვება სასტარტო წუთებიდანვე დავიწყეთ. მხოლოდ მეორე ტაიმში მოვახერხეთ კონტროლის დაწესება. მომეჩვენა, რომ ჩემი გუნდი გადაიღალა. ფეხბურთელებმა სანაკრებო შეხვედრებიც ჩაატარეს. ალბათ, გუნდის როტაციას უფრო ხშირად უნდა მივმართო, მაგრამ „ვესტ ჰემთან“ ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და შემადგენლობას ვერ შვცვლიდი. როდესაც გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს, რთულია განაცხადის შეცვლა.

მარცხის მიუხედავად, კარგია, რომ მომდევნო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ჯგუფის პირველ პოზიციაზე გასვლისთვის ვიბრძოლოთ.

უნდა დავისვენოთ და უქმეებზე გასამართი მატჩისთვის მოვემზადოთ“, – მოურინიოს სიტყვები „სქაი სპორტსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

დალაქი ჟოზე მოურინიო

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო რომ არაორდინალური კაცია, ეს არახალი ამბავია. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი საკუთარ თავს „განსაკუთრებულს“ ტყუილად როდი უწოდებს.

პრესკონფერენციებზე უცნაურ კითხვებს ყველგან სვამენ. ამ მხრივ გამონაკლისი არც შვეიცარიაა. „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის Vტურში „ბაზელს“ სტუმრობს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი, მოურინიოს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ შეიჭრა თმა.

შეიძლება მიაქციეთ ყურადღება, რომ სანაკრებო პაუზამდე მოურინიოს უფრო დიდი თმა ჰქონდა, შემდეგ კი შეთხელებული ვარცხნილობით დაბრუნდა, რამაც ჟურნალისტის დაინტერესება გამოიწვია.

მოურინიომ აღნიშნა, რომ თმის შესაჭრელი მოწყობილობა ფერნანდო ტორესისგან ითხოვა და ახალი ვარცხნილობა თავადვე დაიყენა.

„ზოგიერთს არ შეუძლია ის, რაც მე შემიძლია. ორიოდ თვეში ძველებურად მექნება თმა. ზოგიერთს ეს არ ძალუძს.
თმის შეთხელება გადავწყვიტე. ფერნანდოსგან თმის შესაჭრელი მანქანა ვითხოვე, დავჯექი სარკის წინ და თვითონვე შევიჭერი. ასე უფრო იაფია.
სანამ სახლში დავრუნდებოდი, ჩემს მეუღლეს ფოტო გავუგზავნე, რომ გამეგო, შემეძლო თუ არა შინ დაბრუნება. ქალბატონ მოურინიოს არავითარი პრობლემა არ ჰქონია“, – აღნიშნა ჟოზე მოურინიომ.

საინტერესოა, ვინ იგულისხმა მოურინიომ, როცა თქვა, რომ ზოგიერთს თმის გაზრდა არ შეუძლია. გამოითქვა მოსაზრება, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ ფრაზით ოსტატურად დასცინა ტორესის ყოფილ თავკაც და „ნაპოლის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიომ პრემიერლიგის ლიდერების შანსები შეაფასა

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების ლიდერებისა და მისი გუნდის კონკურენტების შესახებ ისაუბრა.

„ლივერპულს“ არ აქვს შესაბამისი რესურსი იმისთვის, რომ პირველი ადგილი დაიკავოს, თუმცა მერსისაიდელები ევროთასებზე არ თამაშობენ და ეს სერიოზული უპირატესობაა.

„მანჩესტერ სიტის“ ყველაზე ძლიერი შემადგენლობა ჰყავს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ თავისი მდიდარი ისტორიის გათვალისწინებით ყოველთვის ითვლებოდა ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად.

„ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ზაფხულში მშვენიერი სატრანსფერო კამპანია აწარმოა და ახლა მათ ორი თანაბარი შემადგენლობა ჰყავთ.

რაც შეეხება „არსენალს“, აქ არსენ ვენგერის ფაქტორი უნდა გამოვყო, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს კლუბის სისტემას. ჩემმა ყოფილმა ფეხბურთელმა მესუთ იოზილმა „არსენალი“ სერიოზულად გააძლიერა“, – მოურინიოს სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერმა მოურინიოს კვლავ ვერ აჯობა

არსენ ვენგერისთვის ლონდონის „ჩელსის“ ახლანდელი მთავარი მწვრთვნელი ჟოზე მოურინიო – ყველაზე უხერხული მეტოქეა. ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ მომზადებული „არისტოკრატები“ „მეთოფეებს“ არასდროს დაუმარცხებიათ, რისი გამოსწორების შანსიც მათ ინგლისის ლიგის თასის მატჩში მიეცათ. ეს ძალიან კარგად არსენ ვენგერსაც ესმოდა, რომელმაც აღნიშნული ტურნირისათვის საკმაოდ საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა – ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთა შორის მხოლოდ მესუთ იოზილს და ოლივიე ჟირუს არ უთამაშიათ.

მოურინიო, რომელიც თავისი გუნდის რთული კალენდრით უკმაყოფილო იყო, თავიდან ახალგაზრდა მოთამაშეების დაყენებასაც კი აპირებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, თავის ოპონენტს ასეთი საჩქარი არ გაუკეთა. ჟოზემ ათი ცვლილება გააკეთა, რის მიუხედავად, მისი გუნდი მაინც შესანიშნავად თამაშობდა.

სათქმელია, რომ განსაკუთრებული მომენტებით ვერც ერთი და ვერც მეორე გუნდი გამოირჩეოდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბურთის უკეთესი ფლობა „ლურჯთა“ სასარგებლოდ დაფიქსირდა. თავიდან კასორლამ კუთხურის კარგად შესრულება ვერ შეძლო, რის შემდეგაც „არსენალს“ ტრადიციული პრობლემები შექმნა. პირველი გოლი კარლ ჯენკინსონის შეცდომას მოჰყვა, რომელმაც მეკარე ფაბიანსკის არც თუ ისე კარგი გადაცემა გაუკეთა, რითაც ასპილიკუეტამ ისარგებლა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და პოლონელი გოლკიპერის მოტყუება არ გაუჭირდა.

მეორე ტაიმში „არსენალი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ „ჩელსი“ მეტოქეს ბევრი რამის გაკეთების საშუალებას უბრალოდ არ აძლევდა. სიტუაცია არც ჟირუსა და იოზილის გამოჩენით შეცვლილა. მეტიც, ამ ორი ფეხბურთელის მოედანზე შესვლის შემდეგ რამდენიმე წუთში მოურინიოს შეგირდებმა მეორე გოლიც აღნიშნეს, რომელიც ხუან მატამ გაიტანა.
საბოლოოდ, 0:2 და ვენგერი მოურინიოს დამარცხებას კვლავ ვერ ახერხებს.
„არსენალი“ – „ჩელსი“ 0:2
გოლები: ასპილიკუეტა 25′, მატა 66′„არსენალი“: ფაბიანსკი, ჯენკინსონი, ვერმალენი, კოშელნი, მონრეალი, უილშირი, რემსი (პარკი 80′), კასორლა, როსიცკი, მიაჩი (იოზილი 62′), ბენდტნერი (ჟირუ 66′)
„ჩელსი“: შვარცერი, ასპილიკუეტა, კეიჰილი, ლუისი, ბერტრანდი, ესიენი, მიკელი, დე ბრიუინე (რამირესი 68′), მატა (კალასი 90+3′), ვილიანი, ეტოო (ბა 80′)
 

ალექსანდრე მატევოსოვი

მოურინიომ ტორესის გოლი ემოციურად აღნიშნა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი ფერნანდო ტორესმა ბოლო წუთზე გაიტანა.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმდენად გაახარა ამ გოლმა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ხალხის მასებს შეერია და გამარჯვება ლონდონური კლუბის ქომაგებთან ერთად აღნიშნა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

რას აპირებს მოურინიო „ელ კლასიკოს“ დროს?

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეს გასამართი „ელ კლასიკოსთვის“ თვალყურის მიდევნებას არ აპირებს.

„ელ კლასიკო“ არ მაინტერესებს. თუ მკითხავთ, მინდა თუ არა, რომ რომელიმე გუნდმა, მოიგოს, გიპასუხებთ, რომ ერთ-ერთის გამარჯვება მინდა. არ ვაპირებ, რომ შაბათ საღამოს სიმშვიდე დავირღვიო, რადგან კვირას მნიშვნელოვანი მატჩი მელის. ოჯახთან ერთად სადილობას და შემდეგ დაძინებას ვგეგმავ“, – ციტირებს პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს „მარკა“.

ამ უქმეებზე მოურინიოს „ჩელსისაც“ უწევს სერიოზულ მეტოქესთან შეხვედრა: კვირას, დასავლეთლონდონელი „პენსიონერები“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებენ.

„კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის თავდამსხმელებით. ისინი გოლებს ვერ იტანდნენ, თუმცა მუყაითად მუშაობდნენ. გასული კვირა ფერნანდო ტორესისთვის და სამუელ ეტოოსთვის პოზიტიური გამოდგა, მათ გაიტანეს გოლები და დიდი სიხარული გვაჩუქეს“, – დაამატა მოურინიომ.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიო: „ლამპარდი სირთულეებს მშვენივრად უმკლავდება“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთვნელმა ჟოზე მოურინიომ „არისტოკრატთა“ ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი შეაქო.

„არამგონია, 20 წლისა და 35 წლის ასაკში ყველამ ერთნაირად მოახერხოს თამაში. ასაკის მატებასთან ერთად, ფეხბურთელი ახალ სირთულეებს უნდა გაუკლავდეს, რაც ლამპარდს მშვენივრად გამოსდის. ამით ფრენკი ჩემთვის სასურველი ტაქტიკის არჩევის საშუალებას მაძლევს“, – განაცხადა ფეხბურთს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი