რატომ არის მარკო მატერაცი “მკვლელი”?

დღეს ავკაც და ხულიგან ფეხბურთელთა ოჯახის სამაგალითო წევრი, მილანის „ინტერის“ ყოფილი მცველი მარკო მატერაცი 47-ე დაბადების დღეს ზეიმობს. Fanebi.com-ი იხსენებს იტალიელი ფეხბურთელის კარიერის იმ ეპიზოდებს, რისთვისაც მას მეტსახელად „მკვლელი“ დაარქვეს.

როგორც ნამდვილი „ინტერისტა“, მატერაცი ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მილანურ დერბის. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ის მატჩის მიმდინარეობისას „მილანის“ თავდამსხმელებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალყურს და თუ შესაფერის დროს იხელთებდა, მათ სხეულის რომელიმე ნაწილში კარგად უთავაზებდა კიდეც. 2000-იანი წლების დასაწყისში „როსონერის“ თავდასხმის მთავარ ძრავად ანდრეი შევჩენკო ითვლებოდა. უკრაინელი ფეხბურთელის სხეულის ნაწილზე, ალბათ, არ არსებობს ადგილი, რომელზეც მატერაცის თავისი ალი-კვალი არ დაემჩნია. ქვემოთ მოცემულ ვიდეორგოლში ასახულია მატერაცის ყველაზე უხეში თამაშების ამსახველი მომენტები. მისი ყველაზე ხშირი მსხვერპლი კი სწორედ შევჩენკო გახლდათ.

თავად ანდრეიმ მატერაცის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ იუხეშა. 2005 წელს გამართულ მილანურ დერბიში შევჩენკომ თავით მსუბუქად „ურქინა“ იტალიელ მცველს, მატერაცი მაშინვე ძირს დაეცა და დიდი ხანის განმავლობაში არც წამომდგარა. მსაჯი სწორად გაერკვა აღნიშნულ სიტუაციაში და უკრაინელი თავდამსხმელი მოედნიდან არ გააძევა.

მატერაციმ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული „გმირობა“ მოედანს მიღმა ჩაიდინა. 2004 წელს „ინტერსა“ და „სიენას“ შორის გამართულ მატჩში იტალიელი მცველი სათადარიგოთა სკამზე დარჩა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ მას მთელი შეხვედრის განმავლობაში „ბიანკონერის“ მცველ ბრუნო ჩირილოსთან ეჩხუბა. ფინალურ სასტვენამდე მატერაციმ მას სახეში ხელიც გაარტყა, თუმცა ტელეკამერების ობიექტივში ეს ეპიზოდი ვერ მოხვდა. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩირილოს ჩვენების საფუძველზე „ინტერის“ მცველს გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია მისცა. აღნიშნული მატჩის შემდეგ ჩირილომ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ნათლად ჩანს მატერაცის „გმირული“ საქციელის შედეგი.

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარკო მატერაცის მეგობრობა შვედი თავდამსხმელის „ინტერში“ გადასვლის დროიდან დაიწყო, თუმცა „იუვენტუსში“ იბრას ასპარეზობის პირველივე სეზონში იტალიელმა მცველმა ის უხეშად „მოცელა“.

ზლატანმა მატერაცის რამდენიმე წლის შემდეგ უპასუხა. 2010 წლის ნოემბერში გამართულ „მადონინაში“ იბრაჰიმოვიჩმა იტალიელი მცველის წინააღმდეგ კარატეს ილეთი გამოიყენა. მატერაცი მოედნიდან სასწრაფო წესით გაიყვანეს, ზლატანმა კი მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა.

ნამდვილი „შედევრი“ გამოუვიდა მარკო მატერაცის ჩემპიონთა ლიგის 2005-06 წლების სეზონის მეოთხედფინალურ ეტაპზე, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში. კუთხურის შესრულებისას იტალიელმა მცველმა იდაყვით ისე ჩაარტყა ხუან პაბლო სორინს სახეში, რომ საბრალო არგენტინელ ფეხბურთელს ძლიერი სისხლდება ძლივს შეუჩერეს, თუმცა „ვილიარეალის“ მოთამაშემ თამაში ვეღარ გააგრძელა. მატერაციმ იმდენად ოსტატურად იუხეშა, რომ თამაშის წესის დარღვევა ვერცერთმა მსაჯმა ვერ შენიშნა. ხულიგანს ყვითელი ბარათიც არ მისცეს.

მარკო მატერაცის მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ზინედინ ზიდანთან შეტაკება გახლავთ. სიმართლე რომ ვთქვათ, არც ფრანგ ფეხბურთელს იცნობდნენ იტალიაში „ფრთიან ანგელოზად“. „იუვენტუსის“ რიგებში ასპარეზობისას, ზიდანს ხშირად სდებდნენ ბრალს პროვოკაციულ ქმედებებში. ასეა თუ ისეა, ზიზუს გენიას მატერაციმ თავისი ავკაცობა დაუპირისპირა და ამით მიზანსაც მიაღწია. მთელი მატჩის განმავლობაში იტალიელი მცველი ფრანგ ნახევარმცველს ბინძური ფრაზებით „ამკობდა“. შეხვედრის დამატებით დროში ზიდანს მოთმინების ფიალა აევსო. როდესაც მატერაცი ზიზუს დასაც შეეხო, ფრანგმა ვეღარ მოითმინა და მას მკერდში თავი აძგერა. ამის გამო ზიდანი მოედნიდან გააძევეს. ასე დაასრულა ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა მოთამაშის კარიერა. საბოლოოდ, 2006 წლის მუნდიალის თასი იტალიის ნაკრებს ერგო, „სკუადრა აძურამ“ ფრანგები პენალტების სერიაში დაამარცხა, მარკო მატერაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ხამესი და მარსელო ვარჯიშს დაუბრუნდნენ

მადრიდის “რეალში” დიდი ტრავმიანობაა. გუნდის რამდენიმე ლიდერი ლაზარეთში იმყოფება. ეს კი ზიდანს დიდ თავსატეხს უქმნის.

რთულ პერიოდში, სასიხარულო ფაქტიც მოხდა: მარცხენა მცველი – მარსელო და შემტევი ნახევარმცველი – ხამეს როდრიგესი მოედანზე გამოჩნდნენ. ბრაზილიელი და კოლუმბიელი რამდენიმე კვირაა, რაც გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. ისინი 30 იანვარს გამართულ ვარჯიშზე განცალკევებით ირჯებოდნენ. დღეს კი, უკვე სრულფასოვნად ივარჯიშებენ.

ექიმების თქმით, 5 თებერვალს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურში გასამართი შეხვედრისთვის, რომელსაც “რეალი” “სელტას” წინააღმდეგ გამართავს, ორივე სპორტსმენი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

ზიდანი: “რეალში” ვრჩები”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი აცხადებს, რომ მისი მომავალი “სამეფო კლუბს” უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული “ბორდოს” ხელმძღვანებლობა ზიდანს კლუბში მთავარი მწვრთნელის პოსტს თავაზობდა.

“ამ ეტაპზე, “რეალში” ვარ და ჩემი მომავალიც სწორედ ამ კლუბს უკავშირდება. მწვრთნელობა ფეხბურთის თამაშთან შედარებით, ნაკლებად სასიამოვნოა, მაგრამ ვცდილობ, ბევრი რამ ვისწავლო”, – ამბობს ზიდანი.

ზიდანს „ბორდოში“ ელიან

„ბორდოს“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიდანი, რომელიც ამჟამად მადრიდის „რეალში“ კარლო ანჩელოტის თანაშემწედ მუშაობს, სეზონის ბოლოს „სამეფო კლუბს“ დატოვებს.

ფეხბურთის ფრანგ სპეციალისტს „მონაკოს“ უკავშირებენ, თუმცა „წითელ-თეთრები“ აცხადებენ, რომ კლაუდიო რანიერი თავკაცის პოსტს შეინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი 1992-96 წლებში სწორედ „ბორდოში“ ირიცხებოდა.

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი: „ჯერარდი პრემიერლიგის მოგებას იმსახურებს“

ფიფას ვერსიით მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელი, მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი თვლის, რომ „ლივერპულის“ კაპიტანი სტივენ ჯერარდი ინგლისის პრემიერლიგის მოგებას იმსახურებს. გარდა ამისა, ფეხბურთის ფრანგმა სპეციალისტმა პოლ სქოულზის შესახებაც თქვა ორიოდ სიტყვა.

„ჯერარდს დიდებული კარიერა აქვს, მრავალი ტიტული მოიგო, თუმცა გულდასაწყვეტი იქნება, თუ პრემიერლიგის მოგებას ვერ მოახერხებს. საიდუმლო არ არის, რომ ამ ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა „რეალსა“ და ლონდონის „ჩელსის“ სურდათ. მას ევროპის ნებისმიერ კლუბში თამაში შეეძლო, თუმცა ყველას უარი უთხრა. მან მთელი კარიერა „ლივერპულს“ მიუძღვნა და პრემიერლიგის მოგებაც დაიმსახურა.

პოლ სქოულზისა და სტივენ ჯერარდის სახით ინგლისმა მსოფლიოს, შესაძლოა,  ბოლო ოცწლეულის საუკეთესო ნახევარმცველები აჩუქა. იყო პერიოდი, როდესაც ჯერარდი პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველად ითვლებოდა. ხშირად ვერ ნახავთ სრულყოფილ ნახევარმცველს, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, თუმცა ჯერარდი სწორედ ასეთი იყო. მართალია, ახლა სტივენი ისე ვეღარ თამაშობს, როგორც 5-6 წლის წინათ თამაშობდა, მაგრამ გუნდში ის ფასდაუდებელ როლს ასრულებს“, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს ბრიტანული „დეილი მეილი“.

ბექა დოგრაშვილი

ზიზუ ფორმაშია: ფრანგი “რეალის” ვარჯიშში აქტიურად ერთვება

ინტერნეტ-სივრცეში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთვება მადრიდის “რეალის” ვარჯიშში ლეგენდარული ზინედინ ზიდანი.

რიბერი – ზიდანის უმცროსი ძმა

Fanebi.com-ი გთავაზობთ ფრანკ რიბერის შესახებ იმ ფაქტებს, რაც აქამდე არ იცოდით.

1983

7 აპრილს ფრანგულ ქალაქ ბულონ-სიურ-მერში ქვეყნიერებას მოევლინა ფრანკ რიბერი.

1985

ავტომობილი, რომლითაც რიბერის ოჯახი მგზავრობდა, სატვირთო მანქანას დაეჯახა. გამგზავრებამდე 2 წლის ფრანკის მამას შვილისთვის უსაფრთხოების ქამრის შეკვრა დაავიწყდა, რიბერიმ თავი საქარე მინას დაარტყა. სწორედ ამ პერიოდიდან აქვს მას სახის მარჯვენა მხარეს ორი გრძელი იარა. წლების შემდეგ, როდესაც ის მარსელის „ოლიმპიკში“ პოპულარული ფეხბურთელი გახდა, ადგილობრივმა მაღაზიამ ჰელოუინის დღეობაზე გასაყიდად რიბერის ნიღბები გამოიტანა – რა თქმა უნდა, საშინელი ნაიარევით. ფეხბურთელს პლასტიკური ოპერაცია შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა: „ეს იარები ძალას მმატებს. ბავშვობაში დამცინოდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მაგრამ ამან უფრო გამაძლიერა… იარებს არ მოვიშლი, რამდენიც არ უნდა გადამიხადონ!“

1989

დაიწყო ფეხბურთის თამაში კლუბ „კონტი ბულონში“.

შემდეგ თამაშობდა „ლილისა“ და „ბულონის“ ახალგაზრდულ გუნდებში. 19 წლის ასაკში ასპარეზობდა ქალაქ ალესის გუნდ „ოლიმპიკში“, 20 წლის ასაკში – „ბრესტში“. გარდა ამისა, რიბერი მშენებლობაზეც მუშაობდა.

2004

გააფორმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი – გახდა „მეცის“ ფეხბურთელი.

2005

იანვარში 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა თურქულ „გალათასარაიში“, სადაც პირველი ტიტული მოიგო – თურქეთის თასი. რიბერის თქმით, თებერვლიდან კლუბი არ უხდიდა ხელფასს. 2005/06 წლების სეზონის დასაწყისში ის მარსელის „ოლიმპიკში“ გადაბარგდა.

2006

27 მაისს ჰქონდა დებიუტი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. „სამფეროვანთა“ რიგებში პირველი გოლი 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე, ესპანეთის ნაკრების კარში გაიტანა. ფინალური მატჩის მე-100 წუთზე ის დავიდ ტრეზეგემ შეცვალა, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი ვერ გაიტანა. გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ფრანგებს ოქროს მედლების ფასად დაუჯდათ.

იმავე წელს, რიბერიმ მეუღლისადმი სიყვარული ისლამის მიღებით გამოხატა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დაახლოვა ის ზიდანთან, რომელსაც უფროს ძმას უწოდებს. ფრანკის მეორე სახელი ბილალ იუსუფ მოჰამედია. ყოველი მატჩის დაწყებამდე გულმხურვალედ ლოცულობს. რიბერის ორი ქალიშვილი ჰყავს – ჰიზია და შაჰინეზი და ერთი ვაჟი – სეიფ-ალ-ისლამი.

2007

7 ივლისს გახდა მიუნხენის „ბაიერნის“ (ფრანკის დაბევება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და მადრიდის „რეალსაც“ სურდათ) ფეხბურთელი, რომელმაც მასში 25 მილიონი ევრო გადაიხადა. იმ დროისთვის ეს ბუნდესლიგის სარეკორდო თანხა იყო. კონტრაქტი 2011 წლამდე გააფორმა. მიიღო 7-ნომრიანი მაისური, რომელსაც მანამდე მეჰმეთ შოლი ატარებდა. ცოტა ხნის შემდეგ, შოლმა რიბერი მსოფლიოს მასშტაბის საუკეთესო „შვიდიანად“  მონათლა. „ბაიერნში“ რიბერიმ სამჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი. ორჯერ გახდა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი. იმავე ჯილდო გერმანიაში ერთხელ მიიღო.

2008

2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებთან გამართული მატჩის მე-10 წუთზე, ჯანლუკა ძამბროტასთან ორთაბრძოლისას ფეხის მყესები გადაიგლიჯა, რის გამოც მთელი 14 კვირა გაუცდა.

2009

პოდოლსკისთან ერთად ბაზაზე, სახურავიდან ოლივერ კანს სათლით წყალი გადაასხა. სხვა ისტორიებიც გადახდენია თავს… დაბადების დღის აღნიშვნა 17 წლის მეძავ ზაჰი დაჰართან გადაწყვიტა. შემდეგ ფაქტს ასეთი ახსნა მოუძებნა: არ ვიცოდი, რომ ის არასრულწლოვანი იყო. ფრანგული კანონის თანახმად, ასეთი კავშირი ჯარიმასთან ერთად დაპატიმრებითაც ისჯება. ამ საქმის წარმოება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო მოსმენა 2014 წლის იანვარშია ჩანიშნული.

2010

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ ეტაპზე, „ლიონის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში წითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციის გამო კი, მილანის „ინტერთან“ ფინალური შეხვედრა (0:2) გამოტოვა. ბავარიულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლამდე გააფორმა.

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იმ ფეხბურთელთა რიგს შეუერთდა, რომლებიც საფრანგეთის ნაკრების  მთავარი მწვრთნელის, რაიმონ დომენეკის წინააღმდეგ გამოვიდნენ. ამის გამო, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

2011

11,4 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რითაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფრანგი სპორტსმენი გახდა. ამის მიუხედავად, 2010/11 წლების სეზონში მან ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო. ლუი ვან გაალის თავკაცობის დროს, თავს შედარებით უხერხულად გრძნობდა. იუპ ჰაინკესის მოსვლის შემდეგ, თავი შედარებით თავისუფლად იგრძნო და უკეთაც ათამაშდა.

2012

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შესვენებისას გასახდელში არიენ რობენს სახეში ხელი გაარტყა. შემდეგ ამის გამო მოიბოდიშა და ჯარიმის სახით 50 ათასი ევრო გადაიხადა. ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის 97-ე წუთზე ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა. პენალტების სერიაში ლონდონის „ჩელსიმ“ გაიმარჯვა.

2013

„ბაიერნში“ ყველაფერი მოიგო, 52 ოფიციალურ მატჩში 13 გოლი გაიტანა და 27 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შემდეგ თქვა, ღამე მეუღლესთან და ჩემს ტიტულებთან ერთად გავატარეო. გახდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. ფრანგმა თანაგუნდელებმა რიბერის მაისური აჩუქეს, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „კაიზერ ფრანკი“. „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2017 წლამდე გაახანგრძლივა.

ევროპის საუკეთესო ასისტენტი

ბოლო ორ სეზონში ფრანკ რიბერი საგოლე გადაცემების რაოდენობით გერმანიის ჩემპიონატის ლიდერად მოგვევლინა (12 – 2011/12 სეზონში, 14 – 2012/13 სეზონში). ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ გათამაშებაში რიბერიმ 5-5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 2011/12 წლების სეზონის ტურნირზე ზუსტი გადაცემების რაოდენობით საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2012/13 წლების სეზონის ლიგასა და ბუნდესლიგის გათამაშებაში ერთად 19 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში პირველი საგოლე შეტევა სწორედ მისი გადაცემით დაიწყო, ეპიზოდი კი მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. გამარჯვების გოლი არიენ რობენმა ისევ რიბერის პასით გაიტანა.

2012/13 წლების სეზონში რიბერიმ „ბაიერნის“ ფორმით 52 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სისტემით „გოლი+პასი“ მოაგროვა 40 (13+27) ქულა.

ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 სეზონის საგოლე გადაცემების რაოდენობა

* ლიდერი ტურნირის შედეგების მიხედვით

ბექა დოგრაშვილი

ზიდანი და მატერაცი ყატარში

ცოტა ხნის წინათ ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ყატარში, რომელიც 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სტადიონის მშენებლობაზე ათასობით მუშა დაიღუპა.
აზიის ეს ქვეყანა მუნდიალის სამასპინძლოდ მზადებას უკვე შეუდგა. ყატარში არა მსოლოდ სტადიონებს აშენებენ, არამედ ძეგლებსაც დგამენ. ქვეყნის დედაქალაქ დოჰაში ცოტა ხნის წინათ ზინედინ ზიდანის მონუმენტი დადგეს, რომელიც მარკო მატერაცის მკერდში თავს ურტყამს.

ხელოვნების ეს ნიმუში, რომელიც ფრანგმა აბდელ აბდესემელმა შექმნა, ყატარის ხელისუფლებამ შეიძინა.

„ეს ქანდაკება, რომელთანაც ბევრს სურს ფოტოს გადაღება, გვახსენებს ადამიანურ სისუსტეებს. გვიჩვენებს, რომ ფეხბურთელებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან“, – აღნიშნა მუზეუმის კომისიის წარმომადგენელმა „დოჰა ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ინგლისელმა ჟურნალისტებმა სარკასტულად თქვეს, უკეთესი იქნებოდა, ყატარში არ დაევიწყათ, რომ მშენებლობაზე დაღუპული მიგრანტებიც ადამიანები არიანო.

ბექა დოგრაშვილი