ლევან კობიაშვილი სტიქიისგან დაზარალებულებს დაეხმარება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად ათი ათასს ლარს გამოყოფს.

კობიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ლევან კობიაშვილის საერთაშორისო ფონდი “კობი და მეგობრები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ოჯახებს. გვსურს, ჩვენი მოქალაქეობრივი წვლილი შევიტანოთ და დაზარალებულთა დასახმარებლად გადავრიცხოთ 10 000 ლარი”.

 

ლევან კობიაშვილი: „ჩემს წვლილს შევიტან, რომ ქართული ფეხბურთი უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“

ლევან კობიაშვილს ბერლინის „ჰერტას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტმა ქართველ ფეხბურთელს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგების შეფასებაც სთხოვა. კობიაშვილის თქმით, საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

„ჩემი დიდი სურვილია, რომ საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირზე ითამაშოს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს განსაკუთრებული რამ იქნება. ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ქვეჯგუფში ევროპის უმაღლესი დონის გუნდებთან ერთად მოხვდით და ძალიან მძიმე მატჩები გველის, თუმცა შეუძლებელი არაფერია.

ჩემს ქვეყანაში ფეხბურთი ბევრს უყვარს, ქართული ფეხბურთი გულთან ახლოს მყავს. მომავალში მინდა, რომ ჩემი გამოცდილებით ფედერაციას სტრუქტურების განვითარებაში დავეხმარო. ადრე თუ გვიან, საქართველოში დავბრუნდები და ჩემს წვლილს შევიტან იმაში, რომ ქართულმა ფეხბურთმა ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წაიწიოს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს“, – ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ბექა დოგრაშვილი

კობიაშვილმა „შტუტგარტს“ გაუტანა

გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში ლევან კობიაშვილის „ჰერტა“ „შტუტგარტს“ ესტუმრა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, რაშიც ლომის წილი დაიდო ქართველმა ფეხბურთელმა. ანგარიში მე-5 წუთზე სწორედ კობიმ გახსნა, ქართველმა ფეხბურთელმა კუთხურის მოწოდების შემდეგ მასპინძელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და დახლობით 11 მეტრის მანძილიდან გაიტანა. მე-40 წუთზე „შტუტგარტის“ კოტ დივუარელმა მცველმა არტურ ბოკამ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ბერლინელებმა გამარჯვების გოლის გატანა მაინც მოახერხეს: 87-ე წუთზე სანდრო ვაგნერმა გაიტანა, რომელიც მოედანზე შვიდი წუთის შესული იყო და „ჰერტას“ გამარჯვება მოუტანა – 1:2.

კობიაშვილი კვლავაც ცენტრალური მცველის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა 85-ე წუთზე მოედანზე ჯონ ბრუქსი შევიდა და ქართველმა ფეხბურთელმაც ნახევარდაცვაში გადაინაცვლა, შეხვედრა კი სრულად ჩაატარა.

ამრიგად, ქართველმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 344-ე შეხვედრაში 32-ე გოლი მიითვალა.

„ჰერტა“ სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეშვიდე ადგილს იკავებს.

ბექა დოგრაშვილი

კობიაშვილმა „ბორუსიასთან“ სრულად ითამაშა

გერმანიის ბუნდესლიგის XVII ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ შედგა, სადაც დორტმუნდის „ბორუსიამ“ ბერლინის „ჰერტა“ მიიღო. შეხვედრა, ბევრისთვის მოულოდნელად, სტუმრებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს. მატჩში სრულად ითამაშა „ჰერტას“ მცველმა ლევან კობიაშვილმა, რომლისთვისაც ეს ბუნდესლიგაში ჩატარებული 340-ე შეხვედრა გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ 36 წლის ქართველი ფეხბურთელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა, ამ დავალებას თავი უნაკლოდ გართვა და მასპინძელი გუნდის თავდამსხმელებს გასაქანი არ მისცა. შეიძლება ითქვას, რომ კობიაშვილმა დორტმუნელთა მთავარი მეგოლის, რობერტ ლევანდოვსკის გადაკეტვა შეძლო, პოლონელს არ ჰქონია რაიმე რეალური შანსი. საერთოდაც, „ბორუსია“ თავის თავს არ ჰგავდა, რაც ისევ ბერლინელთა კარგი თამაშის დამსახურებაა. 67-ე წუთზე კობიაშვილმა ტაქტიკური ჯარიმისთვის ყვითელი ბარათი მიიღო, ქართველმა ფეხბურთელმა „ბორუსიას“ სწრაფი კონტრიერიში ჩაშალა თამაშის წესის დარღვევით.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძირითადი მოვლენები პირველ ტაიმში განვითარდა: ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა, როდესაც მარკო როისმა ბუნდესლიგის დებიუტანტი მეკარის, მარიუს გერსბეკის უხეში შეცდომით ისარგებლა და კარიდან გამოსულ კიპერს ადვილად გაუტანა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება  23-ე წუთზე შეძლეს: მოედნის ცენტრალურ ნაწილში დორტმუნდელთა მცველმა ერიკ დურმმა ბურთი ვერ დაიმორჩილა, სამი ალაგიმ სწრაფი ფლანგური გარღვევა მოაწყო, საჯარიმოში ადრიან რამოსი მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი რომან ვაიდენფელერის კარში. ტაიმის ბოლო წუთზე სტუმრები სულაც წინ გავიდნენ: ამჯერად „ბორუსიას“ 18 წლის ცენტრალური მცველი მარიან სარი შეცდა, რომელიც მეკარისკენ შეტრიალდა, ამ დროს კი ბურთი ალაგიმ აართვა, მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გავიდა და თავისი გუნდი დააწინაურა – 1:2.

მეორე ტაიმში „ბორუსია“ ანგარიშის გათანაბრებას ბევრს კი ცდილობდა, თუმცა „ჰერტას“ ფეხბურთელები თავს საიმედოდ იცავდნენ და სასურველ შედეგსაც მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ მთავარმა არბიტრმა მატჩის მეორე ნახევარს 4 წუთი დაამატა, თუმცა ტაიმი იმდენად გაჯანჯლდა, რომ ის 98-ე წუთზე დასრულდა.

„ჰერტამ“ ამ გამარჯვებით 28 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. „ბორუსიას“ 32 ქულით მესამე ადგილი აქვს დაკავებული.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVII ტური
„ბორუსია“–„ჰერტა“ 1:2 (1:2)
გოლები: როისი 7′ – რამოსი 23′, ალაგი 45′.
გაფრთხილებები: სარი 45+2′, შაჰინი 90+1′ – ჯიერჯი 50′, კობიაშვილი 67′, ჰოსოგაი 81′.

ბექა დოგრაშვილი

კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი