კონმებოლი კავანის გამოექომაგა

სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო მხარს უჭერს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ ედინსონ კავანის, რომლის პოსტიც რასისტული შინაარსის შემცველად მიიჩნიეს.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში მეგობარს საჯაროდ მადლობა ასე გადაუხადა: “მადლობა, შავო”. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ აღნიშნულ პოსტზე იმსჯელა და კავანის სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია, ჯარიმის სახით კი 100 ათასი ფუნტ სტერლინგის გადახდა დააკისრა.

კონმებოლი (სამხრეთამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანო) 33 წლის ფეხბურთელს საგანგებო განცხადებით გამოექომაგა:

“ედინსონ კავანის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მიღებულ იქნა ურუგვაიში არსებული კულტურული და ენობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე. ურუგვაიში აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივად ითვლება.

ასეთი გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იქნას ვითარების კონტექსტისა და კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურული მახასიათებლებისა და ნორმების გათვალისწინებით”.

საფრანგეთმა ურუგვაი დაამარცხა და ნახევარფინალში ითამაშებს (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპი ურუგვაისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის ნიჟნი ნოვგოროდში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელიც ევროპელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა: სამხრეთამერიკელებს ტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი ედინსონ კავანი ვერ ეხმარებოდა, ევროპელებმა კი დისკვალიფიცირებული ბლეზ მატუიდი მოისაკლისეს. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ორივე გუნდი სიფრთხილეს იჩენდა და გარისკვას ერიდებოდა. შესაბამისად, სახიფათო მომენტი არცთუ მრავლად შეიქმნა, თუმცა ანგარიში პირველივე ნახევარში გაიხსნა: მე-40 წუთზე ანტუან გრიზმანმა სტანდარტიდან ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, იქ კი თავით რაფაელ ვარანმა დაარტყა და გაიტანა – 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ ურუგვაელები გააქტიურდნენ და ტაიმის მიწურულს მარტინ კასერესს თავური დარტყმით წონასწორობის აღდგენის შესაძლებლობაც მიეცა, მაგრამ უგო ლორისმა შესანიშნავი სეივით საკუთარი გუნდი იხსნა და ტაიმი “მამლების” გამარჯვებით დასრულდა.

შეხვედრის მეორე ნახევარი 16 წუთის დაწყებული იყო, როცა სამხრეთამერიკელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გრიზმანის შორეული დარტყმის შემდეგ ურუგვაელთა მეკარე ფერნანდო მუსლერა უხეშად შეცდა, უხეიროდ მოიგერია და ბურთი კარში შევარდა – 0:2. დარჩენილ დროში სამხრეთამერიკელებმა სიტუაციის გამოსწორება ვერ მოახერხეს და ტურნირს გამოეთიშნენ, ფრანგები კი ნახევარფინალში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქე ბრაზილიასა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება.

მსოფლიოს ჩემპიონატი
მეოთხედფინალი
ურუგვაი — საფრანგეთი 0:2 (0:1)
გოლები: ვარანი 40′, გრიზმანი 61′.

კოპა ამერიკა: ურუგვაის ნაკრების განაცხადი

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა 2016 წლის კოპა ამერიკისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა. ურუგვაელთა ნაკრებში 23-დან 21 ლეგიონერია.

ურუგვაის ნაკრების სრული განაცხადი ასეთია:

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (“გალათასარაი”, თურქეთი), მარტინ სილვა (“ვასკუ და გამა”, ბრაზილია), მარტინ კამპანია (“ინდეპენდიენტე”, არგენტინა);

მცველები: დიეგო გოდინი, ხოსე მარია ხიმენესი (ორივე – “ატლეტიკო”, ესპანეთი), სებასტიან კოატესი (“სპორტინგი”, პორტუგალია), მაურისიო ვიქტორინო, ხორხე ფუსილე (ორივე – “ნასიონალი”), მაქსიმილიანო პერეირა (“პორტუ”, პორტუგალია), ალვარო პერეირა (“ხეტაფე”, ესპანეთი);

ნახევარმცველები: ეხიდიო არევალო რიოსი, ალვარო გონსალესი (ორივე – “ატლასი”, მექსიკა), მატიას კორუხო (“უნივერსიდად დე ჩილე”, ჩილე), მატიას ვესინო (“ფიორენტინა”, იტალია), კრისტიან როდრიგესი (“ინდეპენდიენტე”, არგენტინა), კარლოს სანჩესი (“მონტერეი”, მექსიკა), ნიკოლას ლოდეირო (“ბოკა ხუნიორსი”, არგენტინა), გასტონ რამირესი (“მიდლსბრო”, ინგლისი);

თავდამსხმელები: ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ედინსონ კავანი (“პარი სენ-ჟერმენი”, საფრანგეთი), დიეგო როლანი (“ბორდო”, საფრანგეთი), კრისტიან სტუანი (“მიდლსბრო”, ინგლისი), აბელ ერნანდესი (“ჰალ სიტი”, ინგლისი).

შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა 3 ივნისიდან 26 ივნისამდე აშშ-ში ჩატარდება. ურუგვაი ჯგუფურ ეტაპზე მექსიკის, იამაიკისა და ვენესუელის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

კავანიმ იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია (ვიდეო)

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია.

“პატივი უნდა ვცეთ იამაიკას. როგორც სხვა აფრიკული ქვეყნები, ისინიც ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან. მათი დაუფასებლობა არ შეიძლება”, – თქვა კავანიმ პრესკონფერენციაზე.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა მოგვიანებით სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.

“პირველ რიგში, იამაიკასა და მის ხალხს ბოდიშს ვუხდი. გონებაში თქვენი ნაკრებისა და სხვა აფრიკული გუნდების სტილი და მახასიათებელი ერთმანეთს შევადარე, თუმცა მე ამ შედარების მხოლოდ ნახევარი განვმარტე, ამიტომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე არაზუსტად.

საჯარო ბოდიშს გიხდით და იმედია, ამ ყველაფერს იუმორით შეხედავთ”, – დაწერა კავანიმ სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, იამაიკა კარიბის ზღვაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანია.

კოპა ამერიკის ეგიდით ურუგვაისა და იამაიკის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

დიეგო ფორლანმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა დიეგო ფორლანმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

“ჩემთვის დიდი პატივი იყო ეროვნულ ნაკრებში თამაში. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. მახსოვს, ტელევიზორში რომ ვუყურებდი ეროვნულ ჰიმნზე ამღერებულ ფეხბურთელებს, გასაოცარი გრძნობა მეუფლებოდა. ვფიქრობდი, რომ ამ ოცნებას მეც ავისრულებდი. ურუგვაის ეროვნული გუნდის მხარდაჭერას მთელი გულით გავაგრძელებ. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი დონე და სულისკვეთება მოედანზე მეჩვენებინა და არა სიტყვების საშუალებით. ურუგვაელ ფეხბურთელებს მე არ ვჭირდები იმის სათქმელად, თუ რას ნიშნავს ეროვნული ნაკრების ფორმის ტარება”, – განაცხადა ფორლანმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო ფორლანი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მას ურუგვაის ნაკრებში ჩატარებულ 112 მატჩში 36 გოლი აქვს გატანილი. 2011 წელს გუნდთან ერთად კოპა ამერიკას გამარჯვებული გახდა.

 

სუარესმა მონტევიდეოს საავადმყოფოს პაციენტ ბავშვებს 500 საჩუქარი გაუგზავნა

„ბარსელონასა“ და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა საშობაოდ მონტევიდეოს საავადმყოფოს პაციენტ ბავშვებს დიდი საჩუქარი გაუკეთა.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა ბავშვებს საჩუქრების 500 კომპლექსი გაუგზავნა.

ყოველი საჩუქარი სუარესმა თავისი ოჯახის სახელით გააგზავნა და ბავშვებს ბედნიერი 2015 წელი უსურვა.

Gifts

ლუის სუარესი ნაკრებში გამოიძახეს

ურუგვაის ეროვნული გუნდის თავდამსხმელ ლუის სუარესს საუდის არაბეთისა და ომანის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის გუნდში უხმეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში წელს გამართულ მსოფლოს ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის კბენისთვის ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. გარდა ამისა, სუარესს ცხრამატჩიანი სანაკრებო დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა ფიფამ მას ამხანაგურ შეხვედრებში თამაშის საშუალება მისცა.

ურუგვაის ნაკრების განაცხადი ასე გამოყურება:

მეკარეები: მუსლერა, მ. სილვა;
მცველები: მ. პერეირა, ხიმენესი, ველასკესი, გოდინი, გ. სილვა, კასერესი;
ნახევარმცველები: ა. პერეირა, რ. არევალო, არისმენდი, კორუხო, მაიადა, რამირესი, ლოდეირო, დე არასკაეტა;
თავდამსხმელები: როლანი, ხ. როდრიგესი, კ. როდრიგესი, სტუანი, სუარესი, ერნანდესი.

ურუგვაელები საუდის არაბეთის ნაკრებთან მატჩს 10 ოქტომბერს, ომანის ეროვნული გუნდთან კი 13 ოქტომბერს გამართავენ.

 

ნედვედი: „კიელინი ბავშვივით მოიქცა“

ტურინის „იუვენტუსის“ დირექტორმა პაველ ნედვედმა „ბარსელონას“ თავდამსხმელ ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა.

„სუარესი შესანიშნავი ფეხბურთელია. მე მას ბევრი ფიქრის გარეშე დავიმატებდი „იუვენტუსში“.

საერთოდაც, ორი წლის წინათ ძალიან ახლოს ვიყავით სუარესის შეძენასთან. ის ჩემპიონია და ამით ყველაფერი ნათქვამია“, – ნედვედის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

ჩეხმა სუარესსა და ჯორჯო კიელინის შორის მომხდარი ინციდენტის შესახებაც ისაუბრა და იტალიელ მცველს საქციელი დაუწუნა.

„სუარესის რეაქციას არ ვამართლებ, თუმცა ჯორჯოს საქციელმა აღმაშფოთა. კიელინი ბავშვივით მოიქცა. მსაჯს ნაკბენ ადგილს უჩვენებდა. საბედნიეროდ, როდესაც სუარესმა ბოდიში მოიხადა, კიელინიმ გონივრულად უპასუხა და ფიფას დისკვალიფიკაციის შემცირებაც სთხოვა“, – აღნიშნა ნედვედმა.

 

ესპანეთში უკვე იყიდება „ბარსელონას“ ფორმა სუარესის გვარით

ბარსელოანს ერთ-ერთ ცნობილ სპორტულ მაღაზიაში გასაყიდად გამოტანეს „ბარსელონას“ ფორმა, რომელსაც ზურგზე ლუის სუარესის გვარი აწერია. მწარმოებელთა აზრით, „ლივერპულის“ ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიურ კლუბში გადავა და 9-ნომრიან ფორმას მოირგებს, რომელიც წინა სეზონში ალექსის სანჩესს ემოსა. თავად სანჩესის გადაბირებას კი ლონდონის „არსენალი“ ცდილობს.

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა განაცხადა, რომ სუარესის „ბარსელონაში“ გადასვლა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის თვეში იყო შეთანხმებული. როგორც მოგეხსენებათ, დეკემბერში „ლივერპულმა“ ურუგვაელ ფორვარდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც მიუთითა.

 

„სუარესი „ბარსელონას“ მხრიდან დაინტერესებაზე ჯერ კიდევ ნოემბერში მიყვებოდა. მაშინ კლუბებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს, თუმცა „ლივერპულს“ ასეთი სეზონის შემდეგ ლუისის გაშვება არ სურს. ინგლისურმა კლუბმა „ბარსელონასთან“ მანამდე არსებული ყველა შეთანხმება გააუქმა.

ლუისმა ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ შეიტყო და ძალიან გაბრაზდა. ის სხვა ადამიანად გადაიქცა. სუარესი ძირითად გუნდთან ერთად არც ვარჯიშობდა, ინდივიდუალურად ემზადებოდა“, – ტაბარესის სიტყვები სხვადასხვა ევროპულ სპორტულ ინტერნეტგვერდებზე ქვეყნდება.

 

იტალიური ორგანიზაცია სუარესს უჩივის

იტალიური ორგანიზაცია Codacons-ი (გარემოს, ადამიანის უფლებების და მომხმარებელთა დაცვის ასოციაციათა გაერთიანება) ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელ ლუის სუარესს იტალიის ეროვნული გუნდის მცველ ჯორჯო კიელინის კბენისთვის სასამართლოში უჩივის.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სარჩელთან არც თავად იტალიელ ფეხბურთელს და არც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კავშირი არ აქვს. საქმე განხილვის პროცესშია, თუმცა სარჩელის ბედი უკვე ცნობილია – იტალიის სასამართლო ქვეყნის საზღვრებს გარეთ მომხდარ ქმედებაზე ვერ იმსჯელებს.

ცნობისთვის, აღნიშნული ორგანიზაცია ცოტა ხნის წინათ იტალიის სერია А-ს მსაჯებსაც უჩიოდა, აქაოდა – არბიტრების მიერ დაშვებული შეცდომებით იმათი უფლებები ილახება, ვინც მატჩის ყურებაში ფულს ხარჯავს ან ფსონს აკეთებსო.

შეგახსენებთ, რომ ფიფამ სუარესი კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

 

ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა — კოსოვოში თამაში

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაძლოა რთული ვითარებიდან გამოსავალი მაინც იპოვოს.

კოსოვოს კლუბი „ჰაიავალია“ მზად არის, სუარესს კონტრაქტი შესთავაზოს.

როგორც მოგეხსენებათ, კოსოვო ფიფას წევრი არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ურუგვაელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება.

„სუარესი დამდეგი ოთხი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ფიფას წევრი, ამიტომ მას კოსოვოში თამაშის უფლება აქვს. მზად ვართ, „ლივერპულს“ წინადადებით მივმართოთ. ტრანსფერში 30 ათას ევროს გადავიხდით, თავად სუარესს კი ხელფასის სახით თვეში 1 500 ევროს მივცემთ. ეს მისთვის, ალბათ, სიცილის მომგვრელია, მაგრამ მეტის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. თუ სუარესს ჩვენთან თამაშის სურვილი ექნება, მისთვის კარი ღიაა. ეს ურუგვაელი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა“, – განაცხადა „ჰაიავალიას“ დირექტორმა ქსავიტ პაკოლიმ.

ცნობისთვის, „ჰაიავალიამ“ კოსოვოს სუპერლიგის გასულ გათამაშებაში მე-6 ადგილი დაიკავა.

ასე რომ, ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა: ან გრძელვადიან დისკვალიფიკაციას უნდა დასჯერდეს, ან კოსოვოში თამაშს დაყაბულდეს. ფიფას გადაწყვეტილების თანახმად, სუარესს არამცთუ თამაშის, ოფიციალურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, სუარესის ტრანსფერის გაჩარხვას აქტიურად ცდილობს კატალონიური „ბარსელონა“.

 

ტაბარესი: „ხამეს როდრიგესი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეა“

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე მის გუნდსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის გამართულ მატჩში (0:2) მეტოქემ უკეთ წარმოაჩინა თავი. გარდა ამისა, ფეხბურთის ურუგვაელმა სპეციალისტმა კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გამოარჩია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„ვიცოდით, რომ კოლუმბიას კარგი გუნდი ჰყავს. კოლუმბიელებს ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. მოედანზე მეტოქე დომინირებდა. როდრიგესის მიერ გატანილი პირველი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მცველები დანაშავეები არ არიან, ეს გოლი ასი პროცენტით დამრტყმელის დამსახურებაა. ვცდილობდით, რომ ინტრიგა დაგვებრუნებინა, მაგრამ მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა, საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ეს წაგება უნდა ვაღიაროთ და კოლუმბიას მივულოცოთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

ხამეს როდრიგესის შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. მას მოედანზე ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს. ფეხბურთში საჭიროა ასეთი ხალხი.

ახლა ნამდვილად არ არის ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის გაანალიზების დროს. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს ვაჯობეთ“, – განაცხადა ტაბარესმა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.