შოთა არველაძე: “რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, თქვან, რომ ომი დაიწყეს”

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა Football24.ua-მ “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

– შოთა, თქვენ ოპერატიულად გამოეხმაურეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოხატეთ.
– პირველ დღეს ვერ დავარქმევდი, დაპირისპირება წლებია გრძელდებოდა. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არ დაწყებულა 24 თებერვალს და საქართველოს შემთხვევაში, არც 2008 წელს. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო. 24 თებერვალი მორიგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ შეტევა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

– 26 თებერვალს თქვენმა “ჰალ სიტიმ” “პიტერბორო” დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი ისევ უკრაინაზე ისაუბრეთ. ზოგიერთი უკრაინელი საკუთარ ქვეყანას იმდენ ყურადღებას არ აქცევს, როგორც თქვენ.
– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, არცთუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს ამბები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს? ჩემს მუსლიმ მეგობრებს ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. ისინიც თბილ სიტყვებს მეტყვიან აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი ნაწილი წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და შენი კუთვნილი არასდროს გახდება. მერე ზოგიერთს უკვირს, რომ ვიღაცას ისინი არ უყვარს და არც პატივს სცემს.

– იქნებ ეს მენტალიტეტითა და ღირებულებებით აიხსნას?
– ბავშვობაში მასწავლიდნენ: “არასოდეს შეეხო სხვას”. ეს ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში ალუბლის დიდი ხე გაიზარდა, რომლის ტოტებიც ბებიის ეზო გადმოჰყურებდა. ბავშვებს ძალიან გვინდოდა ამ ალუბლის ჭამა, მაგრამ ბებიამ ხელებზე დაგვარტყა და აგვიხსნა: “ეს ჩვენი არ არის”. სულ მცირე, უნდა გვეკითხა, შეიძლება თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ ხილია და დღეს ვიღაც სხვას სიცოცხლეს ართმევს.

– თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ასეთი რამ თქვით: “არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება”. როგორ მოგწონთ უკრაინის რეაქცია ამ ბოროტებაზე?
– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც ისე ვერ არის. ცხოვრება გმირების გარეშე შესაძლებელია. შვეიცარია რატომღაც გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან შეხედეთ დღევანდელ გერმანიას. სხვა გმირები ჰყავს – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ომებს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ХХІ საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი უძლებს, იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ გულით მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც ასე შეუპოვრად ბრძოლა შეუძლია.

– თავიანთ ფრონტზე იბრძვიან უკრაინელი ფეხბურთელებიც. შევჩენკო, იარმოლენკო, ზინჩენკო და მიკოლენკო ბრიტანეთში ბევრს აკეთებენ ჩვენი გამარჯვებისთვის.
– მათგან ყველაზე კარგად შევას ვიცნობ. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ნაცნობობა მაკავშირებს – ადრე ვესაუბრე ლეონიდ ბურიაკს და სხვა უკრაინელებს. ვკითხე, როგორ იყო საქმეები, დახმარება შევთავაზე. ვიცი, რაოდენ უჭირთ მათ. 2008 წელს მეც მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ საქართველოში იყვნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები.

– მაშინ შინ დაბრუნებას ცდილობდით?
– ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ახლობლები უარზე იყვნენ. მაინც წავედი, ტრაპიზონით ჩავედი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს თითოეული უკრაინელი. ყოველდღიური ნერვიულობა, ახალი ამბების კითხვა… ჩვენც დაგვბომბეს, ვერტმფრენებიდანაც გვესროდნენ, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25 პროცენტის ოკუპირება მოახდინეს. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი მაქსიმალურად მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ღელავს უკრაინაზე, ყველას გვტკივა. მეც ვღელავ, ჩემი მშობლებიც ღელავენ, რომლებიც 75 წლის ასაკის არიან, ღელავენ ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და უბრალოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ თქვენ უარი თქვით. 2018 წელს უგულებელყავით რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მომხდარის შემდეგ შეუძლებელი იყო საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა?
– ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ეს ჩემი ქმედებებია, რის გაკეთებასაც საჭიროდ ვთვლიდი. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, არ არის აუცილებელი პრინციპის ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯდები, ფიქრებში ეფლობი და საკუთარ თავს ეუბნები: “არა, ამას არ გავაკეთებ”.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ გითამაშიათ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად უკრაინაში თქვენი ვიზიტებიდან?
– მახსოვს, როგორ დავმარცხდით 2004 წელს ლვოვში 0:2. მე და შევა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაგვასახელეს. პრიზი გადმომცეს, თუმცა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ეს ჯილდო გასახდელში დამავიწყდა. საერთოდ, ლვოვმა გამაკვირვა. თამაშამდე ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული ენა გვესმოდა. კიევში სტუმრობისას ძირითადად რუსული მესმოდა.

– უკრაინის საკითხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ თემად რჩება. ყველაზე დიდი ყურადღება ბრიტანელებისგან იგრძნობა. არც თქვენი “ჰალ სიტია” გამონაკლისი.
– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე უკრაინის მოვლენებზე საუბრობენ. ყველას საერთო ხედვა აქვს – სხვისას ვერ მიითვისებ. იცით, რა არის გასაკვირი – რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, სიტყვა “ომი” უწოდონ. რა სპეცოპერაცია? არ არსებობს ორთვიანი და სამთვიანი ოპერაციები. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათია. ეს კი თვეების საკითხია. მსოფლიოს ვერც კი ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. თუ ასეთი მაგარი ხარ, ღიად უნდა თქვა.

– თქვენი ბიძა არის ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის დიდი მეგობარი. როგორ აღიქვამს ის რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ?
– მან დიდი ხნის წინ თქვა უარი რუსეთში გადაცემულ ჯილდოებზე. ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია იგნორირებას უკეთებს ამ ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს წარსულიდან: ცუდიც და კარგიც. თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანებს შორის კომუნიკაციის კულტურა, ალბათ, საბჭოთა პერიოდის პოზიტივს ეკუთვნის. მაგალითად, ლია ახეჯაკოვა დავასახელოთ, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო იოლია. ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსია. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია და ყოველთვის სიამოვნებით ჩადის კიევში.

– უკრაინა ყოველდღიურ ტკივილს განიცდის, თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევს. გჯერათ ჩვენი გამარჯვების?
– ვიცი, რომ სიმართლე ერთია. ვიცი, რომ თქვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შეიძლება ამ ომის ცალკეულ ბრძოლებში დამარცხდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, დაუმარცხებელია. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი…

იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი ძალიან მალე დასრულებულიყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველების ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, გვიხარია, რომ თქვენ გვერდით ვართ. თუმცა, გვინდა, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი. გვინდა, რომ უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას.

შოთა არველაძის “ჰალს” თავი ქუდში აქვს

ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “კარდიფ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ვეფხვებმა” ჩემპიონშიფში ადგილი საბოლოოდ შეინარჩუნეს.

“ჰალის” უშუალო კონკურენტმა “ბარნსლიმ” გასვლაზე “სუონსი სიტისთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. ამ შედეგის გათვალისწინებით, “ჰალ სიტის” ჩემპიონშიფიდან გავარდნის თეორიული შანსიც გაქრა.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონიდან სამი გუნდი ვარდება: 28 ქულით ბოლო, 24-ე ადგილზეა უეინ რუნის “დერბი ქაუნთი”, რომელსაც ორი ქულით უსწრებს “ბარნსლი”, ხოლო “პიტერბორო იუნაიტედს” 31 პუნქტი აქვს მოგროვებული. “ჰალი” 47 ქულით გათამაშების მე-19 პოზიციაზე არის გამწესებული.

“ჰალის” მფლობელი კლუბის ფანებს თურქეთში დაასვენებს

“ჰალ სიტის” მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ გუნდის ფანებს სიურპრიზი მოუმზადა. თურქი ბიზნესმენი ზაფხულში 500 ქომაგს თურქეთში დაასვენებს.

ილიჯალი ფანებს თურქეთში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრებს და ხუთი დღის განმავლობაში ანთალიის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უმასპინძლებს. ბიზნესმენი ყველა ხარჯს თავად დაფარავს. იღბლიან ქომაგთა ერთი ნაწილის ვინაობა ლატარიის მეშვეობით გაირკვევა, მეორე ნაწილი კი ის ფანები იქნებიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში “ჰალის” ყველაზე მეტ მატჩს დაესწრებიან.

“ვოცნებობ ისეთ სიგიჟეებზე, როგორიცაა “ჰალის” ხალხის თურქეთში დასვენება და მათთვის ჩემი ქვეყნის სილამაზის გაცნობა”, – ციტირებს ილიჯალის სიტყვებს “დეილი მეილი”.

შეგახსენებთ, რომ აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” მიმდინარე წლის იანვარში შეიძინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე დანიშნა. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილი უკავია და გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გასავარდნ ზონას 12 ქულა აშორებს.

“ჰალში” არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა (ფოტოები)

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურის მატჩში “სუონსი სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. “ვეფხვები” ტომ ივსმა შეხვედრის მე-5 წუთზე დააწინაურა, მე-17 წუთზე კი კინ ლიუს-პოტერმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. დარჩენილ დროში “ჰალმა” უპირატესობა შეინარჩუნა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

გუნდმა მიჯრით მესამე მატჩი მოიგო, აქტივში 32 ქულა დააგროვა, მე-18 პოზიციამდე ამოვიდა და გასავარდ ზონას 12 პუნქტით დაშორდა. “ჰალი” მომდევნო ტურში გათამაშების შუაადგილოსან “პრესტონს” უმასპინძლებს. შეხვედრა 5 თებერვალს ჩატარდება.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩიდან შოთა არველაძის ფოტოკოლაჟს.

შოთა არველაძე უზბეკეთის საუკეთესო უცხოელი მწვრთნელი გახდა (ვიდეო)

გუშინ უზბეკეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის ფედერაციამ ყოველწლიურ დაჯილდoებაზე საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად “ფახთაქორის” ქართველი დამრიგებელი შოთა არველაძე დაასახელა.

ამ ყოველივეს შოთა არველაძე საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა: “დღეს, უზბეკეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ და ფეხბურთის ფედერაციამ, წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დამასახელა. მადლობა ყველას, პირველ რიგში კლუბს და ფეხბურთელებს, ასევე მათ ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა”, – წერს შოთა არველაძე.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ “ფახთაქორი” ისეთ დროს ჩაიბარა, როდესაც გუნდი მძიმე მდგომარეობაში იყო და მე-13 ადგილს იკავებდა შიდა ჩემპიონატში, საბოლოოდ კი გუნდმა გათამაშება მე-3 პოზიციაზე დაასრულა და მომავალ სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ლუიშ ფიგუმ შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა (ფოტო)

პორტუგალიელმა ლეგენდამ, ლუიშ ფიგუმ ყოფილი ქართველი ფეხბურთელი და ტაშკენტის “ფახთაქორის” მწვრთნელი, შოთა არველაძე საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად არველაძის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ.

ფიგუმ “ალკმაარისა” და “აიაქსის” ყოფილი თავდამსხმელს წერილი გაუგზავნა, სადაც წერია, რომ 2017 წლის 14 ივნისს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში საქველმოქმედო მატჩი შედგება. ერთმანეთს ლუიშ ფიგუსა და დიმიტარ ბერბატოვის გუნდები დაუპირისპირდებიან.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის უმთავრესი მიზანი ბავშვების განათლებისა და ნიჭის განვითარების დაფინანსება იქნება. ზოგადად, ლუიშ ფიგუს ფონდი 2003 წლიდან ეხმარება ისეთ პროგრამებს, რომელბიც განათლებას, სოციალურ ინტეგრაციას, ჯანმრთელობას და სპორტს ეხებიან.

შეხვედრაში ისეთი მოთამაშეები მიირებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან: გაისკა მენდიეტა, დუაიტ იორკი, რიო ფერდინანდი, როი კინი, მაქსველი, იარი ლიტმანენი, დავიდ ტრეზეგე, კრისტიან კარემბიუ, ფრანჩესკო ტოლდო და სხვები.

 

შოთა არველაძის “მაქაბის” “ზენიტმა” სძლია

დღეს ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრები იმართება.

ერთ-ერთ მატჩში, რუსულმა “ზენიტმა” საკუთარ მოედნაზე თელ-ავივის “მაქაბის” უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელს შოთა არველაძე წვრთნის. მატჩი მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და, საბოლოოდ, მათივე გამარჯვებით, ანგარიშთ 2:0 დასრულდა.

5 ტურის შემდეგ არველაძის კლუბს 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

შოთა არველაძეს “კრასნოდარში” ეპატიჟებიან

Матч ТВ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მაკაბის” ქართველ დამრიგებელს, შოთა არველაძეს რუსული “კრასნოდარის” ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ და მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართველი სპეციალისტი თელ-ავივის “მაკაბიში” მუშაობს, რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოდის. შოთის “კაისერისპორში”, “ქასიმფასასა” და “ტრაბზონსპორშიც” აქვს თავისი შესაძლებლობები გამოცდილი.

“კრასნოდარმა” კვირის დასაწყისში გუნდიდან ოლეგ კონონოვი დაითხოვა. მის ნაცვლად კი იგორ შამილოვი დაინიშნა, რომელიც დროებით შეასრულებს “კრასნოდარის” თავკაცის მოვალეობებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუსულმა კლუბმა ახლახან საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილიც დაიმატა.

ოფიციალურად: არველაძემ და „ტრაბზონმა“ კონტრაქტი გაწყვიტეს

42 წლის ქართველი სპეციალისტი შოთა არველაძე „ტრაბზონსპორის“ მწვრთნელი აღარაა. როგორც თურქული კლუბის ოფიციალურმა ვებსაიტმა ერთი საათის წინ დაწერა, მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. გავრცელებულ განცხადებაში კლუბმა არველაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. შემდეგი ტურის შეხვედრაში „ტრაბზონსპორს“ ახალგაზრუდლი გუნდის თავკაცი უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ არველაძე თურქული კლუბის თავკაცად მიმდინარე წლის სამ ივლისს დაინიშნა. თურქეთის სუპერლიგის 11 ტურის შემდეგ ტრაბზონელები 14 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან.

შოთა არველაძის “ტრაბზონსპორი” მარკო მარინს იმატებს

ლონდონის “ჩელსის” შემტევი ნახევარმცველი მარკო მარინი ამიერიდან “ტრაბზონსპორის” ღირსებას დაიცავს. გავრცელებული ინფორმაციით, მარინი თურქულ კლუბში იჯარის წესით იასპარეზებს. გერმანიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ტრაბზონში რამდენიმე საათში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

აღსანიშნავია, რომ მარკო მარინისათვის, “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ, “ტრაბზონსპორი” მეოთხე კლუბი იქნება, რომელშიც გაანათხოვრებენ. აქამდე, ის “სევილიაში”, “ფიორენტინასა” და “ანდერლეხტში” იყო განათხოვრებული.

sbnation-ის ცნობით, თურქულმა კლუბმა მარინის იჯარაში 2.5 მილიონი ევრო გადაიხადა.

არველაძე ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ: „ფეხბურთელი მჭირდება და არა მოკრივე“

რამდენიმე დღის წინ შოთა არველაძის „ტრაბზონსპორში“ მოსკოვის „დინამოს“ გამოცდილი მცველის კრისტოფერ სამბას შესაძლო ტრანსფერის შესახებ მოგახსენეთ.

მოთამაშე თურქეთში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმების უნდა გაევლო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთელს ზედმეტი წონა ჰქონია, რის გამოც ის არველაძის გუნდს ვერ შეუერთდა.

„ჩვენთან არა სამბა, არამედ მაიკ ტაისონი ჩავიდა. გუნდში ფეხბურთელი მჭირდება და არა მძიმე წონის მქონე მოკრივე“, – განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა.

უეფამ შოთა არველაძე თურქეთის საუკეთესო ლეგიონერთა ათეულში შეიყვანა

“ტრაბზონსფორმა” ათკაციანი “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შოთა არველაძის “ტრაბზონსფორმა” მაკედონიური “რაბოტნიჩკის” ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა ბალკანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. არველაძემ იმ მატჩის შემდეგ თქვა, შინ მოვიგებთ და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლებას ჩვენ მოვიპოვებთო, თუმცა ასე არ მოხდა.

მართალია, უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ თურქი ქომაგები ცოტა შეფიქრიანდნენ, თუმცა 55-ე წუთზე მასპინძელთა 21 წლის ნახევარმცველმა ოქაი იოქუშლუმ დაახლოებით ისეთი გოლი გაიტანა, 2007 წელს შოთა არველაძემ შოტლანდიის ნაკრებს რომ შეუგდო. ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღდგა. თურქები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, ამას ისიც დაემატა, რომ სტუმართა მცველ დუშკო ტრაიჩევსკის 65-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს. “რაბოტნიჩკი” მთელი ძალით თავს იცავდა და როგორც იტყვიან, გაძლებაზე იყო, “ტრაბზონსფორმა” კი რამდენიმე რეალური მომენტი შექმნა, თუმცა ხან მაკედონიელთა მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი თამაშობდა ბრწყინვალედ, ხანაც თურქი ფეხბურთელები სცოდავდნენ ბოლო მომენტში. შეხვედრის ძირითადი დრო “ტრაბზონსფორის” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებითი ტაიმები დაინიშნა. მართალია, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა შეცვლაზე შესული კირე მარკოსკი 112-ე წუთზე თავის მეურვეს დაუსხლტა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში სტუმრებს უპირატესობა მოუპოვა. დარჩენილ დროში თურქებს ერთი გოლიც არ ჰყოფნიდათ, თუმც ვერც იმ ერთი გოლის გატანა ვერ მოახერხეს და ევროსარბიელს გამოეთიშნენ.

ვის შეხვდება ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში “რაბოტნიჩკი”, ეს დღეს გასამართ წილისყრაზე გახდება ცნობილი.

ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
მეორე მატჩი:
“ტრაბზონსფორი” — “რაბოტნიჩკი” 1:1 (0:0) (ორი მატჩის ჯამში 1:2)

გოლები: იოქუშლუ 55′ — მარკოსკი 110′.
გაფრთხილებები: კონსტანტი 64′, დენის ილმაზი 78′, მბია 80′, კარდოსო 112′ — ტრაიჩევსკი 44′, ალტიპარმაკოვსკი 64′, ილიოსკი 65′, პეტროვიჩი 86′.
გაძევება: ტრაიჩევსკი 65′ (“რაბოტნიჩკი”).