“ჰათაისფორი” ადასტურებს: “ჰალმა” ლობჟანიძის თაობაზე მოგვმართა”

შოთა არველაძის “ჰალ სიტი” საქართველოს ნაკრებისა და “ჰათაისფორის” გარემარბ საბა ლობჟანიძეს ინგლისურ გუნდში იწვევს. ეს ინფორმაცია თურქული კლუბის ვიცეპრეზიდენტმა მუსტაფა ოზათმა დაადასტურა.

“ჰალ სიტიმ” საბა ლობჟანიძისა და აუბ ელ-ქააბის თაობაზე წინადადებით მოგვმართა. ჩვენ ეს საკითხი კლუბის დირექტორთა საბჭოსთან ერთად განვიხილეთ, თუმცა სატრანსფერო საფასური ჯერ არ დაგვიდგენია”, – ციტირებს ოზათის სიტყვებს Ajansspor-ი.

საბა ლობჟანიძემ 2021-2022 წლების სეზონში “ჰათაისფორის” ფორმით 40 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მას თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი “ტრანსფერმარკტი” ქართველი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას ოთხ მილიონ ევროდ აფასებს.

შოთა არველაძე: “რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, თქვან, რომ ომი დაიწყეს”

უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა Football24.ua-მ “ჰალ სიტის” მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ.

– შოთა, თქვენ ოპერატიულად გამოეხმაურეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს – რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოხატეთ.
– პირველ დღეს ვერ დავარქმევდი, დაპირისპირება წლებია გრძელდებოდა. ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. თუ ისტორიას გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს არ დაწყებულა 24 თებერვალს და საქართველოს შემთხვევაში, არც 2008 წელს. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე, მრავალი ათეული წლის წინ დაიწყო. 24 თებერვალი მორიგი ეტაპის ოფიციალური თარიღია. იგრძნობოდა, რომ შეტევა ადრე თუ გვიან მოხდებოდა.

– 26 თებერვალს თქვენმა “ჰალ სიტიმ” “პიტერბორო” დაამარცხა, თამაშის შემდეგ კი ისევ უკრაინაზე ისაუბრეთ. ზოგიერთი უკრაინელი საკუთარ ქვეყანას იმდენ ყურადღებას არ აქცევს, როგორც თქვენ.
– უკრაინაში განვითარებული მოვლენები მაწუხებს, არცთუ ისე შორს ვარ, ვკითხულობ და მაინტერესებს ამბები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხალხი. ვცდილობ გავიგო, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ ვთამაშობთ ფეხბურთს? რატომ ვულოცავთ ერთმანეთს დაბადების დღეს? ჩემს მუსლიმ მეგობრებს ვურეკავ და რამადანს ვულოცავ. ისინიც თბილ სიტყვებს მეტყვიან აღდგომის დღესასწაულზე. ამ დროს ვიღაც თავს უფლებას აძლევს სხვისი ნაწილი წაიღოს და მშვიდობიანი ქვეყანა დაბომბოს. ის შენ არ გეკუთვნის და შენი კუთვნილი არასდროს გახდება. მერე ზოგიერთს უკვირს, რომ ვიღაცას ისინი არ უყვარს და არც პატივს სცემს.

– იქნებ ეს მენტალიტეტითა და ღირებულებებით აიხსნას?
– ბავშვობაში მასწავლიდნენ: “არასოდეს შეეხო სხვას”. ეს ყველაფერი პატარაობიდან იწყება. ბებიას პატარა აგარაკი ჰქონდა. მისი მეზობლის ბაღში ალუბლის დიდი ხე გაიზარდა, რომლის ტოტებიც ბებიის ეზო გადმოჰყურებდა. ბავშვებს ძალიან გვინდოდა ამ ალუბლის ჭამა, მაგრამ ბებიამ ხელებზე დაგვარტყა და აგვიხსნა: “ეს ჩვენი არ არის”. სულ მცირე, უნდა გვეკითხა, შეიძლება თუ არა სხვისი ხისგან ალუბლის ჭამა. ეს მხოლოდ ხილია და დღეს ვიღაც სხვას სიცოცხლეს ართმევს.

– თქვენს ერთ-ერთ მიმართვაში ასეთი რამ თქვით: “არ მინდა, ჩვენი ლაპარაკი და მხარდაჭერა დაემსგავსოს იმ უცხოელი პოლიტიკოსებისას, რომელთა სუსტმა და არამკვეთრმა პოლიტიკამ ჯერ საქართველო მიიყვანა მძიმე მდგომარეობამდე და ახლა იგივე გზას უკრაინა გადის. სამყარო ვითარდება, მაგრამ ადამიანის ბუნება უცვლელი რჩება და ბოროტებას განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისი პასუხის გაცემა სჭირდება”. როგორ მოგწონთ უკრაინის რეაქცია ამ ბოროტებაზე?
– საქართველოს მთელი ისტორია ომებისგან შედგება. ჩვენ მუდმივად ომში ვიყავით, თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ გმირები არ გვჭირდება. თუ გმირები გჭირდებათ, მაშინ რაღაც ისე ვერ არის. ცხოვრება გმირების გარეშე შესაძლებელია. შვეიცარია რატომღაც გმირების გარეშე ცხოვრობს, აშენებს სახელმწიფოს და ეკონომიკას. ან შეხედეთ დღევანდელ გერმანიას. სხვა გმირები ჰყავს – აინშტაინი, გოეთე, ფილოსოფოსები, მწერლები. ან იგივე სკანდინავიელები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ბრილიანტად აქცევენ. ისინი მშვიდად ცხოვრობენ და ზრუნავენ თავიანთ კეთილდღეობაზე. ნუთუ მართლა შეუძლებელია ასე ცხოვრება? ნუ გამოიგონებთ სხვადასხვა ლეგენდებს, ნუ დაიწყებთ ომებს. მოხარული ვიქნები, უკრაინას გმირები რომ არ სჭირდებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ХХІ საუკუნეში ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება გმირები. უკრაინა გმირი ქვეყანაა. თქვენი ხალხი უძლებს, იბრძვის სამშობლოსთვის და არა მარტო სამშობლოსთვის. უკრაინა თავისუფლებას აძლევს სხვებს. მტკივნეულია ამ ყველაფრის ყურება, მაგრამ გულით მიხარია, რომ არის ერი, რომელსაც ასე შეუპოვრად ბრძოლა შეუძლია.

– თავიანთ ფრონტზე იბრძვიან უკრაინელი ფეხბურთელებიც. შევჩენკო, იარმოლენკო, ზინჩენკო და მიკოლენკო ბრიტანეთში ბევრს აკეთებენ ჩვენი გამარჯვებისთვის.
– მათგან ყველაზე კარგად შევას ვიცნობ. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან ნაცნობობა მაკავშირებს – ადრე ვესაუბრე ლეონიდ ბურიაკს და სხვა უკრაინელებს. ვკითხე, როგორ იყო საქმეები, დახმარება შევთავაზე. ვიცი, რაოდენ უჭირთ მათ. 2008 წელს მეც მირეკავდნენ მთელი მსოფლიოდან. ტერიტორიულად საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიყავი, ამსტერდამში, მაგრამ საქართველოში იყვნენ ჩემი შვილები, მშობლები და ძმები.

– მაშინ შინ დაბრუნებას ცდილობდით?
– ჩარტერული რეისის დაჯავშნას ვაპირებდი, მაგრამ ახლობლები უარზე იყვნენ. მაინც წავედი, ტრაპიზონით ჩავედი. ამიტომ, როგორც არავის, მესმის, რას გრძნობს თითოეული უკრაინელი. ყოველდღიური ნერვიულობა, ახალი ამბების კითხვა… ჩვენც დაგვბომბეს, ვერტმფრენებიდანაც გვესროდნენ, ქალაქებიც დაინგრა, ქვეყნის 25 პროცენტის ოკუპირება მოახდინეს. მე მხოლოდ ვისურვებდი, რომ ომი მაქსიმალურად მალე დასრულდეს თქვენი გამარჯვებით. მთელი საქართველო ღელავს უკრაინაზე, ყველას გვტკივა. მეც ვღელავ, ჩემი მშობლებიც ღელავენ, რომლებიც 75 წლის ასაკის არიან, ღელავენ ჩემი შვილებიც. მიჭირს ამაზე საუბარი და უბრალოდ გვერდიდან ყურება.

– 2010 წელს დიკ ადვოკატმა მიგიწვიათ რუსეთის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, მაგრამ თქვენ უარი თქვით. 2018 წელს უგულებელყავით რუსეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი. საქართველოში მომხდარის შემდეგ შეუძლებელი იყო საკუთარ სინდისთან კომპრომისზე წასვლა?
– ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებდი. არის რაღაცები, რასაც უბრალოდ არ აკეთებ. ეს ჩემი ქმედებებია, რის გაკეთებასაც საჭიროდ ვთვლიდი. ყველა ისე იქცევა, როგორც გული ეუბნება. ეს არ არის გმირობა, არ არის აუცილებელი პრინციპის ჩვენება. ეს ის შემთხვევაა, როცა ჯდები, ფიქრებში ეფლობი და საკუთარ თავს ეუბნები: “არა, ამას არ გავაკეთებ”.

– უკრაინის ნაკრებთან არაერთხელ გითამაშიათ. რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად უკრაინაში თქვენი ვიზიტებიდან?
– მახსოვს, როგორ დავმარცხდით 2004 წელს ლვოვში 0:2. მე და შევა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად დაგვასახელეს. პრიზი გადმომცეს, თუმცა იმდენად დაძაბული ვიყავი, რომ ეს ჯილდო გასახდელში დამავიწყდა. საერთოდ, ლვოვმა გამაკვირვა. თამაშამდე ქალაქის ქუჩებში ვსეირნობდით და ადგილობრივებისგან მხოლოდ უკრაინული ენა გვესმოდა. კიევში სტუმრობისას ძირითადად რუსული მესმოდა.

– უკრაინის საკითხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალურ თემად რჩება. ყველაზე დიდი ყურადღება ბრიტანელებისგან იგრძნობა. არც თქვენი “ჰალ სიტია” გამონაკლისი.
– ინგლისში თითქმის დილიდან საღამომდე უკრაინის მოვლენებზე საუბრობენ. ყველას საერთო ხედვა აქვს – სხვისას ვერ მიითვისებ. იცით, რა არის გასაკვირი – რუსებს იმის გამბედაობაც კი არ აქვთ, რასაც უკრაინაში აკეთებენ, სიტყვა “ომი” უწოდონ. რა სპეცოპერაცია? არ არსებობს ორთვიანი და სამთვიანი ოპერაციები. ოპერაცია მაქსიმუმ ერთი ან ორი საათია. ეს კი თვეების საკითხია. მსოფლიოს ვერც კი ეუბნებიან, რომ ომი დაიწყეს. ეს ყველაზე ცუდია. თუ ასეთი მაგარი ხარ, ღიად უნდა თქვა.

– თქვენი ბიძა არის ვახტანგ კიკაბიძე, უკრაინის დიდი მეგობარი. როგორ აღიქვამს ის რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ?
– მან დიდი ხნის წინ თქვა უარი რუსეთში გადაცემულ ჯილდოებზე. ასევე უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე და მრავალი წელია იგნორირებას უკეთებს ამ ქვეყანას. ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ ახსოვს წარსულიდან: ცუდიც და კარგიც. თეატრის, მუსიკისა და კინოს სფეროს ადამიანებს შორის კომუნიკაციის კულტურა, ალბათ, საბჭოთა პერიოდის პოზიტივს ეკუთვნის. მაგალითად, ლია ახეჯაკოვა დავასახელოთ, რომელიც გამოდის და საჯაროდ აკრიტიკებს ხელისუფლებას. რა თქმა უნდა, საქართველოში ამის გაკეთება უფრო იოლია. ვახტანგ კიკაბიძე საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი კრიტიკოსია. როგორც ვიცი, ის თქვენი პრეზიდენტის ახლო მეგობარია და ყოველთვის სიამოვნებით ჩადის კიევში.

– უკრაინა ყოველდღიურ ტკივილს განიცდის, თუმცა მედგარ წინააღმდეგობას უწევს. გჯერათ ჩვენი გამარჯვების?
– ვიცი, რომ სიმართლე ერთია. ვიცი, რომ თქვენი ხალხი ბრძოლას გააგრძელებს. შეიძლება ამ ომის ცალკეულ ბრძოლებში დამარცხდეთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ. ერი, რომელსაც ასე უყვარს თავისი ქვეყანა და მიწა, დაუმარცხებელია. თქვენ ხართ დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა. კიევი ათას წელზე მეტი ხნისაა, მას დიდი მემკვიდრეობა აქვს. მისი სიმბოლო ჩემთვის კიევ-პეჩერის ლავრის მოოქროვილი გუმბათებია. ეს ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ქართული სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვარი თუ გელათის მონასტერი…

იცოდეთ, რომ ჩვენ, ქართველები მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ. ვისურვებდი, რომ ომი ძალიან მალე დასრულებულიყოს. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ უკრაინისთვის. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციები რეგულარულად იმართება. ეს არის რიგითი ქართველების ნება. ჩვენ ვიღებთ ლტოლვილებს, გვიხარია, რომ თქვენ გვერდით ვართ. თუმცა, გვინდა, რომ უფრო მეტი უკრაინელი შემოვიდეს ჩვენთან, როგორც ტურისტი. გვინდა, რომ უკრაინელებმა მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. ღმერთი იყოს თქვენთან. ყველა უკრაინელს ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ძალას და მოთმინებას.

შოთა არველაძის “ჰალს” თავი ქუდში აქვს

ინგლისის ჩემპიონშიფის 42-ე ტურში შოთა არველაძის “ჰალ სიტიმ” საკუთარ მოედანზე “კარდიფ სიტი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ვეფხვებმა” ჩემპიონშიფში ადგილი საბოლოოდ შეინარჩუნეს.

“ჰალის” უშუალო კონკურენტმა “ბარნსლიმ” გასვლაზე “სუონსი სიტისთან” ფრედ, ანგარიშით 1:1 ითამაშა. ამ შედეგის გათვალისწინებით, “ჰალ სიტის” ჩემპიონშიფიდან გავარდნის თეორიული შანსიც გაქრა.

როგორც მოგეხსენებათ, ინგლისის რანგით მეორე დივიზიონიდან სამი გუნდი ვარდება: 28 ქულით ბოლო, 24-ე ადგილზეა უეინ რუნის “დერბი ქაუნთი”, რომელსაც ორი ქულით უსწრებს “ბარნსლი”, ხოლო “პიტერბორო იუნაიტედს” 31 პუნქტი აქვს მოგროვებული. “ჰალი” 47 ქულით გათამაშების მე-19 პოზიციაზე არის გამწესებული.

“ჰალის” მფლობელი კლუბის ფანებს თურქეთში დაასვენებს

“ჰალ სიტის” მფლობელმა აჯუნ ილიჯალიმ გუნდის ფანებს სიურპრიზი მოუმზადა. თურქი ბიზნესმენი ზაფხულში 500 ქომაგს თურქეთში დაასვენებს.

ილიჯალი ფანებს თურქეთში კერძო თვითმფრინავით გაამგზავრებს და ხუთი დღის განმავლობაში ანთალიის ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უმასპინძლებს. ბიზნესმენი ყველა ხარჯს თავად დაფარავს. იღბლიან ქომაგთა ერთი ნაწილის ვინაობა ლატარიის მეშვეობით გაირკვევა, მეორე ნაწილი კი ის ფანები იქნებიან, რომლებიც მიმდინარე სეზონში “ჰალის” ყველაზე მეტ მატჩს დაესწრებიან.

“ვოცნებობ ისეთ სიგიჟეებზე, როგორიცაა “ჰალის” ხალხის თურქეთში დასვენება და მათთვის ჩემი ქვეყნის სილამაზის გაცნობა”, – ციტირებს ილიჯალის სიტყვებს “დეილი მეილი”.

შეგახსენებთ, რომ აჯუნ ილიჯალიმ “ჰალ სიტი” მიმდინარე წლის იანვარში შეიძინა და გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძე დანიშნა. გუნდს ინგლისის ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-20 ადგილი უკავია და გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გასავარდნ ზონას 12 ქულა აშორებს.

“ჰალში” არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა (ფოტოები)

“ჰალ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე შოთა არველაძის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ქართველი სპეციალისტის გუნდმა ინგლისის ჩემპიონშიფის 29-ე ტურის მატჩში “სუონსი სიტის” უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. “ვეფხვები” ტომ ივსმა შეხვედრის მე-5 წუთზე დააწინაურა, მე-17 წუთზე კი კინ ლიუს-პოტერმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. დარჩენილ დროში “ჰალმა” უპირატესობა შეინარჩუნა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.

გუნდმა მიჯრით მესამე მატჩი მოიგო, აქტივში 32 ქულა დააგროვა, მე-18 პოზიციამდე ამოვიდა და გასავარდ ზონას 12 პუნქტით დაშორდა. “ჰალი” მომდევნო ტურში გათამაშების შუაადგილოსან “პრესტონს” უმასპინძლებს. შეხვედრა 5 თებერვალს ჩატარდება.

გთავაზობთ აღნიშნული მატჩიდან შოთა არველაძის ფოტოკოლაჟს.

“ნიუკასლმა” ბენ არფასთან კონტრაქტი გაწყვიტა

“ნიუკასლ იუნაიტედმა” ნახევარმცველ ჰატემ ბენ არფასთან კონტრაქტი გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი იჯარის წესით “ჰალ სიტიში” თამაშობს.

კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ბენ არფა, მომავალ სეზონს, სავარაუდოდ, ფრანგულ “ნიცაში” დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ჰატემ ბენ არფა “ნიუკასლის” ღირსებას 2010 წლიდან იცავდა.

 

“ჰალ სიტი” იყიდება

“ჰალის სიტის” მფლობელ ასემ ალამს კლუბისთვის სახელის გადარქმევა და “ჰალ ტაიგერსის” დარქმევა სურდა, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ეგვიპტელ ბიზნესმენს ამის ნებართვა არ მისცა. ამ აკრძალვის გამო, ალამმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა.

“ბოლო პერიოდში უამრავი ჭორი გავრცელდა, ამიტომ გადავწყვიტე პრესკონფერენციის ჩატარება, რათა ყველაფერი აგიხსნათ.
მიმდინარე წლის დასაწყისში განვაცხადეთ, რომ კლუბს გასაყიდად გავიტანდით, თუ მისთვის “ჰალ ტაიგერსის” დარქმევის უფლებას არ მოგვცემდნენ. ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვეტილება 9 აპრილს გამოიტანა, უკვე 10 აპრილს კი განვაცხადეთ, რომ “ჰალ სიტი” იყიდება. ლოზანის სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილების გასაჩივრების გადაწყვეტილებაც მივიღეთ”, – ციტირებს “ჰალ სიტის” 75 წლის მფლობელის სიტყვებს BBC.

 

სუარესის ულამაზესი გოლი

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტურში „ლივერპულსა“ და „ჰალ სიტის“ შორის მიმდინარე მატჩში მერსისაიდული გუნდის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და „წითლების“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

აქვე გთავაზობთ აღნიშნული გოლის ამსახველ ვიდეომასალას.