იტალიის სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი „ნაპოლი“ მიიღო. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე ფერნანდო ლორენტემ ანგარიში გახსნა, თუმცა მომენტის განმეორებით ჩვენებაზე ნათელი გახდა, რომ მსაჯები შეცდნენ – ბასკი ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ასეა თუ ისე, „ბიანკონერი“ დებიუტშივე დაწინაურდა. მაყურებლებს მეორე გოლის სანახავდ საკმაო ლოდინი მოუხდათ, თუმცა ამ დროის გახარჯვა დანარჩენ ორ გოლად ღირდა. 74-ე წუთზე ანდრეა პირლომ ანგარიშში სხვაობა საჯარიმო დარტყმით გაზარდა. საბოლოო შედეგი პოლ პოგბამ დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მე-80 წუთზე იშვიათი სილამაზის გოლი გაიტანა – 3:0. ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა პეპე რეინას კარის მიმართულებით ბურთი 101 კმ/სთ სიჩქარით გაგზავნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლები 83-ე წუთის შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში იყვნენ, რადგან სწრაფი კონტშეტევის ჩაშლისთვის მთავარმა არბიტრმა ტურინელთა მცველ ანჯელო ოგბონას მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე პოზიციები გაიმყარა და ლიდერ „რომასთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა. რაც შეეხება „ნაპოლის“, რაფაელ ბენიტესის გუნდი 28 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა.
იტალიის სერია A
XII ტური
„იუვენტუსი“–„ნაპოლი“ 3:0 (1:0)
გოლები: ლორენტე 2′, პირლო 74′, პოგბა 80′.
გაფრთხილებები: ბონუჩი 51′, ოგბონა 57′, ვიდალი 72′ – ჰამშიკი 61′.
გაძევება: ოგბონა 83′.
ბექა დოგრაშვილი