მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი თვლის, რომ პრესა “სტრემსგოდსეტის” შემტევ ნახევარმცველ მარტინ ედეგორს ზედმეტ ყურადღებას უთმობს, რითაც ახალგაზრდა ნორვეგიელ ფეხბურთელს დიდი წნეხის ქვეშ აყენებს. ედეგორს ამა წლის 17 დეკემბერს მხოლოდ 16 წელი უსრულდება. ის უკვე თამაშობს კლუბის ძირითად შემადგენლობაში. გარდა ამისა, ედეგორი 15 წლისა და 300 დღის ასაკში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მონაწილეობით ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უთამაშია.
მარტინ ედეგორით უკვე დაინტერესდნენ ევროპის წამყვანი კლუბები. ახალგაზრდა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა “ლივერპულისა” და მიუნხენის “ბაიერნის” რიგებში უკვე ჩაატარა რამდენიმე ვარჯიში, იანვრიდან კი ამსტერდამის “აიაქსში” ივარჯიშებს.
“ედეგორი დიდი ნიჭის მქონე ფეხბურთელია, მაგრამ ის მხოლოდ 15 წლის გახლავთ. მის შესახებ ბევრს საუბრობენ და წერენ, თუმცა მისთვის უმჯობესი იქნება, მშვიდ გარემოში ფეხბურთით ტკბობის საშუალება მიეცეს. ამ ყურადღებით ედეგორი დიდი წნეხის ქვეშ ექცევა”, – რობენის სიტყვები sport1.de-ზე გამოქვეყნდა.