ჯერარდი: “ასტონ ვილა” ევროთასებზე უნდა გავიდეს”

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდი საკუთარ გუნდს მიზნად ევროთასებზე გასვლას უსახავს.

“სანამ აქ მუშაობას შევუდგებოდი, ყურადღებით ვაკვირდებოდი ევროთასებზე ისეთი გუნდების გამოსვლას, როგორებიცაა “ლესტრი” და “ვესტ ჰემი”.

ვფიქრობ, რომ ევროთასებზე “ასტონ ვილაც” უნდა გავიდეს, რათა სერიოზულად მიგვიღონ. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც ამ მიზანს ვერ მივაღწევთ. ეს შესრულებადი მიზანია”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

შეგახსენებთ, რომ სტივ ჯერარდმა “ასტონ ვილა” 11 ნოემბერს ჩაიბარა. მას შემდეგ გუნდმა პრემიერლიგაში ოთხი მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი გამარჯვებით დაასრულა, ერთ შეხვედრაში კი დამარცხდა (“მანჩესტერ სიტისთან”). “ასტონ ვილას” თავკაცის პოსტზე ჯერარდის დანიშვნის მომენტში გუნდს ათი ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი ეკავა, ახლა კი მეათე პოზიციაზეა.

ოფიციალურად: სტივენ ჯერარდი “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელია

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივენ ჯერარდი დაინიშნა. “სქაი სპორტსის” თანახმად, მხარეებს შორის ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ 41 წლის სპეციალისტი ამ დრომდე გლაზგოს “რეინჯერსში” მუშაობდა, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატი მოიგო. “ასტონ ვილა” შოტლანდიური კლუბისთვის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა.

ჯერარდმა ინგლისური გუნდის თავკაცის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

“ასტონ ვილა” ინგლისურ ფეხბურთში მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბია და ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა. “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების პროცესში გამოჩნდა, რაოდენ სერიოზული ამბიცია აქვს კლუბს და ჩვენ მის სისრულეში მოყვანას ვეცდებით.

მადლობას ვუხდი “რეინჯერსთან” დაკავშირებულ ყველა პირს, რადგან მათ მე ამ ლეგენდარულ კლუბში მუშაობის შესაძლებლობა მომცეს. მე გუნდს სარეკორდო 55-ე საჩემპიონო ტიტულის მოგებაში დავეხმარე. “რეინჯერსი” სამუდამოდ დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ჩემს გულში. ფეხბურთელებს, პერსონალსა და ფანებს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ”, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს “ასტონ ვილას” ოფიციალური ვებგვერდი.

ინგლისის პრემიერლიგის 11 ტურის თავზე “ასტონ ვილას” ათი ქულით სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.

“ასტონ ვილამ” ტიმ შერვუდი გაათავისუფლა

“ასტონ ვილამ” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტიმ შერვუდი გაათავისუფლა.

იგი ბირმინგემულ გუნდს მხოლოდ რვა თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ძველი სამწვრთნელო შტაბიდან “ასტონ ვილაში” მხოლოდ ტონი პარკსი დარჩება. შერვუდთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა შემდეგმა თანაშემწეებმა: რეი უილკინსმა, მარკ რობსონმა და შემუს ბრეიდიმ.

გუნდს დროებით კევინ მაკდონალდი უთავკაცებს.

“ასტონ ვილამ” ინგლსისი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ათ მატჩში მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. გუნდს 4 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილი უკავია.

 

“არსენალმა” ლიგის თასი უბრძოლველად მოიგო (ვიდეო)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის “არსენალი” “უემბლიზე” ბირმინგემის “ასტონ ვილას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

ანგარიში მატჩის მე-40 წუთზე თეო უოლკოტმა გახსნა, როცა მის მიერვე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა. 50-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შორეული დარტყმით ბურთს საოცარი ტრაექტორია მისცა და საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა. მეორე გაშვებულმა ბურთმა “ასტონ ვილას” საბოლოოდ გადაუწურა თასის მოგების იმედი. ამის შემდეგ ტიმ შერვუდის გუნდი უკვე ინერციით თამაშობდა. 62-ე წუთზე ტანმაღალმა მცველმა პერ მერტეაზაკერმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა – 3:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმაც გამოიჩინა თავი – 4:0.

“არსენალმა” ასოციაციის თასი ისტორიაში მე-12-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პირადად არსენ ვენგერმა ეს ტიტული მეხუთედ დაისაკუთრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგის თასის ფინალში “არსენალის” გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ უეფას ევროპის ლიგის მომდევნო გათამაშებაში “ლივერპული” ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან, “საუთჰემპტონი” კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.

 

ასოციაციის თასის ფინალი:
“არსენალი” — “ასტონ ვილა” 4:0 (1:0)

გოლები: უოლკოტი 40′, სანჩესი 50′, მერტეზაკერი 62′, ჟირუ 90+3′.
გაფრთხილებები: კლევერლი 14′, ჰატონი 33′, დელფი 37′, ვესტვუდი 52′, აგბონლაჰორი 83′.

“საუთჰემპტონის” ფეხბურთელმა პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა (ვიდეო)

“საუთჰემპტონის” ნახევარმცველმა სადიო მანემ ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი გაიტანა. სენეგალელ ფეხბურთელს სამი გოლის გასატანად მხოლოდ 2 წუთი და 56 წამი ეყო.

წინა რეკორდი “ლივერპულის” ყოფილ თავდამსხმელ რობი ფაულერს ეკუთვნოდა, რომელმაც ჰეთთრიკი 4 წუთსა და 33 წამში გაიტანა.

 

“ასტონ ვილას” თავკაცის პოსტზე ტიმ შერვუდი დაინიშნა

ბირმინგემის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიმ შერვუდი დაინიშნა.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2017/18 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.

შერვუდმა, რომელიც მანამდე “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ხელმძღვანელობდა, “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიმდინარე კვირაში გათავისუფლებული პოლ ლამბერტი შეცვალა.

“ასტონ ვილას” ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილი უკავია.

 

“ასტონ ვილამ” პოლ ლამბერტი გაათავისუფლა

ბირმინგემის “ასტონ ვილას” ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელი პოლ ლამბერტი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.

45 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი კლუბის მფლობელის, რენდი ლერნერის სრული ნდობით სარგებლობდა, თუმცა მის მიერ დამოძღვრილი “ასტონ ვილა” პროგრესს ვერ განიცდიდა და წლების განმავლობაში პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. ლამბერტი ბირმინგემულ გუნდს 2012 წლიდან თავკაცობდა.

გუნდს ინგლისის პრემიერლიგაში ათმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე იმყოფება.

ინგლისის თასზე “ლესტერ სიტის” წინააღმდეგ კვირას გასამართი შეხვედრისთვის “ასტონ ვილას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე სკოტ მარშალი და მეკარეების მწვრთნელი ენდი მარშალი მოამზადებენ.

 

“ასტონ ვილას” აზერბაიჯანელები ყიდულობენ?

ინგლისური “ასტონ ვილა” შესაძლოა, აზერბაიჯანულმა კომპანია Gilan Holding-მა შეიძინოს. azerisport-ის ცნობით, ამის შესახებ კლუბის ერთ-ერთმა სპონსორმა ჯონი გულდმა განაცხადა.

“ასტონ ვილას” ამჟამინდელმა მფლობელმა რენდი ლერნერმა კლუბი გასაყიდად გასულ წელს გაიტანა. კლუბის ღირებულება დაახლოებით 250 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

“ასტონ ვილას” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილი უკავია.

 

კენი დალგლიში: “მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი”

“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ექს-მთავარმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა განაცხადა, რომ “ასტონ ვილას” თავკაც პოლ ლამბერტისა და მისი თანაშემწე როი კინის ადგილას არც ის ჩამოართმევდა ხელს ჟოზე მოურინიოს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის VI ტურში ლონდონის “ჩელსისა” და “ასტონ ვილას” შორის გამართული მატჩის (3:0) მიწურულს მოურინიო ლამბერტთან და კინთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, თუმცა შოტლანდელმა სპეციალისტებმა ნაადრევად ამის გაკეთება არ ისურვეს.

“ასეთ სიტუაციაში მოურინიოს ხელს არც მე ჩამოვართმევდი, – ციტირებს დალგლიშის სიტყვებს “მირორი”. – მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. როდესაც ადამიანი ასეთ მწვერვალზეა, მან შესაძლოა, მოულოდნელი საქციელი ჩაიდინოს, თუმცა ერთი ძველი სიბრძნე ყველას უნდა გვახსოვდეს: როდესაც მწვერვალზე ხარ, ადამიანებს კარგად უნდა მოექცე, რადგან დაცემისას მათი დახმარება დაგჭირდება”.

 

მკაცრი როი კინიც მოალბეს

როი კინს ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი და შეუბრალებელი მოთამაშის რეპუტაცია ჰქონდა, თუმცა ირლანდიელმა ამ უქმეებზე გვიჩვენა, რომ სითბოს გამოხატვაც შეუძლია.

შაბათს “ასტონ ვილასა” და იტალიურ “პარმას” შორის ამხანაგური მატჩი (0:0) გაიმართა. როი კინი ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელის, პოლ ლამბერტის თანაშემწეა და როგორც წესი და რიგია, მის გვერდით დაიკავა ადგილი. ამ დროს მასთან “ასტონ ვილას” თილისმამ მიირბინა და კინს გულთბილად ჩაეხუტა, რამაც ყველა გაამხიარულა, თვით მკაცრი ირლანდიელიც კი.

ოფიციალურად: ალი სისოკო “ასტონ ვილაში” გადავიდა

“ვალენსიას” აწ უკვე ყოფილი მცველი ალი სისოკო ინგლისურ “ასტონ ვილაში” გადავიდა.

26 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ოფიციალური მხარე ტრანსფერის ღირებულებას არ ასაჯაროებს, თუმცა არაოფიციალური წყაროს ცნობით, ინგლისელებმა სისოკოს სანაცვლოდ სამი მილიონი გაიღეს, რომლიდანაც 2,5 მილიონს “ღამურები” მიიღებენ, 0,5 მილიონით კი ფეხბურთელის ყოფილი კლუბი “ლიონი” გამდიდრდება.

ცნობისათვის, სისოკომ გასული სეზონი იჯარის წესით “ლივერპულში” გაატარა. ასე რომ, პრემიერლიგა მისთვის უცხო არ არის. ფრანგმა მცველმა ინგლისის ჩემპიონატის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

 

ჯო კოული „ასტონ ვილაში“ გადავიდა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯო კოული კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს.

მხარეებს შორის ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

შეგახსენებთ, რომ ჯო კოული უკანასკნელად ლონდონის „ვესტ ჰემის“ ღირსებას იცავდა.

ინგლისის პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 32 წლის ფეხბურთელმა 20 მატჩი ჩაატარა (აქედან ექვს შეხვედრაში სასტარტო განაცხადში მოხვდა), სამი გოლი გაიტანა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ კოულს ინგლისის ნაკრებში ჩატარებულ 56 მატჩში ათი გოლი აქვს მითვლილი.

ბექა დოგრაშვილი