ტრავმირებული ნეიმარის მოქმედებამ „ბარსელონას“ ქომაგები აღაშფოთა

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ნეიმარი, რომელიც ფეხის ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე მოედანზე ვერ გავა, პლაჟის ფეხბურთის თამაშის პროცესში შენიშნეს. აღნიშნულმა ფაქტმა კატალონიური გუნდის ქომაგების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც კლუბის ხელმძღვანელობასთანაც დაიჩივლეს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ესპანეთის სამეფო თასის ფინალურ მატჩში მიიღო. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ სირთულეების თავიდან აცილების მიზნით გამოჯანმრთელების პროცესს არ დააჩქარებს.

ბექა დოგრაშვილი

ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს

გუშინ, „ვილიარეალსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (2:3) კატალონიელთა მცველ დანი ალვესს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ინციდენტი იუმორისტულად შეაფასა და მოედანზე გადმოგდებული ბანანი მიირთვა.

„არ ვიცი, ვინ გადმოაგდო, მაგრამ მადლობელი ვარ, რადგან ბანანმა ენერგია შემძინა ბურთის ჩაწოდებისას, რომელსაც გოლი მოყვა.

11 წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ და 11 წელიწადია, ასეთ გონებაჩლუნგებზე ვიცინი“, განაცხადა მატჩის შემდეგ დანი ალვესმა.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ცნობილმა ფეხბურთელებმა ანტირასისტული კამპანია ააგორეს, სოციალურ ქსელებში დანი ალვესისადმი მხარდამჭერ კომენტარებს აქვეყნებენ და ბანანით ფოტოებს იღებენ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ უსიამოვნო ფაქტს გამოეხმაურა, „ბარსელონას“ ბრაზილიელი ლიდერი ნეიმარი გახლავთ.

„ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ, ჩვენ ყველანი მაიმუნები ვართ. უთხარი რაისზმს „არა“. ძალიან სამწუხაროა, რომ 2014 წელსაც კი ვხვდებით ასეთ გამოხტომებს. ამ ფოტოთი მხარს ვუჭერ დანი ალვესს. თუ თქვენც მეთანხმებით, გადაიღეთ ფოტო ბანანის ჭამის პროცესში. გამოვიყენოთ მათ წინააღმდეგ ის, რასაც ისინი იყენებენ ჩვენს წინააღმდეგ“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნეიმარმა.

კამპანიას შეუერთდნენ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელი სერხიო აგუერო და ქალთა ფეხბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი მარტა.

„ჩემს ბრაზილიელ კოლეგა მარტასთან ერთად ვამბობ: „არა რასიზმს“. ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აგუერომ კომენტარი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელები დავიდ ლუისი, ვილიანი და ოსკარი ანტირასისტულ აქციას შეუერთდნენ და ბანანით ხელში ვიდეო გადაიღეს, რომელიც მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.

დანი ალვესს მხარს უჭერს სანკტ-პეტერბურგის ბრაზილიელი თავდამსხმელი ჰალკიც. „ჩემი ძმისთვის“, – დაწერა ჰალკმა სოციალურ ქსელში.

ანტირასისტულ აქციას უერთდებიან „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელები მუსა დემბელე და ნასერ შადლი.

„არა რასიზმს, ჩვენ ყველანი ერთნაირები ვართ“, – აქციას რობერტო კარლოსიც შეუერთდა.

კამპანიას „ლივერპულის“ ფეხბურთელები – ფილიპე კოუტინიო და ლუის სუარესიც შეუერთდნენ.

ბექა დოგრაშვილი

ჩავი ფეხბურთს მიღმა

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას გამოეთიშა. კატალონიურმა გუნდმა მადრიდის „ატლეტიკოს“ ბარიერი ვერ დაძლია. წყვილის პირველი შეხვედრა, რომელიც „ნოუ კამპზე“ გაიმართა, ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. „ვისენტე კალდერონზე“ „ატლეტიკომ“ მე-5 წუთზევე დაწინაურდა და შემდეგ კარი მშრალად შეინახა. ამრიგად მადრიდულმა კლუბმა ორი მატჩის ჯამში მეტოქე 2:1 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კატალონიელთა მხრიდან ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) სასიკეთო ფაქტი ის იყო, რომ ჩავი ერნანდესს მატჩის მიმდინარეობისას გაკეთებული ასი გადაცემიდან ასივე ზუსტი გამოუვიდა, რაც ამ სტატისტიკური მონაცემის არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
როგორც ამბობენ, კატალონიელი ნახევარმცველი ფეხბურთს მიღმაც სამაგალითო პიროვნებაა. გთავაზობთ ინტერვიუს ჩავისთან, რომელშიც ის სწორედ არასაფეხბურთო კუთხით არის წარმოჩენილი.

— ვინ არის თქვენი კერპი სპორტში?
— ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე. ვფიქრობ, ბოლო 20-წლეულის საუკეთესო ნახევარმცველი პოლ სქოულზია. ის მისაბაძი ფიგურაა. რაც შეეხება „ბარსელონას“ ცენტრალურ ნახევარმცველებს, აქ ჩემი გმირი პეპ გვარდიოლა იყო.

— ვინ იქნებოდით, რომ არა სპორტსმენი?
— სხვა მრავალი ფეხბურთელის მსგავსად, თამაში „ლა მასიაში“, 11 წლის ასაკში დავიწყე. ვერ წარმომიდგენია, „ბარსელონას“ მოთამაშე რომ არ ვიყო. უფრო წარმოუდგენელია, საერთოდ ფეხბურთს რომ არ ვთამაშობდე. სხვაგან თამაშის სურვილი არც მაქვს.

— რომელია თქვენი კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი?
— თამაშის მნიშვნელობის თვალსაზრისით მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებულ ფინალურ მატჩზე უდიდესს ვერაფერს გეტყვით. რაც შეეხება ჩემს საუკეთესო თამაშს, ეს მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ შეხვედრაში მოხდა, როცა მეტოქე ანგარიშით 5:0 დავამარცხეთ. მაშინ საოცარი გრძნობა დამეუფლა, გასახდელში ვიყავით და საკუთარ თავს აპლოდისმენტებით ვასაჩუქრებდით. ეს იყო სურეალისტური გამოცდილება.

— და ყველაზე ცუდი მომენტი?
— ეს ის მომენტი იყო, როცა გავიგეთ, რომ ერიკ აბიდალს ღვიძლის კიბო ჰქონდა. ამ ამბავმა ყველაფერი განზე გაწია. მახსოვს, ის ისევე გვამხნევებდა, როგორც ჩვენ ვამხნევებდით მას.

— თქვენს სახლში ხანძარი რომ იყოს, რომელ ერთ ნივთს გადაარჩენდით?
— მხოლოდ იმას, რისი ჩანაცვლებაც შეუძლებელია. ვერანაირი თანხა ვერ შეცვლის იმ მაისურს, რომელიც მეცვა მაშინ, როცა თავს ზემოთ მსოფლიოს თასი ავწიე.

— რომელი სიმღერა გიყვართ ყველაზე მეტად?
— “Losing My Religion”. R.E.M. – საერთოდ მომწონს ამ ჯგუფის შემოქმედება.

— რომელ სატელევიზიო გადაცემას არ ტოვებთ?
— საერთოდ, ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებ. ან ფილმებს ვუყურებ, ანდაც – ფეხბურთს. ინგლისის პრემიერლიგის მატჩებისთვის თვალ-ყურის მიდევნება ერთი სიამოვნებაა, ვუყურებ კინოფილმებსაც. აი, ასე ვისვენებ.

— სამ ცნობილ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, ვის შეხვდებოდით და რატომ მათ?
— ავირჩევდი რობერტ დე ნიროს, ბრიუს სპრინგსტინსა და დიეგო მარადონას. ეს არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ასპექტებით ვაფასებ.

— კერძების მომზადება თუ შეგიძლიათ?
— კულინარიულ საქმეში საკმაოდ ძლიერი ვარ, თუმცა რთულად მოსამზადებელ კერძებს არ ვეკარები. როგორც წესი, მაკარონს ვუმატებ შემწვარ ქათამს და ვასხამ მცირე ოდენობით ზეითუნის ზეთს.

— სად გიყვართ დასვენება?
— იბიცა ბევრი ესპანელი ფეხბურთელის საყვარელი დასასვენებელი ადგილია. თუ ამ ადგილს ზაფხულში ეწვევით, საკმაოდ ბევრ ცნობილ მსახიობსა და მუსიკოსს წააწყდებით. ასე რომ, იბიცაზე ფეხბურთელებისთვის არავის სცალია.

— თქვენი ცხოვრების ამსახველ ფილმში, ვის ისურვებდით თქვენი როლის შემსრულებლად?
— მაღალი ფეხბურთელი არ ვარ, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ. ალბათ, ვინმე მეთ დეიმონის მსგავსს ავარჩევდი.

— გვითხარით თქვენი რაიმე საიდუმლო…
— „ბერნაბეუზე“ ვთამაშობდით. მაშინ დაახლოებით 18 წლის ვიყავი. მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ჩემთან რაული მოვიდა, ყურში მწვდა და დამშვიდებისკენ მომიწოდა. ახლა ის ჩემი დიდი მეგობარია, მაგრამ მაშინ ასეთი რამ მითხრა: „იცოდე შენი ადგილი, ბიჭო! აქ ჩვენი იერარქია გვაქვს“.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

მესიმ „პარი სენ-ჟერმენისგან“ ოფიციალური შეთავაზება მიიღო

ესპანური El Chiringuito-ს ცნობით, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ „პარი სენ-ჟერმენისგან“ ოფიციალური წინადადება მიიღო.

გამოცემის თანახმად, პარიზელები არგენტინელ ფეხბურთელს ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდას სთავაზობენ.

უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მესისა და „ბარსელონას“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივებას სახელფასო დეტალები აფერხებს. არგენტინელ თავდამსხმელს გაცილებით მეტი სურს, ვიდრე მას კატალონიური კლუბი სთავაზობს. ესპანური „ასის“ ცნობით, „ბარსელონა“ მესის გაყიდვის ვარიანტებსაც კი განიხილავს.

El Confidencial-ის თანახმად, „პარი სენ-ჟერმენის“ გარდა, „ბარსელონას“ ლიდერის გარშემო შექმნილ მდგომარეობას ინგლისური „მანჩესტერ სიტიც“ ყურადღებით აკვირდება.

მესის შესაძლო ტრანსფერი 250 მილიონ ევროდ ფასდება.

ბექა დოგრაშვილი

Sport.es: მესის „ბარსელონასგან“ 4 წელიწადში 400 მლნ ევროს მიღება სურს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, თუმცა საბოლოო შეთანხმების მიღწევას ფეხბურთელის სახელფასო დეტალები აფერხებს.

კატალონიური კლუბი მზად არის, კომპანია Messi Management-ს, რომელსაც არგენტნელი მოთამაშის მამა ხორხე მესი ხელმძღვანელობს, ხუთწლიანი კონტრაქტი და 200 მილიონი ევრო შესთავაზოს, თუმცა „ბარსელონა“ ფეხბურთელის საიმიჯო უფლებებზე შემოსავლის 20 პროცენტის შენარჩუნებას აპირებს.

თავის მხრივ, მესის წარმომადგენელი ოთხი წლის განმავლობაში 400 მილიონ ევროს ითხოვს. ასეთ შემთხვევაში, ფეხბურთელის საიმიჯო უფლებების განაწილება, სავრაუდოდ, აღარ მოხდება.

Euromericas Sport Marketing-ი მესის 492 მილიონ ევროდ აფასებს.

აღსანიშნავია, რომ მესი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა ათეულში შედის. არგენტინელი ფეხბურთელის წლიური შემოსავალი 41,3 მილიონ დოლარს შეადგენს (ხელფასი 20,3 მლნ დოლარი, სარეკლამო შემოსავალი 21 მლნ).

ბექა დოგრაშვილი

„რეალთან“ პიკეს თამაში გამოირიცხა

„ბარსელონას“ მცველი ჟერარ პიკე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გასამართ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელი ფეხბურთელი მიმდინარე თვის დასაწყისიდან ლაზარეთშია. პიკემ ტრავმა მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო, როდესაც დიეგო კოსტასთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მოედანზე ცუდად დაეცა. „ბარსელონას“ მცველმა გუშინ სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა, რომელმაც ოთხშაბათს მისი თამაში გამორიცხა.

„ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის თასის ფინალური მატჩი 16 აპრილს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

კრუიფმა, მარტინო „ბარსელონას“ ხელმძღვანელობისგან ზეწოლას განიცდისო

ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი, „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე და მთავარი მწვრთნელი იოჰან კრუიფი კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობის გაკრიტიკებას აგრძელებს. ჰოლანიელი სპეციალისტის თქმით, „ბარსელონას“ თავკაცი ხერარდო მარტინო გადაწყვეტილების მიღებაში შეზღუდულია, რადგან ის კლუბის ხელმძღვანელობის ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

„მარტინომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, მაგრამ „ბარსელონას“ თავკაცი მთავარი ფიგურა არ გახლავთ. ძალიან რთულია, როდესაც რაიმეს გაკეთება გინდა და ამის უფლებას რაღაც მიზეზის გამო არ გაძლევენ. დიდი ხანია, „ბარსელონას“ ასეთი გეზი აქვს აღებული და რაც დრო გადის, ეს ყველაფერი მით უარეს სახეს იღებს“, – კრუიფის სიტყვები ესპანურმა „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჩავის უნიკალური რეკორდი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართულ მატჩში (1:0) კატალონიური გუნდის ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა უნიკალური რეკორდი დაამაყარა.

Opta Sports-ის ცნობით, აღნიშნულ შეხვედრაში კატალონიელმა ფეხბურთელმა ასი გადაცემა გააკეთა და ასივე ზუსტი გამოდგა.

ამრიგად, ჩავი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ამ სტატისტიკური მონაცემის დანერგვის პერიოდიდან (2003/04 წლების სეზონი) ერთ მატჩში გაკეთებული ზუსტი გადაცემების რაოდენობა 100 პროცენტს გაუტოლა.

ბექა დოგრაშვილი

პელე: „ნეიმარი მუდმივად ჯარიმის გამომუშავებაზე ფიქრობს“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ „ბარსელონასა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, ნეიმარის სათამაშო სტილის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ნეიმარი მუდმივად იმაზე ფიქრობს, როგორ გამოიმუშავოს ჯარიმა. მას მსგავსი პრობლემა ჰქონდა „სანტოსშიც“, თუმც ამ მხრივ მნიშვნელოვნად განვითარდა, რადგან ევროპაში ყველაფერი განსხვავებულადაა. ევროპაში ფეხბურთის თამაში უფრო რთულია, რადგან ფიზიკურ მხარეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ. ეს მისთვის გამოცდილების დაგროვების და შემდგომი განვითარების კარგი საშუალება იქნება“, – ციტირებს პელეს სიტყვებს Goal.com-ი.

— რას უნდა ველოდოთ ნეიმარისგან დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე?
— მსოფლიოს ჩემპიონატი ტურნირია და არა – ერთი კონკრეტული მატჩი. მისგან მოელიდან, რომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონი გახდება, თუმცა ამან შეიძლება ნეიმარს ცუდი სამსახური გაუწიოს.

ბექა დოგრაშვილი

ვენგერი ფიფასგან „ბარსელონას“ დასჯას ემხრობა

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ „ბარსელონა“ ფიფასგან სასჯელს ნამდვილად იმსახურებს.

„სასჯელს ვეთანხმები. კატალონიელებმა წესების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს. ძალიან მარტივი წესია: 16 წლამდე უცხოელ ფეხბურთელს ვერ გაიფორმებ, თუ მას მშობლები პროფესიული მიზეზით არ ჩამოყვებიან სხვა ქვეყანაში. საკითხავი მხოლოდ ის არის, როგორ გავიგოთ, პროფესიული მიზეზით ჩამოყვნენ მშობლები ახალგაზრდა ფეხბურთელს თუ არა? ეს არის დისკუსიის მთავარი მიზეზი. ფიფამ ჩათვალა, რომ „ბარსელონას“ მიერ გაფორმებული 16 წლამდე უცხოელი მოთამაშეების მშობლები ესპანეთში ფეხბურთის გამო ჩავიდნენ და არა – პროფესიული მიზეზით. „ბარსელონას“ სწორედ ამის გამო სჯიან, კატალონიელებმა წესებს პატივი არ სცეს“, – ვენგერის სიტყვები „სპორტ მოლმა“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ფიფას გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თუ საბოლოო ვერდიქტი არ შეიცვლება, კატალონიურ კლუბს უახლოესი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ახალი ფეხბურთელის გაფორმება არ შეეძლება. გარდა ამისა, „ბარსელონა“ 450 ათასი შვეიცარული ფრანკით ჯარიმდება.

ბექა დოგრაშვილი

პეპე: „ბუსკეტსი მატყუარაა“

მადრიდის „რეალის’’ მცველი პეპე „ბარსელონას’’ ნახევრმცველ სერხიო ბუსკეტსის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ელ კლასიკოს’’ მიმდინარეობისას პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის თავზე ფეხი არ დაუბიჯებია.

„არავინ არ არის ისეთი სულელი, რომ ამ ეპიზოდის ამსახველი ფოტოს ხილვის შემდეგ ბუსკეტსის სიტყვები დაიჯეროს. კაცობრიობის  ერთ-ერთი ფასეულობა პატიოსნებაა, რომელიც ადამიანს მომხდარ ფაქტს აღიარებინებს და ბოდიშსაც ათქმევინებს. ბუსკეტსის ადგილას მე რომ ვყოფილიყავი, „რეალში’’ ჩემი ადგილი აღარ იქნებოდა. ბევრს მოუნდებოდა გუნდიდან ჩემი გაძევება, ხალხს ესპანეთში ჩემი ხილვის სურვილი აღარ ექნებოდა. მე „მკვლელის’’ იმიჯი მომარგეს და ქვეყნიდანაც უპრობლემოდ გამაძევებდნენ. არა უშავს, ფეხბურთში მსგავსი იარლიყის მიკერება ხდება ხოლმე. ამის მიუხედავად, მე ბედნიერი ვარ „რეალში’’, – პეპეს სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

 

„ბარსელონას“ პირველი კომენტარი ფიფას გადაწყვეტილების შესახებ

„ბარსელონას“ წარმომადგენელმა კატალონიური კლუბის მიმართ ფიფას მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა.

„სიმშვიდეს ვინარჩუნებთ. ფიფას განმარტებას წარვუდგენთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. 90 დღე გვაქვს იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გავასაჩივროთ. ავხსნით, თუ რატომ გავაფორმეთ ამ ფეხბურთელებთან კონტრაქტები.

ფიფას მხრიდან საუბარია ახალი მოთამაშეების რეგისტრაციის აკრძალვაზე არა დამდეგი ორი წლის, არამედ უახლოესი ორი სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში“, – აღნიშნა „ბარსელონას“ მხრიდან უფლებამოსილმა პირმა „ასის“ ჟურნალისტთან საუბრისას.