„ბარსელონას“ აქილევსის ქუსლი – თებერვალი

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და სენსაციურად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. თუმცა, არის კი ეს სენსაცია?

თანამედროვე ეპოქაში (ერქმევა მას რაიკაარდის, გვარდიოლას, ვილანოვას თუ მარტინოს ხანა) კატალონიური გუნდს, როგორც წესი, ორ პერიოდში უჭირს თამაში: სანაკრებო პაუზის შემდეგ და თებერვლის თვეში.

გადავხედოთ ბოლო ათწლეულის შედეგებს და მივხვდებით, რომ „ბარსელონას“ წელიწადის მეორე თვეში წარმატების მიღწევა მართლაც უჭირს.

2003/04 წლების სეზონი: ფრანკ რაიკაარდმა სადებიუტო სეზონის პრველი ნახევარი ჩააგდო, შემდეგ გუნდში მოიყვანა ედგარ დავიდსი, რომელმაც რონალდინიოსთან ერთად კატალონიური გუნდი ლიდერთა მარაქაში დააბრუნა და საბოლოოდ, ლა ლიგის ვერცხლის მედლებიც მოაგებინა. გუნდმა ცხრამატჩიანი მოგებათა სერია მოიწყო და სეზონი მეორე პოზიციაზე დაასრულა. თუმცა, ეს ამ დრომდე ბოლო შემთხვევა აღმოჩნდა, როცა „ბარსელონას“ თებერვალში თამაში არ გაუჭირდა;

2004/05 წლების სეზონი: თებერვლის პირველივე მატჩში „ბარსელონა“ შინ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ დამარცხდა (0:2). ეს იყო იმ სეზონში კატალონიური გუნდის პირველი საშინაო მარცხი. თვის ბოლოს „ბარსელონამ“ გასვლაზე „ნუმანსიასთანაც“ დაკარგა ქულები (1:1);

2005/06 წლების სეზონი: იმ სეზონში „ბარსელონა“ ზედიზედ ორჯერ პირველად სწორედ თებერვალში დამარცხდა – „ატლეტიკოსთან“ (1:3) და „ვალენსიასთან“ (0:1);

2006/07 წლების სეზონი: საშინაო მატჩი „ლივერპულთან“ (1:2) და ორი მატჩის ჯამში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიდან გამოვარდნა. გარდა ამისა, ფრე „ოსასუნასთან“ (0:0) და მარცხი „ვალენსიასთან“ (1:2);

2007/08 წლების სეზონი: ფრე „სევილიასთან“ ჩემპიონატში (1:1) და საშინაო ყაიმი „ვალენსიასთან“ სათასო დაპირისპირებაში (1:1). მოგვიანებით ტურნირიდან ვარდება.

2008/09 წლების სეზონი: კლუბმა თავკაცის პოსტზე ხოსეპ გვარდიოლა მოიწვია, თუმცა არასასიამოვნო ტრადიცია გრძელდება. ფრე ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონთან“ (1:1), ყაიმი „ბეტისთან“ (2:2) და მარცხი „ბეტისთან“ (1:2) და „ესპანიოლთან“ (3:4);

2009/10 წლების სეზონი: ევროსარბიელზე ფრე „შტუტგარტთან“ (1:1) და პრიმერადივიზიონის იმ სეზონში განცდილი ერთადერთი მარცხი, „ატლეტიკოსთან“ (1:2). რა თქმა უნდა, აქაც თებერვლის პერიოდზეა საუბარი;

2010/11 წლების სეზონი: მარცხი „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგაზე (1:2) და ფრე ხიხონის „სპორტინგთან“ (1:1), რომლითაც კატალონიური გუნდის 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა.

2011/12 წლების სეზონი: პამპლონაში „ოსასუნასთან“ გაშვებული სამი გოლი, რაც იმ სეზონში „ბარსელონას“ პირველად მოუვიდა (2:3), თანაც ეს იყო ჩემპიონატში განცდილი მეორე მარცხი.

2012/13 წლების სეზონი: სამარცხვინო მატჩები „სამეფო თასზე“ მადრიდის „რეალთან“ (1:3) და ჩემპიონთა ლიგაზე „მილანთან“ (0:2). გარდა ამისა, „ვალენიასთან„ დაკარგული ქულები (1:1). სიმართლე რომ ითქვას, იმ სეზონში „ბარსელონას“ უფრო რთული პერიოდიც ჰქონდა;

2013/14 წლების სეზონი: მარცხი „ვალენსიასთან“ (2:3) და თითქმის მთელი თვე ჯერ კიდევ წინაა.

მიმდიანრე წლის თებერვლის თვეში „ბარსელონას“ კალენდარი ასე გამოიყურება:

„ბარსელონა“–„სოსიედადი“ (6 თებერვალი, თასი);
„სევილია“–„ბარსელონა“ (10 თებერვალი, პრიმერადივიზიონი);
„სოსიედადი“–„ბარსელონა“ (13 თებერვალი, თასი);
„ბარსელონა“–„რაიო“ (15 თებერვალი, პრიმერადივიზიონი);
„მანჩესტერ სიტი“–„ბარსელონა“ (18 თებერვალი, ჩემპიონთა ლიგა);
„სოსიედადი“–„ბარსელონა“ (22 თებერვალი, პრიმერადივიზიონი).

ბექა დოგრაშვილი

დანი ალვესმა კატალონიელთა ქომაგობა დაიწუნა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და სენსაციურად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა ბრაზილიელმა მცველმა დანიელ ალვესმა ქომაგობა დაიწუნა.

„საკუთარ თავში დარწმუნებულნი ვართ. როდესაც გუნდი გამუდმებით იგებს და მოულოდნელად დამარცხდება, ეს ძალიან რთული გადასატანია, მაგრამ „ბარსელონას“ ძალაში ეჭვი არავის შეეპაროს.

რაც შეეხება ქომაგობას, გულშემატკივრებმა გუნდს უფრო აქტიურად უნდა დაგვიჭირონ მხარი. ხანდახან მგონია, რომ სახლიდან ძალიან შორს ვთამაშობთ“, – დანი ალვესის სიტყვებს სპორტული ინტერნეტ-პორტალი Sport.es ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონამ“ 2012 წლის აპრილის შემდეგ შინ პირველად წააგო

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და სენსაციურად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა. კატალონიურმა გუნდმა 2012 წლის 21 აპრილის შემდეგ „კამპ ნოუზე“ პირველად წააგო. არადა, მასპინძლები მე-7 წუთზე ალექსის სანჩესმა დააწინაურა. 44-ე წუთზე დანი პარეხომ ანგარიში გაათანაბრა. 48-ე წუთზე „ღამურები“ წინ გაიჭრნენ, თავი ამჯერად პაბლო პიატიმ გამოიჩინა. 54-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ლეო მესიმ წონასწორობა აღადგინა. მატჩს საბოლოო წერტილი კი 59-ე წუთზე ფრანსისკო ალკასერმა დასვა. აღსანიშნავია, რომ 78-ე წუთზე მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, მოედნიდან ჟორდი ალბა გააძევეს. სათქმელია ისიც, რომ „ბარსელონამ“ პირველად წააგო ოფიციალური მატჩი, რომელშიც მესიმ გოლის გატანა მოახერხა.

„ბარსელონას“ წაგებით დღეს „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შეუძლიათ, ისარგებლონ და სატურნირო ცხრილში კატალონიური გუნდი უკან მოიტოვონ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის „ბარსას“ და „ატლეტიკოს“ აქტივში 54-54 ქულა აქვთ, მესამეადგილოსან „რეალს“ კი – 53.

„ატლეტიკო“ „რეალ სოსიედადს“ მიიღებს, „რეალი“ კი ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრება.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XXII ტური
„ბარსელონა“–„ვალენსია“ 2:3
გოლები: სანჩესი 7′, მესი 54′ (პენ) – დანი პარეხი 44′, პიატი 48′, პაკო ალკასერი 59′.
გაფრთხილებები: ალბა 52′, მასკერანო 79′ – დანი პარეხო 45+1′, რიკარდო კოშტა 53′, დიეგო ალვეში 90+4′.
გაძევება: ალბა 78′.

ბექა დოგრაშვილი

მესი დუბლით დაბრუნდა

წუხელ ესპანეთის „სამეფო თასის“ მერვედფინალური ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართა. „ბარსელონამ“ „კამპ ნოუზე“ „ხეტაფე“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ანგარიში მე-9 წუთზე ფრანჩესკ ფაბრეგასმა გახსნა. იმავე ფაბრეგასმა 63-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით დუბლი გაიფორმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ახლადგამოჯანმრთელებულმა ლეო მესიმაც, რომელიც მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა. არგენტინელმა ფეხბურთელმა დაბრუნება დუბლით აღნიშნა: თავი ჯერ 90-ე წუთზე გამოიჩინა, 92-ე წუთზე კი მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:0.

განმეორებითი მატჩი 17 იანვარს შედგება.

„სამეფო თასი“
„ბარსელონა“—„ხეტაფე“ 4:0 (1:0)
გოლები: ფაბრეგასი 9′, 63′, მესი 90′, 90+2.
გაფრთხილებები: მონტონია 85′ — გავილანი 57′, ვალერა 62′, ალექსისი 62′, როდრიგესი 87′.

„სამეფო თასის“ მერვედფინალური ეტაპის დანარჩენი მატჩები:

„ვალენსია“—„ატლეტიკო“ 1:1
„ალკორონი“—„ესპანიოლი“ 1:0
„ბეტისი“—„ატლეტიკი“ 1:0
„რასინგი“—„ალმერია“ 1:1
„სოსიედადი“—„ვილიარეალი“ (9 იანვარი, 22:30 სთ)
„რაიო“—„ლევანტე“ (10 იანვარი, 00:30 სთ)
„რეალი“—„ოსასუნა“ (10 იანვარი, 00:30 სთ)

ბექა დოგრაშვილი

გვარდიოლა: „ბარსაში“ გვარდიოლას კი არა, მესის ეპოქა იყო“

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ „ბარსელონაში“ მუშაობის პერიოდში ბევრი რამ ისწავლა. ამასთანავე, ესპანელი სპეციალისტი ამბობს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა მოენატრა.

„ბარსელონას“ თავკაცად მუშაობამ, რაღა თქმა უნდა, ბევრი რამ მასწავლა, თუმცა არ ღირს იმის თქმა, რომ ეს იყო გვარდიოლას ეპოქა. მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს იყო მესის ეპოქა. რაც შეეხება „ბაიერნს“, ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბს ვხელმძღვანელობ, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა მომენატრა. სასიამოვნო სანახავია, როცა რეზერვებიდან ახლად გადმოსული მოთამაშის ზრდა-განვითარებასა და ლიდერად ჩამოყალიბების პროცესს უცქერ“, – პეპ გვარდიოლას სიტყვებს სპორტული პორტალი sport.es ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

„რეალმა“ და „ბარსელონამ“ უკანონო სახელმწიფო დახმარებები მიიღეს?

შესაძლოა, ევროპის კომისიამ შვიდი ესპანური კლუბის მიმართ დისციპლინური სანქციები გაატაროს. დღეს ოფიციალურად გაცხადდა, რომ ფინანსური გამოძიება დაწყებულია კლუბებში, რომელთა შორის მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონაც“ გახლავთ. აღნიშნული კლუბები უკანონო სახელმწიფო დახმარების მიღებაში არიან ეჭვმიტანილნი, რაც ევროკავშირის ქარტიას ეწინააღმდეგება.

„პროფესიონალური საფეხბურთო კლუბები ნორმალურად უნდა მართონ და არც გადასახადებს არ უნდა გაექცნენ. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და სახელისუფლო ორგანოებმა უნდა დაიცვანო კანონი, რომელიც ამ სექტორში ვრცელდება“, – L’Equipe-ი ციტირებს კონკურენციის საკითხებში ევროკომისარ ხოაკინ ალმუნიას სიტყვებს.

„რეალისა“ და „ბარსელონას“ გარდა, უკანონო სახელმწიფო დახმარების მიღებაში ეჭვმიტანილნი არიან: ბილბაოს „ატლეტიკი“, „ოსასუნა“, „ვალენსია“, „ერკულესი“ და „ელჩე“.

არ არის გამორიცხული, გამოძიება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი

ნეიმარმა „ბარსელონა“ მადრიდს დააშორა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVI ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კატალონიელთა რიგებიდან დუბლი გაიფორმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა. სტუმართაგან თავი გამოიჩინა მცველმა მატეო მუსაკიომ.

ნეიმარმა პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა. პენალტის დანიშვნის მიზეზი მარიოს მიერ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაში გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მუსაკიომ კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ნეიმარმა 68-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და კატალონიურ გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ 43 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიცია გაიმყარა. შეგახსენებთ, რომ ამავე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ოსასუნასთან“ ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა, რითაც მესამეადგილოსან „სამეფო კლუბსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა. მეორე პოზიციაზე 40 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ გახლავთ, რომელიც დღეს „ვალენსიას“ მიიღებს.

რაც შეეხება „ვილიარეალს“, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მე-5 პოზიციაზე დარჩა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XVI ტური
„ბარსელონა“–„ვილიარეალი“ 2:1
გოლები: ნეიმარი 30′ (პენ), 68′ – მუსაკიო 48′.
გაფრთხილებები: ნეიმარი 85′ – ტრიხორესი 38′.

ბექა დოგრაშვილი

„სეზონის ბოლოს მესი „ბარსელონას“ დატოვებს“

ფიფას აგენტი და ჟურნალისტი ფრანსუა გალიარდო მორიგ სენსაციურ და დაუჯერებელ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, სეზონის ბოლოს ლიონელ მესი „ბარსელონას“ დატოვებს.

„მესიმ სეზონის ბოლოს „ბარსელონადან“ წასვლა გადაწყვიტა. მას უკვე აქვს სიტყვიერი შეთანხმება ერთ-ერთ კლუბთან და თებერვალში ან მარტში აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება დაიგეგმება. სექტემბრის ბოლოს არგენტინელ ფეხბურთელსა და მის აგენტს „ბარსელონას“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ჰქონდათ. მესის კონტრაქტის პირობების გადახედვა სურდა. მას დაჰპირდნენ, რომ ამ სურვილს შეუსრულებდნენ, თუმცა ერთი თვის შემდეგ უთხრეს, რომ ამას ვერ გააკეთებდნენ. მესი სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ დატოვებს. ის ესპანეთთან ახლოს მდებარე ქვეყანაში გადაინაცვლებს“, – გალიარდომ ეს განცხადება ტელეკომპანია „პუნტო პელოტას“ ეთერში გააკეთა.

გალიარდომ ისიც თქვა, რომ „ბარსელონას“ ახალწვეულ ნეიმარს მესიზე დიდი ხელფასი აქვს (წელიწადში 17 მლნ. ევრო).

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონას“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის „რეალში“ გადასვლის საკითხი განიხილება“

ფიფას აგენტი ფრანსუა გალიარდო ამბობს, რომ „ბარსელონას“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შესაძლოა უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს.

„მომდევნო კვირაში „ბარსელონას“ ერთ-ერთი ფეხბურთელი საკუთარ თავს „რეალს“ შესთავაზებს. ის კატალონიურ კლუბში დარჩენის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. მომდევნო კვირაში „რეალი“ ამ საკითხს განიხილავს“, – ციტირებს ფიფას აგენტის სიტყვებს ესპანური სპორტული პორტალი „პუნტო პელოტა“.

ბექა დოგრაშვილი

კატალონიური დერბი „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტური კატალონიური დერბით გაიხსნა: „ბარსელონამ“ „ნოუ კამპზე“ „ესპანიოლი“ მიიღო. მატჩის პირველ ნახევარში გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს. შესვენების შემდეგაც გულშემატკივრებს დიდი ხანი მოუხდათ ლოდინი, რათა მატჩის პირველი და ერთადერთი გოლი ეხილათ: 68-ე წუთზე ნეიმარის გადაცემით ანგარიში ალექსის სანჩესმა გახსნა. კატალონიურმა გრანდმა თანაქალაქელი გუნდი მინიმალური უპირატესობით დაამარცხა – 1:0.

სატურნირო ცხრილს „ბარსელონა“ 34 ქულით ლიდერობს. „ესპანიოლს“ 15 ქულით მე-8 პოზიცია აქვს დაკავებული.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
მე-12 ტური
„ბარსელონა“-„ესპანიოლი“ 1:0 (0:0)

გოლი: სანჩესი 68′.
გაფრთხილებები: მასკერანო 77′ – ფუენტესი 45′, ვიქტორ სანჩესი 67′, ლანსაროტე 90′.

ანჩელოტი: „პენალტი რომ დასანიშნი იყო, ეს მსაჯის გარდა ყველამ დაინახა“

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის X ტურის ცენტრალური მატჩი „ნოუ კამპზე“ გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა  უნდიანო მალიენკომ ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტი არ დანიშნა.

ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს მხედველობაში ჰქონდა ის მომენტი, როდესაც ხავიერ მასკერანომ საკუთარ საჯარიმოში კრიშტიანო რონალდუს უბიძგა.

„მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. თამაშს ვაკონტროლებდით და გოლის გასატანად რამდენიმე შანსიც გვქონდა. მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, როცა მასკერანომ რონალდუს უბიძგა. ეს დარღვევა მთელმა მსოფლიომ დაინახა, მაგრამ არა – არბიტრმა. არ მინდა კომენტარი გავაკეთო კიდევ ერთ ეპიზოდზე, როდესაც ადრიანომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა. ასეთი მომენტები ყოველთვის მსაჯის შეხედულების მიხედვით ფასდება“, – ანჩელოტის სიტყვები „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი