უკვე რამდენიმე დღეა, სხვადასხვა უცხოური გაზეთები აქტიურად წერენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა დევიდ მოიესის შემცვლელად კარლო ანჩელოტის კანდიდატურას მოიაზრებს. მადრიდის „რეალის“ თავკაცი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:
„რეალში“ ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის დიდი პატივია მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო კლუბში მუშაობა. „იუნაიტედს“ დიდ პატივს ვცემ და არ მომეწონა მოიესის თავს დამტყდარი ამბავი, მაგრამ ჩემი ადგილი მადრიდშია“.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე „რეალსა“ და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის გამართული მატჩის (1:0) შემდეგ კარლ ჰაინც-რუმენიგემ განაცხადა, რომ მადრიდელებს „ალიანს არენაზე“ ჯოჯოხეთი ელით. გერმანელის ამ მუქარას ანჩელოტიმ მოხდენილად უპასუხა:
„იმედი ვიქონიოთ, ცეცხლში ხეებს ოთხშაბათს შეუკეთებენ, როდესაც ჩვენ მიუნხენიდან წამოვალთ და არა – სამშაბათს“.
კარლო ანჩელოტიმ სხვადასხვა თემებზეც ისაუბრა.
კრიშტიანუ რონალდუზე: „კრიშტიანუმ „ბაიერნთან“ კარგად ითამაშა. მას თამაში სჭირდება, რათა ფორმაში ჩადგეს. კრიშტიანუ ხვალ ითამაშებს“. (ხვალ „რეალი“ „ოსასუნას“ მასპინძლობს, – ავტ.)
გარეტ ბეილზე: „ცოტაოდენ სუსტადაა. ხვალ გადაწყდება, ითამაშებს „ოსასუნასთან“ თუ სამშაბათისთვის მოვამზადებთ“.
ტიტო ვილანოვაზე: „ყველანი ვღელავთ. ვცდილობთ, საქმის კურსში ვიყოთ. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“.
ალვარო მორატაზე: „თუ ბენზემას თამაში ეჭვქვეშ დადგება, მორატა ითამაშებს, რადგან ძალიან კარგ ფორმაშია. მე მისი მჯერა“.
პეპ გვარდიოლაზე: „მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მან ფეხბურთში სიახლეები დანერგა, „ბარსელონას“ მკაფიო სტილი შესძინა და ახლა იგივეს „ბაიერნში“ ცდილობს, თუმც ეს უფრო მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან გერმანელებმა წინა მწვრთნელისგან უკვე შეიძინეს თავიანთი იდენტობა“.
ბექა დოგრაშვილი