ორიოლ რომეუ იჯარით “შტუტგარტში” ითამაშებს

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ორიოლ რომეუ კარიერას “შტუტგარტში” გააგრძელებს. 22 წლის ესპანელი ფეხბურთელი გერმანულ კლუბში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ “ჩელსისა” და რომეუს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც 2017 წლის ივლისამდე იქნება ძალაში.

 

ოფიციალურად: “ევერტონმა” ლუკაკუ გაიფორმა

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ლონდონის “ჩელსიდან” ლივერპულის “ევერტონში” გადავიდა. 21 წლის ფეხბურთელმა “კანფეტებთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მერსისაიდულმა გუნდმა ლუკაკუს სანაცვლოდ 28 მილიონი ფუნტი გაიღო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული სატრანსფერო თანხაა.

გასული სეზონი რომელუ ლუკაკუმ იჯარის წესით სწორედ “ევერტონში” გაატარა. ახალგაზრდა ბელგიელმა ფორვარდმა კლუბის რიგებში ჩატარებულ 33 მატჩში 16 გოლი გაიტანა.

 

მოურინიო: „დროგბა ახალი ისტორიის დასაწერად დაბრუნდა“

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდში დიდიე დროგბას დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

„ის ჩვენთან დაბრუნდა იმიტომ, რომ კვლავ არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. მას კარგად ვიცნობ, როგორც ადამიანს. ვიცი, რომ ის გუნდის მიმართ ადრე გაწეული დამსახურებების შესახებ არ ფიქრობს. ის აქ მოვიდა იმიტომ, რომ ახალი ისტორია დაწეროს“, – აღნიშნა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დიდიე დროგბამ „ჩელსისთან“ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აფრიკელი ფეხბურთელი „პენსიონერების“ ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან 341 მატჩი ჩაატარა და 157 გოლი გაიტანა. „ჩელსის“ რიგებში დროგბამ 12 ტიტული მოიგო.

 

პიაზონი ბუნდესლიგაში?

ლონდონის „ჩელსის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ლუკას პიაზონი შესაძლოა იჯარის წესით გერმანიის ბუნდესლიგაში გადაბარგდეს. კერძოდ, საუბარია ფრანკფურტის „აინტრახტზე“.

20 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ასევე იჯარით არნემის „ვიტესში“ გაატარა. ახლა ჟოზე მოურინიოს სურს, რომ პიაზონმა უფრო ძლიერ ჩემპიონატში გამოსცადოს საკუთარი ძალები.

თავად პიაზონმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ იცის, თუ სად გაატარებს დამდეგ სეზონს.

 

მოურინიო: „მე და ვან გაალი დიდებული მწვრთნელები ვართ“

ინგლისის პრემიერლიგის ახალი სეზონის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ლონდონის „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გაიმართება. „პენსიონერებს“ ჟოზე მოურინიო თავკაცობს, „წითელ ეშმაკებს“ კი ლუი ვან გაალის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ, ვინაიდან სამი წლის განმავლობაში „ბარსელონაში“ ერთად მუშაობდნენ.

მოურინიო მოუთმენლად ელის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გასამართ დაპირისპირებას და ვან გაალთან შეხვედრას.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჰოლანდიელი სპეციალისტის შესახებ საკმაოდ გულთბილად ისაუბრა.

„არ ვღელავ იმის გამო, რომ ვან გაალი ინგლისში იმუშავებს. მოუთმენლად ველოდები „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩს. არ ვნერვიულობთ.

ცოტა ხნის წინათ ვან გაალის პრესკონფერენციას ვუცქირე. აი, ეს იყო ნამდვილი ვან გაალი – სამართლიანი და გახსნილი. ის ყოველთვის ასეთი გახლდათ. ლუი შესანიშნავი მწვრთნელია, „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ზედგამოჭრილი თავკაცია~, – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს „დეილი მეილი“.

კითხვაზე, მოურინიო უკეთესია თუ ვან გაალი, პორტუგალიელი ასე პასუხობს:

„მეც და ისიც დიდებული მწვრთნელები ვართ. ჩვენ ამ პროფესიისთვის ვართ დაბადებულნი. ლუი ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელია. მას ახლა კარიერის საუკეთესო პერიოდი აქვს. ვან გაალი მიღებულ გამოცდილებას აანალიზებს და სულ უფრო ვითარდება.

გარდა ამისა, ის ჩემი მეგობარიც გახლავთ, მუდმივი მეგობარი. მე მას დიდ პატივს ვცემ“, – აღნიშნა მოურინიომ.

„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის დამდეგი მატჩი 26 ოქტომბერს გაიმართება.

 

დროგბამ „ჩელსი“ აირჩია

კოტ დივუარელი თავდამსხმელი დიდიე დროგბა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგენლობს, დიდი ალბათობით ლონდონის „ჩელსიში“ დაბრუნდება.

დროგბას შემოთავაზება ჰქონდა ტურინის „იუვენტუსისგან“, თუმცა „სქაი სპორტსი“ იუწყება, რომ 36 წლის ფეხბურთელმა „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნება არჩია.

დროგბა „ჩელსიში“, სავარაუდოდ, მოთამაშე მწვრთნელით ფუნქციებს შეითავსებს.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დროგბა ლონდონური კლუბის ღირსებას 2004-დან 2012 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან 341 მატჩი ჩაატარა და 157 გოლი გაიტანა. „ჩელსის“ რიგებში დროგბამ 12 ტიტული მოიგო.

 

ოფიციალურად: ფილიპე ლუისი „ჩელსის“ ფეხბურთელია

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ფილიპე ლუისი ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. 28 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „პენსიონერებთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„ოცნება ამიხდა. უკვე მაქვს შესაძლებლობა, რომ „ჩელსის“ ფორმით პრემიერლიგაში ვითამაშო. ძალიან ბედნიერი ვარ. მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როდესაც ახალი კლუბის რიგებში თამაშს დავიწყებ. „ჩელსის“ წარმატებებისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ“, – ფეხბურთელის სიტყვები ლონდონური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ფილიპე ლუისი „ჩელსიში“ 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბრაზილიელმა მცველმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონში 32 მატჩი ჩაატარა.

 

ოფიციალურად: დემბა ბა „ჩელსიდან“ „ბეშიქთაშში“ გადავიდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი დემბა ბა კარიერას „ბეშიქთაშში“ გააგრძელებს. 29 წლის სენეგალელმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი, თუმცა ჩვენთვის ხელშეკრულების დეტალები ცნობილი არ არის.

„ბეშიქთაშში“ დემბა ბას უგო ალმეიდას შემცვლელად ხედავენ. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

დემბა ბა „ბეშიქთაშში“ 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

ოფიციალურად: ფილიპე ლუისი „ჩელსიში“ ითამაშებს

ლონდონის „ჩელსიმ“ მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მცველ ფილიპე ლუისის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

უახლოეს პერიოდში 28 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი „პენსიონერებთან“ კონტრაქტს გააფორმებს.

ფილიპე ლუისმა ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2013-14 წლების სეზონში 32 მატჩი ჩაატარა.

 

ოფიციალურად: დიეგო კოსტა „ჩელსიში“ ითამაშებს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი დიეგო კოსტა ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. გაესპანელებულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „პენსიონერებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

25 წლის თავდამსხმელი „ჩელსის“ მომავალ კვირას შეუერთდება.

დიეგო კოსტამ ესპანეთის პრეიმერდივიზიონის 2013-14 წლების სეზონში 35 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი გაიტანა.

 

ტიბო კურტუა „ჩელსიში“ ბრუნდება, გადავა დიეგო კოსტაც?

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის კლუბს მადრიდის „ატლეტიკოდან“ დიეგო კოსტას გადმობირება სურს.

„მინდა, რომ ჩემს გუნდში კოსტა ვიხილო. კლუბს მისი ყიდვა ვთხოვე. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩვენთან აღმოჩნდება“, – მოურინიოს სიტყვებს „მარკა“ ციტირებს.

როგორც პორტუგალიელი სპეციალისტი ამბობს, „ჩელსი“ „ატლეტიკოში“ განათხოვრებულ ტიბო კურტუასაც დაიბრუნებს.

„მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, კურტუა „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდება. მორჩა და გათავდა“, – აღნიშნავს მოურინიო.

ბექა დოგრაშვილი

ჩავი: „გამარჯვება ან სიკვდილი ჩვენი სათამაშო სტილით“

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევი სტილის შეცვლას არ აპირებს. ჩავიმ ლონდონის „ჩელსიში“ დღეს გადასულ ფრანჩესკ ფაბრეგასთან გასაუბრებაც მოასწრო.

„ესპანეთის ნაკრები ითამაშებს ისე, როგორც აქამდე თამაშობდა. გავიმარჯვებთ ან დავიხოცებით ჩვენი სათამაშო სტილით.

რაც შეეხება ფაბრეგასს, ის კმაყოფილია. ეს „ბარსელონასთვის“, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია, თუმცა ვიცი, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა სურდა“, – ჩავის სიტყვები „დეილი მეილმა„ გამოაქვეყნა.