რონალდუ ფიფას ბოიკოტს უცხადებს?

ესპანური AS-ის თანახმად, მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ ფიფას მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ბოიკოტირებას აპირებს. წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი არ აპირებს, დაესწროს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს, რომელიც 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, რონალდუ ლეო მესის შეადარა და აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.

ამ განცხადების შემდეგ, ბლატერმა „რეალს“, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციასა და რონალდუს ბოდიშის წერილი გაუგზავნა, თუმცა, როგორც ჩანს, კრიშტიანო ფიფას ხელმძღვანელს ამ სიტყვებს არ პატიობს.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „ოქროს ბურთის“ მოპოვების ერთ-ერთი კანდიდატია.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერმა მადრიდის „რეალს“ ბოდიში მოუხადა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეპ ბლატერმა ოქსფორდის უნივერსიტეტში გაკეთებული განცხადების გამო პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს ბოდიში მოუხადა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა რონალდუს მესისთან შედარების დროს აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას. ბლატერის ამ განცხადებამ „რეალის“ ხელმძღვანელთა აღშფოთება გამოიწვია. მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ფიფას მისამართით სპეციალური წერილი მოამზადა.

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ ბლატერის საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა:

„თქვენი წერილის შინაარსმა გამაკვირვა. მინდა განვმარტო, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას, „ოქროს ბურთის“ კანდიდატებს არ განვიხილავდი. შეხვედრის ბოლოს რონალდუს მესისთან შედარება და ერთ-ერთი მათგანის ამორჩევა მთხოვეს. მე ვთქვი, რომ მესი ჰგავს შვილს, რომლის ყოლასაც ნებისმიერი დედა ისურვებდა. კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო, რომ ჩემთვის რონალდუც და მესიც ერთ დონეზე არიან. ორივენი გამორჩეული მოთამაშეები არიან. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ სიტუაციამ ასეთი რეაქცია გამოიწვია, ამისთვის ბოდიშს ვიხდი. არასდროს მქონია „რეალის“ მოთამაშეთა და გულშემატკივართა მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა განზრახული“.

ანალოგიური სახის წერილი ბლატერმა პორტუგალიის ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტ ფერნანდუ გომეშსაც გაუგზავნა.

ბექა დოგრაშვილი

წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის მებრძოლი თავკაცები

ფიფამ და „ფრანს ფუტბოლმა“ იმ მწვრთნელთა ვინაობა დაასახელეს, რომლებიც 2013 წლის საუკეთესო თავკაცის სტატუსის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.

სია ასე გამოიყურება:

კარლო ანჩელოტი (იტალია / „პარი სენ-ჟერმენი“ / მადრიდის „რეალი“), რაფაელ ბენიტესი (ესპანეთი / „ჩელსი“ / „ნაპოლი“), ანტონიო კონტე (იტალია / „იუვენტუსი“), ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი / ესპანეთის ეროვნული ნაკრები), სერ ალექს ფერგიუსონი (შოტლანდია / „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი), იუპ ჰაინკესი (გერმანია / მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი თავკაცი), იურგენ კლოპი ( გერმანია / „ბორუსია“), ჟოზე მოურინიო (პორტუგალია / მადრიდის „რეალი“/ „ჩელსი“), ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია / ბრაზილიის ეროვნული ნაკრები), არსენ ვენგერი (საფრანგეთი / „არსენალი“).

წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობას 2014 წლის 13 იანვარს, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე გამოაცხადებენ.

გასულ წელს საუკეთესო მწვრთნელად ვისენტე დელ ბოსკე დაასახელეს, მეორე ადგილი ჟოზე მოურინიოს მიაკუთვნეს, მესამე კი – ხოსეპ გვარდიოლას.

ბექა დოგრაშვილი

რამდენი ნაკრები ითამაშებს 2018 წლის მუნდიალზე?

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი მიშელ პლატინი საფეხბურთო საზოგადოებას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშე გუნდთა რაოდენობის 32-დან 40-მდე გაზრდას სთავაზობს.

უეფას პრეზიდენტის მოულოდნელი შემოთავაზება, ალბათ, ფიფას ხელმძღვანელის, იოზეპ ბლატერის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე აფრიკისა და აზიის წარმომადგენელთა გაზრდა ევროპის კვოტის შემცირებით არ გამორიცხა.

„ბატონ ბლატერს სრულიად ვეთანხმები. ტურნირში უფრო მეტი აფრიკული და აზიური ნაკრები უნდა მონაწილეობდეს, თუმცა ევროპული ნაკრებების რაოდენობის შემცირების ნაცვლად, მონაწილეთა ოდენობა 40-მდე უნდა გაიზარდოს. შესაძლებელია, დავამატოთ ორი ნაკრები აფრიკიდან, ორი – აზიიდან, ორი – ამერიკიდან, ერთი – ოკეანეთიდან და ერთიც – ევროპიდან“, – ციტირებს პლატინის სიტყვებს „თაიმსი“.

უეფას პრეზიდენტის წინადადება განსხვავებულად შეიძლება გავიგოთ: როგორც ბლატერის მხარდაჭერა და ევროპისთვის ადგილების შენარჩუნების მცდელობა; ან როგორც სურვილი, გვიჩვენოს ბლატერის იდეის აბსურდულობა. როგორც მოგეხსენებათ, პლატინი ფიფას პრეზიდენტის პოსტზე ბლატერის შემცვლელის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება. ფრანგის ეს განცხადება შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორც ერთგვარ წინასაარჩევნო ნაბიჯად.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თავდაპირველად 13 გუნდი ასპარეზობდა, შემდეგ მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა, მოგვიანებით ტურნირი 24 ნაკრებამდე გააფართოვეს, ბოლოს კი – ჩემპიონატმა დღევანდელი სახე მიიღო. ახლა ევროპას 13 ადგილი აქვს, აფრიკას – 5, აზიას – 4 პლუს შესაძლებლობა სამხრეთ ამერიკას ერთი ადგილი აართვას.

დღეს არსებული ფორმატით, 32 გუნდი 8 ჯგუფში ნაწილდება (თითოეულში 4 ნაკრები). პლატინის პროექტი, თუ შეიძლება ამას პროექტი დავარქვათ, გულისხმობს თითოეული ჯგუფის 5 გუნდამდე გაფართოებას. მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა პლანეტის პირველობის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

„ფეხბურთი იცვლება, უკვე 209 ფედერაცია არსებობს, – საუბრობს პლატინი. – თუ ფიფას წევრთა რაოდენობა იზრდება, რატომ უნდა შევიზღუდოთ? 40 გუნდი ცუდი არ არის. ტურნირის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი დღით გაიზრდება. სამაგიეროდ, გულშემატკივრები კმაყოფილნი დარჩებიან“.

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის დეკემბერში, ბრაზილიის ქალაქ სალვადორში გაიმართება. სწორედ იქ განიხილავს პლატინი კოლეგებთან ერთად თავის იდეას. ის დარწმუნებულია, რომ მხარს დაუჭერენ. აღსანიშნავია, რომ ზეპ ბლატერმა პლატინის იდეის შესახებ არაფერი იცოდა. პირად საუბრებში ფრანგს მისთვის არაფერი უთქვამს. ისე გამოვიდა, რომ უეფას პრეზიდენტმა ბლატერს  თავისი ინოვაციის შესახებ საგაზეთო ინტერვიუს მეშვეობით ამცნო.

ბექა დოგრაშვილი

„მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“

მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში ქართველებსაც გვაქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი და ეს არ გახლავთ ლიტონი სიტყვები. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბატონ სულხან იაშვილს შევხვდით, რომელიც თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი წესის თანაავტორი გახლავთ. მოგეხსენებათ, მეკარეს ბურთის ხელში აღება არ შეუძლია, როცა მას გადაცემას მისივე გუნდის მოთამაშე ფეხით აწვდის. თავის დროზე აღნიშნული წესი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს სწორედ ბატონმა სულხანმა შესთავაზა.

„ეს წესი 20 წელზე დიდი ხანია, რაც დაინერგა. ამის საშუალებით სათამაშო ტემპი ნარჩუნდება. ფიფას ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტებისგან – ჟოაო აველანჟისა და ზეპ ბლატერისგან მადლობის წერილებიც მაქვს მიღებული. 2006 წელს ბლატერმა წიგნი გამომიგზავნა ფიფას 100 წლიანი ისტორიის შესახებ. თბილისის „დინამოს“ ძველი გულშემატკივარი ვარ. თავის დროზე ფეხბურთს მეც ვთამაშობდი. თავისუფალ დროს საფეხბურთო სტატისტიკის მოძიებით ვარ დაკავებული“, – აღნიშნავს ბატონი სულხანი.

სულხან იაშვილი

სულხან იაშვილმა გაგვანდო, რომ კიდევ აქვს შემუშავებული სხვადასხვა საფეხბურთო წესები.

„ერთ-ერთი წესის მიხედვით, თავით პასის დროს თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა დაფიქსირდეს. აღნიშნული იდეა ფიფას შევთავაზე, თუმცა იქიდან წერილი მოვიდა, რომ ეს ჯერ ეროვნულმა ფედერაციამ უნდა გამოსცადოს. სამწუხაროდ, ამას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან დაინტერესება არ მოჰყოლია. მეორე წესიც მაქვს: კუთხურის ჩაწოდების, საჯარიმო და თავისუფალი დარტმების დროს მეკარის ბაქანზე მოედნის ფეხბურთელები არ უნდა შევიდნენ. ასეთ დროს მოთამაშეთა შორის ერთი გაწამაწია იმართება ხოლმე, თან მეკარესაც ხელს უშლიან. ეს წესი ამ პრობლემას შეძლებისდაგვარად მოაგვარებს“, – გვითხრა ბატონმა სულხანმა.

შესაძლოა, აღნიშნული წესების დანერგვა გამოსაცდელი ვადით მაინც ღირდეს.

სულხან იაშვილის თქმით, ის საფეხბურთო წიგნის – „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ გამოცემას აპირებს, რომელშიც განხილული იქნება სხვადასხვა საინტერესო საკითხები: ფეხბურთის ისტორია, ფეხბურთის როლი ეროვნულ მოძრაობაში, ფეარ-პლეის პრინციპი და სხვა. წიგნის გამოცემას გარკვეული თანხა სჭირდება. სამწუხაროდ, ამის დამფინანსებელი ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული წიგნი გამოიცემა, თუნდაც იმიტომ, რომ „მსოფლიოში ფეხბურთს ქართული წესითაც თამაშობენ“ და ეს არ არის ლიტონი სიტყვები, ეს ფაქტია.