ჯაბა კანკავას “დნიპროს” დატოვება სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” ნახევარმცველ ჯაბა კანკავას უკრაინული კლუბის დატოვება სურს.

როგორც მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელით ფრანგული “რეიმსი” დაინტერესდა და ახლა კლუბებს შორის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“დნიპროს” არაოფიციალური ვებგვერდის FCDNIPRO.COM-ის ინფორმაციით, ჯაბა კანკავამ უკრაინული კლუბის დატოვება ისურვა. დნეპროპეტროვსკიდან 29 წლის ქართველი ფეხბურთელის წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

 

ბელგიამ სტუმრად საფრანგეთი დაამარცხა (ვიდეო)

საფრანგეთის ნაკრებმა პარიზის “სტად დე ფრანსზე” ბელგიის გუნდი მიიღო და ანგარიშით 3:4 დამარცხდა.

50-ე წუთისთვის “წითელი ეშმაკები” უკვე სამბურთიანი უპირატესობით იგებდნენ: დუბლი შეასრულა მარუან ფელაინიმ, ერთი გოლი გაიტანა რაჯა ნაინგოლანმა. 53-ე წუთზე მატიე ვალბუენამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ერთ წუთში პენალტი საპირისპირო კარის მიმართულებით დაინიშნა, რომლის რეალიზებაც ედენ აზარმა შეძლო. მატჩის მიწურულს ნაბილ ფეკირმა და დიმიტრი პაიემ თითო-თითო ბურთი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს — 3:4.

ამხანაგური მატჩი:
საფრანგეთი — ბელგია 3:4 (0:2)

გოლები: ვალბუენა 53′ (პენ), ფეკირი 89′, პაიე 90+1′ — ფელაინი 17′, 42′, ნაინგოლანი 50′, აზარი 54′ (პენ).
გაფრთხილება: კაბაი 41′.

ბრაზილიის ნაკრებმა საფრანგეთში გაიმარჯვა (ვიდეო)

საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებებს შორის პარიზის “სტად დე ფრანსზე” გამართული ამხანაგური მატჩი “სელესაოს” გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა.

ანგარიში “სამფეროვნებმა” 21-ე წუთზე გახსნეს, გოლი რაფაელ ვარანმა გაიტანა. შესვენებამდე ხუთიოდე წუთით ადრე ოსკარმა გაათანაბრა. 57-ე წუთზე “პენტაკამპიონე” ნეიმარის გოლის წყალობით დაწინაურდა. 69-ე წუთზე კი ლუის გუსტავომ საბოლოო წერტილი დასვა — 1:3.

მორიგ ამხანაგურ მატჩს ფრანგები 29 მარტს დანიელებთან ჩაატარებენ. იმავე დღეს ბრაზილიელები ჩილეს გაეჯობრებიან.

ამხანაგური მატჩი:
საფრანგეთი — ბრაზილია 1:3 (1:1)

გოლები: ვარანი 21′ — ოსკარი 40′, ნეიმარი 57′, ლუის გუსტავო 69′.

“მარსელი” “კანთან” ორბურთიანი სხვაობით იგებდა, თუმცა მაინც დამარცხდა (ვიდეო)

საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “მარსელი” შინ “კანთან”, მოულოდნელად, ანგარიშით 2:3 დამარცხდა.

მასპინძლები ანდრე აიუსა და ანდრე-პიერ ჟინიაკის გოლების წყალობით მატჩის 63-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა “კანის” ფეხბურთელებმა — ნიკოლა სეუბმა და ემილიანო სალამ სამწუთიან მონაკვეთში ორი ბურთი გაიტანეს, შეხვედრის მიწურულს ნიკოლა ბენზემ მესამედაც შეარხია “მარსელის” კარის ბადე და გუნდს გამარჯვება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მესამე წუთზე მასპინძელთა ბელგიელმა თავდამსხმელმა მიში ბატშუაიმ პენალტი ვერ გამოიყენა.

“მარსელს” 50 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილი უკავია. “კანს” 34 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა.

საფრანგეთის ჩემპიონატი
27-ე ტური
“მარსელი” — “კანი” 2:3 (1:0)

გოლები: აიუ 45+2′, ჟინიაკი 63′ — სეუბი 67′, სალა 70′, ბენზე 87′.
გამოუყენებელი პენალტი: ბატშუაი 3′ (“მარსელი”).

“მონაკო” — “მონპელიე” გადაიდო (ფოტოები)

საფრანგეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “მონაკოსა” და “მონპელიეს” შორის გასამართი მატჩი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მონტე კარლოში ძლიერად წვიმს. მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “მონაკოს” მე-5, “მონპელიეს” კი მე-7 ადგილი აქვს დაკავებული.

weather

Monaco weather

ბენზემა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელია

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა „France Football“-მა 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა დაასახელა.

Benzema

გამოკითხვაში მეორე ადგილი ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა პოლ პოგბამ დაიკავა, ხოლო მესამე პოზიციაზე ბენზემას თანაგუნდელი რაფაელ ვარანი აღმოჩნდა.

ესპანეთს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში 26 წლის ფორვარდმა 13 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

პეტი: “საფრანგეთში ტიერი ანრი რატომღაც არ უყვართ”

ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ემანუელ პეტიმ საფრანგეთში ტიერი ანრის მიმართ ხალხის უარყოფით დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

“საფრანგეთში ანრი რატომღაც არ უყვართ. ინგლისში მას პატივს სცემენ და ძეგლიც კი დაუდგეს. რა აქვთ ანრის მიმართ სასაყვედურო? ირლანდიის ნაკრების კარში ხელით გატანილი გოლი? ჩვენ ამ გოლმა სამხრეთ აფრიკაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოგვიტანა. მას ცუდი არაფერი გაუკეთებია, ფრანგები თვალთმაქცები და ლაჩრები არიან.

Henry handles

მაღიზიანებს ფრანგული პრესა, რომელმაც ანრისგან ასეთი სახე შექმნა. ჟურნალისტები საკუთარ თავს არასდროს აკრიტიკებენ და არც პატიებას ითხოვენ.

უეინ რუნი ინგლისში არ სძულთ, მიუხედავად იმისა, რომ ის მოედანზე და მოედნის მიღმა ყოველთვის თავშეკავებულად არ იქცევა. ტიერი ანრის მინდორზე უხამსი ჟესტი არასდროს გაუკეთებია, არც პირად ცხოვრებაში აქვს რაიმე ლაქა.

Petit and Henry

ფრანგ ხალხთან ბევრი პრობლემა მაქვს: აქ უამრავ ამპარტავან, თავმომწონე, მატყუარა და ფარისეველ ადამიანს ვხედავ.

ზოგჯერ საკუთარ თავს ვეუბნები: გერმანიას რომ დავეპყარით, უკეთესი იქნებოდა. გერმანია პოლიტიკურადაც გვჯობს, ეკონომიკურადაც და სპორტული თვალსაზრისითაც. თანამედროვე გერმანია ძალიან მომწონს”, – განაცხადა პეტიმ sports.fr-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

როგორ დაკარგა “ბარსელონამ” კურტუას და ვარანის დამატების შანსი

“ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მამამ, რომელიც 2011 წლამდე კატალონიური გუნდის სკაუტად მუშაობდა, განაცხადა, რომ “ბლაუგრანას” თავის დროზე ტიბო კურტუასა და რაფაელ ვარანის დამატება შეეძლო. იმ პერიოდში ბელგიელი მეკარე “გენკში” თამაშობდა, ფრანგი მცველი კი “ლანსის” ღირსებას იცავდა. საბოლოო ჯამში, ისე მოხდა, რომ კურტუა “ჩელსიში” გადავიდა, ვარანმა კი მადრიდის “რეალს” მიაშურა.

“როდესაც კურტუა ბელგიაში თამაშობდა, ჩვენ მისი დამატების შანსი გვქონდა. ეს “ბარსაში” ჩემი მუშაობის უკანასკნელი წელი იყო. 19 წლის ტიბო “გენკის” ძირითადი მეკარე გახდა. ჩვენი ერთ-ერთი აგენტი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მისი თამაშის ამსახველი ბევრი ვიდეო ვნახეთ და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც შეგვექმნა, თუმცა “ბარსელონამ” აღნიშნულ ტრანსფერში 3 მილიონი ევრო არ გაიღო. ერთი თვის შემდეგ კურტუა “ჩელსიმ” გაიფორმა.

Raphael Varane

ვარანმა ჩვენი ინტერესი მაშინ მიიქცია, როდესაც ის საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. მაშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელისთვის ყურადღება უნდა მიგვექცია. ერთ-ერთი აგენტი “ლანსსა” და “მონაკოს” შორის გამართულ მატჩს დაესწრო, თუმცა იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ ვარანმა მასზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ასე დასრულდა ეს ისტორია”, – ციტირებს კრკიჩის მამის სიტყვებს Cadena SER-ი.

 

ინგლისის ნაკრები საფრანგეთსა და გერმანიას გაეჯიბრება

ინლისის ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში საფრანგეთისა და გერმანიის ეროვნული გუნდების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩები დაგეგმა.

ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის შეხვედრა 2015 წელს გაიმართება, გერმანია-ინგლისი კი 2016 წლის მარტში შედგება.

გარდა ამისა, ინგლისელები ამხანაგური მატჩების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ ესპანელებთან და ჰოლანდიელებთან.

 

ევრო-2016-ის ოფიციალური თილისმა

საფრანგეთში გასამართი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა არჩეულია. თილისმა საფრანგეთის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი ბიჭუნაა, რომელსაც სახელი ჯერ არ აქვს. სამაგიეროდ, ისტორია უკვე შეუთხზეს:

მისი მამა ფეხბურთელი იყო, მასაც ჰქონდა ფეხბურთის თამაშის სურვილი, თუმცა ნიჭი არ აღმოაჩნდა და მხოლოდ მეგობრების წრეში გასართობად თამაშობდა. საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის ეზოში ფეხბურთის თამაშის დროს ბიჭუნას ბურთი მოედნის მიღმა გადაუვარდა და მის მოსატანად გაეშურა. ბალახებში სკივრი იპოვა, რომელშიც სამი ნივთი აღმოჩნდა: წითელი მოსასხამი, ბუცები და ბურთი. მოსასხამი მას სწრაფი ფრენის საშუალებას აძლევს, ბუცების ჩაცმის შემდეგ გაცილებით ტექნიკური გახდა და ახალი ფინტების მოფიქრებაც დაიწყო, ბურთი კი ყველგან დააქვს და ფეხბურთის გულშემატკივრებთან თამაშობს.

მიმდინარეობს თილისმისთვის სახელის შერჩევის პროცესი, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სამი სავარაუდო სახელია: დრიბლუ, გოლიქსი და სუპერვიქტორი.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდად შესრულებული კუთხური

“ნანტის” ნახევარმცველმა სერჟ გაკპემ “მეცის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მაყურებელი ცუდად შესრულებული კუთხურით გააოცა.

ტოგოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ფეხი კუთხურის ალამს დასცხო და კინაღამ წაიქცა.

მედიაში ამ მომეტს უკვე უწოდეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდად შესრულებული კუთხური.

გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

საფრანგეთის ნაკრებმა საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

საფრანგეთის ნაკრებმა ესპანეთში გასამართი საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვის 12-კაციანი განაცხადი დაასახელა, რის შესახებაც Eurosport.fr-ი წერს.

გამთამაშებლები: ანტუან დიაო („სტრასბურგი“, საფრანგეთი), რომას ერტელი („ლაბორალ კუტჩა“)

უკანახაზელები: ნანდო დე კოლო (ცსკა, რუსეთი), ევან ფურნიე („ორლანდო მეჯიკი“, NBA), დევიდ ჯექსონი („ვილერბანი“, საფრანგეთი)

ფორვარდები: ნიკოლია ბატიუმი („პორტლენდი“, NBA), ბორის დიაო („სან-ანტონიო“, NBA), მიკაელ ჟელაბალი (თავისუფალი აგენტი)

ცენტრები: რუდი გობერი („იუტა“, NBA), ჟოფე ლოვერნი („ხიმკი“), იან მაინმი („ინდიანა პეისერსი“, NBA), ფლორან პეტრიუსი („ნანსი“, საფრანგეთი)

ევროპის მოქმედი ჩემპიონები ჯგუფში ბრაზილიის, ეგვიპტის, ირანის, სერბეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შეხვდებიან.