ნევინი: „საქართველოს ნაკრების გოლის გამტანი არ ჰყავს“

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

შოტლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პეტ ნევინმა „ბი-ბი-სისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დამდეგი მეტოქეების შესახებ ისაუბრა, საქართველოზე კი ასეთი რამ თქვა:

„საქართველოს ნაკრების შედეგებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ ეს გუნდი ძალიან ცოტას იტანს, თუმცა თამაშის ჩაკეტვა ეხერხება.

მათ ნორმალური შედეგები აქვთ, ხანდახან უმაღლესი დონის გუნდებიც დიდი გაჭირვებით ამარცხებენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრებთან ძალიან რთული მატჩები გველის, განსაკუთრებით სტუმრად.

მიუხედავად ამისა, არა მგონია, რომ ეს გუნდი ისეთივე ძლიერი იყოს, როგორც რამდენიმე წლის წინათ. მათ არ ჰყავთ გოლის გამტანი მოთამაშე“.

ბექა დოგრაშვილი

გურამ კაშიამ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაჯამა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გურამ კაშიამ.

„ვფიქრობ, გერმანიის ნაკრები აშკარა ფავორიტია, რომელსაც ჯგუფის თითოეულ წევრთან მაქსიმალური ქულის აღება შეუძლია. რაც შეეხება დანარჩენებს, ირლანდიას, შოტლანდიას, პოლონეთსა და ჩვენს ნაკრებს მეორე ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ. გერმანიის მსგავსად, ჩვენც ვეცდებით, რომ გიბრალტართან ექვსი ქულა ავიღოთ. ამ შემთხვევაში, ყველაფერს გადაწყვეტს ის, თუ რამდენ ქულას აიღებენ გუნდები ურთიერთშეხვედრებში. ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი ქვეჯგუფი ყველაზე სუსტია, თუმცა ვერც იმას ვიტყვი, იმდენად ძლიერი ჯგუფია, რომ ევრო-2016-ზე გასვლა არ შეგვიძლია-მეთქი“, – კაშიას სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ჩვენი ქვეჯგუფის კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ქეცბაიამ ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

ნიცაში გამართული წილისყრის შედეგები საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შეაფასა.

„ფავორიტი არის გერმანიის ნაკრები. შოტლანდია, პოლონეთი და ირლანდია ისეთი გუნდები არიან, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან იმისთვის, რომ ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. ადვილი თამაშები არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ვიბრძოლოთ მესამე ადგილისთვის. სასურველი იქნება, რომ პირველი ორი მატჩი თბილისში ჩავატაროთ“, – აღნიშნა ქეცბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.

პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 7 სექტემბერს, შინ, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ქვეჯგუფის სრული კალენდრის სანახავად გადადით ბმულზე: ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

ბექა დოგრაშვილი

ევროჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი – ჩვენი ჯგუფის კალენდარი

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო D ქვეჯგუფში გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.

უკვე ცნობილია ჩვენი ქვეჯგუფის კალენდარი. ის ასე გამოიყურება.

მიხაელ შუმახერის ხუთი ყველაზე შემზარავი ავარია

მიხაელ შუმახერი – ლეგენდარული სახელი, თუ მეტი არა. ხუმრობა ხომ არაა, ავტორბოლის ყველაზე პრესტიჟულ კლას ფორმულა 1-ში შვიდგზის ჩემპიონობა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ადამიანი, რომელიც ყოველ უქმეებზე მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ტრასების მოსახვევებში 200 კმ/სთ-მდე სიჩქარით შედიოდა, 45-ე დაბადების დღიდან სამი დღით ადრე, თხილამურებით სრიალის დროს დაცემის შემდეგ, კომაში ჩავარდებოდა. შუმახერი საავადმყოფოში 29 დეკემბერს თავის მძიმე ტრავმით მიიყვანეს, რომელიც საფრანგეთის ალპებში თხილამურებით სრიალისას დავარდნის შემდეგ მიიღო. მიხაელის პრესმდივანმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დაზიანება მის სიცოცხლის საფრთხეს არ შეუქმნიდა, თუმცა მოგვიანებით მდგომარეობა გაუარესდა: ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო გერმანელ მრბოლელს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად შუმახერი სიცოცხლისთვის იბრძვის. გადარჩენის შანსი არსებობს, მითუმეტეს, რომ გერმანელი სპორტსმენისთვის ეს პირველი შემთხვევა არაა.

ავტოავარია ინგლისში

მიხაელს ყველაზე დასამახსოვრებელი და, რა თქმა უნდა, ყველაზე საშინელი ავტოავარია 15 წლის წინ, დიდ ბრიტანეთში გამართული ფორმულა 1-ის გრანპრის დროს მოუვიდა. მაშინ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტიუარდები ტრასაზე ავარიის თავიდან აცილების მიზნით გამოვიდნენ, რის შესახებაც გერმანელმა სპორტსმენმა არ იცოდა და სიჩქარეც არ შეუნელებია. ერთ-ერთ მოსახვევში კი მისმა ბოლიდმა კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და საბურავების დამცავ კედელს შეეჯახა. ერთი შეხედვით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მისი მდგომარეობა სერიოზული იყო.

მოგვიანებით, ექიმების დაკვირვების შემდეგ, აშკარა გახდა, რომ მას მარჯვენა ფეხზე ორმაგი მოტეხილობა აღენიშნებოდა, რასაც შეეძლო, შუმახერის სპორტული კარიერა შეეწირა, მაგრამ მან არამხოლოდ ტრასაზე დაბრუნება შეძლო, კიდევ რამდენიმე ტიტულიც მოიპოვა. „ვგრძნობდი, რომ გულის ძგერა ნელ-ნელა მიჩერდებოდა და ბოლოს სულ გაჩერდა. მაშინვე გავიფიქრე, რომ უკვე სამოთხის გზაზე ვიდექი. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ გულმა მოქმედება შეწყვიტა. მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე“, – იხსენებდა მრბოლელი შემდეგ დღეს.

ფრენა ავსტრალიაში, 2001-ში

მიუხედავად იმისა, რომ შუმახერმა პირველი ავარიის შემდეგ „მნიშვნელოვანი გამოცდილება“ მიიღო, სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არ უშინოდა, რაც ახალ ხიფათს მოასწავებდა. ყველაფერი კიდევ უფრო საშინლად გამოყურებოდა, როდესაც 2001 წლის ავსტრალიის გრანპრიზე, ბოლიდების გამოცდის დროს მეექვსე მოსახვევში შუმახერის „ფერარიმ“ კონტროლი დაკარგა და ტრეკიდან გადავარდა. სავალი ნაწილიდან გადასვლის შემდეგ ბოლიდი ამოყირავდა და სალტო გააკეთა, შუმახერის თავი მიწას სულ რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. „გზა სუფთა იყო და არ დავზიანებულვარ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მომეწონა. რაღაც მომენტში წარმოვიდგინე, როგორ ჩაუფრინა ამოტრიალებულმა მანქანამ მიწას. ვიცი რაც მოხდა და რომელ მოსახვევშიც. ამ ადგილს ადრეც დავაკვირდი და გავიფიქრე, რომ აქ შეიძლებოდა რაღაც მომხდარიყო. ამაში კარგი არაფერია, თავიდანვე უნდა გამეთვალისწინებინა. გადავრჩი, რომ კედელს არ შევეჯახე“, – განიხილა შემზარავი ეპზოდი შუმახერმა.

სინგაპური 2011

ავსტრალიაში გაკეთებული სალტოს შემდეგ შუმახერის ცხოვრებაში კიდევ იყო ავტოავარია. მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც სინგაპურში 2011 წელს მოხდა.

ლეგენდარული მრბოლელისთვის სინგაპურის გრანპრისთვის ბრძოლა 29-ე წრეზე დასრულდა, როდესაც თავისი „მერსედესი“ დაამტვრია. თავიდან გერმანელი ნიკო როსბერგთან ავარიას ძლივს გადაურჩა, თუმცა შემდეგ „ზაუბერის“ პილოტ სერხიო პერესს შეეჯახა და სავალი ნაწილიდან გადავარდა. შეჯახების შემდეგ ბოლიდი საშინლად გამოიყურებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, შუმახერს ტრავმა არ მიუღია.

მოტოციკლი 

ყველამ იცის, რომ შუმახერმა სპორტულ კარიერაში გარკვეული ხნით პაუზა აიღო, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ექსტრიმზე თქვა უარი. მოტოციკლი შუმახერის გატაცებაა და ხიფათის მხრივ, ის ფორმულა 1-ის მანქანაზე კიდევ უფრო საშიშია. 2009 წლის თებერვალში შუმი ესპანეთის ქალაქ კარტახენას ტრასაზე მოტოციკლის გამოცდის დროს დაეცა. შემთხვევის შემდეგ, საავადმყოფოდან უიმედო ინფორმაცია გამოვიდა – ნეკნების და ზურგის ტრავმა. მრბოლელისთვის ეს კიდევ უფრო სახიფათოა, მითუმეტეს, თუ საუბარია მისი კარიერის გაგრძელებაზე. მაგრამ მიხაელი არ დანებებულა. „დღეს კარტახენაში მოტოციკლის დატესტვისას ავარიაში მოვყევი და უსაფრთხოების მიზნით სავადმყოფოში მოვედი. შემოწმების შემდეგ არაფერი გამოვლინდა და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი წესრიგში მაქვს“, – განაცხადა შუმახერმა და ცხოვრება იმავე სტილში განაგრძო, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებს – სიცოცხლის გარისკვა.

მსუბუქი ავტომობილი

ერთი წლით ადრე, 2008 წელს, „ნიურბურგრინგის“ გერმანულ ტრასაზე მიხაელ შუმახერმა „ფერარის“ ახალი ავტომობილი Scuderia F430 გამოცადა. დატესტვა წვიმის თანხლებით მიმდინარეობდა. სველ ასფალტზე 250 კმ/სთ სიჩქარით მოძრავმა შუმახერმა კონტროლი დაკარგა და სავალი ნაწილიდან გადავარდა. ავტომობილი იმ დონეზე დაზიანდა, რომ ის ვერც შეაკეთეს. საბედნიეროდ შუმახერი გადარჩა.

გთავაზობთ, მიხაელ შუმახერის ავარიების ამსახველ ვიდეონაკრებს.

გიორგი დოგრაშვილი

კობიაშვილმა „ჰერტა“ გაშვებული გოლისგან იხსნა

გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტური ბერლინის „ჰერტასა“ და ბრემენის „ვერდერის“ მატჩით გაიხსნა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. მასპინძელთა მხრიდან დუბლი შეასრულა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ადრიან რამოსმა, ერთი გოლი ებერსონ ფურტადო რონის ანგარიშზეა. „ბრემენელი მუსიკოსებიდან“ თავი გამოიჩინეს ნილს პეტერსენმა და აარონ ჰანტმა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ლევან კობიაშვილმაც, რომელიც მოედანზე შეხვედრის 81-ე წუთზე შემოვიდა და დარჩენილი დრო უშეცდომოდ გაატარა, ერთ ეპიზოდში კი „ჰერტა“ აშკარა გოლისგან იხსნა: 87-ე წუთზე ბერლინელთა კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, „ჰერტას“ მეკარემ ბურთი უხეიროდ მოიგერია, ძელს მოხვდა და კარის ხაზის გასწვრივ წამოვიდა. ბურთს კარის ხაზთან კობიაშვილმა მიუსწრო, მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ცხვირწინ ააცალა და საჯარიმოს გარეთ მოიგერია.

ამ გამარჯვებით „ჰერტამ“ 25 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. „ვერდერი“ 16 ქულით მე-14 პოზიციაზე გახლავთ.

აქვე გთავაზობთ გოლებისა და კობის სეივის ამსახველ ვიდეომასალას.

გერმანიის ბუნდესლიგა
XVI ტური
„ჰერტა“–„ვერდერი“ 3:2
გოლები: რამოსი 17′ (პენ), 26′, რონი 48′ – პეტერსენი 15′, ჰანტი 32′.
გაფრთხილებები: ჯიგერჯი 66′ – გებრე სელასი 17′, გარსია 51′.

ბექა დოგრაშვილი

ბალაკი: „გერმანიას მარცხენა მცველის პრობლემა აქვს“

გერმანიის ნაკრების ექს-კაპიტანმა მიხაელ ბალაკმა 2014 წლის მუნდიალის კენჭისყრის შედეგები შეაფასა.
ცნობისთვის, გერმანელების ჯგუფში ასევე პორტუგალია, განა და აშშ მოხვდნენ.
„ვიცი, რომ გერმანია კარგად არის მომზადებული. ეს კარგი გუნდია, რომელიც ტიტულის მოგებას შეეცდება. დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშე მხოლოდ ტურნირის მოგებაზე ფიქრობს“, – თვლის ბალაკი.
„პრობლემები? ვფიქრობ, მაღალი დონის მარცხენა მცველის გამოძახებაა საჭირო. მრავალი წლის განმავლობაში ამ პოზიციაზე ფილიპ ლამი თამაშობდა, თუმცა ახლა მან საპირისპირო ფლანგზე გადაინაცვლა“.
„ჩვენი ცენტრალური მცველები ძალიან ძლიერები არიან, მაგრა, სწორი დუეტის არჩევა მაინც მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები ერთმანეთს უნდა ეხმარებოდნენ. წინ კი პრობლემები არ გვაქვს. კლოზე, ისევე, როგორც გომესი – მაღალი დონის თავდამსხმელია. დარწმუნებული ვარ, ეს ორი ფორვარდი არაერთ გოლს გაიტანს“, – დაასრულა 37 წლის გერმანელმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

გერმანიის ნაკრები „უემბლის“ სტადიონზე მეტროთი მივიდა

გუშინ ლონდონის მეტროს მგზავრებს ნამდვილ ვარსკვლავებთან ერთად მოუწიათ მგზავრობა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 00:00 საათზე ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების შორის ამხანაგური მატჩი დაიწყება. იოაჰიმ ლიოვმა გუშინ გუნდი „უემბლიზე“ სავარჯიშოდ მეტროთი მიიყვანა.

გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია იტყობინება, რომ ეროვნულმა ნაკრებმა სატრანსპორტო საშუალებად პირველად გამოიყენა მეტრო.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებმა ისარგებლეს შემთხვევით და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებს ფოტოები გადაუღეს.

როგორც გერმანიის ფეხბურთის ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული ქმედება მათი მხრიდან არ ყოფილა პიარკამპანია, უბრალოდ ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ნაკრებს ჭარბად დასახლებულ ქუჩებში მოძრაობისგან თავი აერიდებინა.

ბექა დოგრაშვილი

მსაჯის უხეში შეცდომა – უსამართლოდ დანიშნული პენალტი

გერმანიაში, „ბიობლინგენსა“ და „გიოპინგერს“ შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას, მთავარი არბიტრი სტუმართა გუნდის ფეხბურთელის სიმულაციას წამოეგო და მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, არადა, შემტევ მოთამაშეს იმ ეპიზოდში არავინ შეხებია.

სექსისტები არ ვართ, თუმცა შეხვედრის მთავარი არბიტრი მდედრობითი სქესისა გახლდათ.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

 

„ალენისა“ და „ფორტუნას“ მატჩი კინაღამ ჩაიშალა (ფოტო)

გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, „ალენსა“ და დიუსელდორფის „ფორტუნას“ შორის გამართული მატჩი კინაღამ ჩაიშალა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე „ფორტუნას“ ქომაგებმა ტრიბუნაზე პიროტექნიკური შოუ მოაწყვეს, რის გამოც მატცის მთავარი არბიტრი ფრენ ვილენბორგი იძულებული გახდა, გუნდები გასახდელშ ოთახში გაეყვანა.

მატჩი რამდენიმე წუთში განახლდა და საბოლოოდ, ის „ალენის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

 

ბეკენბაუერი: „უცხოპლანეტელები მეწვივნენ, საფრთხე გვემუქრება“ (ვიდეომიმართვა)

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა საზოგადოებას ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

კაიზერ ფრანცს ასეთი კითხვა დაუსვეს: „ნება მომეცით, გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, არსებობენ უცხოპლანეტელები? თამაშობენ ისინი სპორტულ სახეობებს?“

ბეკენბაუერმა ასე უპასუხა: „დიახ! წუხელ ისინი ჩემთან მოვიდნენ. მათ ჩვენს წინააღმდეგ ფეხბურთის თამაში უნდათ, თუმცა პრობლემა ის არის, რომ თუ წავაგებთ, ჩვენს პლანეტას გაანადგურებენ. ჩვენი ამოცანა გუნდის შეკრებაა. მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ პლანეტის გადარჩენა“.

ვითომ, ბეკენბაუერი ჭკუიდან შეიშალა? ალბათ, არა. შესაძლოა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა, თუმცა რა შუაშია უცხოპლანეტელები, ეს ჯერჯერობით უცნობია. ბეკენბაუერი კავშირზე გამოსვლას ნოემბრის დასაწყისში აპირებს.

ბექა დოგრაშვილი

გერმანია ევრო-2024-ის მასპინძლობაზე პრეტენზიას გამოთქვამს

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე მზადყოფნა გამოთქვა.

ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა ნიურნბერგის კონგრესზე განაცხადა. გერმანია ევრო-2020-ის მატჩების ერთ-ერთ მასპინძლადაც არის გამოცხადებული. მოგეხსენებათ, ტურნირი ევროპის კონტინენტის 13 ქალაქში ჩატარდება, მათ შორის მიუნხენიც არის დასახელებული.

„ამ მიზნისკენ უკვე დიდი ხანია მივიწევთ. უმაღლესი დონის ტურნირების ჩასატარებლად საჭირო გამოცდილება გვაქვს. გარდა ამისა, მზად არის საფეხბურთო სტადიონები, რომლებზეც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები შედგა. სხვა არენების მოდერიზაციისთვის 9 წელი კიდევ გვაქვს“, – განაცხადა გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩატარების ადგილს უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 2018 წლის ზაფხულში გამოაცხადებს. ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადგენილა განაცხადის წარდგენის ვადები. უცნობია ისიც, ერთი ქვეყანა უმასპინძლებს ტურნირს თუ რამდენიმე.

ბექა დოგრაშვილი