უეფას ყველა წევრი ასოციაცია შეუერთდა დეკლარაციას, რომელიც გმობს სუპერლიგას

დღეს, უეფას 55-მა წევრმა ასოციაციამ, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ერთხმად დაამტკიცა დეკლარაცია, რომელიც მკაცრად გმობს სუპერლიგას.

უეფას მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ:


“უეფას 55 ასოციაცია და კონგრესის წევრები გმობენ ე.წ. “სუპერლიგას”. უეფას კონგრესი მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ დახურული “სუპერლიგა” ეწინააღმდეგება ევროპელობის იდეას – ერთიანობის, გახსნილობის, ურთიერთდახმარებისა და სპორტული ღირებულებების პრინციპებს. უეფასა და მის წევრ ასოციაციებს სჯერათ ევროპული მოდელის ჭეშმარიტების, რომელიც ეფუძნება ღია შეჯიბრებითობას, სოლიდარობასა და გადანაწილებას, რაც უზრუნველყოფს ფეხბურთის მდგრადობასა და განვითარებას ყველას სასარგებლოდ, ასევე ასტიმულირებს ევროპულ ღირებულებებსა და სოციალურ შედეგებს.

შეთქმულების მონაწილე კლუბები გულწრფელად ვერ ხედავენ, რომ მათ დღევანდელ სტატუსს მიაღწიეს არა იზოლაციის პირობებში, არამედ ევროპული სისტემის დინამიურ ფარგლებში, რომელშიც დიდმა, საშუალო და პატარა კლუბებმა საერთო წვლილი შეიტანეს თითოეულის წარმატებასა თუ წარუმატებლობაში. იმის წარმოდგენა, თითქოს მათ აქვთ ცალკე გამოყოფის და ერთად შექმნილი მემკვიდრეობის მოთხოვნის უფლება, მათი მხრიდან ევროპული ღირებულებების შეურაცხყოფაა.

უეფა, მისი ასოციაციები და ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, მტკიცედ დგას, მაქსიმალურად შეეწინააღმდეგება და იბრძოლებს ამ კლუბების მფლობელებისა და მათი მხარდამჭერების აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა მორალური ღირებულებებია საფრთხეში და ფეხბურთს დავიცავთ ეგოისტური კლანისგან, რომელსაც არ ადარდებს ეს თამაში. ევროპული ფეხბურთი ჩვენ ვართ და არა – ისინი”.


შეგახსენებთ, რომ სუპერლიგაში ამ დროისთვის 12 კლუბია გაერთიანებული: “არსენალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ტოტენჰემი”, “რეალი”, “ბარსელონა”, “ატლეტიკო”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “მილანი”. დაანონსებულია კიდევ რვა კლუბის დამატება.

თავის მხრივ, ფიფა და უეფა ახალი პროექტის მონაწილე კლუბებს ეროვნული, ევროპული და მსოფლიო ტურნირებიდან მოკვეთით, მათ ფეხბურთელებს კი სანაკრებო დონეზე თამაშის აკრძალვით ემუქრება.

მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის პირველი მოდული დასრულდა

2 მაისს, სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის პირველი მოდულის დასკვნითი დღე გაიმართა.

სასწავლო კურსის პირველი მოდული ზოგად შესავალსა და მწვრთნელთა ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებას ეხებოდა. მოდული ძირითადად ჯგუფური სამუშაოებისგან და პრაქტიკული სავარჯიშოებისგან შედგებოდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსმა განახლებული ფორმატით სტარტი 30 აპრილს აიღო. ამიერიდან კურსი 6 მოდულისგან შედგება და ლიცენზიის მაძიებლები მას ერთი წლის განმავლობაში შეისწავლიან. მიმდინარე კურსზე 20 მსმენელი ირიცხება.

უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის მეორე მოდული მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.

Gff.Ge

მწვრთნელთა PRO-ლიცენზია – მეორე დღე

მწვრთენლთა საგანმანათლებლო პროგრამის PRO-ლიცენზიის მაძიებლები სწავლების მეორე დღის პირველ ნაწილში ჯგუფურ სამუშაოებში ჩაერთნენ. ახალი ინსტიტუტის – ტუტორთა ჩართულობის პრაქტიკულ მიმდინარეობას აკვირდება უეფას მწვრთნელთა განათლების ექსპერტი გენადი სკურტული, რომელიც საქართველოში კვირის ბოლომდე დარჩება.

დღესვე, 20 ქართველი მწვრთნელი პრაქტიკულ სესიებში მიიღებს მონაწილეობას.

პროგრამის მეორე დღე კურსის ტუტორებმა შეაფასეს:

ოთარ გაბელია: “საქართველოში გამართული პრო-ლიცენზიის პირველი კურსი 15-მა მწვრთნელმა გავიარეთ. აღნიშნული პროგრამის საშუალებით უამრავ სიახლეს გავეცანი. მწვრთნელობა ისეთი პროფესიაა, რომელსაც ყოველდღიური სწავლა და განვითარება სჭირდება. ჩვენ 2 წლის უკან ავიღეთ ლიცენზია და მას შემდეგაც უამრავი ცვლილება მოხდა ფეხბურთში. პრო-ლიცენზიის მეორე კურსი პირველისგან განსხვავებულია და ის საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი სიახლე შევიტყოთ ჩვენი საქმიანობის შესახებ. ეს ახალგაზრდა მწვრთნელებისთვის შესანიშნავი შანსია. მადლობელი ვარ ფეხბურთის ფედერაციის, რომ უკვე მეორედ ტარდება მწვრთნელთა განათლების უმაღლესი ლიცენზიის კურსი. კურსის მონაწილეებს კი, წარმატებას და კარგი შედეგების ჩვენებას ვუსურვებ.“

გიორგი დევდარიანი: “მეტი კვალიფიციური და განათლებული მწვრთნელი  პირდაპირპროპორციულად აისახება კლუბებისა და ზოგადად, ქართული ფეხბურთის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, წინა კურსთან შედარებით არის განსხვავებები. იმიტომ, რომ ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სფერო მწვრთნელთა განათლებაც ვითარდება და იხვეწება.“

თეიმურაზ შალამბერიძე: “ჩვენი მწვრთნელებისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ეს კურსები ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ქართული ფეხბურთი წინ წაიწევს და განათლებული მწვრთნელები გვეყოლება. ჩვენ პრო-ლიცენზიის კურსები გავლილი გვაქვს, მაგრამ ახალი კურსი განსხვავებული ფორმატით ტარდება. მართალია, სულ მეორე დღეა, რაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ განსხვავებები, რა თქმა უნდა, იგრძნობა. ამჯერად აქცენტი უფრო პრაქტიკულ სამუშაოზე კეთდება.”

Gff.Ge

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები შეიკრიბა და ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრები 11-15 თებერვალს მორიგ შეკრებას გაივლის სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“.
გიორგი მიქაძემ ნაკრების კანდიდატებიდან 22 ფეხბურთელი შეარჩია, რომელთაც შეკრების ბოლოს დღეს ამხანაგურ მატჩშიც დააკვირდება. შეხვედრა დუშეთში გაიმართება ლიგა 3-ის წარმომადგენელ „არაგვთან“ და 14 საათზე დაიწყება.

მეკარეები: გიორგი ანდრიაძე (გაგრა), ლევან კონცელიძე (შევარდენი);

მცველები: ნიკოლოზ გაბელაია (დინამო თბ), ივანე სირაძე (ლოკომოტივი), ბექა ხარშილაძე (დინამო თბ), არჩილ ბასარია (დინამო თბ), სერგი არჩვაძე (გაგრა), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), არჩილ შალამბერიძე (შევარდენი), ლუკა მაღრაძე (შევარდენი);

ნახევარმცველები: ლუკა ბერიაშვილი (დინამო თბ), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), ივანე ოქროპირიძე (ლოკომოტივი), ლუკა ხორხელი (იბერია 2010), ზვიად გოგია (შევარდენი), გიგა გულდედავა (დინამო თბ), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), ვაკო ქელდიშვილი (ცხინვალი);

თავდამსხმელები: რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი ხარშილაძე (დინამო თბ), თემურ გაბუნია (დინამო თბ), გიორგი გოგობერიშვილი (დინამო თბ).

Gff.Ge

მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსი იწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების განყოფილება უეფას მწვრთნელთა „B“ ლიცენზიის მორიგ სასწავლო კურსს გეგმავს. კურსი, მიმდინარე წლის ბოლოს თბილისში გაიმართება.

„B“ ლიცენზიის კურსზე მონაწილეობის მსურველი მწვრთნელები შემდეგ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ ან მიმართონ სფფ-ის მწვრთნელთა განათლების განყოფილებას ელექტრონულ მისამართზე – ce@gff.ge. სასწავლო კურსზე ადგილები შეზღუდულია.

Gff.Ge

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს გიორგი ნემსაძე გაწვრთნის (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” 17-წლამდე ნაკრების შეკრება დაიწყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფეხბურთელებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა – ამიერიდან 17-წლამდე ნაკრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე უხელმძღვანელებს. მისი თანაშემწე კი გიორგი ხიზანიშვილი იქნება. ცვლილებაა სფფ-ის სტრუქტურაშიც – ეროვნული ნაკრების გარდა, ალექსანდრე იაშვილი ამიერიდან ასაკობრივ ნაკრებებსაც უხელმძღვანელებს.

“ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ ახალი მთავარი მწვრთნელი – გიორგი ნემსაძე. მას ქართულ ფეხბურთში დიდი წარდგენა არ სჭირდება და დიდი იმედი მაქვს, რომ ერთად წარმატებული წელი გველოდება. ყოველთვის იცოდეთ და გჯეროდეთ ერთი: რა კარიერაც არ უნდა გქონდეთ, სადაც არ უნდა ითამაშოთ, რასაც არ უნდა მიაღწიოთ ცხოვრებაში, ვერასდროს ვერაფერი გადასწონის იმას, რასაც ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმა ჰქვია. ნაკრებში ღირსეული თამაში და ქვეყნისა და გულშემატკივრებისთვის ბრძოლა არის ყველაზე დიდი ჯილდო სპორტსმენისთვის”, – ამ სიტყვებით მიმართა ალექსანდრე იაშვილმა 17-წლამდე ნაკრების ფეხბურთელებს.

სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა იქვე მადლობა გადაუხადა ნაკრების ყოფილ მწვრთნელ გურამ ასპინძელაშვილს და წარმატებები უსურვა მას კარიერაში. საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დღეიდან 10 დღის განმავლობაში შეკრებას “ბასაზე” გაივლის, 14 იანვარს კი მინსკში გაემგზავრება, სადაც “განვითარების თასზე” მიიღებს მონაწილეობას.

ამჟამად გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით 30 ფეხბურთელი ვარჯიშობს.

მეკარეები: აკაკი თვალოძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე (ლოკომოტივი), მამუკა ბახტაძე (საბურთალო);

მცველები: სანდრო მელიქიშვილი (საბურთალო), ირაკლი წაქაძე (ტორპედო), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), აკაკი წაქაძე (დინამო თბ), გიორგი აბზიანიძე (სფფ აკადემია), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო);

ნახევარმცველები: ლუკა ჩაკვეტაძე (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (სფფ აკადემია), შალვა მაღალდაძე (დინამო თბ), ბექა აშორდია (სფფ აკადემია), ვახტანგ ჩარკვიანი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), ზურა დავითაშვილი (დინამო თბ), გიორგი ლომთაძე (დინამო თბ), საბა ჯინჭარაძე (შუქურა), ოთარ ფარულავა (ავაზა), ჯინო თუდები (დინამო თბ), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), ედიშერ უგრეხელიძე (ესენი, გერმანია);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი იაკობიძე (დინამო თბ), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), ნიკა ქუთათელაძე (პსჟ, საფრანგეთი).

ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

ფიფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის 12 ნოემბერს გამართული მატჩის (1:1) მიმდინარეობისას დაფიქსირებული დარღვევების გამო მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სფფ-ს ფულადი ჯარიმა დაუწესა.

კერძოდ, ტრიბუნაზე ცეცხლგამჩენი მოწყობილობების აღმოჩენისა და მოედანზე უცხო ნივთების სროლის გამო სფფ-ს ჯარიმის სახით 3 ათასი შვეიცარული ფრანკის გადახდა მოუწევს. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ფიფასგან გაფრთხილებაც მიიღო.

დარღვევები საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს შორის 5 სექტემბერს გამართულ შეხვედრაშიც დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ ფიფა მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება

8 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგი:

1. 2016 წლის 6 აპრილს, ზესტაფონში, ს.კ. თერჯოლას „საპოვნელასა“ და თბილისის „საბურთალოს“ შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;

2. 2016 წლის 6 აპრილს, ქობულეთში, ს.კ. თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შორის ჩატარებული მატჩისას მომხდარი ინციდენტი;

კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და დაადგინეს:

1. თერჯოლის „საპოვნელას“ გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების სროლას. შესაბამისად, 2016 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩის ერთ-ერთ მხარეს, ს.კ. თერჯოლის „საპოვნელას“, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 115-ე მუხლის 2-ე პუნქტის და 55-ე მუხლის II პუნქტის თანახმად დაეკისრება ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

2. ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელის, ბაქარ მირცხულავას (#5) მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ ქცევას ანუ მიუღებელი ლექსიკის გამოყენებას, მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენებას. შესაბამისად, ბაქარ მირცხულავას, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 99-ე მუხლის I ნაწილის თანახმად დაეკისროს ჯარიმა 600 ლარის ოდენობით და დისკვალიფიცირებულ იქნეს 3 ოფიციალური შეხვედრის განმავლობაში.

3. ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელის, ვანო წილოსანის მხრიდან (რომელიც აღნიშნულ მატჩზე არ იყო შეყვანილი განაცხადში), ადგილი ჰქონდა როგორც მატჩის მსვლელობაში ჩარევას, ასევე შეურაცხმყოფელ ქცევას ანუ მიუღებელი ლექსიკის გამოყენებას, მსაჯის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და გამოთქმების გამოყენებას. შესაბამისად, ვანო წიკლაურს სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 97-ე მუხლის, 99-ე მუხლის I ნაწილის და 55-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, დაეკისროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და დისკვალიფიცირებულ იქნეს 5 ოფიციალური შეხვედრის განმავლობაში.

4. ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების სროლას. შესაბამისად, 2016 წლის 6 აპრილს ჩატარებული მატჩის ერთ-ერთ მხარეს, კერძოდ ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 115-ე მუხლის 2-ე ქვეპუნქტის თანახმად, დაეკისრება ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

5. ს.კ. თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის (გუნდის უფროსის), გია ჯიშკარიანის მხრიდან ადგილი ჰქონდა ტექნიკური ზონის ფარგლების გარეთ გასვლასა და მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებას. შესაბამისად, ჯიშკარიანს სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის 94-ე მუხლის I ნაწილის და 55-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მიეცეს გაფრთხილება ზემოაღნიშნულ საქციელთან დაკავშირებით და მიეთითოს, რომ ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში გამოტანილ იქნება უფრო მკაცრი სასჯელი.

6. მხარეთა მოსმენისა და დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ კომიტეტმა მიიჩნია, რომ ს.კ. თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ფეხბურთელის, ვახტანგ ჭანტურიშვილის (#77) მხრიდან ადგილი ჰქონდა არასპორტულ საქციელს, რომელიც არ განეკუთვნება სადისციპლინო კოდექსის სხვა დარღვევებს (ფეხბურთელის მიერ პეროტექნიკური საშუალების გამოყენება და გულშემატკივართა წახალისება აღნიშნული საქციელისაკენ). შესაბამისად, სფფ-ს სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლის და 55-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მიეცეს გაფრთხილება ზემოაღნიშნულ საქციელთან დაკავშირებით და მიეთითოს, რომ ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში გამოტანილ იქნება უფრო მკაცრი სასჯელი. დაეკისროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

7. ს.კ. თბილისის „დინამოს“ გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების გამოყენებასა და სროლას (აღსანიშნავია, რომ ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნული მოწყობილობების მასიურ და საფრთხის შემცველ გამოყენებას). შესაბამისად, 2016 წლის 6 აპრილს ჩატარებულ მატჩის ერთ-ერთ მხარეს, ს.კ. თბილისის „დინამოს“ 115-ე მუხლის II ქვეპუნქტის თანახმად დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

8. მასპინძელმა კლუბმა (ს.კ. თბილისის „დინამო“) ვერ უზრუნველყო სტადიონზე უსაფრხოების ნორმების დაცვა (განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ ადგილი ჰქონდა დიდი მოცულობის, სტაციონალური ფორმატის და განსაკუთრებული საფრთხის შემცველი მოწყობილობების სტადიონზე შეტანის ფაქტს) და შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 105-ე მუხლის I ნაწილისა და 55-ე მუხლის საფუძველზე, ს.კ. „დინამო“ თბილისს დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

კობიაშვილი: “მჯერა, ყაზახეთის ნაკრებთან მატჩი მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს”

29 მარტს საქართველოს ნაკრები კალენდარული წლის პირველ მატჩს გამართავს. “ჯვაროსნები” “დინამო არენაზე” ყაზახებს ამხანაგურად გაეჯიბრებიან. დამდეგი შეხვედრის შესახებ სპეციალურ განცხხადებას აქვეყნებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

“ეროვნული ნაკრები ჩვენი ქვეყნის სახეა. ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც წლის სადებიუტო მატჩი. მჯერა, ეს შეხვედრა გარდამტეხი იქნება ჩვენი გუნდისთვის და მომავალ გამარჯვებებს დაუდებს სათავეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქომაგს იმ თანადგომისა და ინტერესისთვის, რასაც იჩენენ.
29 მარტს, საღამოს 9 საათზე, “დინამო არენაზე” ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს”, – განცხადება ლევან კობიაშვილის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 29 მარტს, “დინამო არენაზე” გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია ორშაბათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა “დინამო არენას” სალაროებში 28 მარტიდან იქნება შესაძლებელი. 28 მარტს სალაროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს, 29 მარტს კი, თამაშის დაწყებამდე. ბილეთის ფასი 5 ლარია.

 

ვითიბი ბანკი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა

ვითიბი ბანკსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბანკი, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით 1 მარტს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა ღონისძიება, რომელზედაც ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დამსწრეებს მიღწეული შეთანხმების შესახებ აცნობეს. დადებული ხელშეკრულება ორ წლიან სპონსორულ ურთიერთობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, ფიქსირებული თანხის გარდა, კონტრაქტში გათვალისწინებულია შედეგზე ორიენტირებული დამატებითი თანხა, რომელიც განისაზღვრება 2016 – 2017 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებში, საქართველოს ნაკრების მიერ, დაგროვილი ქულების მიხედვით.

გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ვითიბი ბანკისა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი ფეხბურთელები და სხვა სტუმრები.

ვითიბი ბანკი ტრადიციულად სპორტის აქტიური მხარდამჭერია, ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გარდა, წყალბურთის ეროვნული ნაკრების, ტანვარჯიშის ფედერაციის, საცხენოსნო სპორტის ფედერაციის და სხვა სპორტული გუნდების გენერალური სპონსორია.

ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა:

„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვითიბი ბანკის სპონსორულ პროექტებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები შეემატა. ქართული ფეხბურთის მდიდარი ტრადიციები ჩვენთვის, როგორც ყველა ქართველისთვის ეროვნული სიამაყის და მიღწევების სიმბოლოდ იქცა, ბევრისთვის მისი სიყვარული ბავშვობიდან იწყება და მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება.

დღეს ყველა თანხმდება, რომ ფეხბურთს ქვეყნის და საზოგადოების მხარდაჭერა ესაჭიროება, ამას ფეხბურთის განვითრების სახელმწიფო პროგრამაც ადასტურებს, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევა მომავალი მიღწევების მომტანი გახდება.

ვითიბი ბანკის მიერ ფეხბურთის მხარდაჭერა ითვალისწინებს შემდეგს: ეროვნული ნაკრების მხარდაჭერას, ფეხბურთის პოპულარიზაციის პროექტის მხარდაჭერას, საბავშვო და მინი ფეხბურთის განვითარებას. ამის გარდა ნაკრების შედეგებზე ორიენტირებული დამატებითი დაფინანსებაც არის გათვალისწინებული, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა დიდი წარმატების დასაწყისი გახდება.“

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორს. ბანკს, რომელიც დღეიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მხარდამჭერი იქნება. ამ ეტაპზე ჩვენთვის დიდი პატივია წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელსაც აქვს სურვილი საკუთარი წვლილი შეიტანოს ფეხბურთის მიმართულებით დაფინანსებაში. თანამედროვე ფეხბურთში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული თანამშრომლობა ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით აქტივობას და ვფიქრობ, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობა წარმატებული იქნება როგორც ეროვნული ნაკრებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიისთვის“, – ლევან კობიაშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.

სფფ-ის პრესსამსახური

ფედერაციის აღმასკომი 15 თებერვალს შეიკრიბება

15 თებერვალს, 12:00 საათზე, სფფ-ს საკონფერნციო დარბაზში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი:

1. საქართველოს 2015-2016 წ.წ. ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების ჩემპიონატის მეორე წრის კალენდრების დამტკიცება.
2. საქართველოს 2015-16 წ.წ. XXVII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი ლიგების და დუბლების პირველობის, დავით ყიფიანის სახელობის თასის XXVI გათამაშების დებულებაში ცვლილებების შეტანა.
3. სხვადასხვა.

სფფ-ს პრესსამსახური

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა (ვიდეო)

საქართველოს მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარდგენილი ფეხბურთის განვითარების ხუთწლიანი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამით გათვალისწინებული მიმართულებები მოიცავს კლუბების ფინანსურ სტიმულირებას, ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლებას, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას, საფეხბურთო განათლების ხელშეწყობას და ა.შ. უახლოეს მომავალში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფეხბურთის განვითარების გეგმას ფართო საზოგადოებას წარუდგენს.

 სფფ-ის პრესსამსახური