იოახიმ ლიოვს თურქეთში იწვევენ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ იოახიმ ლიოვს შემოთავაზება თურქეთის სუპერლიგიდან აქვს. ავტორიტეტული ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ 61 წლის გერმანელ სპეციალისტს “ფენერბაჰჩე” ეპატიჟება.

თურქები ლიოვს კონტრაქტის 2024 წლამდე გაფორმებას სთავაზობენ და მისგან პასუხს უახლოეს პერიოდში ელიან.

შეგახსენებთ, რომ იოახიმ ლიოვი 2006-დან 2021 წლამდე გერმანიის ნაკრებს თავკაცობდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.

კრუზე: “მნიშვნელოვანია, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გამარჯვების გოლის გამტანმა მაქს კრუზემ.

“ანგარიშის გათანაბრების შემდეგ თამაში საყურებლად კარგი არ იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ევროპის ჩემპიონატზე ძველი ძალებით დავბრუნდებით”, – აღნიშნა კრუზემ.

 

იოახიმ ლიოვი: “უკმაყოფილო ვარ”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო შეხვედრა შინ საქართველოს ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ “ბუნდესთიმის” მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი საკუთარი გუნდის მიმართ პრეტენზიებს არ მალავდა.

“იგივე თამაში ვიხილეთ, რაც დუბლინში. ადრეული გოლი ვერ გავიტანეთ, რამაც იმედები გამიცრუა.

ჩვენ ის მოკრივე ვართ, რომელიც მეტოქეს ბევრ დარტყმას აყენებს, მაგრამ ადრეულ ნოკაუტში ვერ აგდებს.

ასე რომ, როგორც ირლანდიის ნაკრებთან, ისევე დღევანდელ შეხვედრაში უკმაყოფილო დავრჩი. ეს არ არის ის სტანდარტი, რასაც ჩვენ ვითხოვთ.

ნოემბერში იმ ფეხბურთელებს გამოვიძახებ, რომლებიც ახლა გუნდთან ერთად არ იყვნენ.

ფლანგიდან შეტევის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ცენტრიდან ვუტევდით. ფლანგის მცველებს ვერ გამოვიყენებდი, რადგან საკლუბო დონეზე ისინი ასე არ თამაშობენ, ვარჯიშებზე კი ფლანგზე თამაში არ ისწავლება”, – განაცხადა ლიოვმა.

 

ლიოვი: „2018 წლის მუნდიალის შემდეგ ესპანეთში ვიმუშავებდი“

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა რამდენიმე წელიწადში ესპანეთში მუშაობის სურვილი გამოთქვა.

„მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შემდეგ ესპანეთში მუშაობას ვისურვებდი. იქ ჩემი თამაშის ფილოსოფიას იზიარებენ, რომელიც შემტევ და ტექნიკურ ფეხბურთზეა აგებული. ამიტომაც, ვთვლი, რომ პრიმერა დივიზიონი ჩემთვის ძალიან საინტერესო ჩემპიონატია“, – განაცხადა ბუნდესტიმის დამრიგებელმა.

მადრიდის „რეალს“ იოახიმ ლიოვი ჩაიბარებს?

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა, შესაძლოა, მადრიდის „რეალი“ ჩაიბაროს. „სამეფო კლუბის“ ამჟამინდელი თავკაცის კარლო ანჩელოტის კონტრაქტი 2016 წლამდე მოქმედებს. როგორც „Tuttomercato“ ვარაუდობს, მადრიდელები გერმანელ სპეციალისტს სწორედ ამ პერიოდში მიიწვევენ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ლიოვის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გერმანიის ნაკრებიდან წასვლაზე საუბარი აქამდეც ყოფილა.

ანჩელოტიმ „რეალი“ 2013 წელს ჩაიბარა. იტალიელი სპეციალისტის პერიოდში „ბლანკოსმა“ ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2014 წლის მწვრთნელად იოახიმ ლიოვი დასახელდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე 2014 წლის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი დაასახელეს. ეს წოდება გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა მოიპოვა, რომელიც “ბუნდესთიმთან” ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. გამოკითხვაში ფეხბურთის გერმანელმა სპეციალისტმა ხმათა 36,23 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი (22,06%). საუკეთესო სამეულს “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე ხურავს (19,02%).

“არ ვთვლი, რომ ეს ჯილდო მხოლოდ მე მეკუთვნის, ეს მთელი ნაკრების საკუთრებაა. გერმანულ ფეხბურთში წლების განმავლობაში შეიქმნა ისეთი პირობები, რამაც ბრაზილიაში გამარჯვების შესაძლებლობა მოგვცა. ეს წოდება იმაზე მიუთითებს, რომ მეც და სამწვრთნელო შტაბის დანარჩენი წევრებიც სწორი მიმართულებით მივდიოდით. 2014 წლის მწვრთნელებად გერმანიის ახალგაზრდული გუნდის თავკაცებსაც დავასახელებდი. მათაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ გამარჯვებაში. ლომის წილი დაიდეს იმათმაც, ვინც ჩვენს ქვეყანაში საფეხბურთო სტრუქტურა შექმნეს. არ შეიძლება, არ აღვნიშნო ბუნდესლიგა, რომლის გარეშეც განვითარება შეუძლებელი იქნებოდა. თანაშემწეების დახმარების გარეშე ეს ყველაფერი მიუღწეველი დარჩებოდა. ვთვლი, რომ ამ ჯილდოს ანჩელოტი და სიმეონეც იმსახურებენ”, – განაცხადა ლიოვმა.

 

„Kicker“-მა წლის ადამიანად იოახიმ ლიოვი დაასახელა

გერმანულმა გამოცემა „Kicker“-მა თავისი ყოველწლიური ჯილდოს გამარჯვებული გამოავლინა. გადაწყვეტილების თანახმად, 2014 წლის ადამიანად გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დასახელდა.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება 54 წლის სპეციალისტის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებთან ერთად მიღწეულმა წარმატებამ განაპირობა.

აქამდე ლიოვმა გამოცემისგან ეს პრიზი 2011 წელსაც მიიღო.

ცნობისთვის, გასულ წელს „„Kicker“-მა ხსენებული ჯილდო მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ფრანკ რიბერის გადასცა.

ფიფამ “წლის მწვრთნელის” ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა

ფიფამ “წლის მწვრთნელის” პრეტენდენტები დაასახელა.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი და მადრიდის “ატლეტიკოს” დამრიგებელი დიეგო სიმეონე.

შეგახსენებთ, რომ ანჩელოტი “რეალთან” ერთად ესპანეთის სამეფო თასის, ჩემპიონთა ლიგის თასისა და უეფას სუპერთასის მფლობელი გახდა. ლიოვმა გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. სიმეონე “ატლეტიკოსთან” ერთად ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, მოიგო ქვეყნის სუპერთასიც და გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა 2015 წლის 12 იანვარს, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

 

ჟოზე მოურინიომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე ისაუბრა

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯოზე მოურინიომ, ჟურნალისტებს თავისი მოსაზრება გაუზიარა წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულთან დაკავშირებით.

“ვიცი, რომ წლის საუკეთესო მწვრთნელის ტოპ 10_ეულში ვარ, მაგრამ ეს ყოველივე არ მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერ გავიმარჯვებ, მესმის, რომ არ ვიმსახურებ ამ ტიტულს. ახლა მხოლოდ შაბათს გასამართ მატჩზე ვფიქრობ, რომელშიც მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს, დანარჩენი არ მაინტერესებს.” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პირველ ათეულში მოხვდნენ: კარლო ანჩლოტი (“რეალი”), პეპ გვარდიოლა (“ბაიერნი”), იურგენ კლინსმანი (აშშ-ის ნაკრები), იოახიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები), ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”), მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტი”), დიეგო სიმეონე (“ატლეტიკო მადრიდი”), ლუი ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრები, “მანჩესტერ იუნაიტედი”), ანტონიო კონტე (“იუვენტუსი”, იტალიის ნაკრები), და ალეხანდრო საბელია (არგენტინის ნაკრები).

გერმანიის ნაკრებს ახალი კაპიტანი ჰყავს

როგორც მოგეხსენებათ, ფილიპ ლამმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა. შესაბამისად, გერმანიის ეროვნულ გუნდში ახალი კაპიტნის არჩევა გახდა საჭირო. “ბუნდესნაკრების” კაპიტნის სამკლავურს ამიერიდან მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი მოირგებს.

30 წლის შვაინშტაიგერი გერმანიის ნაკრებში 2004 წლიდან თამაშობს. მას ეროვნული გუნდის რიგებში ჩატარებულ 108 მატჩში 23 გოლი აქვს გატანილი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ნაკრების თავკაც იოახიმ ლიოვის თანაშემწედ ტომას შნაიდერი იმუშავებს, რომელიც მანამდე “შტუტგარტს” ედგა სათავეში.

“გუნდის კაპიტანი შვაინშტაიგერი იქნება. წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვითამაშეთ, 2016 წელს კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში გასვლას ვაპირებთ. ეს არის ჩვენი მიზანი. მატს ჰუმელსი არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საეჭვოა სამი ხედირას თამაშიც, ამიტომ გუნდში “ჰოფენჰაიმის” ნახევარმცველ სებასტიან რუდის ვუხმეთ.
უახლოეს წლებში ნაკრებში სულ უფრო ხშირად გამოვიძახებთ ისეთ მოთამაშეებს, როგორებიც არიან ერიკ დურმი და მათიას გინტერი. აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გავაკეთებთ. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ბევრ ისეთ მოთამაშესთან მქონდა საუბარი, რომლებმაც მუნდიალზე თამაში ვერ მოახერხეს”, – განაცხადა ლიოვმა.

ცნობისთვის, გერმანიისა და არგენტინის ეროვნულ გუნდთა შორის გასამართი ამხანაგური მატჩი ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

ლიოვი გერმანიის ნაკრებში 2016 წლამდე რჩება

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ გერმანიის ნაკრებთან ერთად მუშაობას გააგრძელებს.

54 წლის სპეციალისტმა შარშან გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა და მხარეებმა მისი გაწყვეტა არ ისურვეს.

„ამ მომენტისთვის სხვა გადაწყვეტილებას არ მივიღებ და ნაკრებს ევრო 2016-სთვის მოვამზადებ“, – განაცხადა „ბუნდესტიმის“ თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ 2004 წლიდან ლიოვი გერმანელთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელის იურგენ კლინსმანის ასისტენტი იყო, ხოლო 2006 წლის მუნდიალის შემდეგ გუნდის დამრიგებლის პოსტი დაიკავა.

ლიოვი: „გიოტცეს ვუთხარი, ეჩვენებინა, რომ მესიზე უკეთესია“

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გერმანიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი ევროპელებმა მარიო გიოტცეს მიერ გატანილი გოლის წყალობით იმარჯვეს და ჩემპიონის სტატუსი დაიბევეს.

შეხვედრის შემდეგ „ბუნდესნაკრების“ მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

— სამი ხედირა სასტარტო შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. რა მოხდა?
— ხედირამ ბოლო ვარჯიშზე ბარძაყის ტკივილი იგრძნო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა მომდევნო დღეს ისევ იჩინა ამ პრობლემამ თავი. ჩვენ კი შეგვეძლო, გაგვერისკა, თუმცა სიტუაცია არ მოითხოვდა რისკს და კრამერის გამოყვანა გადავწყვიტეთ.

— არ შეგეშინდათ, როცა კრამერიც დაიმტვრა?
— არა, თავიდანვე ვემზადებოდით იმისთვის, რომ სამივე ცვლილებას გამოვიყენებდით. ჩვენი სარეზერვო ფეხბურთელები ყოველთვის მზადყოფნაში არიან. ნახევარმცველები მზად არიან, რთულ ვითარებაში ერთმანეთი ჩაანაცვლონ.

— რა უთხარით გიოტცეს სანამ მოედანზე შემოვიდოდა?
— „აჩვენე ყველას, რომ მესიზე უკეთესი ხარ და გადაწყვიტე მატჩის ბედი!“ კარგი წინათგრძნობა მქონდა.

— რამდენიმე წლის წინათ თქვენზე თქვეს, რომ ავსტრის ჩემპიონატის დონეს არ შეესაბამებოდით, ახლა კი მსოფლიოს ჩემპიონი ხართ. სამართლიანობა აღდგა?
— გამიმართლა კიდეც. სხვა შემთხვევაში, ახლა თქვენს წინაშე არ ვიჯდებოდი. ბრაზილიაში ერთად 55 დღე გავატარეთ, თუმცა გლობალურად უკვე ათი წელია, ერთად ვართ. ამ გამარჯვებისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც იურგენ კლინსმანის დროს მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ვმუშაობდი. მას შემდეგ ათი წელიწადი გავიდა, რთული მუშაობის ათი წელი. ჩვენ ვართ პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ახლა რთულია იმის აღქმა, თუ რა მოხდა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენმა გუნდმა გასაოცარი შვაინშტაიგერისა და ყველგან მყოფი ლამის წყალობით მშვენიერი მატჩი ჩაატარა.

— რის ხარჯზე დაამარცხეთ არგენტინის ნაკრები?
— სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით, ჩვენ ვაჯობეთ მეტოქეს. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდით სტანდარტულ მდგომარეობებს. ვფიქრობ, ამ ასპექტში განსაკუთრებით ძლიერი იყო ჩემი გუნდი. შესაძლოა, სწორედ ამის ხარჯზე გავხდით მსოფლიოს ჩემპიონები.