რონალდუ: „ტელეფონი არ მაქვს“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ზეპ ბლატერი მას ბოდიშის მოსახდელად ვერ დაურეკავდა, რადგან პორტუგალიელს ტელეფონი არ აქვს. რონალდუმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთან დაკავშირებული ისტორია ნაკლებად აინტერესებს. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ბლატერმა რონალდუს მესისთან შედარებისას აღნიშნა, რომ მას არგენტინელი ფეხბურთელი ურჩევნია, რადგან მესი მოედანზე უკეთ იქცევა, თამაშის მანერითაც სჯობს თავის პორტუგალიელ კონკურენტს, რონალდუ კი ვარცხნილობას უთმობს დიდ ყურადღებას.
მოგვიანებით ბლატერმა ამ სიტყვებისთვის ბოდიშიც მოიხადა.

რადიო „მარკას“ ჟურნალისტი პაკო გარსია კარიდადი დაინტერესდა, დაურეკა თუ არა ბლატერმა რონალდუს პირადად ბოდიშის მოსახდელად.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:

„ტელეფონი არ მაქვს. (იცინის) ჩემს მდივანს კი აქვს, მაგრამ მე არ ვიყენებ. არ მადარდებს“.

ესპანური გამოცემა „მარკას“ მიერ დაწესებული ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის არის განკუთვნილი, გუშინ სწორედ რონალდუს გადაეცა.

ჟურნალისტი იმითაც დაინტერესდა, დაესწრება თუ არა რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალს. პორტუგალიელმა ამ კითხვას თავი დიპლომატიურად აარიდა.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დი სტეფანოს ჯილდოს მიღება. დიდი პატივია, რომ პრიზი თავად მან გადმომცა. ძალიან გახარებული ვარ. აი, რა არის ჩემთვის ღირებული“.

 

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტის რამოსის გაშვება არ სურს

ბოლო დროს ევროპული პრესა მადრიდის „რეალის“ მცველის სერხიო რამოსისა და „ბლანკოსის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის კონფლიქტის შესახებ წერს. გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, ამ უკანასკვნელმა 27 წლის ფეხბურთელის გაშვებაც კი გადაწყვიტა.

ამ ყველაფერს „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთვცნელი კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მას რამოსის გაშვება არ სურს.

„რამოსთან შესანიშნავი ურთიერთობები მაკავშირებს. იგი კარგი ადამიანია და რაც მთავარია, გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოთამაშეა. მისი დაკარგვა არ მსურს, იმედია, პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას შეცვლის და სერხიოს კლუბში დარჩენის საშუალებას მისცემს“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

ანჩელოტი: “ბალოტელი “მილანში” უნდა დარჩეს”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მარიო ბალოტელი “მილანში” უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა თავდამსხმელს სხვადასხვა კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს.

“მარიო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, ის “მილანში” აუცილებლად უნდა დარჩეს. კარგი ფეხბურთელები ყოველთვის მოთხოვნადები არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მაინცდამაინც უნდა წავიდეს”, – ამბობს ანჩელოტი.

ანჩელოტი: „ვისურვებდი თუ არა მესის „რეალში“ ხილვას?“

არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი „ოქროს ბურთის“ მოპოვების მთავარ ფავორიტად პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდუს თვლის.

„ღმერთმა რონალდუ განსაკუთრებული ნიჭით დააჯილდოვა, ამიტომ მინდა, რომ „ოქროს ბურთი“ მას გადასცენ.

ვისურვებდი თუ არა ლიონელ მესის „რეალში“ ხილვას? ვისურვებდი, რომ ასეთი სიძლიერის მოთამაშე მყავდეს, ოღონდ სხვა პოზიციაზე. ჩვენ ისედაც ბევრი თავდამსხმელი გვყავს“, – ანჩელოტის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს Radio Capital-ზე დაყრდნობით.

9 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუ რომელი სამი ფეხბურთელი იბრძოლებს „ოქროს ბურთისთვის“. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს, ციურიხში შედგება.

 

რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს

მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდუ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას არ აპირებს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის ამ გადაწყვეტილების მიზეზი ფიფას პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის განცხადება გახდა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინათ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა რონალდუს მისამართით არცთუ სასიამოვნო სიტყვები თქვა. შვეიცარიელმა ამის გამო სოციალური ქსელის მეშვეობით კი მოიბოდიშა, თუმცა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ფიფას პრეზიდენტის ბოდიში არ მიიღო.

რონალდუს ბლატერთან შეხვედრა არ სურს, ამიტომაც არ აპირებს „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალზე დასწრებას. თუმცა, პორტუგალიელმა ისიც თქვა, რომ ფიფას პრეზიდენტთან დაკავშირებულ ამ უსიამოვნო ისტორიას წერტილი დაესვა.

გარდა ამისა, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ხუმრობით ან სერიოზულად განაცხადა, თუ „ოქროს ბურთს“ რონალდუს არ გადასცემენ, საპროტესტო მუხტს ავაგორებო.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიალი 2014 წლის 13 იანვარს შედგება.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: „კასილასი „რეალს“ არ დატოვებს“

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთვნელი კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ „ბლანკოსის“ გოლკიპერი იკერ კასილასი სხვა კლუბში არ გადავა.

„ვფიქრობ, „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ იკერმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მას აქ ყოფნა მოსწონს, ამიტომაც არანაირი პრობლემა არ არის. მისი დარჩენის სურვილი ჩვენც გვაქვს. ლოპესის დაყენება იმის გამო მიწევდა, რომ იგი კასილასზე უკეთეს ფორმაში იყო“, – განაცხადა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კასილასს ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში მონაწილეობა ჯერჯერობით არ მიუღია.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანჩელოტი: „პენალტი რომ დასანიშნი იყო, ეს მსაჯის გარდა ყველამ დაინახა“

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერადივიზიონის X ტურის ცენტრალური მატჩი „ნოუ კამპზე“ გაიმართა, სადაც „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალი“ მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა  უნდიანო მალიენკომ ერთ-ერთ ეპიზოდში პენალტი არ დანიშნა.

ფეხბურთის იტალიელ სპეციალისტს მხედველობაში ჰქონდა ის მომენტი, როდესაც ხავიერ მასკერანომ საკუთარ საჯარიმოში კრიშტიანო რონალდუს უბიძგა.

„მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. თამაშს ვაკონტროლებდით და გოლის გასატანად რამდენიმე შანსიც გვქონდა. მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, როცა მასკერანომ რონალდუს უბიძგა. ეს დარღვევა მთელმა მსოფლიომ დაინახა, მაგრამ არა – არბიტრმა. არ მინდა კომენტარი გავაკეთო კიდევ ერთ ეპიზოდზე, როდესაც ადრიანომ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით ითამაშა. ასეთი მომენტები ყოველთვის მსაჯის შეხედულების მიხედვით ფასდება“, – ანჩელოტის სიტყვები „მარკამ“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

რითი გააკვირვა ანჩელოტი კონტემ?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, მადრიდის „რეალმა“ ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საბოლოო შედეგით კმაყოფილება გამოთქვა. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსისგან“ ოთხი მცველით თამაშს არ მოელოდა.

„ჩვენ მზად ვიყავით იმისთვის, რომ „იუვენტუსი“ სამი მცველით ითამაშებდა. ანტონიო კონტემ სქემის შეცვლით გამაკვირვა. ერთი საათის განმავლობაში ორივე გუნდი კარგად გამოიყურებოდა, ბოლო 30 წუთში კი თითქმის აღარაფერი გავაკეთეთ, რადგან მთავარი აქცენტი ბურთის ფლობაზე გადავიტანეთ. შედეგით კმაყოფილები ვართ“, – აღნიშნა ანჩელოტიმ.

3 ტურის შემდეგ „რეალს“ აქტივში 9 ქულა აქვს, მეორე ადგილზე 4 ქულით „გალათასარაი“ გახლავთ, მესამეადგილოსან „იუვენტუსს“ 2 ქულა აქვს, მეოთხე პოზიციაზე მყოფ „ანდერლეხტს“ კი – 1.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: „უახლოეს მატჩებში უკეთესად ვითამაშებთ“

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მოახლოებულ შეხვედრებში მისი გუნდი უკეთეს ფეხბურთს აჩვენებს.

„თამაშში რაღაცის შეცვლასა და ბურთს კონტროლს ვცდილობთ, რასაც გარკვეული დრო სჭირდება. ჩატარებულ მატჩებში არც თუ ისე კარგად ვითამაშეთ. სიტუაციას ის ფაქტიც ამძიმებს, რომ „ბარსელონამ“ და „ატლეტიკომ“ ჩვენზე მეტი ქულა მოიპოვეს. გულშემატკივრები ცვლილებებს ითხოვენ და მათ ამის სრული უფლება აქვთ. როგორც მწვრთვნელი, შემიძლია გითხრათ, რომ „მალაგასთან“, „იუვენტუსთან“ და „ბარსელონასთან“ მატჩში უკეთესად ვითამაშებთ. ეს იმის გამოც მოხდება, რომ „ლევანტესთან“ და „ელჩესთან“ მატჩებში ნაჩვენებ თამაშზე უარესი თამაშის ჩვენება უბრალოდ შეუძლებელია“, – განაცხადა ფეხბურთს იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანჩელოტი: „შესაძლოა, სამწვრთვნელო კარიერა დავასრულო“

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ „სამეფო კლუბიდან“ წასვლის შემდეგ სამწვრთვნელო კარიერის დასრულება არ გამორიცხა.

„ვიმუშავებ თუ არა „რომაში“ ან იტალიის ნაკრებში? მსგავს კითხვას პირველად არ მისვამთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, ყველა ვარიანტს განვიხილავ. შესაძლოა, სამწვრთვნელო კარიერაც კი დავასრულო. ამავე დროს, შეიძლება, მხოლოდ სიგარეტს დავანებო თავი“, – იხუმრა ანჩელოტიმ.

„რომას“ წარმატებულმა სერიამ ძალიან გამახარა. თუ წარმატებას „მილანი“ ვერ აღწევს, მაშინ მირჩევნია, ეს „ჯალოროსიმ“ გააკეთოს“, – დაასრულა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანჩელოტიმ „რეალში“ ქალიშვილის ბოიფრენდი დაასაქმა

კარლო ანჩელოტიმ აგვისტოს თვეში მადრიდის „რეალისთვის“ დიეტოლოგი მინო ფულკო დაიქირავა. მთავარი, რითაც ფულკო სხვებისგან გამოირჩევა, ისაა, რომ იგი ანჩელოტის ქალიშვილის, კატიას ბოიფრენდია. ფულკო ფეხბურთელებს საკვებ დანამატებს ურჩევს.

ფულკოს „რეალში“ დასაქმება საკმაოდ გართულდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ანჩელოტიმ ხელმძვანელობას ქალიშვილის ბოიფრენდის დასაქმება სთხოვა, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო:

„ჩვენი ექიმები აგებენ ყველაფერზე პასუხს, მათ შორის ფეხბურთელთა კვებაზეც. ფულკო არ გვჭირდება!“

მიუხედავად უარისა, ანჩელოტიმ დაჟინებით მოითხოვა ფულკოს დასაქმება და მიზანსაც მიაღწია. „რეალის“ ხელმძღვანელობამ, კლუბისთვის დამატებითი პერსონალი აიყვანა.

ანჩელოტი „რეალში“ მეთოდური და მოწესრიგებული მწვრთნელის რეპუტაციით მივიდა, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ფულკოს „რეალში“ დასაქმების საქმეში.

ბექა დოგრაშვილი

ანჩელოტი: “ჩემი ფეხბურთელები უსარგებლო თავდაჯერებულობას უნდა მოეშვან”

ესპანეთის მე-7 ტურში მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული მატჩი დიეგო სიმეონეს გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. “ატლეტიკომ” “სანტიაგო ბერნაბეუზე” 1999 წლის შემდეგ პირველად მოიგო. გარდა ამისა, სიმეონეს გუნდმა, “ბარსელონასთან” ერთად, ესპანეთის პრიმერადივიზიონის ისტორიაში საუკეთესო სტარტი მოიწყო – 7 შეხვედრაში 7 გამარჯვება. რაც შეეხება “რეალს”, “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისმა ფეხბურთელებმა უსარგებლო თავდაჯერებულობა გვერდზე უნდა გადადონ და თამაშს შესაბამისად მოეკიდონ.

“შეტევაში ძალზედ ნელა ვმოქმედებდით. ეს მატჩი სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. შინ მარცხი ყოველთვის რთული გადასატანია. დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემებს გავუმკლავდებით. გუნდმა თამაშის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, ფეხბურთელები უსარგებლო თავდაჯერებულობას უნდა მოეშვან. “ატლეტიკომ” დაიმსახურა ეს გამარჯვება მეტოქე გუნდი დაცვაში ორგანიზებულად და საიმედოდ თამაშობდა. “ატლეტიკო” შესანიშნავი გუნდია და ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის ბრძოლაც შეუძლია”, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბექა დოგრაშვილი