ალეგრი: “იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია”

დღეს იტალიის თასის ფინალური მატჩია — ტურინის “იუვენტუსი” რომის “ლაციოს” წინააღმდეგ. “ბებერი სინიორას” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

“იუვენტუსი” ზებრა კი არა, ვეფხვია. რთული მატჩი გველის, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ. იტალიის თასი “იუვენტუსს” 20 წელია, არ მოუგია და წელს შესაძლოა, ეს ტიტული მეათედ დავისაკუთროთ.

ანდრეა პირლო ითამაშებს. რას ვიტყოდი იტალიურ ფეხბურთზე? ყველა ლიგას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა. წელს ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით, “ნაპოლი” და “ფიორენტინა” ევროპის ლიგის ფინალთან იყვნენ ახლოს”, – ალეგრის კომენტარი “კორიერე დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

მატჩი “იუვენტუსსა” და “ლაციოს” შორის რომის “სტადიო ოლიმპიკოზე”, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

ერნანესმა “ლაციოსთან” გატანილი გოლის შემდეგ გაკეთებული მალაყი “ლაციოს” პრეზიდენტს მიუძღვნა

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართა, სადაც რომის “ლაციომ” მილანის “ინტერი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. სტუმართაგან ორივე გოლი ერნანესმა გაიტანა, რომელიც მანამდე სწორედ “ლაციოს” ღირსებას იცავდა. მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა განაცხადა, რომ გოლის აღნიშვნა არ სურდა, თუმცა მალაყზე გადასვლით ყოფილი კლუბის პრეზიდენტს უპასუხა.

“ეს ჩემს კარიერაში ყველაზე სევდიანი მალაყი იყო. არ მინდოდა, “ლაციოს” ფანების წინაშე უპატივცემულობა გამომეჩინა. ამით კლაუდიო ლოტიტოს (“ლაციოს” პრეზიდენტი) ვუპასუხე.

ცოტა ხსნი წინათ ლოტიტო ჩემზე ბევრს საუბრობდა. იმ დროს “ინტერში” სათადარიგოთა შორის ვიყავი. მაშინ ლოტიტომ თქვა, რომ მომგებიანად მომიშორა. ეს სიტყვები ნამდვილად არ მომეწონა.

გოლის გატანა და შემდეგ მისი რეაქციის ხილვა ძალიან მსურდა. ამ მალაყს ლოტიტოს ვუძღვნი”, – ერნანესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

მანჩინი: “თუ ევროპის ლიგაზე ვერ მოვხვდებით, ამით “ინტერის” სიდიადე არ შეწყდება”

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება, სადაც რომის “ლაციო” ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ მილანის “ინტერს” მიიღებს. “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელიც თავის დროზე “ლაციოს” ღირსებას მოთამაშის და მწვრთნელის ამპლუაშიც იცავდა, დამდეგ შეხვედრაში ღია, სანახაობრივ თამაშს ელის. მისი თქმით, დრო მოვიდა, მილანური გუნდები ძველ დონეს დაუბრუნდნენ და სკუდეტოსთვის იბრძოლონ.

“ორივე გუნდს დიდი მოტივაცია აქვს — “ლაციო” ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, “ინტერი” კი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ჩვენ შორის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო გამოდის ხოლმე. ვფიქრობ, ღია თამაში იქნება, ბევრი სახიფათო მომენტით.

“ინტერი” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის ლიგაზე მოვხვდეთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, ამით “ინტერის” სიდიადე არ შეწყდება, მომდევნო სეზონშიც ვიბრძოლებთ მაღალი პოზიციებისთვის. გუნდმა თამაში გააუმჯობესა, კმაყოფილი ვარ ამ პროგრესით. ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად და იტალიის ჩემპიონობისთვის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. მჯერა, სწორ გზას ვადგავართ”, – მანჩინის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

მატჩი “ლაციოსა” და “ინტერს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

“ლაციოს” მეკარემ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა

რომის “ლაციოს” კიპერმა ფედერიკო მარკეტიმ გუშინდელ ვარჯიშზე ცხვირი გაიტეხა.

გუნდის ძირითად მეკარეს ოპერაცია ჩაუტარდა და გადაწყვეტილია, რომ ის იტალიის ჩემპიონატის დამდეგ ტურში “ემპოლის” წინააღმდეგ 12 აპრილს გასამართ მატჩს გამოტოვებს. ეჭვის ქვეშ დგას მარკეტის თამაში ტურინის “იუვენტუსთან” ჩასატარებელ შეხვედრაშიც, რომელიც 18 აპრილს შედგება.

ფედერიკო მარკეტი ვარჯიშს უახლოეს პერიოდში განაახლებს, თუმცა სახეზე სპეციალური დამცავი ნიღაბი ექნება გაკეთებული.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მარკეტიმ 23 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაუშვა.

 

კლოზემ იტალიის ჩემპიონატში მე-100 მატჩი ჩაატარა

დღეს რომის “ლაციოს” გერმანელმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ იტალიის სერია А-ში მე-100 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კლოზე რომაულ კლუბში 2011 წლიდან თამაშობს. 36 წლის ფეხბურთელს იტალიის უმაღლეს დივიზიონში 40 გოლი აქვს გატანილი.

აქვე გეტყვით, რომ “ლაციო” შინ “ჯენოასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდა. კლოზე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მან მატჩი სრულად ჩაამთავრა.

 

იგუაინი: “ნაპოლიში” დავრჩები, თუნდაც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდეთ”

იტალიის სერია A-ს XIX ტურში “ნაპოლიმ” სტუმრად რომის “ლაციო” გონსალო იგუაინის კინკილა გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ არგენტინელმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

“საბედნიეროდ, რთულ შეხვედრაში გამარჯვება მაინც მოვიპოვეთ. “ლაციო” ძლიერი გუნდია, თუმცა მესამე ადგილზე დაბრუნებისთვის მხოლოდ მოგება გვმართებდა.

“ნაპოლიში” ბედნიერი ვარ. გუნდში დავრჩები იმ შემთხვევაშიც კი, თუ “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება, თანაც მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს”, – ციტირებს იგუაინის სიტყვებს Football Italia.

ცნობისთვის, 27 წლის არგენტინელ ფეხბურთელს ნეაპოლიტანურ კლუბთან მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის ივნისში ეწურება

 

„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა

„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.

ტოტიმ “ლაციოს” კარში გატანილი გოლი “სელფით” აღნიშნა

იტალიის სერია A-ს XVIII ტურში “რომასა” და “ლაციოს” შორის გამართულ მატჩში ფრანჩესკო ტოტიმ მეტოქის კარში გატანილი მეორე გოლი “სელფით” აღნიშნა.

 

კეიტამ თავისი „ლამბორჯინი“ დაამტვრია

რომის „ლაციოს“ თავდამსხმელი ბალდე კეიტა გასული ღამით ავარიაში მოჰყვა.

ფეხბურთელმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს შეეჯახა. შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის ოთხ საათზე მოხდა. როგორც სურათზე ჩანს, ფეხბურთელის ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

თავად მოთამაშის აგენტის თქმით, შემთხვევის მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მის კლიენტს ტარების არც თუ ისე დიდი გამოცდილება აქვს.

სერბი და ალბანელი ფეხბურთელების ერთობლივი აქცია

რომის “ლაციოს” სერბმა და ალბანელმა ფეხბურთელებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს ნიშნად იმისა, რომ მათი ქვეყნების ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობის დროს მომხდარი კონფლიქტი დაუყოვნებლივ უნდა ამოიწუროს.

აღნიშნული აქციის საერთო სახელწოდებაა “ერთად”.

კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს “ლაციოს” სერბმა ფეხბურთელებმა ფილიპ ჯორჯევიჩმა და დუშან ბასტამ და კლუბის ალბანელმა მოთამაშეებმა ეტრიტ ბერიშამ, ლორიკ ცანამ და ტომას სტრაკოშამ.

ჯოზეფ მინალას ასაკი ოფიციალურად გაირკვა

გემახსოვრებათ, მიმდინარე წლის დასაწყისში რომის „ლაციოს“ ახალწვეულ ჯოზეფ მილანას ასაკზე ერთი ამბავი რომ ატყდა. კამერუნელმა ნახევარმცველმა მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. ოფიციალური დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს დაიბადა, თუმცა მისი შემხედვარე ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მინალა 17 წლისაა.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აწარმოა, რომლის შედეგებიც ასეთია: ჯოზეფ მინალა ნამდვილად 17 წლის არის. მის დოკუმენტაციაში დარღვევები არ აღმოჩნდა.

მოთამაშეს ბრალს სდებდნენ, რომ ნამდვილ ასაკს მალავდა. ბევრი აღნიშნავდა, რომ მინალა სინამდვილეში 40 წელს გადაცილებული იყო. კამერუნელი ფეხბურთელი კი დაჟინებით ამბობდა, რომ 17 წლის იყო და მისი გადაბერებული სახე მძიმე ბავშვობის შედეგი გახლდათ.

ჯოზეფ მინალა „ლაციოს“ ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან სერია A-ს აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში 3 მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

რამდენი წლისაა ჯოზეფ მინალა?

ფეხბურთის ქომაგები, ბლოგერები, სპორტული ექსპერტები თუ ჟურნალისტები მიმდინარე კვირის განმავლობაში ერთ უბრალოდ თემას განიხილავენ: რამდენი წლის არის რომის „ლაციოს“ კამერუნელი ნახევარმცველი?

რამდენიმე დღის წინათ კი გვისაყვედურეს, ჟურნალისტები ამ თემას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევთო, მაგრამ კვირის ერთ-ერთ მთავარ საკითხს გვერდს ვერ ავუვლიდით.

„ლაციოს“ ახალგაზრდული გუნდის კამერუნელი ნახევარმცველი ჯოზეფ მინალა რომაული დერბის წინ მეტად პოპულარული გახდა: ფეხბურთელი გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სათადარიგოთა სკამზეც ვერ მოხვდა.

მინალამ მთელი საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო. მიზეზი? ოფიციალური დოკუმეტებით, ის 1996 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ინტერნეტის მომხმარებლები ამ მონაცემს არ იჯერებენ და ფორუმებისა თუ სოციალური ქსელების მეშვეობით ასეთ კომენტარებს აკეთებენ:

„მინალა ამტკიცებს, რომ 17 წლისაა? მისი პასპორტი მხოლოდ ნაკიან წლებს თვლის?“ – @Houssem_HR.
„1996 წელს დაიბადა? მამაჩემივით გამოყურება!“ – @Akram_A.
„კამერუნის ასაკით  – 17, ევროპული ასაკით – 36“, – @nechibou.
„ეს თუ 17 წლისაა, მაშინ მე ორ თვეში უნდა დავიბადო“, – tornike.barca. (Fanebi.Com)

მინალას შემყურე, მართლაც რთულია, დაიჯერო, რომ ის ჯერ 18 წლისაც არ არის. „ლაციოში“ 2013 წლის აგვისტოში მოხვდა. რომაელთა ახალგაზრდულ გუნდში ჩემპიონატის ხუთ და თასის სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ასევე ითამაშა ვიარეჯოს ტურნირის ერთ შეხვედრაში. საერთო ჯამში, 5 გოლი მიითვალა. ასე გამოიყურება ჯოზეფი თავისი თანაგუნდელებისფონზე. (მარცხნიდან პირველი)

ეს კი „უდინეზეს“ თავდამსხმელ ანტონიო დი ნატალესთან ერთად გადაღებული სურათია. თუ ოფიციალურ დოკუმენტებს დავუჯერებთ, როცა მინალა ქვეყნიერებას მოევლინა, დი ნატალე უკვე 19 წლისა იყო.

ცეცხლზე ნავთი ინტერნეტ-პორტალ senego.net-ზე გამოქვეყნებულმა ინტერვიუმ დაასხა. სენეგალელ ჟურნალისტ ლამინ სამბას მიერ მომზადებულ ინტერვიუში მინალას ციტატას ვკითხულობთ: „17 წლის არ ვარ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომეწერა ხელი კონტრაქტზე, რათა აფრიკაში დატოვებული ჩემი ოჯახისთვის ფული გამეგზავნა. აგვისტოში 42 წლის იუბილე მქონდა. იმედი მაქვს, ეს ჩემს „ლაციოში“ დარჩენას ხელს არ შეუშლის“.

მოგვიანებით ფეხბურთელმა ეს განცხადება უარყო: „ვებ-პორტალ senego.net-ზე წავიკითხე სტატია, რომელშიც თითქოს ვამბობ, რომ მე იმ ასაკის არ ვარ, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში წერია. ეს ჩემთვის უცნობი ხალხის მიერ დაწერილი ცრუ განცხადებაა“.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი მაქს ევანგელისტა მხარს მინალას უჭერს და ამბობს, რომ ის მართლაც 17 წლისაა: „მინალა წარმოუდგენლად სწრაფი ფეხბურთელია. მას 41 წელს ნამდვილად ვერ მისცემთ. ძალიან სწრაფად დარბის“.

მინალას მხარესაა „ლაციოს“ კიდევ ერთი ახალგაზრდა აფრიკელი ფეხბურთელი მამადუ ტუნკარა, რომელიც აცხადებს, რომ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ფიფას აგენტმა დიეგო ტავანომ კი სულაც ასეთი რამ თქვა: „მინალას მისამართით უსამართლო ბრალდებები გაისმა, თუმცა ჯოზეფი სიმშვიდეს ინარჩუნებს. მას რთული ბავშვობა ჰქონდა. თუ გაესაუბრებით, დარწმუნდებით, რომ მინალა მართლაც 17 წლის ბიჭი გახლავთ“.

თუმცა, senego.net-ი აგრძელებს: „ხელთ ჩაგვივარდა მინალას ფოტო, რომელზეც ის მსხვილი ხედით არის აღბეჭდილი. ეს სურათი ამტკიცებს, რომ ის ასაკოვანია. მამაკაცს პირის გარშემო ნაოჭები 30-35 წლის შემდეგ უჩნდება… თანაც, მინალას ბავშვობის რამდენიმე მეგობარმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ის 37 წელზე მეტისაა“.

საქმე იქამდე მივიდა, რომ „ლაციოს“ ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწია: „კლუბი ფეხბურთელის ასაკსა და დოკუმეტებს ადასტურებს. გარდა ამისა, ვიტოვებთ უფლებას, ვუჩივლოთ მათ, ვინც ამბობს, რომ მოთამაშე უფრო ხნიერია, ვიდრე ეს დოკუმენტებშია მოცემული“.

მინალას ასაკის თემას ეხმაურება ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა „ლა გაძეტა დელო სპორტი“, „ბიბისი სპორტი“, „ESPN“. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ეს შემთხვევა ფეხბურთის ისტორიაში უნიკალურია.

ისტორიაში მოიძებნება რამდენიმე შემთხვევა, როცა აფრიკელმა ფეხბურთელმა ასაკი დაიკლო. მაგალითად, ტარიბო ვესტი… ბელგრადის „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი ჟარკო ზეჩევიჩი იხსენებს: „როდესაც ვესტი ჩვენთან გადმოვიდა, გვითხრა, რომ ის 28 წლისა იყო. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ვესტი სინამდვილეში 40 წლისა ყოფილა. თუმცა, იმდენად კარგად თამაშობდა, რომ მის ტრანსფერზე უარი ვთქვი“. 1997 წელს ვესტი მილანის „ინტერში“ გადავიდა. ოფიციალური მონაცემებით, ის ამ დროს 23 წლის იყო. თუ ზეჩევიჩს დავუჯერებთ, ვესტი სინამდვილეში მაშინ 35 წლისა იყო. მოგვიანებით ვესტმა ზეჩევიჩის სიტყვები უარყო და განაცხადა, რომ „პარტიზანის“ ყოფილი ხელმძღვანელი საღ ჭკუაზე არ არის.

რაც შეეხება მინალას, ის მის გარშემო ამტყდარ იწილო-ბიწილოს ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „შური ადამიანის სისუსტეა… ყველას მადლობას გიხდით იმ სიყვარულისთვის, რომელსაც თქვენგან ვიღებ. მინდა, რომ ოცნება ავიხდინო და მუყაითად ვიმუშაო როგორც ჩემთვის, ასევე თქვენთვის. FORZA LAZIO!“

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com