ბატისტუტა: “სამწუხარო იქნება, როდესაც მესი ჩემს რეკორდს მოხსნის”

არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გაბრიელ ომარ ბატისტუტამ განაცხადა, რომ მისთვის სამწუხარო იქნება, როდესაც ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობით მის რეკორდს ლიონელ მესი მოხსნის. ცნობისთვის, ბატისტუტამ თავის დროზე “ალბისელესტეს” რიგებში 56 ბურთის გატანა შეძლო, მესის კი დღესდღეობით ნაკრების ფორმით 49 გოლი აქვს გატანილი.

“ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი გავხდი, თუმცა ამის შესახებ თავადაც არ ვიცოდი. დილით გავიღვიძე და გავიგე, რომ დიეგო მარადონაზე მეტი გოლი გავიტანე. რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება, როდესაც მესი ამ რეკორდს მოხსნის, თუმცა იგი უცხოპლანეტელია და არა – ამქვეყნიური ადამიანი”, – ციტირებს ბატისტუტას სიტყვებს FoxSports-ი.

 

მესი: “დღეს კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა”

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, იოჰან კრუიფის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.

“დღეს კიდევ ერთმა ლეგენდამ დაგვტოვა”, – დაწერა სოციალურ ქსელში მესიმ.

იოჰან კრუიფი ხუთშაბათს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა.

იოჰან კრუიფი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. მას სამჯერ აქვს მოგებული “ოქროს ბურთი” — 1971, 1973 და 1974 წლებში.

კრუიფმა “აიაქსის” შემადგენლობაში რვაჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, სამჯერ ჩემპიონთა თასი, “ბარსელონას” რიგებში ერთხელ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულს, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად კი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.

 

ძანეტი: “მესის რამის დასამტკიცებლად მუნდიალის მოგება არ სჭირდება”

მილანის “ინტერის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ხავიერ ძანეტიმ განაცხადა, რომ “ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ უკვე ყველას ყველაფერი დაუმტკიცა.

“არ მესმის, რატომ ადარებენ მესის მარადონას. ორივე მათგანი უნიკალური ფეხბურთელია. მესიმ “ოქროს ბურთი” ხუთჯერ მოიგო, ოთხჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგის თასს და წელიწადში 97 გოლი გაიტანა. მას არ სჭირდება მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება იმისთვის, რომ რაღაც დაამტკიცოს. ლიონელი არგენტინის ელჩია და მე, როგორც არგენტინელი, ამით ვამაყობ”, – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს “სანი”.

 

„ოქროს ბურთი 2015“ — ვის ერგო ქართველთა ხმები

როგორც მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ ვის ერგო ქართველთა ხმები.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“, პოლონეთი).

საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. მანუელ ნოიერი („ბაიერნი“, გერმანია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. ლუის სუარესი („ბარსელონა“, ურუგვაი).

 

დღეს “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია შედგება

დღეს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში “ოქროს ბურთის” 2015 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

გამოკითხვაში ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, კაპიტნები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“ოქროს ბურთისთვის” “ბარსელონას” თავდამსხმელები ლიონელ მესი და ნეიმარი და მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ მესის ეს ჯილდო ოთხჯერ აქვს მოგებული, რონალდუს კი – სამჯერ.

გარდა ამისა, გამოვლინდება წლის საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა, წლის სიმბოლური გუნდი, 2015 წლის საუკეთესო გოლი და წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი.

სპორტულ პორტალ Goal.com-ისთვის ცნობილი გახდა, რომ წლის სიმბოლურ გუნდში პოლ პოგბა იქნება.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

“რივერ პლეიტის” ქომაგებმა მესის შეაფურთხეს

იაპონიაში გამართული საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ ტოკიოს აეროპორტში უსიამოვნო ფაქტი მოხდა.

“მარკას” ცნობით, საპასპორტო კონტროლის გავლისას “რივერ პლეიტის” ქომაგებმა “ბარსელონას” ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენეს, ლეო მესის კი სულაც შეაფურთხეს.

ინციდენტი მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც საქმეში კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ჩაერთო, მათ შორის ხავიერ მასკერანოც, რომელსაც ბრალი დასდეს იმაში, რომ დაავიწყდა “რივერის” წვლილი მის წარმატებაში.

 

ხავიერ ძანეტიმ “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

მილანის “ინტერის” ყოფილმა კაპიტანმა და ამჟამად კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ მოიგებს “ოქროს ბურთს”.

“ლეო მესი ტრავმის მოშუშების შემდეგ სულ უფრო კარგად თამაშობს და ეჭვგარეშეა, რომ იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია უჩვეულო რამის გაკეთება. იგი იმსახურებს “ოქროს ბურთის” მეხუთედ მოგებას”, – ციტირებს ხავიერ ძანეტის სიტყვებს “მუნდო დეპორტივო”.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” პრიზზე წარდგენილნი არიან ლეო მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ. დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ჩატარდება.

 

პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა “ოქროს ბურთის” ფავორიტი დაასახელა

ესპანური პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა იმის შესახებ ისაუბრა, თუ ვის უნდა გადაეცეს “ოქროს ბურთი”. შეგახსენებთ, რომ ჯილდოზე წარდგენილნი არიან ლიონელ მესი, ნეიმარი და კრიშტიანუ რონალდუ.

“ჩემი აზრით, “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს. თავად რონალდუც აღიარებს, რომ დღესდღეობით მას მესი სჯობია”, – აღნიშნა ტებასმა.

“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

დავიდსი: “მესი ანომალიაა, რონალდუ – უბრალოდ სპორტსმენი”

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ედგარ დავიდსმა “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შესახებ ისაუბრა.

“მესი ანომალიაა. მას შეუძლია დრიბლინგი, გოლების გატანა, გადაცემის გაკეთება. მას თავისებური ხედვა აქვს, ესმის ფეხბურთი.

კრიშტიანუ რონალდუ უბრალოდ სპორტსმენია. იგი ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ შესაძლებელია თუ არა ბევრი მუშაობით მესის დამარცხება? არა, ეს შეუძლებელია. შესაძლებელია თუ არა, გახდე ისეთი, როგორიც არის რონალდუ? დიახ, გარკვეულწილად ეს შესაძლებელია.

ნეიმარი ჯერ მზად არ არის იმისთვის, რომ მესი და რონალდუ შეცვალოს, თუმცა თითქმის იმავე დონეზეა”, – განაცხადა დავიდსმა FIFA TV-ს ეთერში.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია 2016 წლის 11 იანვარს ჩატარდება.

 

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის V ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს. გამოკითხვაში პირველ ადგილზე “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი გავიდა, რომელმაც ხმათა 33 პროცენტი მიიღო. არგენტინელმა ფეხბურთელმა “რომას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგი პოზიციები ასე გადანაწილდა:

2. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”) — 27%
3. რაულ ხიმენესი (“ბენფიკა”) — 19%
4. ანდრეი იარმოლენკო (“დინამო კიევი”) — 9%
5. ალექსის სანჩესი (“არსენალი”) — 5%
6. ანხელ დი მარია (“პარი სენ-ჟერმენი”) — 3%
7. ვილიანი (“ჩელსი”) — 2%
8. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”) — 2%

 

მესი “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სამეულში რონალდუს მოხვედრას არ მოელის

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი “ოქროს ბურთის” სამ საბოლოო პრეტენდენტს შორის კრიშტიანუ რონალდუს მოხვედრას არ მოელის. არგენტინელი ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ ტიტულისთვის ნეიმარი, ლუის სუარესი და თავად მესი იბრძოლებენ.

“იმედი მაქვს, “ოქროს ბურთისთვის” ერთმანეთს ლუის სუარესი, ნეიმარი და მე შევეცილებით. ჩემი გამოჯანმრთელების პროცესი ცოტა გაიწელა. ძალიან მინდოდა თამაში, თუმცა გუნდის თამაშის ცქერით გვერდიდან ვტკბებოდი.

ახლა კარგად ვარ, ფორმასა და თვითდაჯერებას ვიბრუნებ. ტრავმიანობის შემდეგ ყოველთვის არის ეს ეტაპი გასავლელი. კმაყოფილი ვარ “რომასთან” ჩატარებული 90 წუთით”, – მესის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

 

რონალდუ: “ოქროს ბურთს” მესი მოიგებს”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა შანსებზე ისუაბრა. მისი თქმით, წლევანდელ “ოქროს ბურთს” ლიონელ მესი მოიგებს.

“ამ ტიტულის მფლობელის ვინაობა გამოკითხვის შედეგად ვლინდება და გამარჯვებული მესი იქნება. მან მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის ჩემპიონატი.

ინდივიდუალური თვალსაზრისით, ალბათ, კარიერის საუკეთესო სეზონი მქონდა. ევროპაში ყველაზე მეტი გოლი გავიტანე.

მე და მესი ამ ტიტულს უკვე მერვე წელია ვინაწილებთ. ასეთი რამ მანამდე არ მომხდარა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ძველი მეგობრები ვართ, მაგრამ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ.

მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, კიდევ მოვიგებ “ოქროს ბურთს”. მინდა, რომ კიდევ ვითამაშო ექვსი-შვიდი წელი და ვფიქრობ, გუნდური ტიტულების მოგება კვლავ შემიძლია. გუნდური ტიტულების გარეშე ინდივიდუალურ ჯილდოებს ვერ მოიგებ”, – რონალდუს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ “ოქროს ბურთის” დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, 11 იანვარს გაიმართება.