სუარესი მესის პირადი მძღოლი გახდა (ვიდეო)

მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონას” ლიდერმა ლიონელ მესიმ ტრავმა მიიღო, იგი გუნდის ვარჯიშებს მაინც ესწრება. ამაში მას ლუის სუარესი ეხმარება. სწორედ ურუგვაელ თავდამსხმელს მიჰყავს მესი საწვრთნელ შეკრებაზე და შემდეგ შინაც აბრუნებს. ეს იმის გამო, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელების მხრიდან თანადგომა იგრძნოს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის VI ტურში “ბარსელონასა” და “ლას პალმასს” შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას ლეო მესიმ ტრავმა მიიღო და მე-10 წუთზე მოედნის დატოვება მოუხდა. როგორც აღმოჩნდა, არგენტინელმა მარცხენა მუხლის მყესი დაიშავა, რის გამოც 7-8 კვირით უქმობა მოუწევს.

 

სუარესი: “ჩემი საქმე ოთხი მცველის მოტყუება არ არის”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა თანაკლუბელებთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ლიონელ მესი საუკეთესოა და მას ამ სტატუსში არ ეცილება.

“მესისთან და ნეიმართან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვიცით, რომ ლეო საუკეთესოა. არ ვცდილობთ, რომ მას შევეჯიბროთ. მის მიმართ არანაირი ეჭვიანობა არ არის.

როდესაც გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი ეცილება ერთმანეთს საუკეთესო მოთამაშის სტატუსისთვის, სიტუაცია რთულდება. მე ჩემი ფუნქცია მაქვს. მთავარია, რომ სპონტანურად ვიმოქმედო.

ჩემი საქმე არ არის ოთხი მცველი მოტყუება. ამის გაკეთება ლეოს, ნეისა და ანდრეს ინიესტას შეუძლიათ. როდესაც დასარტყმელია, ვურტყამ. როდესაც პასია გასაკეთებელი, პასს ვაკეთებ. მე აქ გუნდის დასახმარებლად ვარ. თანაგუნდელების არ მშურს”, – განაცხადა სუარესმა La Vanguardia-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

სუარესი ფიფასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სურვილი გამოთქვა, რომ ფიფამ მის მიმართ გამოტანილი სასჯელის გამო ბოდიში მოიხადოს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის უკბინა, რის გამოც ურუგვაელმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დონეზე ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

Chiellini - Suarez

“როდესაც დიეგო გოდინმა გოლი გაიტანა, ისე ვერ აღვნიშნე, როგორც მინდოდა, რადგან გაცნობიერებული მქონდა, რომ შეცდომა დავუშვი და ამის გამო შეიძლება დავსჯილიყავი. ვფიქრობ, ფიფას სადისციპლინო კომიტეტში ხვდებიან, რომ ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამომიტანეს. ვისურვებდი, ბოდიში მოიხადონ და აღიარონ, რომ დისკვალიფიკაცია გადაჭარბებული იყო. მე ეს ყველაფერი მოვინანიე.

როდესაც ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ფიფას მიერ გამოტანილი დისკვალიფიკაცია გამაცნო, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შევიკავე. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მატჩებზე დასწრების აკრძალვა ჩემთვის გაუგებარი რამ გახლავთ”, – სუარესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

სუარესის მატჩისშემდგომი კომენტარი

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “ბარსელონამ” ტურინის “იუვენტუსი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აქედან ერთი გოლი კატალონიელთა ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა გაიტანა, რომელმაც შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“საოცარია! უნიკალურია! ამ ტიტულების მოსაგებად ბევრი წვალებაა საჭირო.

საპასუხო გოლის შემდეგ მეტოქემ ზეწოლა გააძლიერა, თუმცა ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ.

წინ ნაბიჯ ნაბიჯ მივიწევდით და ამ სეზონში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის სულისკვეთებაა და ის, რომ სეზონის დაწყებიდანვე ერთიანი ვიყავით”, – სუარესის სიტყვები უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ევრა: “სუარესი მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს”

დღეს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია — ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” წინააღმდეგ.

“ბებერი სინიორას” მცველ პატრის ევრას კიდევ ერთხელ მოუწევს ლუის სუარესთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ოქტომბერში ურუგვაელ ფეხბურთელს ევრას მიმართ რასისტული შეურაცხყოფის გამო რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ფრანგმა მცველმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ინციდენტი და განაცხადა, რომ ფინალურ მატჩამდე სუარესს ხელს ჩამოართმევს.

“მისი ბოდიში არ მჭირდება. ამას არც აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის ეს პრობლემა არ არის. მატჩამდე ხელს ჩამოვართმევ, როგორც ეს “მანჩესტერ იუნაიტედში” ყოფნის პერიოდში გავაკეთე.

Suarez - Evra

ის ვერასოდეს იქნება ჩემი საუკეთესო მეგობარი. წარსული წარსულს ჩაბარდა. ვამაყობ ჩემი ფერით.

მე ვთამაშობ “ბარსელონას” და არა ლუის სუარესის წინააღმდეგ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის მოედანზე ჩემ ყოფნას იგრძნობს.

სასამართლო პროცესზე არ მითქვამს, რომ სუარესი რასისტია. მე ვთქვი, რომ მან რასისტული კომენტარები გააკეთა. სუარესს იმდენად კარგად არ ვიცნობ, რომ მას რასისტობა დავაბრალო.

Suarez - Evra 2

იმ მომენტში საკუთარ თავს ვაკონტროლებდი. თითქოს რაღაც ხმა ჩამესმოდა: “სულელური არაფერი გააკეთო, ხელი არ კრა, ამ თამაშს უამრავი ადამიანი უყურებს”.

ბავშვებისთვის მაგალითი უნდა იყო. რაიმე ცუდი რომ ჩამედინა, დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალს ვერ ვითამაშებდი. შესაძლოა, ჩემთვის სამწლიანი დისკვალიფიკაციაც კი მოეცათ.

იმ მატჩის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი და თანაგუნდელები გაოცებულები მიყურებდნენ. იმ მომენტში სხვა სამყაროში ვიყავი.

ის ჩემთვის მართლაც მძიმე დღე იყო, თუმცა ჩემი თავით ვამაყობ”, – უთხრა ევრამ ITV Sport-ს.

 

“ბარსელონას” შემტევი ტრიოს ახალი რეკორდი

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში “ბარსელონამ” ბილბაოს “ატლეტიკი” ანგარიშით 3:1 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ლეო მესიმ, ერთი გოლი კი ნეიმარის ანგარიშზეა.

კატალონიური გუნდის შემტევმა ტრიომ გატანილი გოლების რაოდენობით ესპანეთში რეკორდი დაამყარა. მათ ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 120 გოლის გატანა შეძლეს (მესი — 58 გოლი; ნეიმარი — 38 გოლი; სუარესი — 24 გოლი).

წინა რეკორდი მადრიდის “რეალის” შემტევ ტრიოს ეკუთვნოდა. 2011/12 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ, კარიმ ბენზემამ და გონსალო იგუაინმა 118 გოლი გაიტანეს.

კატალონიელებს ამ სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა კიდევ აქვთ. როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონა” სეზონის ბოლო მატჩს ბერლინში ჩაატარებს, სადაც ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში შეეცილება.

 

ინიესტა: “გამიმართლა, რომ მსოფლიოს საუკეთესო სამ თავდამსხმელთან ერთად ვთამაშობ”

“ბარსელონას” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა თვლის, რომ კატალონიურ გუნდს მსოფლიოში საუკეთესო შეტევითი ხაზი ჰყავს.

“ვფიქრობ, დღესდღეობით ჩვენს გუნდში ლეო მესის, ლუის სუარესისა და ნეიმარის სახით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელებმა მოიყარეს თავი. გამიმართლა, რომ ამ შეუდარებელ შემტევებთან ერთად ვთამაშობ.

ვიმედოვნებ, “ბარსელონა” მომავალში უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არის. ამის თქმის საფუძველს ის მაძლევს, რომ ეს ფეხბურთელები ახალგაზრდები არიან და უდიდესი პოტენციალი აქვთ”, – ინიესტას კომენტარს Goal.com-ი აქვეყნებს.

 

სუარესი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ახალი ბუცებით ითამაშებს (ფოტო)

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ახალი ბუცებით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა ფეხბურთელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის წლევანდელ გათამაშებაში ცხრა მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონას” მეტოქე ტურინის “იუვენტუსი” იქნება. მატჩი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, 6 ივნისს ჩატარდება და ის თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

Suarez

ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ საპასუხო მატჩში (3:2) კატალონიური გუნდის თავდამსხმელმა ლუის სუარესმა ტრავმა მიიღო. ამ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ურუგვაელი ფეხბურთელის ტრავმა. ლუის სუარესი საფუძვლიან სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებს, რის შემდეგაც დადგინდება ტრავმის სიმძიმე.

 

სუარესი: “ბალოტელის იოლი პერიოდი არ უდგას”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელიც მანამდე “ლივერპულის” ღირსებას იცავდა, მერსისაიდული გუნდის თავდასხმელის, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

“მარიოს დიდ კლუბებში უთამაშია და დამტკიცებული აქვს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია.

ადვილი არ არის “მანჩესტერ სიტიში” თავის დამკვიდრება და შემდეგ ინგლისში დაბრუნება. მას ახლა იოლი პერიოდი არ უდგას, თუმცა მაინც ჩინებული მოთამაშეა”, – სუარესის სიტყვებს “ასი” ციტირებს.

მარიო ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.

 

მასკერანომ სუარესი ეტოოს შეადარა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გუნდის თავდამსხმელი ლუის სუარესი “ბლაუგრანას” ყოფილ ფორვარდ სამუელ ეტოოს შეადარა.

“მოხარული ვარ, რომ სუარესი ასე სწრაფად გადის ადაპტირებას გუნდში, განსაკუთრებით კი – შეტევით ხაზში, რაც ერთობ რთულია. თავისი მახასიათებლებით ის “ბარსელონაში” ბოლო წლებში მოთამაშე თავდამსხმელებიდან ყველაზე მეტად ეტოოს მაგონებს. ლუისი მუდმივად ურტყამს, არ უშინდება მეტოქე გუნდის მცველებს. მოწინააღმდეგეები ხვდებიან, რომ მისგან მთელი მატჩის განმავლობაში მოსვენება არ ექნებათ”, – ციტირებს მასკერანოს სიტყვებს TyCSports-ი.

 

ინტერნეტმომხმარებლები დავიდ ლუისს დასცინიან (ფოტოები)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “პარი სენ-ჟერმენი” შინ “ბარსელონასთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

სტუმართა მხრიდან ბოლო ორი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა. ურუგვაელმა ფეხბურთელმა ორივე ეპიზოდში დავიდ ლუისს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა, რამაც ინტერნეტმომხმარებელთა მხრიდან უმალ გამოიწვია რეაქცია. ინტერნეტსივრცეში სახალისო ფოტოები გაჩნდა.

David Luiz 1David Luiz 2David Luiz 3