ფერგიუსონი: „მითხრეს, რომ ანდერსონი რუნის სჯობდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „პორტუდან“ ანდერსონის ტრანსფერთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა. ფერგიუსონის თქმით, აღნიშნული ტრანსფერის განხორციელებაზე მისივე ძმა და ამასთანავე – „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტი მარტინ ფერგიუსონი მუშაობდა.

„მარტინი გავაგზავნე, რომ ანდერსონს 4-5 კვირის განმავლობაში დაკვირვებოდა. ამის შემდეგ მარტინმა მითხრა, რომ ანდერსონი რუნიზე უკეთესია. მე ვუპასუხე: ღვთის გულისათვის, ასეთ რამეს ნუ ამბობ, მას გაცილებით ბევრი რამ დასჭირდება იმისთვის, რომ რუნის აჯობოს. რატომღაც მარტინი თავის სიტყვებში დარწმუნებული იყო“, – აღნიშნა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ანდერსონი „პორტუდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2007 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ დაახლოებით 30 მილიონი ევრო შეადგინა.

ბექა დოგრაშვილი

ფლეტჩერი: „იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან ვერ გავდიოდი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა დარენ ფლეტჩერმა, რომელიც მოედანზე თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ავადმყოფობის დროს გადატანილ ტკივილებზე ისაუბრა.

შოტლანდიელ ფეხბურთელს ჯანმრთელობის პრობლემები 2011 წლიდან აწუხებდა. ფლეტჩერმა მაშინ ხანგრძლივი პაუზა აიღო და მოედანს 2012 წელს დაუბრუნდა, თუმცა რამდენიმე ჩატარებული მატჩის შემდეგ მას წყლულოვანი კოლიტი დაუდგინეს. ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების XVI ტურში, „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში ფლეტჩერის ტრიუმფალური დაბრუნება შედგა.

„იმდენად ძლიერი ტკივილები მქონდა, რომ სახლიდან გასვლასაც ვერ ვახერხებდი. არც ბავშვებთან ერთად პარკში სეირნობა და არც მეუღლესთან ერთად საყიდლებზე სიარული არ შემეძლო. ტკივილი იმდენად მტანჯავდა, რომ უბრალო საქმეებსაც კი ვერ ვაკეთებდი. ოპერაციის დროს გარანტია ვერ მომცეს. რაღაც ისე რომ არ განვითარებულიყო, მოედანსაც ვერ დავუბრუნდებოდი. ფეხბურთზე უარის თქმას არ ვაპირებდი, რადგან ამ საქმისთვის ბევრი რამ გავიღე. ოპერაციას ჩემი ჯანმრთელობისა და ფეხბურთის გამო დავთანხმდი.

ბევრი შიში და შფოთვა გამოვიარე. საბედნიეროდ, დიდებული ქირურგის ხელში მოვხვდი. მე მას სრულად ვენდე. ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ ამას დავძლევდით. მართალი აღმოჩნდა. თქვენს წინაშე წყლულოვანი კოლიტისგან სრულად განკურნებული ვდგავარ. მე ეს დაავადება დავამარცხე. ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდი და ფეხბურთსაც ვთამაშობ“, – ფლეტჩერის სიტყვები Goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის XVI ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია აქვს დაკავებული და ლიდერს 10 ქულით ჩამორჩება.

ბექა დოგრაშვილი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა. პროცედურაში მონაწილეობდნენ ტურნირის 2013/14 წლების სეზონის ფინალის ელჩი ლუიშ ფიგუ, უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო და საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯორჯო მარკეტი. 16 გუნდი 8 წყვილად განაწილდა.

წილისყრამ გუნდები შემდეგნაირად დააწყვილა.

„მანჩესტერ სიტი”–„ბარსელონა”
„ოლიმპიაკოსი”–„მანჩესტერ იუნაიტედი”
„მილანი”–„ატლეტიკო”
„ლევერკუზენი”–„პარი სენ-ჟერმენი”
„გალათასარაი”–„ჩელსი”
„შალკე”–„რეალი”
„ზენიტი”–„ბორუსია”
„არსენალი”–„ბაიერნი”

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იაქტიურებს

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედი“ აქტიურობას აპირებს. ბრიტანული „სანის“ ცნობით, დევიდ მოიესს სატრანსფეროდ 90 მილიონ ფუნტს გამოუყოფენ.

„კლუბს თანხა აქვს და რა თქმა უნდა, ამას გამოვიყენებთ. მთავარი სატრანსფერო მიზნების განხორციელებასთან ზაფხულში ძალზედ ახლოს ვიყავით. ახლა ადვილია თქმა, რომ კლუბმა ამ მიმართულებით ვერაფერს მიაღწია, თუმცა სინამდვილეში თითქმის ყველაფერი გამოგვივიდა, მხოლოდ ბოლო მომენტში გადაწყვიტეს ფეხბურთელებმა თავიანთ კლუბებში დარჩენა ან სხვა გუნდში გადასვლა. საქმე ფულში ნამდვილად არ ყოფილა.

ახალგაზრდა ფეხბურთელების შერჩევისას ექვსთვიან პერიოდს კი არ განვიხილავ, არამედ შორეულ პერსპექტივაში ვიყურები. ის მოთამაშეები გვინდა, რომლებიც ექვსი-შვიდი წლის შემდეგაც ჩვენთან იქნებიან“, – აღნიშნა მოიესმა.

ბექა დოგრაშვილი

შინჯი კაგავა იმდენად ბევრს ჭამს, რომ ფეხბურთს ვეღარ თამაშობს

შინჯი კაგავა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლ იუნაიტედს“ შორის გამართული მატჩის (0:1) განაცხადში არ შეიყვანეს. გაინტერესებთ მიზეზი? მან ზედმეტად ბევრი ჭამა, მუცელი გაებერა და ცუდად გახდა. დიახ, ასე ბრძანა „წითელი ეშმაკების“ თავკაცმა დევიდ მოიესმა.

„შინჯი „ევერტონთან“ (0:1) გამართული მატჩის შემდეგ ცუდად გახდა, პარასკევს ცოტა ივარჯიშა, თუმცა არ გავრისკეთ და ტრავმა რომ არ მიეღო, ის არ ვათამაშეთ.
შინჯი ფიქრობს, რომ ზედმეტად ბევრი ჭამა და სწორედ ამიტომაც გაებერა მუცელი. ვფიქრობ, ის უკვე კარგად არის“, – აღნიშნა მოიესმა.

გუშინდელი მატჩის მიმდინარეობისას, კაგავას ავტოგრაფი სთხოვეს. იაპონელმა ფეხბურთელმა გულშემატკივარს ხელმოწერილი ფურცელი ისე დაუბრუნა, რომ მისკენ თავიც არ მიატრიალა. საინტერესოა, ამაშიც გაბერილმა მუცელმა შეუშალა მას ხელი?!

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2002 წლის შემდეგ, მიჯრით პირველად დამარცხდა სახლში. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ რობინ ვან პერსიმ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა. ახლა კი, შინჯკი კაგავა ზედმეტად ბევრს ჭამსო. საინტერესოა, რა ხდება მოიესის თავს.

ბექა დოგრაშვილი

„Moyes Out“ – წარწერა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ გვერდზე

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 6 დეკემბერს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ტვიტერის ოფიციალური ანგარიში ჰაკერებმა გატეხეს და გვერდზე ასეთი წარწერა გააკეთეს:

„Moyes Out“

მოგვიანებით წარწერა წაშალეს.

ზოგი ხუმრობით იმასაც ამბობს, რომ ეს წარწერა არა ჰაკერებმა, არამედ კლუბის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა. ვინ იცის?!

ბექა დოგრაშვილი

ლუიშ ნანი „იუვენტუსს“ უახლოვდება

იანვრის სატრანსფერო პერიოდში ტურინის „იუვენტუსი“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ ლუიშ ნანის გადმობირებას შეეცდება. „ბიანკონერიში“ პორტუგალიელ ფეხბურთელს ტრავმირებული სიმონე პეპეს შემცვლელად მოიაზრებენ.

არ არის გამორიცხული, იტალიურმა კლუბმა ნანი ნახევარწლიანი იჯარით აიყვანოს, შემდეგში სრულად გამოსყიდვის უფლებით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „იუვენტუსში“ გადასვლაზე 27 წლის ფეხბურთელიც თანახმაა. ნანის სურს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერს“ ხედირა და დი მარია სურს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თვალი მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველებს – ანხელ დი მარიასა და სამი ხედირას დაადგა.

„წითელი ეშმაკების“ სკაუტი ფილ ნევილი, რომელიც ერთ დროს ამავე გუნდის ღირსებას იცავდა, „რეალისა“ და „სევილიას“ შორის გამართულ მატჩს დაესწრო და ხედირას თამაშს დააკვირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 42 მილიონი ევრო გაიღოს.

გარდა ამისა, ინგლისური გრანდი დი მარიასაც აკვირდება. „წითელი ეშმაკები“ არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ „რეალის“ 21 მილიონ ევროს სთავაზობენ.

მიუხედავად ყველაფრისა, „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აღნიშნულ ორ ფეხბურთელთან განშორებას არ აპირებს.

 

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „არსენალი“ ვან პერსის გოლით დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ შედგა, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონის „არსენალი“ მიიღო. შეხვედრას ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონიც დაესწრო. რა თქმა უნდა, მატჩს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს „წითელი ეშმაკების“ ყოფილი თავკაცი სერ ალექს ფერგიუსონი. შეხვედრა მასპინძლებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, სტუმრები კი თავიანთ შანსს კონტრშეტევებზე ელოდნენ.

ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა: მასპინძელთა მიერ შეტევის მარცხენა ფლანგიდან კუთხურის შესრულებისას, რობინ ვან პერსი „არსენალის“ ფეხბურთელებმა უყურადღებოდ დატოვეს, რითაც ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა ისარგებლა და თავური დარტყმით თავის ყოფილი გუნდს გოლი გაუტანა, რაც ემოციურადაც აღნიშნა.

გატანილი გოლის შემდეგ, გარკევული პერიოდის განმავლობაში მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობა დათმეს და საკუთარი საჯარიმოს მისადგომები საიმედოდ გადაკეტეს, მიმართავდნენ აქტიურ პრესინგს და ლონდონელებს მატჩის სადავეების ხელთ გდების საშუალებას არ აძლევდნენ, მეტიც – მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრებს მეტოქის კარში არ დაურტყამთ, „არსენალის“ ფეხბურთელები მათთვის დამახასიათებელ ლაღ ფეხბურთს ვერ გვიჩვენებდნენ. პირველი 45 წუთი „წითელი ეშმაკების“ მინიმალური უპირატესობით დასრულდა – 1:0.

შეხვედრის მეორე ნახევარში საერთო სურათი შეიცვალა. ლონდონელები გააქტიურდნენ, ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, პირიქით – გოლის გატანის კარგი შანსი მასპინძლებს მიეცათ: მე-60 წუთზე მეტოქის საჯარიმო მოედანზე მყოფმა უეინ რუნიმ ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიშორა და ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ხელსაყრელი ადგილიდან ბურთი კარს ააცილა. დარჩენილ დროში „არსენალი“ ქულის გადარჩენას ეცადა, თუმცა ამაოდ.

საბოლოო ჯამში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოახერხა პირველ ტაიმში დაფიქსირებული შედეგის შენარჩუნება და საჭირო 3 ქულა ჩაიწერა. სატურნირო ცხრილის ლიდერი დამარცხდა და შეწყდა ლონდონელთა კიდევ ერთი სერია – აქამდე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ჰქონდა „არსენალს“ გოლი გატანილი.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილში მდგომარეობას, „არსენალი“ 25 ქულით პირველ ადგილზე დარჩა, თუმცა მეორეადგილოსან „ლივერპულთან“ სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ აქტივში 20 ქულაა, რითაც ის „ევერტონთან“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ მეხუთე-მეშვიდე პოზიციებს ინაწილებს.

ინგლისის პრემიერლიგა
XII ტური
„მანჩესტერ იუნაიტედი“–„არსენალი“ 1:0 (1:0)

„მანჩესტერ იუნაიტედი“: დე ხეა, ვიდიჩი (კლევერლი 46′), ევრა, ევანსი, სმოლინგი, ჯონსი, კერიკი, კაგავა (გიგზი 78′), ვალენსია, ვან პერსი (ფელაინი 85′), რუნი.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი.
„არსენალი“: შჩესნი, სანია, ვერმალენი, გიბსი, კოსელნი, არტეტა (გნაბრი 82′), ფლამინი (უილშირი 61′), რემსი, კაზორლა (ბენდტნერი 78′), იოზილი, ჟირუ.
მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი.
გოლი: ვან პერსი 27′.
გაფრთხილებები: ჯონსი 41′, რუნი 75′ – სანია 31′, ფლამინი 44′, უილშირი 81′.
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი.

ბექა დოგრაშვილი

ვან დერ სარი დე ხეაზე საუბრობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კიპერმა ედვინ ვან დერ სარმა „წითელი ეშმაკების“ ამჟამინდელი მეკარე დავიდ დე ხეა შეაქო.

„უბრალოდ წარმოუდგენელია: ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ სხვა ქვეყნის ჩემპიონატიდან გადავიდა, თანაც მაშინ მხოლოდ 20 წლის იყო. დე ხეა ინგლისში ესპანეთიდან გადაბარგდა, არც ენა იცოდა. ინგლისში სულ სხვანაირი საკვებია, სხვანაირი სათამაშო მანერაა, ვარჯიშის სხვა მეთოდია. კუთხურის დროს საჯარიმოშიც კი სხვანაირად აწვდიან. პირველ რიგში, დავიდს სწორედ ეს პრობლემები ექნებოდა.
გასული იანვრიდან საკმაოდ კარგად დაიწყო თამაში, რამაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ერთიორად გააძლიერა. დავიდის თამაში გუნდის გაჩემპიონების ერთი-ერთი მიზეზია ორ-სამ მიზეზთა შორის“, – ჰოლანდიელი მეკარის სიტყვები ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ფერგიუსონი: „გეტყვით, როდის დაკარგა ბექჰემმა ფეხბურთზე აქცენტი“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-თავკაცმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი მაშინ შეიცვალა, როდესაც მან ვიქტორია ადამსი ცოლად შეირთო. ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტის თქმით, გამორჩეული სპორტსმენიდან დევიდი ჩვეულებრივ სახედ იქცა.

„როდესაც ბექჰემს პირველად შევხვდი, ის 12 წლის იყო. მაშინ მას ფეხბურთის თამაშის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა, უნდოდა, რომ მაღალ დონეზე ეთამაშა. ის გამორჩეული მოთამაშე იყო, რომელიც მუდმივად ვარჯიშობდა და უკეთესობისკენ მიიწევდა. მისი ცხოვრება მაშინ შეიცვალა, როდესაც „The Spice Girls“-ის ერთ-ერთ გოგოს შეხვდა. მან თავისი პრიორიტეტები შეცვალა. სპორტსმენი დევიდისგან ცნობილი სახე მივიღეთ. მან ფეხბურთზე აქცენტი დაკარგა. შემდეგ ჩვენ ის მადრიდის „რეალში“ გავყიდეთ, სადაც ასევე კარგად თამაშობდა, თუმცა ვერაფრით ამიხსნია, რატომ წავიდა „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“. მე იქ არასდროს წავიდოდი. მწვრთნელის რანგში ყველაფერი გავაკეთე, რომ ბექჰემს ისეთ კლუბებში ეთამაშა, როგორებიცაა „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „რეალი“. ამის შემდეგ დევიდმა კვლავ შეცვალა თავისი ცხოვრება. მოხვდა ინგლისის ნაკრებში და ევროთასებზე „მილანის“ ღირსებას იცავდა. ის ყველა მხრივ გასაოცარი ფეხბურთელია. ეჭვგარეშეა, რომ ბექჰემი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ნამდვილი ხატია“, – ფერგიუსონის სიტყვები ბრიტანულმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა.

გიგზმა რეკორდი დაამაყარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა რაიან გიგზმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდი დაამაყარა. დღეს, 3 ოქტომბერს, 39 წლის უელსელმა ფეხბურთელმა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე რიგით 145-ე შეხვედრა ჩაატარა. გიგზი დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეცვლაზე შემოვიდა.

მეორე ადგილს მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავდამსხმელი რაული იკავებს, რომელსაც აქტივში 144 ჩატარებული შეხვედრა აქვს. მესამე ადგილზე „მილანის“ ყოფილი მცველი პაოლო მალდინია – 140 მატჩით.

სათქმელია ისიც, რომ გიგზს ჩემპიონთა ლიგაზე 29 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება უშუალოდ „შახტარსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის გამართულ მატჩს, შეხვედრა ფრედ, ანაგრიშით 1:1 დასრულდა.

ბექა დოგრაშვილი