სუარესი: „უოლკოტისა და ფალკაოს შემთხვევებმა შემაშფოთა“

„ლივერპულის“ თავდამსხმელი ლუის სუარესი გამოტყდა, რომ თეო უოლკოტისა და რადამელ ფალკაოს მძიმე ტრავმებმა შეაშფოთა. სავარაუდოდ, უოლკოტსა და ფალკაოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება მოუწევთ. აღნიშნულის მიუხედავად, მერსიაიდული გუნდის ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ მუნდიალის გამო ენერგიის დაზოგვასა და ფრთხილად თამაშს არ აპირებს.

„უოლკოტისა და ფალკაოს ტრავმებმა შემაშფოთა. ამ ფაქტებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ბევრი დაფრთხა კიდეც, თუმცა მე კლუბისთვის ძალებს არ დავზოგავ. ცუდზე ფიქრი არ შეიძლება. თითოეული მსოფლიოს ჩემპიონატი უნიკალური შანსია. ყველას სურს ამ ტურნირზე თამაში, თუმცა მე ინგლისის ჩემპიონატზე ფიქრი მირჩევნია. მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვები მუნდიალზე“, – სუარესის სიტყვებს A Bola ციტირებს.

ბექა დოგრაშვილი

ოსკარი: „ბრაზილიის მუნდიალზე არგენტინის ნაკრების გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოსკარი „სელესაოს“ ქომაგებს ჰპირდება, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არგენტინელებს ტიტულის მოგების შესაძლებლობას არ მისცემს.

„გუნდს, რომელსაც მუნდიალის მოგება სურს, ბრაზილიის ნაკრების დამარცხება მოუწევს. ვისაც ამის სურვილი აქვს, სიქა უნდა გაიძროს, მთელი ძალისხმევა დახარჯოს იმისთვის, რომ ჩვენი, მასპინძლების ბარიერის დაძლევა შეძლოს. თუ რომელიმე გუნდი ამ მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების დამარცხებას მოახერხებს, ეს ნამდვილად ისტორიული მატჩი იქნება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება.

რაც შეეხება არგენტინას, ჩვენ ამ ნაკრებს გამარჯვების შესაძლებლობას არ მივცემთ! არგენტინელებს მშვენიერი გუნდი ჰყავთ, მაგრამ ბრაზილიის მუნდიალზე მათ გაჩემპიონებას არ დავუშვებთ“, – ციტირებს ოსკარის სიტყვებს Goal.com-ი.

ბექა დოგრაშვილი

გერმანია სომხეთს დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებამდე უკანასკნელ ამხანაგურ მატჩს გერმანიის ეროვნული ნაკრები სომხეთის გუნდთან გამართავს. აღნიშნული მატჩი 6 ივნისს ქალქ მაინცში გაიმართება და საქველმოქმედო ხასიათის იქნება. გერმანიის ფეხბურთის კავშირის ცნობით, ბილეთებიდან შემოსული თანხა გერმანიის ფეხბურთის ლიგის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება.

მატჩის მეორე დღეს, 7 ივნისს გერმანიის ნაკრები სრული შემადგენლობით ბრაზილიაში გაემგზავრება.

საინტერესო ფაქტია, ჩვენი მეზობლები ტოპ გუნდებთან ახერხებენ ამხანაგური მატჩების გამართვას, იმ დროს, როდესაც ჩვენთან თამაშზე მხოლოდ ლიხტენშტეინის დონის გუნდები თანხმდებიან.

მარადონა: „მუნდიალის ვერმოგებას მესის ნუ დავაბრალებთ”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფიგურა დიეგო მარადონა თვლის, რომ უსამართლობა იქნება, თუ არგენტინის ნაკრების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატის ვერმოგების შემთხვევაში, ყველაფერი ლიონელ მესის გადაბრალდება. „ბარსელონას“ თავდამსხმელს კრიტიკოსები ხშირად ახსენებენ, რომ ის ნაკრებში ისეთივე ლაღ ფეხბურთს ვერ უჩვენებს, როგორც კატალონიურ გუნდში.

„ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული: თუ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ვერ მოიგებს, მაშინვე ყველაფერი მესის არ უნდა გადავაბრალოთ. ამასთანავე, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის მუნდიალზე ძალიან კარგად ითამაშებს, თუმცა მთელი გუნდის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვერ აიღებს“, – განაცხადა მარადონამ ერთ-ერთი არგენტინული ტელევიზიის ეთერში.

ბექა დოგრაშვილი

მარადონა: „არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონი გახდება“

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო არმანდო მარადონას აზრით, მისი ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება.

„ჩვენ 1986 წლის შედეგს გავიმეორებთ და ჩემპიონატს მოვიგებთ. ბრაზილია უნდა დავამარცხოთ, რომლის ნაკრები უბრალოდ საშინელია. გერმანიასა და ჰოლანდიას კარგი გუნდი ჰყავს, ესპანეთის თამაში კი უკვე მოსაბეზრებელი გახდა. დელ ბოსკეს გუნდი ბურთს აკონტროლებს, თუმცა თამაშს ვერ ამწვავებს“, – განაცხადა მარადონამ.

ალექსანდრე მატევოსოვი

დელ ბოსკე: „ჰოლანდიასთან სერიოზული ბრძოლა გველის“

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შდეგების თაობაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ „ფურია როხას“ ჯგუში ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებები მოხვდნენ.
„ჯერ კიდევ კენჭისყრამდე, ვამბობდი, რომ ჰოლანდიის ნაკრებთან ერთ ჯგუფში მოვხვდებოდით. ყველაფერი ასეც მოხდა. ბოლო დროს ეს ნაკრები ცოტა შეიცვალა. თუმცა, მას რობენი, ვან პერსი, ვან დერ ვაარტი და სნეიდერი კვლავ ეყოლება. ასე რომ, წინ ურთულესი მატჩი გველის“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი

რუნი: „პირადად მე არაფრის არ მეშინია“

ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაფასა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, გუნდი უმაღლესი პოზიციებისთვის იბრძოლებს.

„საშინელი არაფერი მომხდარა. მსოფლიოს ჩემპიონატზე პლანეტის საუკეთესო ნაკრებები თამაშობენ. აქედან გამომდინარე, თუ გინდა, რომ ტიტულისთვის იბრძოლო, ძლიერ მეტოქეებთან შესახვედრად მზად უნდა იყო. პირადად მე მოუთმენლად ველი მუნდიალს და არაფრის არ მეშინია“, – განაცხადა რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები D ჯგუფში ურუგვაის, კოსტა რიკისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდო: „ბრაზილიისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვის შეხვდება“ (ინტერვიუ)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ელჩის როლი მოირგო, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. გთავაზობთ რონალდოსთან ჩაწერილ ინტერვიუს.

– ვინ არიან დამდეგი მუნდიალის ფავორიტები?
– რა თქმა უნდა, მე მშობლიურ ბრაზილიას დავასახელებ. მთავარი კონკურენტი გერმანიის ნაკრები იქნება. შემდეგ ესპანელები და არგენტინელები მოდიან, რომელთაც არასასიამოვნო სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ. ლუიშ ფელიპე სკოლარის მჯერა. მან იცის, რას აკეთებს და ეს კონფედერაციის თასზეც დაამტკიცა. ვის ველი მეტოქედ? არა მგონია, ბრაზილიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.

– ბრაზილიის ნაკრები ამდენად ძლიერია?
– ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად მოხდა, რომ შემადგენლობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არის. სკოლარის გუნდში საუკეთესოები არიან. ის უდიდესი მოტივატორია და ნაკრებიც სწორ გზაზე დგას.

– არ ფიქრობთ, რომ დიდმა მოლოდინმა შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოთ?
– არა. პირიქით კი მგონია. ხალხის სიყვარული გვეხმარება. როდესაც კონფედერაციის თასის ფინალური მატჩის წინ მთელი სტადიონი ბრაზილიის ჰიმნს ხმის ჩახლეჩამდე მღეროდა… იცით, ეს არის ფეხბურთის ნამდვილი სული.

– რას ფიქრობთ ფიფას რეიტინგზე, რომლის თანახმადაც, ისეთი გუნდები, როგორებიც არის იტალია და ჰოლანდია, განთესილებს მიღმა აღმოჩდნენ?
– ჩემი აზრით, ეს რეიტინგი სამართლიანად აღწერს გუნდების ძალას მსოფლიოს მასშტაბით. ფიფას რეიტინგი გვიჩვენებს, თუ რომელი გუნდია ძლიერი კონკრეტულ მომენტში. მაღალი რეიტინგი ჩემპიონატის მოგების გარანტიას არ იძლევა. მაგალითად, განთესილებს შორის არ არის ბევრი ძლიერი ნაკრები, რადგან ეს გუნდები ბოლო პერიოდში კარგად არ გამოიყურებოდნენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუნდიალზე მათ ხელები უნდა ჩამოუშვან.

– როგორ ფიქრობთ, ის ფაქტი, რომ მატჩები უჩვეულო დროს გაიმართება, რამდენად დიდ როლს ითამაშებს მუნდიალზე?
– მატჩები არც ისე ადრე დაიწყება. ვიცი, რომ ფიფამ ექიმებთან, ფიზიოთერაპევტებთან და მწვრთნელებთან გარკვეული სახის კონსულტაციები გაიარა. წინათ მსოფლიოს ჩემპიონატები ცხელ ამინდში იმართებოდა და მატჩებიც ადრე იწყებოდა. ვიცი, რასაც ვამბობ. 1994 წლის აშშ-ის მუნდიალზე დღის საათებში ვთამაშობდით.

– ბევრს აშფოთებს სტადიონების მდგომარეობა სან-პაულუში, კუიაბასა და კურიტიბაში.
– ადრე თუ გვიან სტადიონები მზად იქნება, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, თუმცა რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უკეთესი იქნება. ეს სატესტო ღონისძიების, მოედნების, ტრიბუნების, ტექნიკური დეტალების შემოწმების საშუალებას მოგვცემს. დიდი იმედი მაქვს, არენებს ჩემპიონატის სტარტამდე გამოვცდით.

– მსოფლიოს ჩემპიონატებზე 15 გოლი გაქვთ გატანილი და ეს სარეკორდო მაჩვენებელია, თუმცა მიროსლავ კლოზეს დამდეგ ზაფხულს ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი მიეცემა…
– კი ბატონო, ძალიან მომიახლოვდა და იმედი მაქვს, ვერ დამეწევა (იცინის). სერიოზულად თუ მივუდგებით, რეკორდები იმისთვის არსებობს, რომ ისინი დაამხო. მე თავად გავაუმჯობესე ვიღაცის მიღწევა და ერთხელაც მოვა დრო, როცა სხვები აჩვენებენ ჩემზე კარგ შედეგებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გოლებს ღირებულება დაეკარგება. თითოეული გატანილი გოლით დღემდე ვამაყობ.

– რას იტყვით ნეიმარის პროგრესის შესახებ?
– ნეიმარი ევროპაში სრულიად ახალგაზრდა წავიდა, თუმცა ვფიქრობ, ის ადაპტირებას გაივლის და ბევრ რამესაც ისწავლის. ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიშობ, უფრო სწრაფად პროგრესირებ. დარწმუნებული ვარ, ნეიმარი პლანეტის უდიდეს მოთამაშედ იქცევა. ის „ბარსელონას“ ძალიან კარგად მოერგო. მას ესპანეთში უკეთ გაიცნობენ და ეს ისევ ჩვენს ნაკრებს წაადგება.

ბექა დოგრაშვილი

2014 წლის მუნდიალი – კალათების ოფიციალური შემადგენლობა

ფიფამ ოფიციალურად გაამხილა კალათების შემადგენლობა, რითაც მოხდება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის განსაზღვრა.

კალათა I: არგენტინა, ბრაზილია, ბელგია, კოლუმბია, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, ურუგვაი;

კალათა II: ალჟირი, კამერუნი, ჩილე, კოტ დივუარი, ეკვადორი, განა, ნიგერია;

კალათა III: ავსტრალია, კოსტა რიკა , ჰონდურასი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ამერიკის შეერთებული შტატები;

კალათა IV: ბოსნია/ჰერცეგოვინა, ხორვატია, ინგლისი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი.

როგორც ხედავთ, მეორე კალათაში 7 გუნდია, მეოთხეში კი – 9. წილისყრის დაწყებამდე მეოთხე კალათიდან შემთხვევითი წესით ერთი გუნდი მეორე კალათაში გადაინაცვლებს. შესაბამისად, 32 გუნდი ოთხ კალათაში თანაბრად გადანაწილდება, რის შემდეგაც ნაკრებები A, B, C, D, E, F, G და H ჯგუფებში განითესებიან.

წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება.

 

ისტორიული ფაქტი – მოედანზე შესრულებული სარეკლამო ხრიკი პელეს მონაწილეობით

დღეს რუბრიკაში „ისტორიული ფაქტი“ წარმოგიდგენთ 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარ შემთხვევას, რომელიც ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელესა და ერთ-ერთ სპორტულ ფირმას შეეხება.

იმ პერიოდში ორი გერმანული სპორტული ფირმის – „ადიდასისა“ და „პუმას“ შორის გაჩაღებული კონკურენცია პიკს აღწევდა. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კომპანიებმა ე.წ. „პელეს პაქტიც“ კი გააფორმეს, რაც გულისხმობდა იმას, რომ ამ ლეგენდარულ ფეხბურთელს სარეკლამო კამპანიებში არ გამოიყენებდნენ, თუმცა ცდუნება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ…

„პუმა“ პელეს დაუკავშირდა და ერთგვარ სარეკლამო ხრიკში მონაწილეობა შესთავაზა. სპორტულმა ფირმამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს 120 ათასი დოლარი იმისთვის გადაუხადა, რომ მას 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წამით ადრე შეეკრა ბუცების თასმები. ბუნებრივია, ტელეტრანსლაციის დროს ეს პროცესი ახლო კადრით აჩვენეს და კარგად გამოჩნდა, თუ რომელი ფირმის ბუცი ეცვა პელეს. ეს „პუმას“ Formstripe-ი გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი „პელეს პაქტის“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.

ასეთი რეკლამა ბევრად უფრო იაფი და ეფექტური დაჯდა, ვიდრე მოედნის გარშემო სარეკლამო აბრების მოწყობა. შემდგომში ამ ხრიკს გერმანული კომპანიის წარმატების ერთ-ერთ ფაქტორად მოიაზრებდნენ.

 

2014 წლის მუნდიალის სტადიონზე ტრაგედია მოხდა

რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ბრაზილიაში. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი სტადიონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რამაც სამი მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, „კორინთიანსის“ არენის ნაწილის ჩამონგრევის მიზეზი ამწეს მწყობრიდან გამოსვლა გახდა. სტადიონის ნაწილი იმ დროს ჩამოინგრა, როდესაც მასზე ლითონის კონსტრუქცია იდგმებოდა.

არენა მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩაბარებულიყო. არენაზე სამუშაოთა 94 პროცენტი უკვე დასრულებული იყო.

„კორინთიანსმა“ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება უკვე გაავრცელა:

„სპორტულ კლუბ „კორინთიანსის“ საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო“.

ამ დროისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერი: „მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ“

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ.

რომში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებში შედის.

„ფიფაზე ზეწოლას ორი ქვეყანა ახორციელებდა: საფრანგეთი და გერმანია. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ამ სახელმწიფოების მეთაურებმა უნდა ახსნან, რას ფიქრობენ ამ სიტუაციაზე. ფიფაზე ყველაფრის გადაბრალება ადვილია. ჩვენ ნაწილობრივ ვართ პასუხისმგებელნი ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ზეპ ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, ევროპარლამენტის დეპუტატებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართეს, რათა ფიფამ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ყატარის მთავრობას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო. ევროპარლამენტარების თქმით, ფიფას პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარებით არ შემოიფარგლება.

ბექა დოგრაშვილი