პროტესტის ნიშნად ურუგვაის ნაკრების თავკაცმა ფიფა-ში დაკავებული პოსტები დატოვა

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ლუის სუარესის დისკვალიფიკაიასთან დაკავშირებული პროტესტის ნიშნად ფიფა-ში დაკავებული ყველა პოსტი დატოვა, რის შესახებაც BBC-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ტაბარესი ფიფა-ს სტრატეგიული კომიტეტისა და სპეციალური გამოძიების ჯგუფის წევრი იყო.

„ვთვლი, რომ იმ ორგანიზაციაში დარჩენა, რომელმაც სუარესს მსგავსი დისკვალიფიკაია დაუწერა, არასწორია“, – განაცხადა ურუგვაელთა დამრიგებელმა.

ფიფა მკურნალობის დროს მონტოლივოს თანხას გადაუხდის

მკურნალობის დროს „მილანის“ ხელმძღვანელობა ნახევარმცველ რიკარდო მონტოლივოს ხელფასს არ გადაუხდის. როგორც ცნობილია, თანხას მოთამაშე ფიფა-სგან მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის იტალიელმა ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო, რომლის გამოც იგი ბრაზილიაში მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.

სავარაუდოდ, რიკარდო მოედანზე ექვსი თვის განმავლობაში ვერ გამოვა.

ალექსანდრე მატევოსოვი

The Sunday Times: ყატარმა მუნდიალის მასპინძლობა 5 მილიონ ევროდ იყიდა

„სანდი თაიმსის“ ცნობით, ყატარმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონ ევროდ იყიდა. ბრიტანული გაზეთის თანახმად, სწორედ ამ თანხად მოისყიდეს ყატარელებმა ის ოფიციალური პირები, რომლებიც მუნდიალის ჩატარების ადგილს წყვეტენ.

ყველა ოპერაცია აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის მოჰამედ ბინ ჰამამის მეშვეობით განხორციელდა. ის აქტიურად უჭერდა მხარს ყატარის განაცხადს და „სანდი თაიმსის“ ცნობით, ქრთამის მიცემით სხვა ოფიციალური პირების გადაბირებაც შეძლო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევა შეცდომა იყო.

ბექა დოგრაშვილი

ფიფას პრეზიდენტმა „დინამო“ თბილისს ჩემპიონის ტიტულის მეთხუთმეტედ მოპოვება მიულოცა

ფიფას პრეზიდენტმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თბილისის „დინამოს“ გამარჯვება მიულოცა. როგორც წერილშია აღნიშნული, „დინამომ“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მეთხუთმეტეჯერ მოიპოვა, რაც ძალიან სასიხარულო მოვლენაა.

ჯოზეფ ბლატერი განსაკუთრებული სიხარულით ულოცავს ამ მნიშვნელოვან წარმატებას თბილისის „დინამოს“ ყველა ფეხბურთელს, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ და სამედიცინო ჯგუფს, ყველა იმ ადამიანს ვინც „დინამოს“ ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა და დაეხმარა გუნდს.

ფიფას პრეზიდენტი მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის სახელით მადლობას უხდის, „დინამო“ თბილისის სრულ შემადგენლობას, რადგან მათ მოახერხეს შესანიშნავი თამაშით გულშემატკივართა გახარება და უსურვებს კლუბს მომავალ წარმატებებს.

ჩვენის მხრივ, კი გვსურს კიდევ ერთხელ შევუერთდეთ მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის მმართველი ორგანოს პირველი პირის მილოცვას და თბილისის „დინამოს“ უეფას ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე წარმატებით გამოსვლა ვუსურვოთ.

სფფ-ის პრესსამსახური

მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური კლიპი

16 მაისს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალურ სიმღერაზე გადაღებული კლიპი.

კომპოზიციას ცნობილი ვარსკვლავები ასრულებენ: პიტბული, ჯენიფერ ლოპესი და ბრაზილიელი მომღერალი კლაუდია ლეიტე. კლიპი უკვე 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 13 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში გაიმართება.

„სიმპსონების“ მიერ გაკრიტიკებული ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატი

2014 წლის 30 მარტს ტელეარხ „ფოქსზე“ ნაჩვენები იქნა მულტსერიალ „სიმპსონების“ 546-ე სერია, რომელიც ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს მიეძღვნა. შემქმნელებმა აღნიშნული ეპიზოდი შემდეგნაირად დაასათაურეს: „მსაჯივით არ უნდა იცხოვრო“.

სერიაში ღიად არის ტურნირი გაკრიტიკებული. კერძოდ, ანიმატორები ფიფაში არსებულ კორუფციაზე, სამხრეთ ამერიკის მაფიოზურ დაჯგუფებებსა და ფეხბურთელთა მხრიდან სიმულაციაზე ამახვილებენ ყურადღებას. მულტფილმის მთავარ გმირ ჰომერ სიმპსონს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის განსჯა მოუწევს. „მარაკანაზე“ გამართულ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებები ხვდებიან. ჰომერს მატჩამდე ერთ მილიონ დოლარს სთავაზობენ იმისთვის, რომ მან ბრაზილიის ნაკრებს გაამარჯვებინოს. სიმპსონების ოჯახის უფროსი შემოთავაზებას თანხმდება, თუმცა ოჯახის წევრებთან დიალოგის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და მატჩს სამართლანად სჯის. მულტსერიაში ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც აშკარად ნეიმარის პროტოტიპია, მეტოქის საჯარიმო მოედანზე განზრახ წაიქცევა, მთელი სტადიონი პენალტის დანიშვნას ითხოვს, თუმცა ჰომერი თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავს. საბოლოოდ, გერმანიის ნაკრები ანგარიშით 2:0 იმარჯვებს, ჰომერს კი მატჩის შემდეგ მოკვლით ემუქრებიან. საბოლოო ჯამში, მას მეუღლე გადაარჩენს, რომელიც ამასობაში პორტუგალიური ენის სწავლას ცდილობს.

„სიმპსონების“ შემქმნელების მიერ დასმული ეს ტენდენციები მაშინვე მოექცა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესის სფეროში და ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, თუ ქართველი გულშემატკივარიც იხილავს ტელევიზიის ისტორიაში დღემდე ყველაზე ხანგრძლივი, წარმატებული და აქტუალური მულტსერიალის აღნიშნულ ეპიზოდს.

ამ სერიას აქვე გთავაზობთ.

 

ბექა დოგრაშვილი

ბლატერს ფიფას პრეზიდენტად გახდომა მეხუთედ სურს

ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს, როგორც ჩანს, პოსტთან შელევა ძალიან უჭირს. „ფოქს სპორტი“ წერს, რომ ბლატერი მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს 209 წევრ ქვეყანას ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მეხუთედ არჩევას სთხოვს.

აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურის შესაძლო წამოყენების შესახებ დასმულ კითხვას ბლატერმა ასე უპასუხა: „ვისურვებდი, რომ ეს გამეკეთევნა. ჩემს მანდატს ვადა ეწურება, თუმცა ჩემი მისია ჯერ არ დასრულებულა“.

ფიფას პრეზიდენტად არჩევისთვის რამდენჯერმე ასაკობრივი ცენზის შემოღების საკითხიც დაისვა, თუმცა 78 წლის ბლატერი ამბობს, რომ საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციის მხრიდან ასეთი ქმედება დისკრიმინაციული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბლატერი ფიფას 1998 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ამ პოსტზე მან ჟოაო აველანჟი შეცვალა. მან დაძაბულ საარჩევნო ბრძოლაში უეფას მაშინდელი პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი დაამარცხა, თუმცა შემდეგ ხმა დაირხა, ბლატერმა ამომრჩეველთა ნაწილი მოისყიდა და ასე გახდა ფიფას ხელმძღვანელიო. მას ამ ხნის განმავლობაში კიდევ არაერთი სკანდალი უკავშირდება და ბევრგან აითვალწუნეს კიდეც, განსაკუთრებით კი – დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რაც არ უნდა იყოს, ბლატერი იხტიბარს არ იტეხს, თავის მოღვაწეობას დადებითად აფასებს და არც საპრეზიდენტო სავარძლის დათმობის სურვილი აქვს. ცნობისთვის, ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინიც აპირებს, რომელიც ამ დრომდე ყველაზე რეალურ კანდიდატად გვევლინება.

აქვე გეტყვით, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2015 წლის მაისში გაიმართება.

 

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ბლატერს შეხვდება

„ბარსელონას“ პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ ციურიხში ჩაფრინდა, სადაც ფიფა-ს პრეზიდენტს იოზეფ ლატერს შეხვდება.

სავრაუდოდ, მხარეები იმ გადაწყვეტილებას განიხილავენ, რომლის მიხედვიშთაც, კატალონიურ კლუბს ერთი სეზონით ახალი ფეხბურთელების დამატება აეკრძალა.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ“ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარი უკვე შეიტანა. დროებით მისი განხილვა გადაიდო, რის გამოც კლუბს ჯერჯერობით ზაფხულში ტრანსფერების გაკეთების უფლება აქვს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ტევესი არგენტინის ნაკრებში არგამოძახებას ხუმრობით გამოეხმაურა

ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი შესანიშნავ ფორმაშია. 30 წლის ფორვარდს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში თანაქალაქელი „ტორინოს“ თავდამსხმელ ჩირო იმობილეს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.

მიუხედავად ასეთი კარგი შედეგისა, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ტევესის სამუნდიალო განაცხადში შეყვანას ჯიუტად არ აპირებს, რასაც თავად ფეხბურთელი ხუმრობით გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, არგენტინის ნაკრების თავკაც საბელიას „სქაი“ (ტელეარხი) არ აქვს, რომ „იუვენტუსის“ მატჩებს უყუროს“, – აღნიშნა ტევესმა „სქაის“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი

ზიკო: „მუნდიალის ფინალში ბრაზილია-არგენტინის მატჩს ვისურვებდი“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზიკო „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარის მუშაობას მაღალ ქულას უწერს. ზიკოს თქმით, ბრაზილიელთა ამჟამინდელი თავკაცის მუშაობა შედეგს გამოიღებს.

„სკოლარი თავის საქმეს შესანიშნავად უძღვება. ის ცდილობს, ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოაყალიბოს, საშინაო ტურნირის ყველა ფაქტორს ითვალისწინებს.

ვფიქრობ, საქმისადმი ასეთ მიდგომას შედეგის გამოღება შეუძლია. ჩემი სურვილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები შეხვდნენ და ჩვენ მოვიგოთ“, – ზიკოს სიტყვებს „გლობო ესპორტე“ აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 44 დღე დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

მუნდიალის თასი მსოფლიოს უკლებლივ ყველა ნაკრებს

სათაურიდან გამომდინარე, არ გეგონოთ, რომ საქართველის ნაკრებს ვინმე მსოფლიოს ჩემპიონატის თასს ჩუქნიდეს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ სანამ მსოფლიოს ჩემპიონატის რეალური თასი პლანეტის გარეშე მოგზაურობს, ჩინეთის ხელისუფლებამ გასაყიდად გამზადებული მუნდიალის ათასობით ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინა. ჩინეთის საბაჟოს ოფიცრებმა ლიბიაში გასაყიდად გაგზავნილი 1020 ოქროს ყალბი თასი აღმოაჩინეს. მანამდე კი, ქალაქ სიამინში 1008 ყალბი თასის კონფისკაცია მოახდინეს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნამდვილი თასი 18-კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული და მალაქიტის მწვანე ფერის ორი ზოლით ბოლოვდება.  ნამდვილ და ჩინეთში აღმოჩენილ ყალბ თასებს შორის შეუარაღებელი თვალითაც შეიძლებოდა განსხვავების შემჩნევა: ყალბ თასებს შედარებით  ღია ფერი დაკრავდა.

სხვათა შორის, ბრაზილიის ნაკრების მუდმივ საკუთრებაში არსებული ჟიულ რიმეს თასიც არ გეგონოთ ნამდვილი. 1970 წელს ბრაზილიის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და წესის მიხედვით, თასის მუდმივ საკუთრებაში ქონის უფლება მიიღო. 1983 წლის 19 დეკემბერს, რიო დე ჟანეიროშო მდებარე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ოფისიდან ჟიულ რიმეს თასი მოიპარეს. ტიტული სპეციალურად დამზადებულ ფოლადის კარადაში იყო შენახული, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა. მინა 2 სანტიმეტრის სისქის ხის ჩარჩოში იყო ჩასმული, რითაც მძარცველებმა ისარგებლეს და თასის მოპარვა მოახერხეს. ჟიულ რიმეს ტიტული ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. შესაძლოა, ის გადაადნეს კიდეც. საბოლოო ჯამში, ოთხი ადამიანი დაუსწრებლად სცნეს დამნაშავედ. ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ 1,8 კგ. ოქროსგან კომპანია „ისთმენ კოდაკს“ თასის ასლი დაამზადებინა. ტიტულის ასლი პირველად ბრაზილიის პრეზიდენტმა 1984 წელს წარმოადგინა.

ჩინეთში გაწაფულები არიან საავტორო უფლებების დარღვევით ნივთების დამზადებაში. ცოტა ხნის წინათ, სიამინის საბაჟოს ოფიცრებმა ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატის 21 648 ცალი მაისური ამოიღეს, რომელთაც „ნაიკის“ ფირმის ორიგინალი ფორმებისგან პრაქტიკულად ვერც განასხვავებდით.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: „2022 წლის მუნდიალი 2023 წლის ზამთარში ჩავატაროთ“

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი ფიფას 2022 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას 2023 წლის ზამთარში სთავაზობს. მიმდინარე წლის იანვარში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალის ივნის-ივლისში ჩატარება არ შეიძლება, რადგან წლის ამ პერიოდში ყატარში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსია.

„2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთული საქმეა. თუ ტურნირს 2022 წლის ზამთარში ჩაატარებენ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვევა. შესაძლოა, სხვა ვარიანტის განხილვაც ღირდეს – მაგალითად, ყატარის მუნდიალის 2023 წლის ზამთარში ჩატარება, თუნდაც ამან ტელეტრანსლაციებზე უფლებების მქონეთა უკმაყოფილება გამოიწვიოს“, – ნირსბახის სიტყვები „ფოკუსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი