ლევანდოვსკის ავტომობილს ბორბლები დააძრეს და მოიპარეს

„ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდში პოპულარობით ძველებურად რომ ვეღარ სარგებლობს, ეს არახალი ამბავია. პოლონელ ფეხბურთელს გუშინ კიდევ ერთი ინციდენტი შეემთხვა. სახლის წინ მდგარ მის ავტომობილს (Porsche Cayenne)  ყველა ბორბალი დააძრეს და მოიპარეს.

მოგეხსენებათ, პოლონელი ფეხბურთელი სეზონის ბოლოს მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდება, რაც „ბორუსიას“ გულშემატკივართა პროტესტს იწვევს. არ არის გამორიცხული, ეს შემთხვევაც კლუბის ქომაგთა შურისძიებას ემსახურებოდეს.

რამდენიმე დღის წინათ, Fanebi.com-მა ლევანდოვსკისთან დაკავშირებით მსგავსი ინციდენტის შესახებ უკვე გიამბოთ. მაშინ 17 წლის მოწაფე ჰყვებოდა, რომ გზად მიმავალმა პოლონელი თავდამსხმელი დაინახა და შუა თითი უჩვენა, რაც ლევანდოვსკიმ ვერ მოითმინა და ახალგაზრდა გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით „დაზარალებულმა“ სამართალდამცავ ორგანოში საჩივარი აფრინა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ უკან გამოითხოვა და ფეხბურთელს ბოდიშიც მოუხადა.

ასე გამოიყურება ლევანდოვსკის ავტომობილი.

ბექა დოგრაშვილი

ადრიან რამოსი დორტმუნდში?

ბერლინის ჰერტას ფეხბურთელი ადრიან რამოსი დიდი ალბათობით დორტმუნდის ბორუსიაში გადავა,მისი სატრანსფერო ღირებულება კი დაახლოებით  € 10 მილიონი იქნება.

შეგახსენებთ რომ დორტმუნდის ბორუსიას ამჟამინდელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მომავალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნში იასპარეზებს,რამოსს კი მის შემცვლელად მოიაზრებენ.

ლევანდოვსკი: „შესნის ჩემი „არსენალში“ ნახვა სურდა“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ აღიარა, რომ მისი თანამემამულე ვოიცეხ შესნი მას ლონდონის „არსენალში“ გადასვლას სთავაზობდა.

„აღნიშნულ თემაზე რამდენიმეჯერ ვისაუბრეთ. ძირითადად, იგი კლუბზე, მის ცხოვრებასა და არსენ ვენგერზე მიყვებოდა. გარდა ამისა, ჩვენს ვარჯიშს არაერთხელ „მეთოფეთა“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ“, – განაცხადა ლევანდოვსკიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

ახალგაზრდა ქომაგმა ლევანდოვსკის ბოდიში მოუხადა

გერმანული პრესის ცნობით, ათი დღის წინათ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისა და კლუბის ახალგაზრდა გულშემატკივარს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბორუსიას“ ქომაგთა გარკვეული ნაწილი ლევანდონსკის საცხოვრებელი სახლის მახლობლად შეიკრიბა. 17 წლის გულშემატკივარმა პოლონელ ფეხბურთელს შუა თითი უჩვენა, რაც თავდამსხმელმა ვერ მოითმინა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ლევანდოვსკი ახალგაზრდა ქომაგს გაეკიდა და შუბლში ფეხი ამოარტყა. „დაზარალებულმა“ ვინმე ფილიპ ს.-მ პოლიციაში სარჩელი აფრინა და მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ახალგაზრდა გულშემატკივარმა ლევანდოვსკის ბოდიში მოუხადა და სამართალდამცავ ორგანოში საქმის შეწყვეტის თაობაზე განცხადებაც დაწერა.

აღსანიშნავია, რომ ამ კონფლიქტში „ბორუსიამ“ თავიდანვე მხარი დაუჭირა ლევანდოვსკის.

შეგახსენებთ, რომ პოლონელი თავდამსხმელი პირველი ივლისიდან მიუნხენის „ბაიერნის“ წევრი გახდება.

ბექა დოგრაშვილი

დორტმუნდს დუმბია სურს

დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობა მოსკოვის “ცსკა”-ს  თავდამსხმელით, დუმბიათი არის დაინტერესებული. შეგახსენებთ რომ “ბორუსიას” რობერტ ლევანდოვსკი უკვე მიუნხენის “ბაიერნის” საკუთრებაა და მათ ზაფხულიდან შეუერთდება, დორტმუნდი კი მის შემცვლელს ეძებს.

აქვე გეტყვით რომ დუმბიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისამდე აკავშირებს.

 

დიეგო კოსტამ, შესაძლოა, ლევანდოვსკის ადგილი დაიკავოს

დორტმუნდის „ბორუსიაში“ თავდამხმელი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, „ატლეტიკოს“ ფორვარდმა დიეგო კოსტამ შეცვალოს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ნაკრების წევრი უკვე იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის „ბაიერნთან“ გააფორმებს კონტრაქტს, რომლის რიგებსაც უკვე 2014 წლის ზაფხულში შეურთდება.

თავისი შეტევების ლიდერის დაკარგვის ანაზღაურებას კი დორტმუნდელთა ხელმძღვანელები სწორედ დიეგო კოსტას გადაბირებით შეეცდებიან. არაოფიცალური ინფორმაციით, „ბორუსიას“ წარმომადგენლები სამხრეთ ამერიკელს, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ ესპანეთს ნაკრების მაისურით თამაშის სურვილი გამთქვა, უკვე დაუკავშირდნენ და ამჟამად მისგან პასუხს ელიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლევანდოვსკი „ბაიერნში“, შესაძლოა, იანვარში აღმოჩნდეს

ევროპული პრესა პოლონეთის ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას აგრძელებს.

გუშინ ერთ-ერთმა იტალიურმა გაზეთმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 25 წლის თავდამსხმელი, შესაძლოა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის „ბაიერნში“ გადაბარგდეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გერმანიის მოქმედი ჩემპიონი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის გათამაშების გამარჯვებული პოლონელ ფორვარდს ხელფასის სახით სეზონში თერთმეტ მილიონ ევროს სთავაზობს.

ცნობისთვის, ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ლევანდოვსკიმ 11 გოლი გაიტანა. გერმანიის პირველობის ბომბარდირთა დავას ამჟამად სწორედ იგი ლიდერობს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლევანდოვსკი „ოქროს ბურთს“ რიბერის მისცემდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის აზრით, 2013 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ფრანკ რიბერი იმსახურებს.

„პირადად მე ხმას რიბერის მივცემდი. მართალია, რონალდუ ინდივიდუალური შესაძლებლობებით მას სჯობს, თუმცა ფრანკი მცველებს ხშირად ეხმარება, ისევე, როგორც მთელ გუნდს. გარდა ამისა, რიბერიმ „ბაიერნთან“ ერთად გასულ სეზონში ყველა ტიტული მოიგო“, – განაცხადა პოლონეთის ნაკრების ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლევანდოვსკი „ბაიერნის“ კრიზისს წინასწარმეტყველებს

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი აცხადებს, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ წინასწარ არ უნდა გამოაცხადონ გერმანიის ჩემპიონად.

შეგახსენებთ, რომ ბავარიული კლუბი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, აქტივში კი შესაძლო 42-დან 38 ქულა აქვს. „ბორუსია“ მესამე ადგილზეა და „ბაიერნს“ 7 ქულით ჩამორჩება.

„ბაიერნისთვის“ ტიტულის მინიჭება ჯერ ადრეა. შესაძლოა, მიუნხენელებს ისევ დაუდგეთ სათამაშო კრიზისი, როგორც ხდება ხოლმე ტოპ-კლუბებში. ნებისმიერ შემთხვევაში, იმედს არ დავკარგავ, თუმცა მატჩები ჩვენითვე უნდა მოვიგოთ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გავხდე, თუმცა მთავარი გუნდის წარმატებაა“, – ლევანდოვსკის სიტყვები გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

კლოპმა მხითარიანს ბოდიში მოუხადა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გერმანიის ბუნდესლიგის XIV ტურში „მაინცის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის კომპენსირებულ დროში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დამატებით დროში „ბორუსიამ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. პენალტის შესასრულებლად ჰენრიხ მხითარიანი გაეშურა, თუმცა ბოლო მომენტში სომეხ ნახევარმცველს რობერტ ლევანდოვსკიმ უთხრა, რომ თერთმეტმეტრიანი პოლონელს უნდა დაერტყა. საბოლოო ჯამში, პენალტი ლევანდოვსკიმ დაარტყა და გაიტანა კიდეც.

„ეს ჩემი ბრალია. მხითარიანი სამართლიანად განაწყენდა, თუმცა თავად მე ვთქვი, რომ პენალტს მეცხრე ნომერი დაარტყამდა. უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მხითარიანს ბოდიში უკვე მოვუხადე. მე უბრალოდ მინდოდა, რომ ეს პენალტი აუცილებლად გაგვეტანა. რა თქმა უნდა, მიკისაც (მხითარიანის შემოკლებული სახელი) შეეძლო, კარგად დაერტყა“, – კლოპის სიტყვები „ბორუსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ „ბორუსიამ“ სტუმრად „მაინცი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა. აქედან ორი გოლი ლევანდოვსკიმ პენალტით გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ჯონ ოშის “ხელბურთი” პოლონეთის ნაკრებთან მატჩში

19 ნოემბერს, პოლონეთისა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებეს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელიც უგოლო ფრით 0:0 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ირლანდიელთა მცველმა, ჯონ ოშიმ მეტოქე გუნდის შეტევა ხელის საშუალებით ჩაშალა.

ლევანდოვსკი: „არსენალის“ კიდევ ერთხელ დამარცხების დროც მოვიდა“

„შტუტგარტის“ ანგარიშით 6:1 განადგურების შემდეგ, დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელებმა მთელი ყურადღება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჩასატარებელ მატჩზე გადაიტანეს, რომელშიც მათი მეტოქე ლონდონის „არსენალი“ იქნება. ამის შესახებ დორტმუნდელთა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ისაუბრა.

„შესანიშნავი თამაში ჩავატარეთ, მე სამი გოლის გატანა მოვახერხე, გუნდმა კი ფანტასტიკური ანგარიშით გაიმარჯვა. ოქტომბერში ბევრი გოლი არ გამიტანია, ასე რომ, ერთ შეხვედრაში მეტოქის კარის სამჯერ აღება სასიამოვნო იყო“, – აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

„ახლა „არსენალთან“ მატჩისთვის ვემზადებით. სახლში ვითამაშებთ და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. იმედია, მოგებას რაც შეიძლება მეტ მატჩში ვიზეიმებთ“, – დაასრულა პოლონელმა ფორვარდმა.

ალექსანდრე მატევოსოვი