როდემდე აპირებს ფრანჩესკო ტოტი თამაშს

იტალიური გამოცემა “კორიერე დელა სერა” წერს, რომ “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი კარიერას მანამ არ დაასრულებს, სანამ კლუბის ახალ სტადიონზე არ ითამაშებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ იტალიელ ფეხბურთელს მინიმუმ 2017 წლამდე მოუწევს თამაში, ვინაიდან სწორედ ამ დროს არის არენის გახსნა დაგეგმილი.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანჩესკო ტოტი 2017 წელს 41 წლის იქნება, “რომას” ხელმძღვანელობა გაგებით ეკიდება გუნდის კაპიტნის მისწრაფებას და ფეხბურთელს კარიერის მანამდე დასრულებისკენ არ მოუწოდებს.

წყაროს თანახმად, ტოტის ორი ოცნებაც აქვს: ამერიკული კლუბის მფლობელობა და იტალიის ქალაქ მარინოს მერობა.

 

ტოტიმ ეშლი კოული გაამასხარავა

ჭკუამხიარულმა ფრანჩესკო ტოტიმ თანაგუნდელი ეშლი კოულის გამასხარავება გადაწყვიტა და კარგადაც გამოუვიდა. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ “რომამ” გუნდური ფოტო გადაიღო, თუმცა ინგლისელი ფეხბურთელი რატომღაც დანარჩენი მოთამაშეებისგან მოშორებით მარტოსულად იდგა. აღნიშნულმა სურათმა საყოველთაო ყურადღება მიიპყრო და ამ პოზაში მდგომი კოული კომპიუტერული პროგრამების დახმარებით სხვადასხვა სიტუაციებშიც გამოსახეს.

აშშ-ში მყოფმა ტოტიმ ეშლი კოულს მიბაძა და მანაც გადაიღო ფოტო “განდეგილის” პოზაში.

აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერზე თავად ეშლი კოულიც კარგად ხალისობს. ინგლისელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავადვე გამოაქვეყნა რამდენიმე სურათი, რომელზედაც ის ამ უცნაურ პოზაში დგას.

 

ვან გაალი: “სიცხემ “მანჩესტერ იუნაიტედს” ხელი შეუშალა”

Guinness International Champions Cup-ის ეგიდით “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “რომას” შორის გამართული ამხანაგური მატჩი ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი შედეგით კმაყოფილი დარჩა, თუმცა თამაშის ხარისხი არ მოიწონა. ფეხბურთის ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, სიცხემ მის გუნდს შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ხელი შეუშალა.

„მოხარული ვარ, რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა, თუმცა არცთუ ისე კარგად ვითამაშეთ. გვქონდა შესაძლებლობა, რომ სხვაგვარად გვემოქმედა. ჩემი აზრით, სიცხემ ფეხბურთელებზე იმოქმედა. მოთამაშეები ახალი სეზონისთვის ემზადებიან და ჯერ არ არიან ასეთ პირობებში თამაშს მიჩვეულნი. თამაში 3:0 მიგვყავდა და საჭიროა იყო, რომ უბრალოდ ბურთი შეგვენარჩუნებინა, თუმცა სიცხის გამო ძალიან დაიღალნენ ჩემი ფეხბურთელები”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალური ვებგვერდი.

ამავე ჯგუფში მილანის “ინტერსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იტალიურმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

 

ფლორენცი თანაკლუბელებმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდეს

იტალიური „რომას“ ნახევარმცველი ალესანდრო ფლორენცი სასაცილო მდგომარეონაში აღმოჩნდა. აშშ-ში მიმავალ ფეხბურთელს თვითმფრინავში ჩაეძინა, რითაც თანაკლუბელებმა ისარგებლეს და ფლორენცი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს.

„ლივერპული“ შაქირისთან ვერ შეთანხმდა

„ლივერპულმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ჯერდან შაქირისთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

შესაბამისად, სულ უფრო მცირდება იმის ალბათობა, რომ შვეიცარიელმა ფეხბურთელმა მერსისაიდულ გუნდს მიაშუროს. შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება იტალიური „რომა“, რომელიც ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად გაჩაღებულ ბრძოლაში ჩართვას აპირებს.

ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ ჯერდან შაქირის არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო „ბაიერნის“ დატოვება სურს.

 

ოფიციალურად: „რომამ“ იტურბე დაიმატა

„რომამ“ „ვერონას“ თავდამსხმელი ხუან იტურბე დაიმატა. დედაქალაქურმა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო გაიღო. გარდა ამისა, „ვერონამ“ ბონუსის სახით შესაძლოა კიდევ 2,5 მილიონი ევრო მიიღოს. ამისთვის 21 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა რომაულ კლუბში გარკვეულ შედეგებს უნდა მიაღწიოს.

მხარეებს შორის კონტრაქტი 2019 წლამდე გაფორმდა.

სხვათა შორის, იტურბეს დამატება ტურინის „იუვენტუსსაც“ სურდა, თუმცა მხარეები ფეხბურთელის კონტრაქტზე ვერ მორიგდნენ, ანტონიო კონტეს კლუბიდან წასვლამ კი შესაძლო ტრანსფერს ჯვარი დაუსვა.

ხუან იტურბემ სერია А-ს გასულ გათამაშებაში 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ „ვერონაში“ გადავიდა ახალგაზრდა ქართველი თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია.

 

ოფიციალურად: ეშლი კოული „რომაში“ ითამაშებს

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მცველი ეშლი კოული კარიერას იტალიურ „რომაში“ გააგრძელებს.

ინგლისელმა ფეხბურთელმა „მგლებთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელშიც შესაძლო გახანგრძლივების შესახებაც ჩაიწერა პუნქტი.

ეშლი კოულს „ჩელსისთან“ ხელშეკრულება 30 ივნისს დაუმთავრდა. შესაბამისად, 33 წლის ფეხბურთელი „რომას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

 

ტოტი: „მანამ ვითამაშებ, სანამ არ მივხვდები, რომ მოედანზე სულელივით გამოვიყურები“

„რომას“ კაპიტან ფრანჩესკო ტოტის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად როდის დაასრულებს კარიერას.

„მე ფეხბურთის თამაშში გავიზარდე და ამავე საქმით მოვკვდები. დარწმუნებული ვარ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ რომელიმე სტატუსით ფეხბურთში დავრჩები. როდის დავასრულებ კარიერას? მანამ ვითამაშებ, სანამ თავად არ მივხვდები, რომ მოედანზე სულელივით გამოვიყურები“, – ტოტის სიტყვები GQ-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტი „რომას“ პირველი გუნდის ღირსებას 1993 წლიდან იცავს. იტალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ერთხელ მოიგო სერია A და ორჯერ – კოპა იტალია. ტოტის სექტემბრის თვეში 38 წელი შეუსრულდება.

ბექა დოგრაშვილი

კიელინიმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა გათამაშების 37-ე ტურში „რომასა“ და ტურნირის „იუვენტუსს“ შორის გამართულ მატჩში (0:1) მომხდარი ეპიზოდი განიხილა. აღნიშნულ შეხვედრაში „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ მასპინძელთა ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს იდაყვით დაარტყა.

სადისციპლინო კომიტეტმა კიელინი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამრიგად, 29 წლის მცველი სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურში „კალიარისთან“ გასამართ მატჩს და მომდევნო სეზონის ორ შეხვედრას გამოტოვებს.

 

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონია

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში, ბევრისდა მოულოდნელად, „რომა“ სტუმრად „კატანიასთან“ ანგარიშით 1:4 განადგურდა, რითაც ჩემპიონატის მოგების თეორიული შანსი მოისპო.

„იუვენტუსს“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 93 ქულით პირველი ადგილი უკავია და მადევარ „რომას“ მთელი 8 ქულით უსწრებს. შესაბამისად, დარჩენილ ორ ტურში „მგლებს“ ამ სხვაობის აღმოფხვრის თეორიული შანსიც არ გააჩნიათ.

ამრიგად, „იუვენტუსი“ მიჯრით მესამედ ხდება სერია A-ს გამარჯვებული, სულ კი –  „ბიანკონერის“ 30-ჯერ აქვს იტალიის ჩემპიონატი მოგებული, თუმცა კლუბში თვლიან, რომ ეს მათი 32-ე ჩემპიონობაა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში აგორებული კორუფციული სკანდალი იმით დასრულდა, რომ ტურინულ კლუბს 2005 და 2006 წლების საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეთეს. ტურინში ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ მათ ტიტულები უსამართლოდ ჩამოართვეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და „იუვენტუსს“ შორის შექმნილი ეს აზრთა სხვადასხვაობა კლუბის გერბს ზემოთ ვარსკვლავების რაოდენობის გამოსახვის დროსაც ქმნიდა პრობლემებს.

კერძოდ, აქამდე „იუვენტუსს“ გერბს ზემოთ სამი ვარსკვლავის გამოსახვას უკრძალავდნენ, თუმც ტურინელებს ორი ვარსკვლავის გამოსახვის უფლება ჰქონდათ, რაზეც კლუბში უარი თქვეს და 2012 წელს გერბიდან ვარსკვლავები საერთოდ გააქრეს. ვინაიდან გუნდი იტალიის ჩემპიონი 30-ედ ოფიციალურად გახდა, ტურინელებს გერბის ზემოთ სამი საჩემპიონო ვარსკვლავის გამოსახვის უფლება უკვე ექნებათ.

ბექა დოგრაშვილი

მაიკონი: „ძალიან გახარებულები ვართ“

„რომას“ ბრაზილიელი მცველი დუგლას მაიკონი ბედნიერია იმით, რომ რომაული კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ბრუნდება. შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიას გუნდმა იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში „ფიორენტინა“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდა.

„ძალიან გახარებულები და კმაყოფილები ვართ, რომ მეორე ადგილი გავინაღდეთ. „რომა“ ყოველთვის მონაწილეობდა თავის ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან ეს ისეთივე მნიშვნელოვანი კლუბია, როგორც თავად ქალაქი.

სკუდეტოსთვის ბრძოლა არ დასრულებულა. იმედს არ ვკარგავთ, თუმცა ისიც გვესმის, რომ „იუვენტუსი“ ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

საკუთარი თავის რწენა თავიდანვე გვქონდა. ამ სეზონში პირადად ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ. თავს კლუბისთვის მნიშვნელოვად მოთამაშედ ვგრძნობ“, – მაიკონის სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ლიდერ „იუვენტუსსა“ და მადევარ „რომას“ შორის სხვაობა 8 ქულას შეადგენს. სეზონის დასრულებამდე 4 ტური დარჩა.

ბექა დოგრაშვილი

ტოტი: „ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“

„რომას“ კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. გარდა ამისა, იტალიელმა ფეხბურთელმა იმ მოთამაშეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა, ვისთან ერთადაც და ვის წინააღმდეგაც უთამაშია.

„ვიცი, რომ დრო ცოტა მაქვს, მაგრამ მინდა, რომ ოცნება ავიხდინო. ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს.

ჩემი სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: ბუფონი, მაიკონი, სამუელი, კანდელა, დე როსი, ჩავი, ინიესტა, მე, კრიშტიანუ რონალდუ, მესი და იბრაჰიმოვიჩი.

მე ვიტყოდი, მშვენიერი გუნდია და თან ძალიან ძვირი“, – განაცხადა ტოტიმ „რაი უნოს“ ეთერში.

ბექა დოგრაშვილი