რონალდუ: „ვინ არის სერია A-ში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი?“

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შეაქო და თქვა, რომ იტალიელი ფეხბურთელი მოედანს მიღმა ჩადენილი ქცევების მიხედვით არ უნდა შეფასდეს.

„მარიოს პირადად არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, რას აკეთებს მოედნის მიღმა. მე მას ყოველთვის ვთვლიდი მაღალი დონის ფეხბურთელად. ის „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს. ვთვლი, რომ ბალოტელი იმით უნდა შეფასდეს, თუ რას აკეთებს მოედანზე. ყველაფერი, რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, არავის საქმე არ არის.

ვინ არის სერია A-ში მოთამაშე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვუყურებ იტალიურ ფეხბურთს“, – განაცხადა რონალდუმ „სქაი სპორტ იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბექა დოგრაშვილი

გენუის დერბი და სტადიონზე გაძლიერებული უსაფრთხოების ზომები

დღეს იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი შედგება: გენუის დერბი —  „ჯენოა“-„სამპდორია“.

იტალიური პრესის ცნობით, გუშინ საღამოს, სტადიონ „ლუიჯი ფერარისზე“ პარკირება აიკრძალა, არენაზე კი კარაბინიერთა გაძლიერებული ძალებია მობილიზებული. გენუის პოლიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამართალდამცავთა მხირდან ასეთი მოქმედებები დღეს საღამოს მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის გამოწვეული.

მატჩი „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

„მილანი“ საშინაო მარცხს გადაურჩა

იტალიის სერია A-ს XXII ტურის ეგიდით „მილანმა“ „ჯუზეპე მეაცაზე“ „ტორინო“ მიიღო და წაგებას გადაურჩა.

შეხვედრის მე-18 წუთზე ანგარიში ტურინელთა თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ გახსნა. „როსონერიმ“ გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხა, ლამაზი დარტყმით თავი მილანურ კლუბში ახლახანს იჯარის წესით გადმოსულმა ადილ რამიმ გამოიჩინა — 1:1.

ამრიგად, „მილანმა“, მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლარენს ზეედორფის დანიშვნის შემდეგ, პირველი ქულები დაკარგა.

„როსონერის“ აქტივში 29 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილი უკავია, თუმცა დღეს მისი უშუალო კონკურენტები თამაშობენ და შესაძლოა, დაქვეითდეს. „ტორინომ“ 33 ქულა დააგროვა და მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.

იტალიის სერია A
XXII ტური
„მილანი“–„ტორინო“ 1:1
გოლები: რამი 49′ – იმობილე 18′.
გაფრთხილებები: პაცინი 78′, ბონერა 81′ – ვივესი 74′, მაქსიმოვიჩი 76′.

ბექა დოგრაშვილი

ერიკ თოჰირი: „ინტერის“ გარდაქმნას 2-3 წელიწადი დასჭირდება“

მილანის „ინტერისთვის“ მიმდინარე წელიწადი ძალზედ ცუდად დაიწყო: გუნდი ჯერ სერია A-ს გათამაშებაში რომის „ლაციოსთან“ დამარცხდა, შემდეგ კი იტალიის თასზე „უდინეზესთან“ წააგო და ტურნირს გამოეთიშა. ორივე შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.

„ნერაძურის“ პრეზიდენტი ერიკ თოჰირი გულს არ იტეხს და იმის შესახებ საუბრობს, თუ როგორ აპირებს კლუბის განვითარებას.

„ნორმალურია, როცა გულშემატკივრები ზედიზედ ორ მატჩში დამარცხების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მეც უკმაყოფილო ვარ, რადგან თავადაც გულშემატკივარი გახლავართ.

ვთვლი, რომ ამ გუნდს კარგი პერსპექტივა აქვს, თუმცა სასურველი ბალანსი უნდა ვიპოვოთ.

რამდენიმე მოთამაშეს ვაკვირდებით. მოლაპარაკებები გრძელდება და მოხარულნი ვიქნებით, თუ ამ ფეხბურთელებს დავიმატებთ.

გუნდის გარდასაქმნელად შექმნილი გეგმის განხორციელებას 2-3 წელიწადი დასჭირდება. გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით. იმედი მაქვს, რომ „ინტერი“ უკეთ ათამაშდება.

ვალტერ მაცარი გუნდისთვის იდეალური მწვრთნელია. ერთმანეთს სრულად ვენდობით“, – თოჰირის სიტყვები მილანური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

„ინტერი“ მორიგ მატჩს სერია A-ს XIX ტურში „კიევოს“ წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 14 იანვარს, ჩვენი დროით 00:00 საათზე აიღებს სტარტს.

ბექა დოგრაშვილი

კონტე: „წინ მთელი მეორე ტურია“

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება სკუდეტოს მოგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, თუმცა ტიტულის მოგებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„ზომიერად კმაყოფილი ვარ, სრულად კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც საბოლოო მიზანს მივაღწევთ. ეს გამარჯვება სკუდეტოსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საჩემპიონო რბოლის დასრულებაზე საუბარი ჯერ ადრეა. წინ მთელი მეორე ტურია. რვაქულიანი სხვაობა სერიოზული უპირატესობაა, მაგრამ ყურადღება არ უნდა გავფანტოთ. კონცენტრაცია რომ დავკარგოთ, შეიძლება მოვლენები ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარდეს.

გამიმართლა, რომ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავს, როგორებიც არიან ბუფონი, პირლო და ტევესი. მათ უკვე გაიმარჯვეს და იციან, როგორ უნდა ავიდნენ მწვერვალზე. ლორენტეს თამაშიც მომეწონა, ფერნანდო მეტად სარგებლიანად ირჯებოდა“, – კონტეს სიტყვები „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ რეკორდი გაიმეორა, „რომამ“ პირველი მარცხი იწვნია

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ „რომა“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 გაანადგურა. მხარეებს შორის დაპირისპირება შეხვედრამდე კარგა ხნით დაიწყო, როცა რომაელთა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი „ბებერ ქალბატონს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯაბნის, „იუვეს“ უპირატესობა კი მხოლოდ გუნდური თამაშია. ტოტის ამ განცხადებას დანიელე დე როსიმაც დაუჭირა მხარი. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტინიო კონტემ ტოტის ეს სიტყვები პროვოკაციად მონათლა და აღნიშნა, რომაელები პასუხს მოედანზე მიიღებენო. მიიღეს კიდეც! შეხვედრის დასაწყისში თითქოს უპირატესობა „მგლებს“ ჰქონდათ, თუმცა ანგარიში მე-17 წუთზე ტურინელებმა გახსნეს — კარლოს ტევესის გადაცემა ახლო მანძილიდან არტურო ვიდალმა დააგვირგვინა, რომლისთვისაც ეს მიმდინარე სეზონში უკვე მე-8 გოლია. მეორე ტაიმის დასაწყისში, რომაელთა საჯარიმოში ანდრეა პირლოს მიერ ბურთის ჩამოწოდების შემდეგ უყურადღებოდ დარჩენილმა ლეონარდო ბონუჩიმ „ბებერი ქალბატონის“ უპირატესობა განამტკიცა. ტაიმის შუაწელს, ერთწუთიან მონაკვეთში სტუმრებმა ორი წითელი ბარათი მიიღეს: ჯერ დანიელე დე როსი გააძევეს ჯორჯო კიელინის წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის, შემდეგ კი — ლეანდრო კასტრომ ითამაშა ხელით და საკუთარი კარიდან ბურთი გამოაგდო, რის გამოც მსაჯმა ნიკოლა რიცოლიმ „რომას“ მცველი გააძევა და სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტი ზუსტად შეასრულა შეცვლაზე შემოსულმა მირკო ვუჩინიჩმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა — 3:0. სხვათა შორის, მატჩს ტურნელთა ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგეც ესწრებოდა, რომელსაც შეხვედრის დაწყებამდე „ბიანკონერის“ პრეზიდენტ ანდრეა ანიელისგან სპეციალური ჯილდოც გადაეცა.

ამრიგად, „იუვენტუსმა“ სერია A-ში მიჯრით მეათე მატჩი მოიგო და საკლუბო რეკორდი გაიმეორა. „რომამ“ კი, რომელმაც საწყისი ათი შეხვედრიდან ათივე მოიგო, მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

ლიდერმა „იუვენტუსმა“ მადევარ „რომასთან“ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და ახლა მათ უკვე 8 ქულა აშორებთ — „ბებერ ქალბატონს“ 49 ქულა მოუგროვდა, დედაქალაქურ გუნდს კი 41 ქულა დარჩა.

იტალიის სერია A
XVIII ტური
„იუვენტუსი“—„რომა“ 3:0 (1:0)

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ლიხტშტაინერი, ვიდალი (მარკიზიო 79′), პირლო, პოგბა, ასამოა, ტევესი (ვუჩინიჩი 59′), ლორენტე (კვალიარელა 81′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
„რომა“: დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო (ტოროსიდისი 55′), დე როსი, სტროტმანი, პიანიჩი (დესტრო 55′), ლიაიჩი, ტოტი (ფლორენცი 72′), ჟერვინიო.
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.
გოლები: ვიდალი 17′, ბონუჩი 48′, ვუჩინიჩი 77′ (პენ).
გაფრთხილებები: ტევესი 33′, კიელინი 34′, ბარძალი 87′ — ჟერვინიო 37′, ლიაიჩი 83′.
გაძევებები: დე როსი 75′, კასტანი 76′.
მთავარი მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბექა დოგრაშვილი

კონტე: „ტოტის და დე როსის პასუხს მოედანზე გავცემთ“

იტალიის სერია A დღეს მე-18 ტურით განახლდება. ცენტრალური მატჩი ტურინში შედგება, სადაც ადგილობრივი „იუვენტუსი“ „რომას“ მიიღებს. შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილს „ბებერი ქალბატონი“ 46 ქულით ლიდერობს, რომელიც მეორეადგილოსან „რომას“ 5 ქულით უსწრებს.

რომაელმა „მგლებმა“ უკვე გაჰკრეს კბილი ტურინელებს, როდესაც ფრანჩესკო ტოტიმ განაცხადა, რომ „რომა“ „იუვენტუსს“ ინდივიდუალური თვალსაზრისით სჯობს, მეტოქე კი უბრალოდ კარგად შეკრული გუნდია. კაპიტნის ამ მოსაზრებას მხარი დანიელე დე როსიმაც დაუჭირა.

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ეს განცხადება პროვოკაციად აღიქვა.

„როდესაც საქმე ასეთ პროვოკაციასთან გაქვს, უბრალოდ ხუმრობად უნდა მიიღო ეს სიტყვები. ტოტისა და დე როსის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, ისინი პასუხს მოედანზე მიიღებენ. ბოლო ორწელიწადნახევარია, ეს საქმე კარგად გამოგვდის. მგონია, რომ იტალიაში პოლემიკას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე მოედანზე მიმდინარე მოვლენებს.

რაც შეეხებამ რუდი გარსიას კამპანია, რომაელებს სამი წლის წინაც ასეთივე თავგადასავალი ჰქონდათ ლუის ენრიკესთან. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ორჯერ მოვიგეთ სკუდეტო და ორჯერ – იტალიის სუპერთასი. ალბათ, რომაელებმა სატრანსფერო ბაზარზე შეცდომები დაუშვეს. შესაძლოა, „რომამ“ ის ფეხბურთელები ვერ აარჩია, რომლებიც სჭირდებოდა. არადა, ყველაზე მეტ ფულს სწორედ ისინი ხარჯავდნენ.

ბოლო სამი წელიწადია, ჩვენ ვიგებთ და არც შეცდომები მოგვდის, თუმცა ახლა ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევენ. გარედან ზოგს შეიძლება ეს იოლი ეგონოს, მაგრამ ჩვენ ექსტაორდინალური მუშაობის გაწევა გვიწევს.

ბარძალის, ტევესისა და პირლოს თამაში საეჭვოა. გადაწყვეტილებას მივიღებ, არაფრის არ მეშინია. მყავს ის შემადგენლობა, რომელსაც შემიძლია, დავეყრდნო“, – განაცხადა კონტემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის კვირას, თბილისის დროით 23:45 საათზე აიღებს სტარტს და მას გამოცდილი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის.

ბექა დოგრაშვილი

კაპელო: „კონტეს „იუვენტუსი“ უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო“

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ახლანდელი „იუვენტუსი“ იმ „იუვენტუსს“ შეადარა, რომელსაც 2004-2006 წლებში თავად წვრთნიდა. ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ ტურინელთა ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე უკეთეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე თავის დროზე მას ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ ორივე მწვრთნელის თავკაცობით „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ ორჯერ მოიგო.

„კონტე იტალიაში საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს გუნდის მიერ უკანასკნელ პერიოდში ნაჩვენები შედეგებით დაამტკიცა. კონტე თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ „იუვენტუსს“ გამარჯვებულის მენტალიტეტი დაუბრუნოს. თქმა არ უნდა იმას, რომ ევროპაში უფრო სერიოზული კონკურენციაა, ვიდრე იტალიაში, თუმცა ანტონიოს ევროპულ დონეზეც შეუძლია მაღალი დონის ჩვენება. „იუვეს“ ბოლოდროინდელ სტატისტიკას გადავხედე და დავრწმუნდი, რომ ციფრები არ იტყუებიან – კონტეს „იუვენტუსი“ უკეთესია, ვიდრე ჩემი იყო“, – კაპელოს სიტყვები იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ გამოაქვეყნა.

მოგეხსენებათ, 5 იანვარს იტალიის სერია A მე-18 ტურით განახლდება, რომლის ცენტრალური მატჩიც „იუვენტუსსა“ და „რომას“ შორის შედგება. როგორც მოგეხსენებათ, კაპელოს ორივე გუნდში აქვს ნამუშევარი. იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნული შეხვედრის შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„თუ ტურინელები „რომას“ დაამარცხებენ, მაშინ მათ შორის სხვაობა 8 ქულამდე გაიზრდება და ამის აღმოფხვრა რთული იქნება. ჩემი გული ნახევრად არის გაყოფილი – დაუვიწყარი დრო გავატარე რომშიც და ტურინშიც“, – განაცხადა კაპელომ.

ბექა დოგრაშვილი

მუნტარი: „მილანი“ სწორი გზით მიდის“

„მილანის“ ნახევარმცველი სალი მუნტარი „რომასთან“ იტალიის სერია ა-ს მე-16 ტურის ფრედ 2:2 დასრულებული მატჩით კმაყოფილი დარჩა.

„რომა“ კარგად თამაშობდა, რაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ, ამავე დროს, მოგების შანსიც კი გვქონდა. ასეთი შეხვედრის შემდეგ უახლოეს მატჩებში გუნდის კარგ თამაშში ეჭვი არ მეპარება. „მილანი“ სწორი გზით მიდის“, – განაცხადა განელმა შუახაზელმა.

შეგახსენებთ, რომ რომაულ კლუბთან შეხვედრაში მუნტარიმ გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის მატჩში „როსონერის“ მეტოქე თანაქალაქელი „ინტერი“ იქნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ინტერი“ ნეაპოლში დამარცხდა

დასრულდა იტალიის სერია ა-ს XVI ტურის ბოლოსწინა მატჩი, რომელშიც „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერი“ მიიღო.

ანგარიში შეხვედრის უკვე მე-6 წუთზე გონსალო იგუაინმა გახსნა. 35-ე წუთზე კამბიასომ წონასწორობა აღადგინა, თუმცა სტუმართა სიხარული დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რადგან ოთხ წუთში თავისი გუნდი წინ მერტენსმა გაიყვანა. ორ წუთში ნეაპოლიტანელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაიზარდა – გოლი თავის ანგარიშზე ძემაილიმ ჩაიწერა. „ნერაძურის“ ფეხბურთელებმა ანგარიშის შემცირება პირველი ნახევრის დამატებითი დროის მე-2 წუთზე მოახერხეს – მეკარე რაფაელის კარი იუტო ნაგატომომ აიღო.

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა რიკი ალვარესმა ყვითელი ბარათი მიიღო. 71-ე წუთზე მსაჯმა იგი მეორედ გააფრთხილა, შედეგად, „ინტერს“ მატჩის დასრულება უმცირესობაში მოუწია.

ალვარესის გაძევებიდან ათ წუთში ხოსე მარია კალეხონმა ზუსტად დაარტყა – ჰანდანოვიჩმა თავისი გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო. დამატებითი დროის მე-2 წუთზე კი შეცვლაზე შესულმა გორან პანდევმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო.

საბოლოოდ, 4:2 და „ნაპოლიმ“ ამ გამარჯვებით 35 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ მინიმუმ ხვალამდე 2 ქულით მიუახლოვდა. რაც შეეხება „ინტერს“, მაცარის გუნდი 35 ქულით სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 4:2
გოლები: იგუაინი 6′, მარტენსი 39′, ჯემაილი 41′, კალეხონი 81′ – კამბიასო 35′, ნაგატომო 45+2′

„ნაპოლი“: რაფაელი, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რეველიერი (პანდევი 90+1′); ინლერი, კალეხონი, ჯემაილი; ინსინიე, მერტენსი (არმერო 85′); იგუაინი (ბერამი 78′)

„ინტერი“: ჰანდანოვიჩი; რანოკია, კამპანიარო (იკარდი 82′), როლანდო; ტაიდერი (კოვაჩიჩი 61′), ალვარესი, ნაგატომო, კამბიასო, ჟონათანი; გუარინი; პალასიო

გაფრთხილებები: ინსინიე, ინლერი – ალვარესი, რანოკია

გაძევება: ალვარესი 71′

ტურის სხვა მატჩების შედეგები:

„კატანია“ – „ვერონა“ 0:0
„კიევო“ – „სამპდორია“ 0:1
„ფიორენტინა“ – „ბოლონია“ 3:0
„ჯენოა“ – „ატალანტა“ 1:1
„ლაციო“ – „ლივორნო“ 2:0
„პარმა“ – „კალიარი“ 0:0
„უდინეზე“ – „ტორინო“ 0:2
„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 4:0

იტალიის პირველობის XVI ტური ხვალ, „სან-სიროზე“ დასრულდება, სადაც ერთმანეთს „მილანი“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან.

ალექსანდრე მატევოსოვი

რუდი გარსია: „რომა“ სკუდეტოსთვის იბრძვის“

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „ფიორენტინასთან“ ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩი შეაფასა.

„ჩვენი მოთამაშეებისა და გულშემატკივრების გამო ძალიან მიხარია. „რომამ“ მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა. მეკარე დე სანკტისს აღვნიშნავდი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ბურთი მოიგერია. „ატალანტასტან“ მატჩში დაშვებული შეცდომა მან უკვე დაივიწყა“.

„დღეს ერთმანეთს ორი ჩინებული გუნდი დაუპირსპირდა. კარგია, რომ ამ შეხვედრაში მსაჯებმა არანაკლებად კარგად იმუშავეს. ოთხმატჩიანი ფრეების სერია არც კი მაღელვებდა, რადგან მოგებაში დარწმუნებული ვიყავი“, – აღნიშნა გარსიამ.

„რომას“ ჩემპიონატში ჯერჯერობით არ წაუგია. მიუხედავად ამისა, „იუვენტუსი“ მაინც უკეთესად გამოიყურება. ეს გუნდი სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე მოგებაზე ფიქრობს, თუმცა სკუდეტოსთვის ჩვენც ვიბრძვით“, – დაასრულა „ჯალოროსის“ დამრიგებელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლიორენტეს ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა „იუვენტუსს“ გამარჯვება მოუტანა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში სიტუაციის გამოსწორების შემდეგ ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ში თავისი უპირატესობა უნდა გაემყარებინა, რისთვისაც ანტონიო კონტეს შეგირდებს „უდინეზე“ უნდა დაემარცხებინათ.

შეხვედრა ისე დაიწყო, როგორც მოსალოდნელი იყო – მასპინძლები მეტოქის კარს უტევდნენ. შორეული დისტანციიდან დე ჩელიემ რამდენიმე კარგი გადაცემა გააკეთა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სტუმართა მცველები ზუსტად თამაშობდნენ. იყო მომენტებიც, როდესაც თამაშში მეკარე ბრკიჩიც ერთვებოდა. „უდინეზეს“ კარის დარაჯმა კარლოს ტევესის დარტყმულის მოგერიება შეძლო. ტურინელები მეტოქის საჯარიმოში ხშირად კომბინირებდნენ, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში გვიდოლინის შეგირდები თავის შესაძლებლობებს ამჟღავნებდნენ.

„იუვენტუსს“ გოლის გაშვებაც შეეძლო – ერთ ეპიზოდში შეცდომა ლეონარდო ბონუჩიმ დაუშვა, თუმცა ბუფონმა დი ნატალეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. თამაშის ნამდვილ გმირად ჯიჯი მეორე ნახევრის დასაწყისში იქცა, როდესაც კვლავ დი ნატალეს ურთულესი დარტყმა მოიგერია. ამის შემდეგ უდინელები შორიდან ურტყამდნენ, თუმცა პრობლემა ბუფონისთვის არც ეს აღმოჩნდა.

რაც შეეხება ტურინელებს, ისინი ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო სახიფათოდ მიდიოდნენ წინ. აქტიურობით ტევესი და ცვლილებაზე გამოსული ლიხშტაინერი გამოირჩეოდნენ, თუმცა ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ამ მატჩში თავისი გუნდისთვის 3 ქულის მოტანას ისინი უკვე ვერ შეძლებდნენ. ასეა თუ ისე, კომპენსირებულ დროში „ბებერმა ქალბატონმა“ გოლი მაინც გაიტანა – ლიხშტაინერის ჩაწოდებას ფერნანდო ლორენტეს თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა.

შედეგად, ბუფონის კარგი თამაშისა და ზემოხსენებული ზუსტი დარტყმის წყალობით, „იუვემ“ თავის აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 1:0
გოლი: ლიორენტე 90+1′

„იუვენტუსი“: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, ვიდალი, პირლო (პოგბა 15′), მარკიზიო, დე ჩელიე (კვალიარელა 76′), ტევესი, ლიორენტე

„უდინეზე“: ბრკიჩი, ერტო, დანილო, დომიცი, სილვა, ლაცარი, ალანი, ფერნანდეში (ბადუ 61′), პერეირა (მაიკოსუელი 88′), ბასტა, დი ნატალე

გაფრთხილებები: ლიორენტე, კვალიარელა – ერტო

ამ გამარჯვებით „იუვენტუსმა“ 37 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ უკვე 3 ქულით გაუსწრო. რაც შეეხება „უდინეზეს“, გვიდოლინის გუნდი ამჟამად 16 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება.

შემდეგ ტურში კონტეს გუნდი „ბოლონიას“ ესტუმრება, ხოლო „უდინეზე“ – „ნაპოლის“.

მე-14 ტურის დარჩენილი ორი მატჩი კი ხვალ და ზეგ შედგება. ხვალ „ფიორენტინა“ „ვერონას“ მიიღებს, ხოლო ზეგ „ლაციო“ „ნაპოლის“ დაუპირისპირდება.

ალექსანდრე მატევოსოვი