სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტის 2014 წლის 24 მარტის დადგენილება

ქობულეთის „შუქურას“ კლუბი, რომლის გულშემატკივრებმა, 2014 წლის 20 მარტს ჩატარებული მარტვილის „მერანი“ „შუქურას“ დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის ¼ ფინალური მატჩის მე-60 წუთიდან, გამოიყენეს პიროტექნიკური საშუალებები (მაშხალები) დაჯარიმდა 1000 ლარით. (სადისციპლინო კოდექსი მ.115 პ.1)
„შუქურას“ კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე, რომელმაც „მერანი“ „შუქურას“ მატჩის პირველი ნახევრის დამთავრების შემდეგ სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა მსაჯებს, დაჯარიმებულია 1200 ლარით. (სადისწიპლინო კოდექსი მ.99 პ.1 ბ)

მარტვილის „მერანის“ კლუბი, რომლის გულშემატკივრები, 2014 წლის 20 მარტს ჩატარებული „მერანი“ „შუქურას“ მატჩის 94-ე წუთზე შეიჭრნენ საფეხბურთო მოედანზე და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს მსაჯებს, დაჯარიმებულია 10 000 ლარით. „მერანის“ კლუბს ჩაეთვალა დამარცხება 0-3, „შუქურას“ კლუბს მიენიჭა გამარჯვება 3-0. მარტვილის „მერანი“ ჩემპიონატის 5 კალენდარულ მატჩს ჩაატარებს მაყურებლების გარეშე. (სადისციპლინო კოდექსი მ.106 პ.2)
მარტვილის „მერანის“ კლუბი, რომლის გულშემატკივრებმა მატჩის 94-ე წუთიდან დაიწყეს მსაჯების მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა, რამაც მსაჯების დაზიანება გამოიწვია, დაჯარიმდა 1500 ლარით. (სადისციპლინო კოდექსი მ. 114 პ. 2)
მარტვილის „მერანის“ მწვრთნელი, ბაგრატ ხელაია, რომელმაც „მერანი“ „შუქურას“ მატჩის 94-ე წუთზე მკვეთრად გააპროტესტა „შუქურას“ კარში არ ჩათვლილი გოლი, დაჯარიმდა 500 ლარით. (სადისციპლინო კოდექსი მ. 97).

სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი

ტოტალიზატორების გამოხმაურება სფფ-ს განცხადებაზე

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას საქართველოში მოქმედი ტოტალიზატორები ეხმაურებიან.

შეგახსენებთ, რომ სფფ-მ აზარტული თამაშების კომპანიებს ფედერაციის ეგიდით გამართული ყველა მატჩზე კლიენტებზე შეთავაზებული ფსონების სიიდან ამოიღებისკენ სთხოვა.

ჩვენ, ორ წამყვან ტოტალიზატორს დავუკავშირდით და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ:

თამუნა ქვილითაია (ევროპაბეთი): გავეცანით ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ოფიციალურად არავის არ მოუმართავს.

გარიგებულ თამაშებთან ბრძოლას ჩვენი ძალებით ყოველთვის ვცდილობდით. ფსონების გამოქვეყნებით კი, გულშემატკივარს სტიმულს ვაძლევდით, რათა საქართველოს ჩემპიონატისადმი ინტერესი ამაღლებულიყო. 

ჩვენი აზრით, აკრძალვა კარგს არაფერს არ მოგვიტანს. საქართველოს ბაზარზე უცხოური კომპანიებიც არიან. აკრძალვის შემთხვევაში კი, ჩვენ არათანაბარა პირობებში ვიქნებით. 

საჭიროა, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტოთ აღნიშნული პრობლემა და გარიგებულ თამაშებს ერთად ვებრძოლოთ. 

 

ოთარ შალიკაშვილი (აჭარაბეთი): ჩვენ უკვე მრავალი წელია არ ვიღებთ ფსონებს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე. როგორც ყველაზე დიდი და პასუხისმგებლიანი კომპანია, ქართული სპორტის განვითარებას ამ ხერხითაც ვუწყობთ ხელს. 

 

უნდა ითქვას, რომ მართლაც უცნაურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. ქართულ ტოტალიზატორებში ეროვნულ ჩემპიონატზე ფსონების მიღების აკრძალვით, დიდად არაფერი იცვლება. თამაშის ჩაწყობის მსურველი, თავისი საქმის გაკეთებას ტოტალიზატორთან კავშირის გარეშეც მოახერხებს. სამუშაო სწორედ ასეთი ხალხის გამოვლენაზე და დასჯაზეა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, ბიძგი უცხოურ კომპანიებს ეძლევათ, რათა  ქართულ ფეხბურთზე მათ იშოვონ ფული. მრავალი წელია უცხოური საბუკმეიკერო კანტორები ისედაც იღებენ ფსონებს საქართველოს ნებსმიერი ლიგის მატჩებზე ახლა კი, მათი მომხმარებლის რაოდენობა მნიშნველოვნად გაიზრდება.

სფფ საქართველოში მოქმედ ტოტალიზატორებს აფრთხილებს

უკანასკნელ პერიოდში ეროვნულ ჩემპიონატში  მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, გაკეთებულიყო სპეციალური განცხადება- გაფრთხილება საქართველოში მოქმედი ყველა ტოტალიზატორის მეპატრონეთა მიმართ.

ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობისას არა ერთ მატჩზე გამოითქვა  ვარაუდი არასპორტული, გარიგებული შედეგით დასრულებასთან დაკავშირებით, რაც  რა თქმა უნდა  უარყოფითად აისახება, როგორც კონკრეტული კლუბის, ისე მთლიანად ქართული ფეხბურთის იმიჯზე.  სამწუხაროდ, დანაშაულებრივი ხაზი ხშირად ტოტალიზატორებსა და ფსონების დამდებ პირებამდე მიდის.  შეგახსენებთ, რომ გარიგებულ მატჩებში ჩართულობა ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით და მსგავსი ფაქტების აღკვეთაზე მუდმივად მუშაობს ფეხბურთის მმართველი საერთაშორისო ორგანოები ფიფა და უეფა.

სწორედ ამიტომ სფფ-ის წერილობითი მოთხოვნა უკვე დაეგზავნება საქართველოში მოქმედ ტოტალიზატორებს, რათაუმოკლეს ვადებში სფფ-ს ეგიდით გამართული ყველა მატჩი ტოტალიზატორებმა კლიენტებზე შეთავაზებული ფსონების სიიდან ამოიღონ.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ქართული ტოტალიზატორების მფლობელები გაგებით მოეკიდებიან სფფ-ის თხოვნასა და ამით დამატებით მაპროვოცირებელ ფაქტორს მოხსნიან მატჩების ჩაწყობის მსურველი სუბიექტებისათვის.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის აღმასკომის გადაწყვეტილება 21-ე ტურის ინციდენტებზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. განსახილველ თემებს შორის  ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურში მომხდარი ინციდენტები იყო.
აღმასკომის გადაწყვეტილებით, 9 მარტს, “ტორპედო” – “დინამოს” შეხვედრაზე მომხდარი არეულობის გამო, ქუთაისური კლუბი მომდევნო ხუთ საშინაო შეხვედრას ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს. “ტორპედოს” მატჩების მასპინძელი, გულშემატკივრების გარეშე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი იქნება.
 “დილასა” და ” ვიტ ჯორჯიას” შეხვედრაზე მომხდარი ინციდენტის გამო, გორელები მომდევნო შეხვედრას დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე მაყურებლის გარეშე გამართავენ.
 აღმასკომმა დღევანდელ სხდომაზე  სადისციპლინო კოდექსში ცვლილება შეიტანა. ამიერიდან მკაცრდება სტადიონზე ღირსების შეურაცხმყოფელი სკანდირება. სასჯელი ათასი ლარის ნაცვლად, ხუთი ათასი ლარით განისაზღვრა. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი საჯარიმო სანქცია ათი ათასი ლარი იქნება.
სფფ-ს პრესსამსახური

ცვლილებები ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში

ცვლილებები ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. ტრავმების გამო გუნდს ნიკოლოზ გელაშვილი “ყარაბაღი” და ლევან მჭედლიძე “ემპოლი” გამოაკლდა. თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით ნაკრებს ვარშავის “ლეგიას” ქართველი ლეგიონერი ვლადიმერ დვალიშვილი და ცხინვალის “სპარტაკის” ფეხბურთელი ლევან კაკუბავა შეურთდებიან. ნაკრები ლიხტენშტაინთან მატჩისთვის მზადებას 3 მარტს დაიწყებს. ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ორშაბათს, 13 საათზე, თემურ ქეცბაია მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“ მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“ ქუთაისი)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი) დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი (ორივე „დინამო“, თბილისი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი ), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“ რუსეთი), ლევან კაკუბავა (“სპარტაკი”, ცხინვალი, საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ( „კარპატი“ ლვოვი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე, ჯაბა კანკავა (ორივე „დნიპრო“, უკრაინა) თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“ ოდესა, უკრაინა), ჯანო ანანიძე („როსტოვი“, რუსეთი), ირაკლი ძარია („დინამო“, თბილისი) ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი(“ლეგია”, ვარშავა, პოლონეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)

საქართველოსა და ლიხტენშტაინს შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 5 მარტს, 18 საათზე დაიწყება.

სფფ-ს პრესსამსახური

სფფ-ის აღმასკომის სხდომა

18 თებერვალს, 14:00 საათზე სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტი მორიგ სხდომას გამართავს, რომელიც, ტრადიციულად სფფ-ის ოფისში გაიმართება.

დღის წესრიგში კი, შემდეგი საკითხებია:

*საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგების, დუბლების პირველობის კალენდრების დამტკიცების შესახებ.

*სალიცენზიო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, 2014-15 წწ. უმაღლესი ლიგის დაკომპლექტების პრიორიტეტული სისტემის შესახებ.

*საქართველოს 2013-14 წწ. XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის, დუბლების პირველობის, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

*სადისციპლინო კოდექსის 126-ე მუხლში ცვლილებების შეტანის შესახებ.

*სხვადასხვა

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის მასშტაბური პროექტები და საკლუბო ფეხბურთის დახმარება

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან. 8 თებერვალს, შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შედგა. 10 თებერვალს კი, სფფ-ის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი ინფრასტრუქტურის მინისტრს – დავით ნარმანიას შეხვდნენ და არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.

სფფ-ის ხელმძღვანელებმა მთავრობას წარუდგინეს მნიშვნელოვანი პროექტები და განვითარების დეტალურად გაწერილი გეგმა. ამ პროექტებს ჩვენ დოკუმენტის სახით გთავაზობთ. დაწვრილებით კი, ამ თემაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ზვიად სიჭინავა დღეს, დღის 4 საათზე, სფფ-ის ოფისში დაგეგმილ საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.

პროექტი 1

პროექტი 2

სფფ-ის პრესსამსახური

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განმარტება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის – თემურ ქეცბაიას ხელფასთან დაკავშირებულ საკითხთან მიმართებაში გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია და საზოგადოებაც ამის შესახებ ინფორმირებულია, სფფ-მ საჭიროდ მიიჩნია კიდევ ერთი განმარტების გაკეთება – საკითხში უფრო მეტი სიცხადის შესატანად.

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა წერილი-განცხადება, რომელიც 28 იანვარს, მინისტრმა ფედერაციის პრეზიდენტს გამოუგზავნა. შესავალში მითითებულია, რომ ეს წერილი სფფ-ში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა.

რეალურად კი, მას შემდეგ, რაც სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქეცბაიას კონტრაქტის სახელფასო პირობებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა, სფფ-მ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების საკუთარ თავზე აღება გადაწყვიტა და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებას ამიერიდან ფეხბურთის ფედერაცია გადაიხდის.
დანართის სახით გთავაზობთ წერილებს, რომელიც ფედერაციისგან სამინისტროს 27 და 29 იანვარს გაეგზავნა და სადაც, დეტალურადაა გაწერილი 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯები და ხარჯვის სავარაუდო განაწილება.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სფფ ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

სფფ-ის პრესსამსახური

განაცხადი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ქართული მხარე 2017 წლის უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობის სურვილსა და ინტერესს გამოთქვამს.

„ჩვენ გვაქვს სურვილი და მზადყოფნა 2017 წლის უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობისა. დავაგროვეთ საკმაო გამოცდილება და გვჯერა, ამ მაღალი დონის შეჯიბრებას თავს ღირსეულად გავართმევთ. ამასთან, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება ძალიან კარგი იქნება ჩვენი ფედერაციისა და მთლიანად ქვეყნისთვის“ – ნათქვამია სფფ-ის წერილში.

საპასუხო ოფიციალური წერილი უეფადან დღეს მოვიდა, სადაც ნათქვამია:
„უპირველესად, მადლობას გიხდით, რომ გამოთქვით სურვილი და ინტერესი 2017 წლის ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისა. გაცნობებთ, რომ მარტიდან, უეფას ყველა წევრ ფედერაციას დაეგზავნება სპეციალური წერილი და ცირკულარი და შეძლებთ ოფიციალურად დააფიქსიროთ ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი.
ამასთან, წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სავალდებულო პროცედურებისა და მოთხოვნების შესრულების შესახებ და ის, თუ რა ვადებში რა მოთხოვნები უნდა შესრულდეს, რომელიც ყველა მსურველმა დადგენილ ვადებში უნდა წარმოადგინოს.“

ასე რომ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მარტში ამის შესახებ კიდევ ერთხელ, ოფიციალურად განაცხადებს და იმედი გვაქვს, უეფა კვლავ გამოგვიცხადებს ნდობას და საქართველო 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა გახდება.

სფფ-ის პრესსამსახური

ვეტერანებმა სფფ-ის 2013 წლის საქმიანობა შეაჯამეს

„მიხეილ მესხის“ სტადიონის მედიაცენტრში, ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები სპორტულ ჟურნალისტებს შეხვდნენ.

პრესკონფერენციას ვაჟა ჟვანია, მურთაზ ხურცილავა, ოთარ გაბელია და ლევან ნოდია ესწრებოდნენ. ვეტერანებმა მოკლედ შეაფასეს განვლილი წელი და გაკეთებულ თუ გასაკეთებელ საქმეებზე ისაუბრეს.

„ჩვენი, ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის სლოგანია – გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე დამსახურებულ ვეტერანებს და ამ მიმართულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ბევრს აკეთებს. გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ სახელმწიფოს, „ქართუ ჯგუფის“ და „დინამო“ თბილისის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ ვეტერანებისთვის.

ვფიქრობ, ფედერაცია სწორი მიმართულებით მიდის და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს. ხაზი მინდა გავუსვა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წარმატებებს, რაც უკვე ტრადიციად იქცა. არ შემიძლია, არ გამოვარჩიო ვასილ მაისურაძე და მისი 19-წლამდელები. ეს არის გამორჩეული გუნდი და გამორჩეული თაობა, რომელიც 2-3 წელში თავის სიტყვას იტყვის.

როცა ვეტერანები ამხანაგურ თამაშებს ვატარებთ, ან სადმე მივდივართ, ყველა ხარჯს ფეხბურთის ფედერაცია ფარავს. თუ ვინმეს იუბილეა, ან ვინმე გარდაიცვალა, ფედერაცია ყველანაირად გვერდში გვიდგას. აქვე გეტყვით, რომ ფედერაცია დაეხმარა ნუკრი კაკილაშვილს, ზორბეგ ებრალიძეს, ვახტანგ კოპალეიშვილს, დავით გოგიას ოპერაციების გაკეთებაში. ინტენსიურად გამოდის წიგნები ქართველ ვეტერანებზე, ქართული ფეხბურთის ლეგენდებზე და ამასაც ფედერაცია აფინანსებს.

ჩვენ გულნატკენები ვართ, რომ ყაველაშვილმა და ჯამარაულმა რაღაც წყალგამყოფივით გაავლეს და თავის თავს „ახალგაზრდა ვეტერანებს“ ეძახიან… ვერაფრით გავიგე, რა არის ეს „ახალგაზრდა ვეტერანი“… ვეტერანი ვეტერანია“ – განაცხადა ვაჟა ჟვანიამ.

მურთაზ ხურცილავა: „საქმეები წინა წლებშიც კეთდებოდა, მაგრამ ასეთი მასშტაბით არა. მიმდინარეობს მოედნების, ბაზების მშენებლობები; ხორციელდება არაერთი საინტერესო პროექტი და ამის დაუნახავობა არ შეიძლება. ზვიად სიჭინავას მინუსად ჩაუთვალეს, რომ რამაზ შენგელიას დაკრძალვის ხარჯები გაიღო… როგორ, რამაზ შენგელიას ოჯახს ფედერაცია არ უნდა დახმარებოდა?!

რა თქმა უნდა, პრობლემაა ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი, მისი დონე, მაყურებელთა დასწრება… ამაზე გული ძალიან მტკივა. გულშემატკივარი სტადიონზე ფეხბურთელებმა უნდა მიიყვანონ – სხვანაირად მე არ ვიცი…“

ოთარ გაბელია: „ალბათ, ყველას დაავიწყდა, რა პირობებში უხდებოდა ნაკრებს ვარჯიში და თამაში წლების განმავლობაში. ფედერაციას რაც ევალება, იმას აკეთებს. სწორედ, ესაა მისი მოვალეობა, რომ შექმნას სათანადო ინფრასტრუქტურული და საფეხბურთო პირობები. ასეთი რამ არასდროს ყოფილა, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ამდენი შეკრება, ტურნირი და ამხანაგური თამაში ჰქონოდათ.“

ლევან ნოდია: „რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან განვიცდით ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას. მე თემურ ქეცბაიას პოზიცია აბსოლუტურად მესმის. ეს არის პროფესიონალური მიდგომა. დისციპლინა უმთავრესია. თანაც, ფეხბურთელი ნაკრებში ზედმეტი კილოგრამებით არ უნდა ჩამოდიოდეს… თვითონ უნდა გრძნობდნენ ამ პასუხისმგებლობას. “

სფფ-ის პრესსამსახური

2013 წლის საუკეთესო საფეხბურთო ციტატები

სპორტული პორტალი Fanebi.Com-ი გთავაზობთ 2013 წლის გამორჩეულ საფეხბურთო ციტატებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
(იმის შესახებ, თუ რითი დაჯილდოვდებიან შვედი ფეხბურთელები, გამარჯვების შემთხვევაში)
„ჩემი ავტოგრაფიანი ველოსიპედები დაურიგეთ, ეს მათთვის სრულიად საკმარისი იქნება“.

მალკი მაკკეი – „კარდიფის“ ყოფილი თავკაცი:
(„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე)
„არ ვიცი, ყველაზე მეტად რისი მეშინია პელეგრინის კარდიფში ჩამოსვლის დროს. ალბათ, იმის, რომ შეიძლება მან თავისი ავტომობილი ჩემს ადგილას დააყენოს“.

დორივალ ჟუნიორი – „ფლუმინენსეს“ თავკაცი:
„ბრაზილიურ კლუბებსა და მწვრთნელებს შორის ურთიერთობაში ბევრი პროსტიტუციაა“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„30 წლის ასაკში რონალდოს ვწვრთნიდი. არა ახლანდელს, არამედ ნამდვილს, ბრაზილიელს“.

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„მოთამაშე, რომელსაც ვიცნობდი… პროფესიონალი, რომელსაც ვიცნობდი. სად დაკარგა მან ეს ყველაფერი? რა მოუვიდა სამუელ ეტოოს ამ ორწელიწადნახევრის პერიოდში, როცა ის „ანჟიში“ თამაშობდა?“

ჟოზე მოურინიო – „ჩელსის“ თავკაცი:
„სასტარტო შემადგენლობის შედგენისას 11 შეცდომა დავუშვი“.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – „პარი სენ-ჟერმენისა“ და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელი:
„მოურინიო არის ადამიანი, რომლის გამოც მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო“.

ანტონიო კასანო – „პარმას“ თავდამსხმელი:
„განსხვავება ჩემსა და ბალოტელის შორის მხოლოდ ის არის, რომ მას გაზეთის პირველ გვერდზე გამოჭენება უყვარს. სინამდვილეში მე უარეს საქმეებს ვაკეთებდი: ვარჯიშებიდან გამოვრბოდი, მოედანზე ავტომობილით გავდიოდი. ყველანაირი საზიზღრობა მაქვს ჩადენილი“.

ჯენარო გატუზო – „პალერმოს“ ყოფილი თავკაცი:
„მეშინია თუ არა იმის, რომ „პალერმოს“ პრეზიდენტი მწვრთნელებს მუდმივად ათავისუფლებს? არა! მე მხოლოდ სიკვდილის მეშინია“.

უსეინ ბოლტი – სპრინტერულ სირბილში ექვსგზის ოლიმპიური ჩემპიონი:
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბიჭებს შევახსენებ, რომ მე მათ გუნდში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია თამაში“.

ზვიად სიჭინავა – სფფ-ის პრეზიდენტი:
„ქართული ფეხბურთი, ბავშვთა ფეხბურთი არ არის მკვდარი,  არც არასდროს ყოფილა, ცუდადაც კი არ ყოფილა“.

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„თქვენ გინდათ, რომ იქიდანაც იმასმიქნათ და მერე თქვენ იმას აქედანაც…“

თემურ ქეცბაია – საქართველოს ნაკრების თავკაცი:
„ერთი ფეხბურთელი ვნახე, იმხელა წვერი ჰქონდა მოშვებული, რომ მოჯაჰიდი მეგონა“.

რევაზ ძოძუაშვილი:
„ხიზანიშვილი, ქეცბაია, კაჭარავა და სხვა ფეხბურთელები ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც…
…სპეციალურად ვაგინებდი“.

ბექა დოგრაშვილი

საახალწლო “უხამსი შეთავაზებები” ქართულ ფეხბურთში

დღეს ფეხბურთის ფედერაციამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მოგეხსენებათ, ფინანსური პრობლემების გამო ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის ჩატარებას ბევრი გუნდი ვერ ახერხებს. ფეხბურთის ფედერაციამ პრობლემის მოგვარება საინტერესო ხერხით გადაწყვიტა. 27 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესის კლუბების 12 წარმომადგენელი ესწრებოდა, გაიჟღერა ილია კოკაიას იდეამ. “ზესეტაფონის” ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავას გადადგომის შემთხვევაში მზად არის მეორე წრის ჩასატარებლად 5 მილიონი ლარი გამოყოს. აღსანიშნავია, რომ სკ ზესტაფონის დამფუძნებლის მიერ გამოთქმული ეს იდეა უმაღლესი ლიგის კლუბების უმრავლესობამ პირად შეურაცხოფად და მოქრთამვის მცდელობად აღიქვა.

გთავაზობთ ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას:

ზემოთ გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით სფფ-ს  აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია. გვინდა ეროვნული ჩემპიონატის გადარჩენით მოტივირებულ სკ „ზესტაფონი“-ს დამფუძნებელს, ბატონ ილია კოკაიას შევთავაზოთ – ითავოს მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრისა და შემდგომ 2014-2015 წწ სეზონის დეფინანსების უზრუნველყოფა, ვიდრე სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის დაპირებისამებრ 2015-2016 წწ. სეზონზე სახელმწიფო გადაიბარებს ამ მძიმე მისიას და 2014 წლის 10 იანვრამდე კლუბების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხოს  23 მილიონი ლარი (მიმდინარე სეზონის დასრულებისა და მომავალი სეზონის ჩასატარებლად აუცილებელი ხარჯი: სფფ-ის მიერ შემუშავებული ეროვნული ჩემპიონატის განვითარების პროგრამის შესაბამისად თითოეულ კლუბს ერთი სეზონის ჩასატარებლად, მინიმალური საჭიროებების დასაფინანსებლად და სალიცენზიო მოთხოვნების შესასრულებლად ესაჭიროება 1 500 000 ლარი X 12 = 18 000 000 ლარი + კოკაიას მიერ სეზონის დასრულებისათვის დაპირებული 5 მილიონი ლარი ).

რადგან, უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელს ასე აწუხებს ეროვნული ჩემპიონატის ბედი და ამავე დროს ასე ძვირად უღირს სფფ-ის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხი, ჩვენის მხრივ გვსურს დავაიმედოთ ბატონი ილია კოკაია და დავპირდეთ, რომ აღნიშნული შეთავაზების მიღებისა და 23 მილიონი ლარის ჩარიცხვისთანავე, 11 იანვარს  სფფ-ის პრეზიდენტი, ბ-ნ ზვიად სიჭინავა დაუყოვნებლივ დატოვებს თანამდებობას და დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს.

სფფ-ის პრესსამსახური

ფაქტია, რომ აღნიშნული განცხადება ირონიით და არასერიოზული დამოკიდებულებით არის სავსე. გარიგებებზე წასვლა და ვაჭრობა თანხებით, მაშინ როცა ოფიციალური ორგანო ხარ და მაგალითს უნდა აძლევდე საფეხბურთო საზოგადოებას, ჩვენი აზრით, როგორც მინიმუმ არასერიოზული დამოკიდებულებაა საკითხისადმი. ფეხბურთის ფედერაცია არ არის კონკრეტული პირის პერსონალური ორგანიზაცია და შესაბამისად, იგი რაციონალურად და ცივი გონებით უნდა უდგებოდეს ნებისმიერ საფეხბურთო საკითხს. აღნიშნულ განცხადებაში კი უბრალოდ “პასუხის პასუხს” თუ ამოვიკითხავთ.

ბუნებრივია, რომ ამ უტოპიურ წინადადებს არავინ დათანხმდება და ეს ფედერაციაშიც შესანიშნავად იციან. არც ილია კოკაიას პოზიციაა მაინც და მაინც სამაგალითო. ქართული საფეხბურთო საზოგადოება უკვე წლებია მის ულტიმატუმებს ისმენს. ამ დროს კი საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” დაფინანსების გარეშე რჩება. ანუ რეალურად საქმეც აღარ კეთდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კოკაიას წვლილი “ზესტაფონის” და ქართული ფეხბურთის განვითარებაში ყველას კარგად ესმის.
ფედერაციაში კი უნდა ესმოდეთ, როდესაც ქართული ფეხბურთი კრიზისის ზღვარზეა და ეროვნული ჩემპიონატის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ირონიის და პირადი უთანხმოების საყოველთაო პრობლემად ქცევის დრო ნამდვილად არ არის.

ბოლოს, ორივე მხარეს გვინდა ბედნიერი ახალი წელი ვუსურვოთ და იმედი გამოვთქვათ, რომ ყველაფერი ქართული ფეხბურთისათვის პროფესიონალურად და სასიკეთოდ გადაწყდება.