რონალდუ: “იმედია, აშშ-ში ოდესმე მეც წავალ სათამაშოდ”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში სურს.

“აშშ დიდებული ქვეყანაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის მენტალიტეტით, ასევე საფეხბურთო პირობებით. ყველანაირად ცდილობენ ფეხბურთის განვითარებას და კიდევ უფრო მეტის გაკეთებაც შეუძლიათ.

მზად ვარ, აშშ-ს ფეხბურთის განვითარებაში დავეხმარო. იმედი მაქვს, იქ ოდესმე მეც ვითამაშებ”, – რონალდუს კომენტარს AS ციტირებს.

ცნობისთვის, კრიშტიანუ რონალდუს “რეალთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისს ეწურება. იმ დროისთვის პორტუგალიელი ფეხბურთელი უკვე 33 წლის იქნება.

 

ჰოლანდია შინ აშშ-ის ნაკრებთან დამარცხდა (ვიდეო)

ჰოლანდიის ნაკრებმა “ამსტერდან აერნაზე” აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლა. ამხანაგურ შეხვედრაში მაყურებელმა შვიდი გატანილი გოლი იხილა, აქედან 4 ბურთი მასპინძლების კარში გავიდა. აშშ-ის ნაკრებმა ბოლო ორი ბურთი მატჩის 89-ე და 91-ე წუთებზე გაიტანა.

ამხანაგური მატჩი:
ჰოლანდია — აშშ 3:4 (1:1)

გოლები: ჰუნტელაარი 27′, 49′, დეპაი 53′ — ზარდესი 33′, ბრუკსი 70′ უილიამსი 89′, ვუდი 90+1′.
გაფრთხილებები: ბლინდი 66′, ვან დერ ვილი 86′.

იბრაჰიმოვიჩი აშშ-ში?

შვედური გაზეთი Aftonbladet-ი იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს პერიოდში კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, მარტის ბოლოს შვედმა ფეხბურთელმა აშშ-ის გრძელვადიანი ვიზის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე გაიარა. იბრაჰიმოვიჩს ნათქვამიც ჰქონდა, რომ უახლოეს ორ-სამ წელიწადში შესაძლოა, MLS-ის ერთ-ერთ კლუბს მიაშუროს.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს “პარი სენ-ჟერმენთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში 33 წლის თავდამსხმელმა საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 26 მატჩში 19 გოლი გაიტანა.

 

“ლოს ანჯელეს გალაქსიმ” ჯერარდის მაისურების გაყიდვა უკვე დაიწყო (ვიდეო)

“ლოს ანჯელეს გალაქსიმ” სტივენ ჯერარდის ფორმის გაყიდვა უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 34 წლის ინგლისელი ნახევარმცველი ამერიკულ კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს შეუერთდება. ის “ლოს ანჯელეს გალაქსიში” 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯერარდი “ლივერპულში” 1998 წლიდან თამაშობს. მას მერსისაიდული გუნდის რიგებში 701 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

შვაინშტაიგერის ახალი გატაცება — ანა ივანოვიჩი

გერმანული და სერბული წყაროების თანახმად, გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ცნობილ სერბ ჩოგბურთელ ანა ივანოვიჩთან ერთად შენიშნეს.

წყვილი ნიუ-იორკში დააფიქსირეს. გავრცელებული ცნობით, ანა ივანოვიჩი გერმანელი ფეხბურთელის ახალი გატაცებაა. როგორც ჩანს, შვაინშტაიგერმა გერმანელ მოდელ სარა ბრანდნერთან ურთიერთობა გაწყვიტა.

სერბული გამოცემა Blick-ი წერს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერმა და ანა ივანოვიჩმა ერთმანეთი საერთო მეგობრის, ჩოგბურთელ ანდრეა პეტკოვიჩის დახმარებით გაიცნეს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ივანოვიჩმა Ice Bucket Challenge-ის კამპანიაში სწორედ გერმანელი ნახევარმცველი გამოიწვია.

შვაინშტაიგერი US Open-ზე ივანოვიჩის თამაშებსაც დაესწრო. სერბი ჩოგბურთელი ნიუ-იორკში მოდის კვირეულზე დასასწრებად დარჩა, გერმანელ ფეხბურთელს კი სამშობლოში დაბრუნება მოუწია.

 

ამერიკელებს მუნდიალის მასპინძლობა სურთ

ამერიკის შეერთებულ შტატებს ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობა სურს.

ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სუნილ გულატიმ განაცხადა, რომ აშშ 2026 წელს გასამართი მუნდიალის მასპინძლობაზე ფიფაში განაცხადს შეიტანს. შეერთებული შტატების ფეხბურთის ხელმძღვანელმა იქვე აღნიშნა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევის შემდეგ აგორებული სკანდალის გათვალისწინებით, მუნდიალის მასპინძლის არჩევის პროცედურის შეცვლა სასურველი იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ 1994 წელს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი სწორედ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო.

2018 წელს მუნდიალს რუსეთი უმასპინძლებს, 2022 წელს კი – ყატარი.

 

დემპსიმ გულშემატკივარს პოპკორნის სანაცვლოდ მაისური აჩუქა (ვიდეო)

“სიეტლი საუნდერსა” და “ჰიუსტონ დინამოს” შორის კვირას გამართულ შეხვედრაში საინტერესო რამ მოხდა. მატჩის მიწურულს “სიეტლის” ლიდერ კლინტ დემპსის, როგორც ჩანს, შიმშილის გრძნობამ შეაწუხა და ტრიბუნაზე მყოფ პატარა გულშემატკივართან მივიდა, რომელიც პოპკორნით ერთობოდა.

დემპსიმ ბიჭუნას ბარტერული გაცვლა შესთავაზა და პოპკორნის სანაცვლოდ მაისური უსახსოვრა, რითაც ორივე მხარე ხეირში დარჩა.

ისე კი, “სიეტლიმ” მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ფინალურ მატჩში “ლივერპული” დაამარცხა

მაიამიში მდებარე “სან ლაიფ სთეიდიუმზე” “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ლივერპულს” შორის Guinness International Champions Cup-ის ფინალური მატჩი გაიმართა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოედანზე ორივე გუნდი შესაძლებლობის ფარგლებში საბრძოლო შემადგენლობით გამოვიდა, თუმც მერსისაიდელებს მთავარი მეგოლე დანიელ სტარიჯი აკლდათ. შეხვედრა მაღალ ტემპში დაიწყო და საყურებლად თვალსასეირო გამოდგა.

ანგარიში მე-14 წუთზე მერსისაიდელებმა გახსნეს. ბრენდან როჯერსის გუნდის ერთ-ერთი შეტევის დროს ფილ ჯონსმა საკუთარ საჯარიმოში რაჰიმ სტერლინგი წააქცია და მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი სტივენ ჯერარდმა უნაკლოდ შეასრულა — 0:1.

 

გაშვებული გოლის შემდეგ “წითელი ეშმაკები” ტერიტორიულ უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდათ, “ლივერპული” კი კონტრშეტევებზე თამაშის აგებით ცდილობდა ხეირის ნახვას. მერსისაიდელთა მხრიდან აქტიური იყო სტერლინგი, რომლის განეიტრალებაც მანჩესტერლებს შესამჩნევად უჭირდათ. სათქმელია ისიც, რომ შეხვედრის პირველ ნახევარში “იუნაიტედის” დაცვის ხაზი ნამდვილად არ ჩანდა თავდაჯერებული, რამდენჯერმე ელემენტარული შეცდომაც დაუშვეს. პირველი ტაიმი “ლივერპულის” მინიმალური უპირატესობით დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველი სახიფათო მომენტი კვლავ მანჩესტერელთა კართან შეიქმნა: 50-ე წუთზე სტერლინგს უპირატესობის გაზრდის კარგი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ახლო მანძილიდან მის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ და ბურთი კუთხურზე გადავიდა.

შეხვედრის მეორე ნახევარში “მანჩესტერ იუნაიტედმა” თამაში მნიშვნელოვნად გამოასწორა და მეტოქეც აშკარად დაჯაბნა.

55-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. “იუნაიტედის” შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჩიჩარიტომ მეტოქის საჯარიმოში უეინ რუნის ჩაუწოდა, ინგლისელი მცველი მარტინ შკრტელს ჰყავდა აყვანილი, თუმცა სლოვაკმა მცველმა პოზიციური ორთაბრძოლა წააგო, ბურთი “წითელი ეშმაკების” ლიდერს ფეხზე დააჯდა და მანაც ახლო მანძილიდან დარტყმით შეარხია სიმონ მინიოლეს კარის ბადე. “წითელმა ეშმაკებმა” მომენტით ისარგებლეს და ორ წუთში მეორე გოლიც გაიტანეს: საგოლე პასი ამჯერად შეტევის მარცხენა ფრთიდან გაკეთდა, ლიუკ შოუმ საჯარიმოში მყოფი ხუან მატა მოძებნა, ამ უკანასკნელმა დაახლოებით 17 მეტრის მანძილიდან დაარტყა, ბურთს მამადუ სახომ მცირეოდენ შეუცვალა მიმართულება, მინიოლე მოტყუვდა და “იუნაიტედი” დაწინაურდა — 2:1.

მატჩის 65-ე წუთზე საინტერესო რამ მოხდა: ეშლი იანგმა შორი მანძილიდან ე.წ. “პარაშუტი” შეასრულა, ბურთი კარის ზედა ნაწილში არსებულ ბადეს გარედან მოხვდა, მოედანზე გადმოვარდა და უყურადღებოდ დარჩენილ რუნის მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარში შეაგორა. ინგლისელმა ფეხბურთელმა თანაკლუბელებთან ერთად გოლი აღნიშნა, თუმცა ერთი წუთის შემდეგ მსაჯებს ყურსასმენების საშუალებით აცნობეს, რომ ბურთს მოედნის ფარგლები დატოვებული ჰქონდა და გოლი უნდა გაუქმებულიყო. 2:1 ძალაში დარჩა.

დარჩენილ დროში მერსისაიდელები ანგარიშის გათანაბრებას კი შეეცადნენ, თუმცა გოლი აქეთ მიიღეს: 88-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა შემცვლაზე შემოსულმა ჯესი ლინგარდმა დააგვირგვინა — 3:1. “მანჩესტერ იუნაიტედი” საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის გამარჯვებული გახდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” — “ლივერპული” 3:1 (0:1)

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა, სმოლინგი, ჯონსი, ევანსი (კლევერლი 46′), ფლეტჩერი (ბლექეტი 46′), ერერა (ლინგარდი 78′), ვალენსია (შოუ 8′), მატა (კაგავა 69′), იანგი, რუნი, ჩიჩარიტო (ნანი 69′).
მთავარი მწვრთნელი: ლუი ვან გაალი.

“ლივერპული”: მინიოლე, კელი, შკრტელი, სახო (კოლო ტურე 74′), ჯონსონი, ალენი (ემრე ჯანი 62′), ჯერარდი (ლუკას ლეივა 62′), ჰენდერსონი, კოუტინიო (პეტერსონი 77′), სტერლინგი, ლამბერტი (აიბი 67′).
მთავარი მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი.

გოლები: რუნი 55′, მატა 57′, ლინგარდი 88′ — ჯერარდი 14′ (პენ).

ოფიციალურად: ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა

ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ფრანკ ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალი ამერიკული კლუბის ფორმირება სულ ახლახან დაიწყო და ლამპარდი გუნდის მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ. მანამდე „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილია, ჯებ ბოროვსკი და ჯოშ საუნდერსი დაიმატა.

ლამპარდმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ ახალი ჩემპიოანტი დაიწყება, 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის წესით ავსტრალიურ „მელბურნში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ წინა 13 სეზონი ლამპარდმა ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა და 211 გატანილი გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

„ჩელსის“ რიგებში ლამპარდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს, ოთხჯერ დაისაკუთრა ინგლისის თასი, ორჯერ კი — ლიგის თასი. ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

ბრაზილიური პრესა ნაკრების მარცხს მიკ ჯაგერს აბრალებს

ბრაზილიურმა პრესამ ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ წამყვანი ვოკალისტი მიკ ჯაგერი უიღბლობის მომტან პირად შერაცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიის და გერმანიის ნაკრებებს შორის წუხელ გამართულ შეხვედრას (1:7) ბრაზილიელ შვილ ლუკასთან ერთად სტადიონის ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა თვალყურს ბრიტანელი მუსიკოსი.

ფეხბურთის სამხრეთამერიკელმა გულშემატკივრებმა მიკ ჯაგერის ცუდი აურა ჯერ კიდევ 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დალანდეს, როდესაც მუსიკოსის საყვარელმა ინგლისის, აშშ-ისა და ბრაზილიის ნაკრებებმა ტურნირზე წარუმატებლად იასპარეზეს.

ბრაზილიელმა ფანებმა მიკ ჯაგერს pe frio (ცუდი ფეხის მქონე პირი) შეარქვეს, რაც საფუძველს მოკლებული სულაც არ არის. ბრიტანელი მუსიკოსი რამდენჯერაც რომელიმე გუნდს მიემხრო, იმდენჯერ დამარცხდა მისი რჩეული ნაკრები.

თურმე, მუნდიალის დაწყებამდე მიკ ჯაგერს პორტუგალიელებისთვის უთქვამს, თქვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდებაო, თუმცა პორტუგალიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევაც ვერ მოახერხა.

რომში ყოფნის დროს მიკ ჯაგერმა იტალიელ ტიფოზებს უთხრა, იტალიის ნაკრები ურუგვაის დაამარცხებს და ჯგუფურ ეტაპს დაძლევსო, თუმცა „სკუადრა აძურამ“ ის შეხვედრა ანგარიშით 0:1 დათმო და ტურნირს გამოეთიშა.

ვერც მისმა საყვარელმა ინგლისის ნაკრებმა მოახერხა ჯგუფური ეტაპის დაძლევა.

წუხელ კი, „სელესაომ“ შინაურ კედლებში გერმანიის ნაკრებთან სამარცხვინო მარცხი იგემა.

ბრაზილიელი ფანები ახლა უკვე ოფიციალური წერილით მიმართავენ მიკ ჯაგერს იმისთვის, რომ ბრიტანელმა მუსიკოსმა „სელესაოს“ მხარი აღარ დაუჭიროს.

 

ტიმ ჰოვარდი — აშშ-ის თავდაცვის მინისტრი

დღეს გლობალურ ინტერნეტ-სივრცეში საინტერესო რამ დაფიქსირდა.

„ვიკიპედიას“ ვებგვერდზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების მეკარე ტიმ ჰოვარდი ქვეყნის თავდაცვის მინისტრად იყო წარმოდგენილი. ეს ინფორმაცია ჩვენთვის უცნობმა პირმა განათავსა, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოვარდის საიმედო თამაშის გამო.

 

აღნიშნული ინფორმაცია უკვე წაშლილია.

ამერიკელმა კიპერმა წუხელ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (1:2) მართლაც საუცხოოდ ითამაშა და საკუთარი გუნდი რამდენჯერმე იხსნა გაშვებული გოლისგან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნაკრებმა მატჩი დათმო და ტურნირს გამოეთიშა, ტიმ ჰოვარდი წუხანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

მეკარის კარგ თამაშს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა ტელეკომპანია abc-ის გადაცემის „დილა მშვიდობისა, ამერიკა“-ს ოფიციალური გვერდი და ამერიკელებს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ ჰოვარდის არჩევა შესთავაზა, თანაც ხუთივე ვადით.

 

ამერიკელი მეკარის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა არც ბელგიის ნაკრების კაპიტანმა ვენსან კომპანიმ. ბელგიელმა მცველმა წუხანდელი მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში ეს კომენტარი გამოაქვეყნა.

 

რატომ გაიპარსა რონალდუმ თმა ზიგზაგურად?

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში პორტუგალიელთა ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საზოგადოების წინაშე ახალი იმიჯით წარსდგა.

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა თმა ზიგზაგურად გაიპარსა. ბრიტანული პრესის ცნობით, რონალდუმ ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადა ესპანელ ბავშვს, რომელსაც მიმდინარე წლის მარტის თვეში თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 10 თვის ერიკ ორტიზ კრუზის ოპერაციისთვის 60 ათასი ევრო გაიღო. სწორედ ასეთი ფორმის იარა დარჩა ოპერაციის შემდეგ ბავშვს.

თავად ფეხბურთელს საკუთარ ჟესტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.