პრემიერლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლთა სია გამოქვეყნდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ოფიციალურად დაასახელა 2013-14 წლების სეზონის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის წოდების მოპოვების პრეტენდენტები. ექვსი ფეხბურთელიდან სამი „ლივერპულის“ მოთამაშეა: ლუის სუარესი, სტივენ ჯერარდი და დანიელ სტარიჯი.

მათ გარდა სიაში მოხვდნენ იაია ტურე („მანჩესტერ სიტი“), ედენ აზარი (ლონდონის „ჩელსი“) და ადამ ლალანა („საუთჰემპტონი“).

სტარიჯი და აზარი აგრეთვე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე არიან წარდგენილნი. მათ გარდა ამ სტატუსის მოპოვებისთვის იბრძვიან: რაჰიმ სტერლინგი („ლივერპული“), აარონ რემსი (ლონდონის „არსენალი“), როს ბარკლი („ევერტონი“) და ლიუკ შო („საუთჰემპტონი“).

გამარჯვებულთა ვინაობა 27 აპრილს, ლონდონში გაირკვევა.

ბექა დოგრაშვილი

ნასრი: „იაია ტურე აფრიკელი რომ არ იყოს, საუკეთესოდ დაასახელებდნენ“

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ განაცხადა, რომ იაია ტურეს სათანადოდ ვერ აფასებენ და ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ის აფრიკელი ფეხბურთელია.

„იაია ტურე აფრიკელი რომ არ იყოს, მას მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელებდნენ. მოედანზე მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია – გატანა, დაცვა, შეტევა. ბურთთან ერთად უფრო ძლიერია. ტურეს თამაშით შეიძლება მხოლოდ აღფრთოვანდე, ის დიდებული ფეხბურთელია.

შესაძლოა, მე ცოტაოდენ არაობიექტური ვარ, ის ხომ ჩემი მეგობარია?! თუმცა, ჩემთვის იაია ტურე მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ნახევარმცველთა სამეულში შედის. ერთადერთი რამ მოქმედებს მის საწინააღმდეგოდ – ის კოტ დივუარელია. ბრაზილიელი ან არგენტინელი რომ იყოს, ყველა მასზე ილაპარაკებდა.

ბრაზილიელებსა და არგენტინელებზე ცუდის თქმა არ მინდა, მაგრამ მათში 40-50 მილიონს იხდიან და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი დასახელებული ქვეყნების მოქალაქეები არიან. დამისახელეთ თუნდაც ერთი საყრდენი, რომელიც ტურეს მსგავსად, შეტევებშიც ერთვება და სეზონში 16-17 გოლს იტანს“, – ნასრის სიტყვები ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

იაია ტურეს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია პრემიერლიგის 25-ე ტურში „ნორვიჩ სიტისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის გამართულ მატჩში (0:0) მომხდარ ინციდენტს გამოიძიებს.

შემთხვევის მთავარი გმირი „ქალაქელთა“ კოტ დივუარელი ნახევარმცველი იაია ტურე გახლავთ. „სქაი სპორტსის“ ცნობით, ერთ-ერთ ეპიზოდში მან „ნორვიჩის“ თავდამსხმელ რიკი ვან ვოლფსვინკელს დაარტყა. ამ უკანასკნელმა მთავარი არბიტრისგან შესაბამისი რეაქცია მოითხოვა, თუმცა მსაჯმა ჯონ მოსმა მომენტი ყურადრების გარეშე დატოვა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ ინციდენტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია განიხილავს.

თუ დადასტურდება, რომ ტურემ ნამდვილად დაარტყა ოპონენტს, მაშინ მას სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ბექა დოგრაშვილი

პოლიტიკა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, რომელიც ობიექტურობას ვნებს

გთავაზობთ Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეორე ნომერში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას სახელწოდებით „პოლიტიკა  „ოქროს ბურთის“  გამოკითხვაში,  რომელიც ობიექტურობას  ვნებს“.

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვის მეთოდი სულ უფრო და უფრო დიდ კრიტიკას იწვევს – მწვრთნელები და ფეხბურთელები უმტესწილად ხმას ცალკეულ სახელებს აძლევენ, რაც გუნდური მიღწევების მნიშვნელობას ამცირებს. აქვე გიჩვენებთ, რომ გამოკითხვაში სუბიექტურ პოლიტიკასა და გაკერპებასაც აქვს ადგილი.

ლიონელ მესიმ ტექნიკურად არ მისცა ხმა კრიშტიანუ რონალდუს, ფრანკ რიბერისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს. არგენტინელმა თავისი ხმები თანაკლუბელებს – ანდრეს ინიესტას, ჩავისა და ნეიმარს გაუნაწილა.

როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუსაც „დაავიწყდა“ თავისი კონკურენტები და საუკეთესო ფეხბურთელად რადამელ ფალკაო დაასახელა. მეორე ადგილი ახალ თანაკლუბელ გარეტ ბეილს, მესამე პოზიცია კი – ძველ თანაკლუბელ მესუთ იოზილს მიაკუთვნა.


სამუელ ეტოო „ოქროს ბურთს“ ყოფილ თანაკლუბელ იაია ტურეს გადასცემდა, რომელიც გასულ წელს ტიტულის გარეშე დარჩა. მეორე ადგილზე ლეო მესი გაიყვანა, მესამეზე კი ახლანდელი თანაკლუბელი ედენ აზარი.

პოლონეთის ნაკრების კაპიტანმა იაკუბ ბლაშიკოვსკიმ მესამე ადგილი რობერტ ლევანდოვსკის მიაკუთვნა. პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადამ ნავალკამ ლევანდოვსკი სულაც პირველ პოზიციაზე გაამწესა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა ფათიჰ თერიმმა პირველი ადგილი მესუთ იოზილს მიაკუთვნა, რითაც ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას მიანიშნა, აი, ვინ მაკლდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელადო.

უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა თანამემამულე ბეილი მესისა და რონალდუზე მაღლა დააყენა.


ურუგვაის ნაკრების კაპიტანმა დიეგო ლუგანომ პირველი ორი პოზიცია თანამემამულეებს გაუნაწილა – ლუის სუარესსა და ედინსონ კავანის. სუარესს ხმა ასევე მისცეს თანაკლუბელებმა მარტინ შკრტელმა (პირველი ადგილი) და სტივენ ჯერარდმა (მე-3 ადგილი).

რობინ ვან პერსიმ პირველ ადგილზე თანამემამულე არიენ რობენი გაამწესა.

ჯანლუიჯი ბუფონმა უმაღლესი ქულა ანდრეა პირლოს დაუწერა.

ჩვენი ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას არჩევანიც ბევრს გაუკვირდა: 1. ანდრეს ინიესტა; 2. ანდრეა პირლო; 3. ედინსონ კავანი.

ბექა დოგრაშვილი

მოურინიომ ტორესის გოლი ემოციურად აღნიშნა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი ფერნანდო ტორესმა ბოლო წუთზე გაიტანა.

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმდენად გაახარა ამ გოლმა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ხალხის მასებს შეერია და გამარჯვება ლონდონური კლუბის ქომაგებთან ერთად აღნიშნა.

გთავაზობთ ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

 

„ჩელსიმ“ „სიტი“ ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა, სადაც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმის შემდეგ ლონფდონელები მინიმალური უპირატესობით იგებდნენ – 1:0. გოლი ანდრე შიურლემ 33-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრის 49-ე წუთზე სერხიო აგუერომ ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე ფერნანდო ტორესმა „სიტის“ მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით ისარგებლა და „ჩელსის“ საჭირო 3 ქულა მოუტანა – 2:1.

„ჩელსი“ სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას 20 ქულით იკავებს. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“, „ქალაქელებს“ აქტივში 16 ქულა დარჩათ და მეშვიდე პოზიციამდე დაქვეითდნენ.

პრემიერლიგა
IX ტური:
„ჩელსი“-„მანჩესტერ სიტი“ 2:1 (1:0)

გოლები: შიურლე 33′, ტორესი 90′ – აგუერო 49′.
გაფრთხილებები: ლამპარდი 22′, რამირესი 52′ – ზაბალეტა 27′, ნასტასიჩი 31′, ხავი გარსია 60′.
მთავარი მსაჯი: ჰოვარდ უები.

 

„ჩელსი“ vs „სიტი“ – სამი დუელი

ინგლისის პრემიერლიგის IX ტურის ცენტრალური მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგება, სადაც ლონდონის „ჩელსი“ „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მას გამოცდილი ინგლისელი არბიტრი ჰოვარდ უები განსჯის.

მატჩამდე გთავაზობთ იმ სამი მთავარი დუელის შესაძლო შედეგის განხილვას, რომლითაც შეხვედრის ბედი მნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს.

დავიდ ლუისი vs სერხიო აგუერო

არგენტინელი თავდამსხმელი ძალიან კარგ ფორმაშია. აგუერო რეგულარულად თამაშობს და იტანს – 98 მატჩში 56 გოლი უბრალო შედეგი ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, მან პრემიერლიგის 2011/12 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩის უკანასკნელ წამზე გატანილი გოლით „მანჩესტერ სიტის“ ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ახლა აგუერო უბრალოდ დაფრინავს მოედანზე. 173 სმ-ის სიმაღლის კაცი თავითაც კი იტანს – გასულ უქმეებზე პრემიერლიგაში თავით გატანილი პირველი გოლი აღნიშნა.

„სიტის“ ფორმალურ სქემაში – 4-2-3-1 – აგუერო სამ შემტევ ფეხბურთელთა შორის გადის, თუმცა ის არ თამაშობს, როგორც შემტევი ნახევარმცველი. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ მატჩში, რომელიც „სიტიმ“ მოსკოვის „ცეესკას“ წინააღმდეგ გამართა (2:1), აგუერო ძირითადად შეტევის პირველ ხაზში თამაშობდა, სადაც, როგორც წესი, ცენტრალური თავდამსხმელები მოქმედებენ. აი, ალვარო ნეგრედო კი – უფრო ხშირად იწევდა უკან. ალბათ, „ჩელსის“ დაცვის ცენტრის გამაგრებას დავიდ ლუისი შეეცდება. ბრაზილიელი სწრაფია, უფრო მობილურია, ვიდრე ჯონ ტერი და გარი კეჰილი. ამიტომ, ჩვენი ვარაუდით, სწორედ მას დაევალება აგუეროს განეიტრალება. თუ დავიდ ლუისი არგენტინელ ფეხბურთელს შესაძლებლობებს მაქსიმალურად შეუზღუდავს, მაშინ „ჩელსის“ შანსები, არ გაუშვას გოლი, მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ფრენკ ლამპარდი vs იაია ტურე

მიმდინარე სეზონის დასაწყისში სპილოს ძვლის კუნძულელი ნახევარმცველი ფანტასტიურ ფეხბურთს გვიჩვენებს. საოცარი ფიზიკური სიძლიერე, ბრძოლისუნარიანობა, ტექნიკა, შეტევის დაწყება, განვითარება და დაგვირგვინება – ამაზე მეტი დადებითი თვისებით პრემიერლიგის არცერთი ნახევარმცველი არ არის მომადლებული. აფრიკელი ფეხბურთელი საჯარიმო დარტყმებსაც შესანიშნავად ასრულებს. ერთი სიტყვით, ის ნამდვილი მანაქანაა, რომელსაც მებრძოლი სპილოს დაუღალავი ძალა აქვს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველ ოსკარს ტურეს განეიტრალება დაევალოს, ობი მიკელი და რამირესი კი, ალბათ, უფრო ცენტრალურ მცველებს დაეხმარებიან. ესე იგი, ტურეს ბრძოლა ფრენკ ლამპარდის წინააღმდეგ მოუწევს. ლამპარდმა სამაშაბათს გამართულ საჩემპიონთალიგო მატჩში სრულად კი ითამაშა, მაგრამ ჟოზე მოურინიო, სავარაუდოდ, მას დღესაც დააყენებს ძირითად შემადგენლობაში. ვნახოთ, რამდენად შეძლებს დიადი ლამპარდი შესანიშნავ ფორმაში მყოფი ტურეს შეჩერებას.

ბრანისლავ ივანოვიჩი vs დავიდ სილვა

ესპანელი ჯადოქარი, რომელმაც სეზონის სასტარტო რამდენიმე მატჩი გამოტოვა, იბრუნებს ფორმას და კვლავ ხდება „სიტისთვის“ მნიშვნელოვანი ფიგურა. „ის მოედანზე ხედავს და აკეთებს ისეთ რაღაცებს, რასაც პრემიერლიგაში სხვა ვერავინ აკეთებს. ის იბრუნებს ფორმას და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია „ქალაქელებისთვის“, – განაცხადა „ბიბისის“ ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: მატჩის მიმდინარეობისას დავიდ სილვა საშუალოდ ოთხჯერ აკეთებს სახიფათო გადაცემას.

დავიდ სილვა თუნდაც მარცხენა ფლანგზე დააყენონ, მაინც მუდმივ მოძრაობაშია, მოქმედებს შეტევითი ფრონტის მთელ ხაზზე. ეშლი კოული მოედანს უბრუნდება, თუმცა დავიდ სილვას განეიტრალება, ალბათ, მაინც ბრანისლავ ივანოვიჩს დაევალება. სერბმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი მატჩში, რომელიც „ჩელსიმ“ „შალკეს“ წინააღმდეგ გამართა, დაცვის მარცხენა ფლანგზე ითამაშა. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ის დღესაც მარცხენაფლანგელ მცველად მოგვევლინოს. ივანოვიჩი სწრაფია, მობილურია, ზომიერად უხეშია და სილვასთან ორთაბრძოლაში დროულად შესვლა შეუძლია. თუ მას ესპანელის განეიტრალება გამოუვა, „სიტის“ შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შესუსტდება.

ბექა დოგრაშვილი

ევრა: „არამგონია, რასიზმის დამარცხება შევძლოთ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველის პატრის ევრას აზრით, ფეხბურთში რასიზმის დამარცხება შეუძლებელია.

„რასიზმის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არსებობს. მაგრამ ახლა, როგორც თქვა იაია ტურემ, უეფას რაღაცის გაკეთება მოუწევს. ამ თემაზე საუბარი ყოველწლიურად არის. ბევრი ადამიანი იმდენად გაუნათლებელია, რომ შავკანიანი მოთამაშეებისთვის შეურაცხყოფის მიყენებას აგრძელებს“, – აცხადებს ევრა.

„მე ადამიანი ვარ და ჩემი კანის ფერს მნიშნელობა არ აქვს. ძალიან ცუდია, რომ ამის თქმა მიწევს. არ ვიცი, თუ რას აპირებს თვითონ იაია. ყველას თავის აზრი გაგვაჩნია, თუმცა, მსურს, დარწმუნებული ვიყო, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება. მიუხედავად ამისა, არამგონია, რასიზმის დამარცხება ვინმემ შეძლოს“ , – დაასრულა „წითელი ეშმაკების“ მცველმა.

ალექსანდრე მატევოსოვი